_ მოსამსახურეებს კი ანდრია ისე უყურებს, როგორც წინკარში დაგებულ ფარდაგს.
_ მითხარი, ასე რატომ გაღიზიანებს იგი? რატომ ვერ იტან?
_ და შენ რატომ იცავ ასე? იქნებ მანამდეც იცნობდი, სანამ აქ ჩამოხვიდოდი? _ კითხვას კითხვა დაუხვედრა ნონიაშვილმა.
_ არ გეწყინოს, მაგრამ სულელური შეკითხვაა. საიდან უნდა მცნობოდა?
_ მე რა ვიცი. დღეს სიმართლეს ვისგან გაიგონებ, _ მხრები აიჩეჩა რობიმ და ქალს თვალი თვალში გაუყარა.
_ და როგორ ფიქრობ, შენი მოტყუება რაში მჭირდება?
_ არ ვიცი, კატია. უბრალოდ, გავიფიქრე, იქნებ ადრეც იცნობდნენ-მეთქი ერთმანეთს. ანდრია ხომ დადიოდა ერთი პერიოდი უკრაინაში.
_ მართლა? არ ვიცოდი?! _ ისე ბუნებრივად გაიკვირვა კატიამ, ლამის თვითონაც დაიჯერა, რომ არ იცოდა.
_ ჰო, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ შეიძლება შენ მთლად ბავშვი იყავი. _ გაიღიმა რობიმ.
კატიამ იგრძნო, როგორ შეუთრთოლდა ტუჩები და პირი მაგრად მოკუმა.
_ შეიძლება სკოლაც არ გქონდა დამთავრებული და კიკინებიანი გოგო იყავი.
_ მაგრამ შენ ხომ არ იცი, მე რამდენი წლის ვარ? _ გაეკეკლუცა კატია და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.
_ ახლა ალბათ ცხრამეტის იქნები, მაშინ კი სადღაც ცხრის თუ იქნებოდი, ჰა…ჰა… _ გაშლილი ხელი გადაატრიალ-გადმოატრიალა რობიმ, როცა ჰა…ჰა წარმოთქვა.
ამ ხუმრობამ კატია გულიანად გააცინა.
_ მთლად ეგეთი ნორჩიც არ ვარ, _ თავი გვერდზე გადახარა ქალმა.
_ ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდულად გამოიყურები. ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ხარ, რომ სიმართლე თუ გინდა, შენს ასაკთან შედარებით უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებ.
_ მთლად წარმატებული კომპლიმენტი არ გამოგივიდა.
_ უკაცრავად, შენი წყენინება არ მინდოდა, _ შეწუხდა რობი და შუბლი შეიჭმუხნა, არ იცოდა, ნათქვამი როგორ გამოესწორებინა, _ რაღაც სხვანაირი ხარ… მიჭირს სათანადო სიტყვების მოძებნა, რომ ზუსტად შეგაფასო. იმდენად დამამშვიდებლად მოქმედებ სხვაზე, რომ ვერც კი წარმომიდგენია, გაბრაზება და ყვირილი თუ შეგიძლია. გადამდები სიმშვიდით გამოირჩევი. ალბათ ბავშვობაშიც ასეთი წყნარი და დამყოლი იქნებოდი.
_ მართალი ხარ. ხმაურიანი არასდროს ვყოფილვარ. მე სერიოზულ ოჯახში გავიზარდე.
_ ჰოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა უნდა შეიცვალო. სერიოზულობა გადააგდე. ახლა შენ სხვა ქვეყანაში ხარ და სიცოცხლით ტკბობა უნდა ისწავლო. აქაურები ხომ ხედავ, რა ჭკუამხიარულები ვართ. რაც უნდა გვიჭირდეს, მაინც ვიცინით, ვმღერით და ვცეკვავთ. მართლა, ცეკვაზე გამახსენდა. გინდა, ახლავე დავიწყოთ შენი გარდაქმნის პროცესი?
_ ამწუთას?
