_ მე ირისის კანფეტს ავირჩევდი. მისი წუწნა დიდხანს შეიძლება.
კატიამ მოიხედა და რობი დაინახა. ზრდილობიანად მიესალმა მამაკაცს და ბავშვებს ღიმილით მიუბრუნდა:
_ გაიგეთ, ბავშვებო? დაუჯერეთ ბიძია რობის რჩევას.
_ მე კიდევ ორივე მინდა, _ გამოაცხადა ეკამ.
_ მაგრამ ორივეს საყიდლად ფული არ გვეყოფა, _ შეეწინააღმდეგა ძიძა.
_ მე კი ყველაფერი მინდა! ყველაფერი! ყველაფერი! _ ყვირილი მორთო თემომ და ფეხების ბაკუნს მოჰყვა.
რობიმ შეატყო, რომ სიტუაცია იძაბებოდა და წინადადება შემოიტანა:
_ მე ახლა კარგ რამეს ვიტყვი, რაც ყველას მოგვეწონება. მოდი, ირისი ვიყიდოთ, მერე კი კაფეში შევიდეთ და ნაყინი შევჭამოთ. აბა, როგორი აზრია?
ბავშვები გაისუსნენ და კითხვით სავსე მზერა კატიას მიაპყრეს.
_ არ ვიცი, _ შეცბუნებულმა ქალმა თვალები დახარა.
_ აქედან პირდაპირ კაფეში წავალთ? _ თემო რობის მიაჩერდა.
_ აქედან პირდაპირ, _ საზეიმო ტონით წარმოთქვა მამაკაცმა და კატიას მიუბრუნდა, _ უარს ხომ არ მეტყვით, ბავშვებს ნაყინით გავუმასპინძლდე?
კატიამ ეშმაკურად ჩაიღიმა.
_ მოგიწევთ, თორემ რევოლუცია არ აგვცდება.
_ ჩემი ტაქტიკა თავისებურ სისტემაზეა აგებული, _ ხმას დაუდაბლა რობიმ და ლამის ჩურჩულით გადაულაპარაკა ძიძას. მამაკაცს სახეზე ისეთი კმაყოფილება ეხატა, კატიამ ძლივს შეძლო თავის შეკავება, არ გასცინებოდა. ამწუთას პოლიტიკოსი არაფრით განსხვავდებოდა ამ ჭირვეული ბავშვებისგან.
როცა ირისის კანფეტი იყიდეს და მაღაზიიდან გავიდნენ, ბავშვები ბედნიერი სახეებით გაემართნენ კაფესკენ, რომელსაც, რატომღაც, `ფერადი სიზმრები~ ერქვა. ეკა და თემო სირბილითა და ხმაურით აიჭრნენ ექვსსაფეხურიან კიბეზე და პირველსავე მაგიდას მიუსხდნენ.
რობიმ მიმტანს ოთხი ჭიქა შოკოლადის ნაყინი შეუკვეთა.
_ როგორც ვხედავ, ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა არ გიძნელდებათ, _ თქვა კატიამ.
_ აბა, სხვანაირად როგორ იქნება, როცა სამი ძმა და ოთხი და მყავს?
_ ოოო, მრავალრიცხოვანი ოჯახი გყოლიათ.
_ და ვამაყობ ამით.
_ ყველანი ერთად ცხოვრობთ?
_ არა, ორი და გათხოვდა და თავიანთ ქმრებთან ცხოვრობენ. ძმებსაც ცალკე სახლები აქვთ, უფრო სწორად, ერთს ბინა აქვს, თბილისში ცხოვრობს, მეორე აქ, სოფელშია. დანარჩენები ჯერ სკოლაში სწავლობენ.
_ თქვენ ცოლიანი ხართ?
_ არა. ვერა და ვერ მოვიცალე ოჯახის შესაქმნელად. პოლიტიკას დიდი დრო მიაქვს.
_ თქვენი ოჯახი ალბათ ამაყობს თქვენით.
_ იმედია… მთავარია, გავიმარჯვო. მერე უფრო იამაყებენ.
_ მე წარმატებებს გისურვებთ.
