მისმა მრისხანებამ კატის წამით სიხარული მოჰგვარა, მაგრამ უცებვე გააცნობიერა, რომ ანდრიას ეჭვიანობა კი არ აცოფებდა, არამედ ის, რომ იგი მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ვახშმობდა. ამას კი არაფერი ჰქონდა საერთო პირად გრძნობებთან.
_ კი მაგრამ, რატომ არ შემიძლია მასთან ერთად რესტორანში წავიდე? მე ხომ აქ მხოლოდ ბეტის შვილების ძიძის როლში ვცხოვრობ, ისიც ფორმალურად ვითვლები მათ გუვერნანტად და არა რეალურად. შენ თვითონ გაქვს ეს ნათქვამი. მე მგონი, ჩემი ნებაა, თავისუფალ დროს ვისთან ერთად გავატარებ. მით უფრო, რომ არავინ იცის, მე შენთვის ერთ დროს ვინ ვიყავი.
_ შენ ერთ დროს ჩემი ცოლი იყავი, _ უხეშად წარმოთქვა ანდრიამ და კიდევ უფრო მოიღუშა, _ და ფორმალურად კარგა ხანს ასე დარჩება. თუ ეს შენთვის არაფერს ნიშნავს…
_ ჩემთვის? _ იყვირა ქალმა, _ არ დაგავიწყდეს, რომ ეს მე ჩამოვედი უკრაინიდან შენს მოსაძებნად! შენ კი ხელი მკარი. წლებია, არც კი გაგხსენებივარ.
_ მე შენთვის ხელი არ მიკრავს, _ ხმა ჩაუწყდა ანდრიას.
_ ჰო, როგორ არა, დაგიჯერებ! რატომ ცდილობ მაგ ყალბ სიტყვებს ამოეფარო? _ ბოლო ხმაზე იყვირა კატიამ, რადგან თავის შეკავება უკვე აღარ შეეძლო, _ შენი ძვირფასი არჩევნები რომ არა, იმ ღამესვე გამამგზავრებდი უკან, წამითაც არ შეყოყმანდებოდი. ამის ნაცვლად ხვეწნა დამიწყე, არ დამღუპო და არ წახვიდე, კარიერას ნუ გამიფუჭებო. ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, როგორია ჩემთვის აქ ცხოვრება? მხოლოდ შენი კარიერა რატომ გაღელვებს? შენ გამო ვარ აქ, თორემ უკვე დიდი ხნის წასული ვიქნებოდი ამ დაწყევლილი სოფლიდან! მე დიდი ხანია, აღარ ვარ შენი ცოლი და რატომ მაიძულებ, შენთვის ვიცხოვრო? მე ჩემი ცხოვრებაც მაქვს, ნუ გავიწყდება!
_ არ მეგონა, ჩემს სახლში ცხოვრება შენთვის მტანჯველი ტვირთი თუ იქნებოდა. _ ჩუმად წარმოთქვა მამაკაცმა.
_ ამის მერე რაღა უნდა გელაპარაკო! ნამდვილი დოყლაპია ხარ! _ წყენისგან თავდაკარგულმა გემრიელად მიალანძღა ქმარყოფილი და კარს მივარდა. იცოდა, რომ კიდევ ერთი წუთით რომ დარჩენილიყო მასთან, სალანძღავი სიტყვების კორიანტელს დააყენებდა და შემდეგ ეს ყველაფერი სანანებელი გაუხდებოდა. ამიტომ მოსალოდნელი უსიამოვნებები თავიდან აირიდა. მაგრამ აცახცახებული თითები ვერაფრით ვერ დაიმორჩილა და კარის გაღება ვერა და ვერ შეძლო.
ამ დროს ანდრია მიუახლოვდა, მხრებში ხელები ჩაავლო და მკვეთრად შემოაბრუნა თავისკენ.
_ შენ ასე უბრალოდ ვერ შეძლებ წასვლას. მერწმუნე, არ მინდოდა შენი განაწყენება. არასდროს არ მომისურვებია შენთვის ტკივილის მოყენება. მაგრამ არც ერთი ჩვენგანი არ არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა.
_ მე შენ არ გადანაშაულებ იმაში, რაც წარსულში მოხდა, _ კატის თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით სდიოდა, _ მაგრამ ახლა… ახლა შენ აუტანელი ხარ! მინდა რაც შეიძლება მალე გავქრე შენი ცხოვრებიდან. მინდა ჩემი, საკუთარი მომავლის შენება დავიწყო, გასაგებია?
ქალს ცრემლები ახრჩობდა. გულამოსკვნილი მოთქვამდა, თავ-ბედს იწყევლიდა, აქ ჩამოსვლა რამ გადამაწყვეტინა, რისი იმედი მქონდაო.