_ ჰო, ამწუთას. წამო, ვიცეკვოთ.
_ უკვე დამავიწყდა, როგორ უნდა ცეკვა. წლებია, არ მიცეკვია.
_ გაგახსენებ და თუ ვერ გაიხსენებ, თავიდან გასწავლი.
რობიმ სკამი გამოსწია, ადგა და კატიას ხელი გაუწოდა.
როგორც ჩანს, სასმელმა თუ გაათამამა ქალი. უეცრად სიმხიარულემ აიტაცა და რობის ძლიერ მკლავებში მოქცეული მთლიანად მუსიკის რიტმს მიენდო. მისდა გასაკვირად, ნონიაშვილი შესანიშნავი მოცეკვავე გამოდგა და როცა შენიშნა, კატია მუსიკას ფეხს მშვენივრად აყოლებსო, უფრო რთული ილეთების კეთება დაიწყო, თან მასაც ასწავლიდა.
_ ხედავ, რა კარგად გამოგდის? _ ყურში უჩურჩულა მამაკაცმა.
_ შენი დამსახურებით, _ გაუღიმა ქალმა, თავი ასწია და ხმამაღლა გადაიკისკისა, მაგრამ სიცილი პირზე შეაშრა, როცა სწორედ მის პირდაპირ, რობის ზურგს უკან გაშლილ მაგიდასთან ანდრია და დიანა დაინახა. მათი კუთხის ადგილიდან ეს მაგიდა არ ჩანდა, საცეკვაო მოედანთან კი ისე ახლოს იყო, ყველა მოცეკვავე თითქოს ხელისგულზე მოჩანდა. კატიას არ გამორჩენია, როგორი ყინულივით ცივი მზერით უცქეროდა ანდრია მას.
_ რა იყო? მოხდა რამე? _ რობიმ მისი შეშფოთება მაშინვე იგრძნო.
_ ანდრია აქ არის დიანასთან ერთად.
_ მერე რა? ჩემთან ვახშმობას აგიკრძალავს თუ რა? მას ამის უფლება არა აქვს. _ მიუხედავად მისი თავდაჯერებული ტონისა, კატიას მოეჩვენა, რომ რობი ოდნავ გაფითრდა, თუმცა ეს ყველაფერი სუსტ განათებას დააბრალა.
კიდევ ცოტა ხანს იცეკვეს და მაგიდასთან დაბრუნდნენ, მოლაპარაკებულებივით მუსიკის დამთავრებას არ დაელოდნენ. მათ არყოფნაში ოფიციანტს ნახმარი თეფშები წაეღო და ახლები მოეტანა, თან დესერტიც მოეყოლებინა. იმის შიშით, კვლავ ანდრიაზე არ დამიწყოს ლაპარაკიო, კატიამ პირველმა წამოიწყო საუბარი და თავში უცებ რაც მოაფიქრდა, ის თქვა:
_ შენ იცნობ დიანას?
_ რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ. პრინცესას ვეძახდი. მაგასაც ჰყავდა ძიძა და გამოეპარებოდა ხოლმე, რომ ჩემთან სახლში მოსულიყო და ერთად გვეთამაშა. ჩვენ მაშინ ძალიან ღარიბები ვიყავით, მაგრამ მას მაინც უხაროდა ჩვენთან.
_ ისე ლაპარაკობ, თითქოს ახლა აღარ ხვდები მას. არ ურთიერთობთ?
_ წლებია, არ მინახავს. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა, იქ გააგრძელა სწავლა. მეც არ ვიყავი აქეთ. მასზე ორი წლით ვარ უფროსი. სკოლის მერე ჩვენი გზები გაიყარა, იშვიათად ვხედავდით ერთმანეთს. _ რობიმ ხელსახოცით პირი შეიწმინდა, _ არ იცი, როდის აპირებენ დაქორწინებას?
