ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. 1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ქეთის ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში წავიდა. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა.
ქეთი სწავლობდა ირლანდიურ სკოლაში, ხოლო მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლაში. იმ დღეებში შემოქმედებით კარიერაზე არც ფიქრობდა. უნდოდა ცხოვრება ისტორიასთან ან პოლიტიკასთან დაეკავშირებინა.
ქეთის პირველი სასიმღერო გამოცდილება იყო საბავშვო მუსიკალური კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც გახდა, კომპოზიცია Mariah Carey Without You მისთვის იღბლის მომტანი აღმოჩნდა.
ერთხელ მის სკოლაში მივიდა კომპოზიტორი მაიკლ ბატი, რომელიც ნიჭიერების ძიებითა და „პოპულარიზაციის“ გზით იყო დაკავებული და ჯაზ-ბენდის შემსრულებლებს ეძებდა.
ქეთი თანამშრომლობდა მაიკლ ბეტთან ალბომზე Call of the Search. ამ დისკმა დიდი წარმატება მოიპოვა - ექვს თვეზე ნაკლებ დროში 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
გამოშვებული აქვს 7 სტუდიო ალბომი- „Call Off The Search“, „Piece By Piece“, „Pictures“, „The House“, „Secret Symphony“, „Ketevan“ და ყველაზე ბოლოს, 2016 წელს გახმაურებული „In Winter“. ცოტა ხნის წინ, ქეთიმ გამართა ტური დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში გორის ქალთა გუნდთან ერთად, რომელიც 1970 წელს დაარსდა ქალაქ გორში, საქართველოში.
მუსიკის გარდა ქეთი არის ლიტერატურისა და პოეზიის, ასევე სახვითი ხელოვნების დიდი მოყვარული. ქეთი ფლობს გინესის მსოფლიო რეკორდს წყლის ქვეშ, ყველაზე დიდ სიღრმეში ჩატარებული კონცერტისთვის. ეს კონცერტი გაიმართა ჩრდილოეთის ზღვაში, ზღვის დონიდან 303 მეტრს ქვემოთ!
2012 წლის იანვარში ქეთიმ დაადასტურა ნიშნობა James Michael Toseland-თან. წყვილი 2012 წლის 1 სექტემბერს დაქორწინდა. ჯეიმსი ყოფილი მოტომრბოლელია. კარიერა 1995 წელს დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც, 2004 და 2007 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კარიერა კი 2011 წლის მარტში დაასრულა მაჯის დაზიანების გამო.
რბოლებამდე და რბოლების პარალელურად ის იყო დაკავებული მუსიკით. არის პიანისტი, მომღერალი და წერს მუსიკას. მას სწორედ მუსიკალურ სფეროში სურდა კარიერის გაკეთება, მაგრამ ვერ შეძლო ლონდონის მუსიკალურ კოლეჯში მოხვედრა, რის შემდეგაც ბედი მოტორბოლაში სცადა. 2013 წელს ის დაუბრუნდა მუსიკას და შექმნა ბენდი Toseland.
მათი ოჯახი მალევე დაინგრა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. "ვერ წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში ახლად განქორწინებული ვიქნებოდი და ჯერ კიდევ არ მექნებოდა ის ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ორიოდე ზაფხულის წინ ერთი ადამიანი გავიცანი. პანდემიის დროს, ერთმანეთს, ძირითადად, ონლაინ ვეხმიანებოდით. უნაყოფობის შესახებ ფიქრები კვლავ ამეკვიატა, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები, როგორც ბევრი ქალი აკეთებს ამას. მალე პანდემია დასრულდა და ურთიერთობაც განვაახლეთ. ვიცოდი, რომ ახლა შემეძლო მისი გაცნობით სიამოვნება მიმეღო. ერთ დღესაც კი ჩემი აზრი გავუზიარე და ვკითხე, იყო თუ არა მზად მამობისთვის. ხშირად მეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვეა საჭირო, ზუსტად სამი თვის შემდეგ კი გამომიცხადა, რომ მზად იყო" - ამბობდა ქეთი პირად ცხოვრებაზე საუბრისას.
ცოტა ხნის წინ მომღერალს ახალ პარტნიორთან პირველი შვილი შეეძინა.