1990-იანი წლები კულტურის მხრივ ყველაზე გამორჩეული, ცოცხალი და ბრწყინვალე იყო, რაც, თავის მხრივ, იმ მომღერლების დამსახურებაა, რომელთა სახელები დღემდე კარგად ახსოვს ჩვენს მკითხველს.
ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
ლელა წურწუმიას მუსიკალური კარიერა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. კარიერის დაწყებიდან 2000 წლამდე, 2002 წლიდან 2007 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე. ეს პერიოდები მუსიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებით წარმატებული იყო, თუმცა, რასაკვირველია, წარუმატებელი და კრიზისული მომენტებიც არაერთი ყოფილა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობასა და აქტუალურობას, მართავს კონცერტებს, მათ შორის, სოლო-კონცერტებსაც და მისი შოუები ყოველთვის უამრავი მსმენელის ფონზე მიმდინარეობს.
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
ნინო ჩხეიძე დაიბადა 1981 წლის 6 ივნისს, ქალაქ თბილისში, პროფესიით ეკონომისტის — გია ჩხეიძისა და მათემატიკოსის — ქეთინო ქოჩიაშვილის ოჯახში. ბავშვობიდან დადიოდა პიონერთა სასახლეში. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. 1999-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში იგივე განხრით. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის „ჩემი გული შენია“. 2005 წელს ნინო ჩხეიძემ დაიწყო ქალაქური სიმღერების ჩაწერა, სადაც ჩაწერა ძველი ქალაქური სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“. შემდეგ ჩაწერა მარეხ გოძიაშვილის „წაღვერი და თბილისი“.
ყველასთვის საყვარელი მომღერალი მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალი 1962 წლის 8 მაისს დაიბადა. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია.
თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და პიანისტია. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები.
ნინო ქათამაძემ ქართველ და უცხოელ მსმენელს თავი საკუთარი ჰიტებით დიდი ხნის წინ შეაყვარა. მისი ხმა, შესრულების განსხვავებული მანერა და რეპერტუარი პოპულარობას არასდროს კარგავდა.
ნინო ქათამაძე ქართულ სატელევიზიო შოუებს თითქმის არასდროს სტუმრობს და არც საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბრობს. მისი მეუღლე ექიმი დავით ლოლაძეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ სამედიცინო გადაცემა "ექიმებიდან" გაიცნო. დათოს და ნინოს ერთი შვილი, ნიკოლოზ ლოლაძე ჰყავთ.
ეკა კვალიაშვილი ქართულ სცენაზე წლების წინ გამოჩნდა. 1990-იანების თაობამ მისი სიმღერები ლამის ზეპირად იცოდა: "ვედრება", "სიყვარულის სანთლები", "დაასხი", "ერთადერთო" - ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მოუსმენია და ხალხში დღესაც პოპულარულია. ეკა კვალიაშვილი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მას არაერთი პრესტიჟული პრემია და ტიტული აქვს მინიჭებული, მათ შორისაა: "მის-როკ ევროპა-92", "2000 წლის საუკეთესო ვოკალისტი", "2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი" და ა.შ.
ნატო მეტონიძე დაიბადა 1972 წლის 2 ივლისს თბილისში. 1977 წლიდან მღეროდა საბავშვო ანსამბლ „მზიურის” მესამე თაობაში. სტუდენტობის პერიოდში „მზიურის“ ორ წევრ გოგონასთან ერთად ჩამოაყალიბა ტრიო „ნატალი” და ჯაზ-კვარტეტი „3+1″. კვარტეტმა „3+1” მონაწილეობა მიიღო კონკურსში „საფეხურები პარნასისაკენ”, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. საყოველთაო აღიარება მოიპოვა გია ყანჩელის თეატრალურ წარმოდგენაში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული სიმღერა „საით მიდიხარ“ სპექტაკლიდან „ხანუმა“.
ლიზა ბაგრატიონი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. წარმატებული კარიერა, საყვარელი ჰიტები და მუდამ ერთგული მსმენელი მისი ცხოვრების ნაწილია. ლიზას შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის საყვარელი და ახლობელია. ამჟამად ის კომპანია „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია, ხშირად ჩანს ტელეეკრანებზეც და აგრძელებს შემოქმედებით მუშაობასაც.