_ არ ვიცი, _ კატიამ მზერა აარიდა მამაკაცს, ჩანთა გახსნა და სარკე ამოიღო, თითქოს მაკიაჟის შეთვალიერება სურდა, _ რობი… ხომ არ წავსულიყავით? რაღაც დავიღალე, ცოტა თავი ამტკივდა.
_ დაიღალე თუ მოიწყინე?
_ არა, არა, რატომ უნდა მომეწყინა?
_ მე კიდევ მგონია, რომ იმ ორის გამო ჩვენ საღამო არ უნდა ჩავიშხამოთ. _ ცოტა არ იყოს, უხეშად გამოუვიდა.
_ ისინი რა შუაში არიან? მართლა თავი ამტკივდა.
რობი არ შეწინააღმდეგებია, ხელით ანიშნა ოფიციანტს, მოსულიყო, ანგარიში მოითხოვა, დანახარჯი გადაიხადა და კატიას ხელი ჩაჰკიდა.
ასე ხელჩაკიდებულებმა გაიარეს დარბაზი და ჰოლისკენ წავიდნენ. როცა ანდრიას მაგიდას ჩაუარეს, რობიმ ზრდილობის გულისთვის თავი ოდნავ დაუკრა ანდრიას და ამ უკანასკნელმაც წამოიწია სკამიდან მისალმების ნიშნად, დიანამ კი კატიას ისეთი მტრული მზერა გააყოლა, რომ კატია აღელდა.
_ იმ გოგოს არ მოეწონა, ერთად რომ დაგვინახა, _ განერვიულებულმა თქვა, როცა მანქანაში ჩასხდნენ.
_ შეიძლება ფიქრობს, რომ მისი საქმროს გუვერნანტისთვის მიუღებელია სხვასთან ერთად რესტორანში ვახშმობა.
_ მაგრამ რატომ? მე ხომ პატიმარი არ ვარ?
_ იმიტომ, რომ შენ ანდრიას სახლში ცხოვრობ. შენი სახლიდან რომ დადიოდე და საღამოობით შინ ბრუნდებოდე, სხვა ამბავია, _ განუმარტა რობიმ.
_ არა მგონია, ეს იყოს მიზეზი.
_ ხომ არ ეჭვიანობს შემთხვევით? იქნებ ანდრია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს შენ მიმართ და ეს შეამჩნია?
_ ძალიან გთხოვ, ასე ნუ ლაპარაკობ, კარგი? _ ხმა გაიმკაცრა კატიამ.
_ რატომ ბრაზობ? შენ მზეთუნახავი ხარ, ანდრია კი მამაკაცია, ბოლოს და ბოლოს. სულ არ მიკვირს, მოსწონებოდი.
_ მაგრამ ის ხომ დიანაზეა დანიშნული, მე რა შუაში ვარ?
_ ჰო, მართალი ხარ. შენ ყოველთვის მართალი ხარ, ყველაფერში მართალი. მაპატიე და დაივიწყე, რაც ვთქვი, ხომ?
ქალმა თავი დაუქნია, მაგრამ სახლამდე ისე მივიდნენ, მთელი გზა დაძაბული იჯდა. მიუხედავად კატიას პროტესტისა, რობი მაინც გადმოვიდა მანქანიდან და ქალი ჭიშკრამდე მიაცილა.
_ კატია, როგორ ფიქრობ, კიდევ რომ შევხვდეთ ერთმანეთს, ამით რამე დაშავდება?
_ მხოლოდ ერთი პირობით, რომ არ ვილაპარაკებთ…
_ ანდრიაზე? _ შეაწყვეტინა რობიმ, _ მაგაზე ადვილი რაღაა? პირობას გაძლევ.
_ მაშინ შეხვედრამდე, _ გაუღიმა ქალმა და ჭიშკარში მოჩვენებასავით გაუჩინარდა.