_ გმადლობთ. ისე, ქართულად მშვენივრად საუბრობთ. ბავშვების ნათქვამი გესმით, თქვენც გადასარევად აგებინებთ თქვენსას.
_ ქართულს ადრე ვსწავლობდი ჩემი დაქალის გულის მოსაგებად, _ იცრუა კატიამ, _ ახლაც ვვარჯიშობ, რადგან ამჯერად მართლა მჭირდება. ცოტა აქცენტის ათვისება მიჭირს, თორემ სიტყვების ათვისება არ მიძნელდება.
_ აქცენტის ათვისება ყველა რუსს უჭირს…. უკაცრავად, წესით, სლავი უნდა მეთქვა.
ქალმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა.
_ კატიიი! _ გაისმა ამ დროს თემოს ჭირვეული ხმა, _ კიდევ მინდა ნაყინი, რა?
_ არა, ჩემო კარგო, მეტი არ შეიძლება. ერთი ჭიქა საკმარისია. ყელი რომ გაგიცივდეს, დედიკო და მამიკო მე გამიბრაზდებიან. ისედაც, უკვე წასვლის დროა. თან ფოსტაში უნდა გავიაროთ, დედას ამანათი გამოუგზავნეს და თან გავიყოლოთ.
რობიმ სამივე ფოსტის შესასვლელამდე მიაცილა. კარს მიუახლოვდნენ თუ არა, ეკამ გამოაცხადა, მე არ მინდა შიგნით შესვლა და აქ დაგელოდებითო.
_ მარტო ვერ დაგტოვებ, ეკუნა, _ შეეწინააღმდეგა კატია, მაგრამ დეპუტატობის კანდიდატმა დაამშვიდა.
_ მე დავიტოვებ, თქვენ შედით. ჩემთვისაც კარგია, ბავშვთან ერთად თუ დამინახავენ ჩემი ამომრჩევლები, _ თქვა და ბავშვს კულულები ალერსიანად ააუჩეჩა.
კატიამ მადლობა გადაუხადა მამაკაცს და თემოსთან ერთად ფოსტის შენობაში შევიდა.
_ შენ ძალზე განებივრებული პრინცესა ხარ, პატარავ, _ მიუბრუნდა რობი ეკას, _ მაგრამ ისეთი ლამაზი და საყვარელი, რომ ყველაფერი გეპატიება.
_ სულაც არ ვარ `განებვირებული~, _ დაამახინჯა სიტყვა ეკამ, _ კატიამ თქვა, დამჯერი გოგო ხარო. ის არასდროს არ მეჩხუბება.
რობის უკვირდა, ეს ერთი ციდა ბავშვი `რ~-ს ასე კარგად რომ გამოთქვამდა, თითქოს ხუთის კი არა, ცხრა წლის იყო.
_ მიხარია, თუ ასეა. აბა რა, კარგი გოგო უნდა იყო, დამჯერი და ჭკვიანი.
_ მაგრამ თვითონ ტირის ხოლმე ხანდახან. _ შეცოდებული სახე მიიღო ეკამ უეცრად, _ ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ცუდად ვიქცევით. თავისი დედიკო ენატრება და იმიტომ. ცოდოა, დედიკო შორს რომ ჰყავს.
რობის არ გაჰკვირვებია, როცა ეკასგან ეს ამბავი მოისმინა. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა შენს ქვეყანაში ომია, მშობლებს მოგიკლავენ, შენ კი იძულებულს გაგხდიან, სხვაგან გადაიხვეწო. თავისთავად გიპყრობს ასეთ დროს ნოსტალგია. აგვისტოს ომი გაახსენდა და გული შეუტოკდა. ოქსფორდში სწავლობდა და არდადეგებზე იყო საქართველეში ჩამოსული. ის დღეები არასდროს დაავიწყდება. თვითონაც საშინელება გადაიტანა, რადგან ქობულეთში ისვენებდა თავის მეგობრებთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და პოლიტიკის ბევრი არაფერი გაეგებოდა. ბიჭებმა კერძო ოჯახურ სასტუმროში დაიდეს ბინა. იქვე ოთხი გოგონა ცხოვრობდა, ოთხივე ერთმანეთზე ლამაზი. ისინი გაიცნეს და საოცრად კარგად ატარებდნენ დროს. ხან ჯოკერს თამაშობდნენ, ხან პარკში სეირნობდნენ, ხან ზღვაზე გადიოდნენ. მეოთხე დღეს კი ომი დაიწყო და ქალაქი ჩაიკეტა. ვერა და ვერ მოახერხეს თბილისში გამომგზავრება. ასე გაგრძელდა ორი დღე. ფულიც გამოელიათ. ბოლოს, როგორც იყო, მოხერხდა. სამარშრუტო ტაქსის გამოჰყვნენ გოგონებთან ერთად შემოვლითი გზით, მაგრამ გორის გადასახვევთან ისეთ დაბომბვას შეესწრნენ, რომ მთელი ერთი საათი თხრილში იწვნენ, სანამ რუსების იერიში დამთავრდებოდა. ის შიში დღემდე არ განელებია. იმ დღეების გახსენება ყოველთვის გაუსაძლის ტკივილს იწვევს მასში.
_ ჰოდა, თქვენც ხშირად უნდა მოეფეროთ კატიას, რომ არ მოიწყინოს, უნდა გაამხიარულოთ.
_ კი, ვეფერებით, _ თავი დააქნია ეკამ, _ მაგრამ ის მაინც ტირის.
რობიმ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს ფოსტიდან გამომავალი კატია და თემო დაინახა. ბიჭს პატარა ყუთი ეჭირა ხელში და ამაყად მოაბიჯებდა.
კატია ცდილობდა, ბავშვისთვის ყუთი გამოერთმია, მაგრამ იგი არ ანებებდა.
_ მეშინია, არ ხელიდან გაუვარდეს. იქნებ რამე ისეთი დევს შიგნით, რომ გატყდეს. საყვედურები არ მიყვარს, მის მშობლებთან კონფლიქტი ნამდვილად არ მინდა.
_ თემო შეგნებული ბიჭია. მას კარგად ესმის, რომ ყუთი სახლში შენ უნდა მიიტანო, თორემ დედამისი ჩხუბს დაგიწყებს, ბავშვს რატომ დააკავე ხელშიო. არა, თემო? შენ ხომ არ გინდა, დედა კატიას ეჩხუბოს?
თემო რამდენიმე წამით შეყოყმანდა, ჯერ კატიას შეხედა, მერე რობის. ბოლოს უთქმელად გადააწოდა ყუთი ძიძას და კიბეზე მოღუშული ჩავიდა.
_ როგორ მეუხერხულება, ასე რომ დაგავალდებულეთ დღეს. ყველაფრისთვის დიდი მადლობა და უკაცრავად, რომ მოგაცდინეთ. _ მოუბოდიშა ქალმა.
_ ხომ გითხარით, ეს მხოლოდ ხმებს შემმატებს-მეთქი. რა არის აქ საბოდიშო? ლამაზი ქალისა და ბავშვების სამსახურში ყოფნა ნუ მომიშალოს ღმერთმა.
კატიამ გაიღიმა.
_ რა, არ გჯერათ, ხმებს რომ შემმატებს? ჰკითხეთ ანდრიას და ის გეტყვით.
_ მე ბატონ ანდრიასთან არჩევნებზე არ ვსაუბრობ. ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. _ სერიოზული სახით გააპროტესტა კატიამ.
რობიმ წარბები აზიდა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. რამდენიმე მეტრი კიდევ გაიარეს ერთად, მერე კი, გზაჯვარედინთან დეპუტატი სამივეს ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა.
_ სიამოვნებით კიდევ ერთხელ გაგიმასპინძლდებოდით ნაყინით, თუკი ამის საშუალება მომეცემა, _ მიმართა ბავშვებს და ორივეს თავზე ხელი გადაუსვა.
_ ოხ, თქვენ ზედმეტად გვანებივრებთ, _ კეკლუცად უთხრა კატიამ, ეკას ხელი ჩასჭიდა და გზას გაუდგა.