იგი ლამის სირბილით შევიდა სახლში და ცოტა ხანს ჰოლში დააყოვნა, სანამ არ დარწმუნდა, რომ რობის მანქანა სახლს გასცდა. როცა ძრავის გუგუნი მიწყდა, სასტუმრო ოთახი გადაჭრა და ბაღში ამოყო თავი. ძლიერ იყო აღგზნებული, რომ დასაძინებლად წასულიყო, ამიტომ თავის საყვარელ ადგილს მიაშურა აუზთან. აქ ვარდები ყვაოდნენ და საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. საოცრად ლამაზი იყო იქაურობა, მშვიდი და წყნარი. ნეტავ მისი ცხოვრებაც ასეთი ყოფილიყო! რას არ გაიღებდა ამისთვის.
დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდა გარინდებული ერთ ადგილას და წყალს ჩასცქეროდა. ბოლოს სახლში შებრუნდა დაღონებული და საბოლოოდ დარწმუნებული იმაში, რომ ვერასდროს მოიპოვებდა სიმშვიდეს, თუ აქაურობას არ გაერიდებოდა…
სანამ მეორე სართულის კიბეს აუყვებოდა, ანდრიას კაბინეტიდან გამომავალი შუქი შეამჩნია და მიხვდა, რომ მამაკაცი უკვე დაბრუნებულიყო. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, რადგან მანქანის ხმა არ გაუგონია. რაც შეიძლებოდა, ფრთხილად შეუყვა საფეხურებს, მაგრამ შეუმჩნეველი მაინც ვერ დარჩა, _ გაიგონა, როგორ დაიძახა მამაკაცმა მისი სახელი.
დინჯად შემობრუნდა. ანდრია კარის ზღურბლზე იდგა მისთვის დამახასიათებელი გამომეტყველებით _ წონასწორობადაცული და სერიოზული. როცა ქალმა მისკენ ნაბიჯი გადადგა, რაღაც ეუცნაურა _ ანდრია თითქოს ძველებურად არ გამოიყურებოდა. თმა ასჩეჩოდა, თითქოს თავზე ხელები ჰქონდა წავლებული და ამის გამო თმა ყალყზე დაუდგაო. კიდევ უფრო ახლოს რომ მივიდა, გაოცდა _ მისი სახე აღელვებას გამოხატავდა: ტუჩის კუთხეები ნერვიულად დასჭიმვოდა, ნიკაპი კი აგრესიულად გამოეწია წინ.
_ თუ შეიძლება, ჩემთან შემოდი. შენთან სალაპარაკო მაქვს, _ გამოსცრა მამაკაცმა კბილებში.
კატია კანკალმა აიტანა, ანგარიშმიუცემლად გაუარა მამაკაცს გვერდით და კაბინეტში შეაბიჯა. ანდრიამ კარი მიკეტა და ზედ მიეყრდნო. კარგა ხანს ასე იდგა და დუმდა, თან ყოფილ ცოლს ათვალიერებდა. ეს დუმილი კატიას უსასრულო ეჩვენა, მაგრამ მის მზერას მაინც გულადად გაუძლო და გადაწყვიტა, პირველს თვითონ არ წამოეწყო საუბარი.
_ რამდენი ხანია, რაც რობი ნონიაშვილს იცნობ? _ როგორც იქნა, ალაპარაკდა ანდრია.
_ რამდენიმე კვირაა.
_ ადრეც დადიოდი მასთან ერთად ასე?
_ როგორ ასე? _ აიმრიზა კატია.
_ აი, ასე, რესტორნებში. _ ხმას აუწია მამაკაცმა.
_ არა. მას რამდენჯერმე შევხვდი, როცა სასეირნოდ გავდიოდი ბავშვებთან ერთად. დღეს საღამოს პირველად დამპატიჟა რესტორანში.
_ შენ რა, დაგავიწყდა, ის ვინ არის?
_ არა, არ დამვიწყებია.
_ მაშინ რატომ დათანხმდი? რა, აქ საჭმელ-სასმელი გაკლია? ცუდად გეპყრობიან? ლუკმას გითვლიან? თუ ჩემს ჯინაზე იქცევი ასე? ხომ იცი, რომ ის არჩევნებში ჩემი კონკურენტია?
გაგრძელება იქნება