უკან არ მოუხედავს, თორემ შეამჩნევდა, როგორ გააყოლა მიმავალთ მზერა მამაკაცმა. სანამ კატია ბავშვებიანად თვალს არ მიეფარა, იგი ადგილიდან არ დაძრულა…
იმ საღამოს მერე, როცა კატია პირველად გამოჩნდა ჭავჭავაძეების სახლში, მხოლოდ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა და ისიც შორიდან, ანდრიას საცოლე დაენახა. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ის შეგნებულად არიდებდა თავს მასთან შეხვედრას. არ იყო გამორიცხული, თავად ანდრიას ეთხოვა საცოლისთვის ეს. კატიამ იცოდა, რა სიხშირით ხვდებოდნენ დანიშნულები ერთმანეთს და რამდენ დროს ატარებდნენ ერთად. დიანა ხომ ანდრიას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ იგი სავახშმოდ არასდროს არ რჩებოდა ჭავჭავაძეებთან. ამიტომაც მის სახელს ოჯახში არავინ ახსენებდა.
სწორედ ამიტომ შეცბა, როცა ერთხელაც, სასტუმრო ოთახში შესულს დიკა ფანჯარასთან მდგარ სავარძელში დახვდა მოკალათებული.
_ უკ-კ-აცრავად, _ უეცრად ენა დაება ქალს და გატრიალდა, რათა ოთახიდან გასულიყო, _ გვიან შეგამჩნიეთ. _ ძლივს ამოილუღლუღა ორი სიტყვა.
_ საბოდიშო არაფერი გაქვთ. არც ისაა აუცილებელი, ჩემს დანახვაზე გაიქცეთ, _ გაიგონა კატიამ პასუხად, _ ანდრიას ველოდები, მაგრამ რატომღაც იგვიანებს. არ გინდათ, სანამ ის მოვა, ცოტა ხნით აქ დარჩეთ და ვისაუბროთ?
_ ვშიშობ, ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო.
_ რატომ, რატომ. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც შეგვიძლია, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა დავამყაროთ. მართალია, მეგობრები ვერ გავხდებით, მაგრამ ეს ჩვენს ნაცნობობას ალბათ არ გაამწვავებს.
კატია საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. რა უცნაური ვინმე იყო ეს დიანა _ ყველაფერს ცივი გონებითა და პრაგმატული ხედვით რომ ჭვრეტდა.
_ სამწუხაროდ, გამიძნელდება თქვენდამი კეთილად განვეწყო, _ ანერვიულებულმა მიუგო, რამაც მისი ქართული აქცენტი კიდევ უფრო გამოკვეთა, _ თქვენ დანიშნული ხართ კაცზე, რომელიც ამავდროულად ჩემი მეუღლეა.
_ ღმერთო ჩემო, რა უმოწყალოდ გაიჟღერა თქვენგან ამ სიტყვებმა!
_ რას ვიზამთ… მე სიმართლეს ვლაპარაკობ.
_ ჰო, ვიცი, მაგრამ… მაინც ისე უცნაურად ჟღერს თქვენი ნათქვამი, ყურს ცუდად მოხვდა. არ ვარ მართალი? მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თქვენ უკვე განქორწინებული ხართ და, ამასთან, როცა შეუღლდით, მაშინ ძალზე ახალგაზრდები იყავით.
_ მაგრამ ჩვენ ცოლ-ქმარი ვიყავით, _ მთელი სიმკაცრით შეეპასუხა კატია, _ და, სხვათა შორის, ერთმანეთი გვიყვარდა.
_ ო, რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება, _ რბილი ტონით დაამშვიდა დიკამ იგი, _ მესმის თქვენი. ახლა საშინელ მდგომარეობაში ხართ. მაგრამ არც მე მიადვილდება ეს სიტუაცია, დამიჯერეთ. ხომ შეგიძლიათ გამიგოთ, არა? განა ვერ ხედავთ?
_ მე მხოლოდ იმას ვხედავ, რომ თქვენ გული არა გაქვთ.
_ გული არა მაქვს?
_ თქვენ რომ ანდრია გყვარებოდათ, ასე თავაზიანად არ დამელაპარაკებოდით. პირიქით, სასტიკად შემიძულებდით და ახლოსაც არ გამიკარებდით.
_ მაგრამ მე არ მაქვს მიზეზი, რომ შეგიძულოთ. რა საჭიროა? მე თქვენში მეტოქეს ვერ ვხედავ.
ამ მშვიდმა, მაგრამ სარკასტულმა პასუხმა უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა კატიას, ვიდრე იმის გააზრებამ, რომ ქმარს სამუდამოდ კარგავდა. ეს გოგონა თავს სრულიად თავდაჯერებულად გრძნობდა და მართალიც იყო. ბოლოს და ბოლოს, ახლანდელ ანდრიას დიანა კატიაზე უკეთ იცნობდა. ამ ახალ ანდრიას კი არ შეეძლო შეეყვარებინა ისეთი ქალი, როგორიც თვითონ იყო.
_ მაპატიეთ, თქვენი წყენინება არ მინდოდა, _ ძლივს ამოთქვა კატიამ, _ რა თქმა უნდა, არ გაქვთ მიზეზი, ჩემზე იეჭვიანოთ. თუმცა, მაინც მგონია, რომ აუცილებლად იეჭვიანებდით, ანდრია რომ გყვარებოდათ.
_ რას ამბობთ! მე მიყვარს იგი, _ უშფოთველად წამოიძახა დიკამ, _ და მშვენივრად მესმის, რატომ დაგტოვათ აქ, თავისთან. თქვენთვის რომ ხელი ეკრა, ეს დაღუპავდა მის კარიერას. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სკანდალი აგორდებოდა!
დიკა მოულოდნელად შეცბუნდა. კატიამ კარისკენ მიიხედა და ანდრია დაინახა.
_ მაპატიე, დიკა, ცოტა დამაგვიანდა, _ დაიწყო მან, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა, როგორც კი კატია შეამჩნია. მამაკაცი გაწითლდა, მაგრამ სხვა მხრივ თავი არ გაუცია, სახეზე მაშინვე გულგრილი გამომეტყველება აღებეჭდა, _ სალამი, კატია, აქ არ გელოდებოდი.
_ უკვე გავდიოდი.
_ თუ ჩვენ გამო გინდა გახვიდე, დარჩი. მე დიანას წასაყვანად მოვედი, უკვე მივდივართ.
კატიამ მხრები აიჩეჩა, საჟურნალე მაგიდას მიუახლოვდა, ოდნავ გადაიხარა და რომელიღაც უცხოური მოდის ჟურნალს დაავლო ხელი, მერე კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს მის ფურცლებს ინტერესით ათვალიერებდა.
წყვილისკენ ზურგით იდგა, მაგრამ ესმოდა, როგორ დაემშვიდობა მას ანდრია. თავი არ აუწევია, სანამ ორივენი ოთახიდან არ გავიდნენ, მერე კი ფანჯარას მიუახლოვდა და ეზოში გადაიხედა.
ანდრია და დიანა ჭიშკრისკენ მიემართებოდნენ. `უცნაურია, _ გაიფიქრა ქალმა, _ როგორი ცივი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. დავიჯერო, ანდრიას მისთვის არასდროს უკოცნია? ერთმანეთს არ შეხებიან? ხელი მაინც ჩაჰკიდოს, თუნდაც ჩემს დასანახავად. ნუთუ ყოველთვის ასე ელაპარაკებიან ერთმანეთს? მაპატიე, ცოტა შემაგვიანდაო… საქართველოში, როგორც მახსოვს, წყვილები საოცარ სიყვარულს გამოხატავენ, როცა ერთად არიან, ასე ოფიციალურად კი არ იქცევიან~. ამის გაფიქრებაზე ძველი ანდრია გაახსენდა, მის ყოველ შემოხედვაზე ვნებად რომ იღვრებოდა, შეხებაზე კი ლამის თავბრუ ეხვეოდა. შეიძლებოდა ასე გადასხვაფერებულიყო ამ ცხრა წლის განმავლობაში? რაღაც განსაკუთრებული მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს ურთიერთობის ასეთი სიცივისა? ერთმანეთს ისე ექცევიან, როგორც დიპლომატიურ შეხვედრაზე მყოფი ცოლ-ქმარი.
გაგრძელება იქნება