ბოლოს სრულიად დაუცველად იგრძნო თავი და სახეზე ხელები აიფარა.
ამ ბავშვურმა ჟესტმა ანდრიას გული აუჩუყა. კატიას ხელი მოხვია, მკერდზე მიიკრა და თმაზე მიეფერა:
_ კარგი, გეყო… გეყოფა, ნუ ტირი, გთხოვ… კატი, გესმის?
მის ხმაში სინაზემ გაიჟღერა. რამდენჯერ დასიზმრებია ეს ხმა კატიას. წლების წინ კი მამაკაცი სწორედ ამ ხმით უხსნიდა სიყვარულს, ბედნიერებას ჰპირდებოდა და ეფიცებოდა, ცხოვრებაში არასდროს სხვა ქალს არც ვაკოცებ, არც გავეკარებიო.
მაგრამ ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ მოგონება იყო, რომელიც წარსულში დარჩა. იცოდა, რომ ახლა თავი უნდა დაეღწია მისი მკლავებისგან, მის გვერდით ასე ახლოს ყოფნა იმ ცეცხლის ტოლფასი იყო, რომელსაც მის სულში შეღწევა და იქ ვნების კოცონის დანთება შეეძლო. მაგრამ ამისთვის ძალა არ ეყო. იმისთვისაც კი არ ეყო ძალა, განძრეულიყო. იგი მკერდზე ჰყავდა მიკრული მამაკაცს, რომელიც უყვარდა. მართალია, ანდრიას იგი აღარ უყვარდა, მაგრამ კატი რას დაეძებდა? მისთვის მნიშვნელოვანი მის სიახლოვეს ყოფნა იყო, მისი სუნთქვის შეგრძნება, რომ შემდეგ ამით ეოცნება.
_ ღმერთო, რა საშინელებაა, ასე რომ მოხდა, _ ნატანჯი ხმით ამოთქვა ანდრიამ, _ სულ ვცდილობდი წარსულის დავიწყებას, სხვანაირად ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი, მაგრამ შენი ისევ გამოჩენის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში… _ მთელი სხეულით აკანკალებულმა ქალს სახე ორივე ხელით დაუჭირა და გაშმაგებულმა დაუწყო კოცნა. თავდაპირველად მამაკაცის ტუჩები თითქოს უხეშად ეხებოდნენ ქალისას, მაგრამ მერე და მერე ისე ნაზად დაუწყო კოცნა, რომ კატიას მუხლები მოეკვეთა… ეს იყო ისეთი ტკბილი ტანჯვა… კატიამ თავი ვერ შეიკავა და მამაკაცს ერთიანად მოშვებული მინებდა. როგორი ნაცნობი იყო მისთვის ეს სიახლოვე, ამ კანის სურნელი, ამ სუნთქვის ხმა, ჩურჩული, ისევ და ისევ რომ იმეორებდა მის სახელს, თითქოს მასში ყოფილიყო თავმოყრილი სამყაროს ყველა სიტკბოება…
მათი განშორების წლები მოულოდნელად სადღაც აორთქლდა, თითქოს არც არასდროს ყოფილაო. ორმხრივი ლტოლვა უფრო და უფრო ხურდებოდა და როდესაც ურთიერთნდომის სურვილმა აპოგეას მიაღწია, ორივემ იგრძნო, რომ აღარ შეეძლოთ ერთმანეთს მოსწყდომოდნენ, მათი სხეულები უფრო და უფრო მჭიდრო შეხებას მოითხოვდნენ. ანდრია ზურგზე ხელს უსვამდა კატიას, მკერდზე მძლავრად იხუტებდა და ჩურჩულებდა:
_ რომ იცოდე, როგორ მინდიხარ, კატი!
კატიას თითქოს ექოდ ჩაესმა ეს სიტყვები, მამაკაცს ყელზე შემოაჭდო მკლავები და თითები თმაში შეუცურა. როგორ ესალბუნებოდა მის დასერილ გულს წლების განმავლობაში გაუცხოებული და ხელახლა განცდილი სიახლოვე. ანდრიასთვისაც იმდენად ბუნებრივი იყო ქალის შეხებით გამოწვეული ვნება, თითქოს ამდენი წლის განმავლობაში ყოველღამე გვერდით ეწვა თავისი სათაყვანებელი ცოლი. მისი თითები ქალის სხეულის თითოეულ უჯრედს სასოებით ეალერსებოდა. რაღაც მომენტში კატია შეეცადა მისგან თავის დაღწევას, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ცდუნება, მთელი სხეულით მიეკრო მამაკაცს.
მას შემდეგ, რაც ანდრიას უკანასკნელი კოცნა იწვნია აეროპორტში, კატიას არც ერთი მამაკაცისთვის არ მიუცია უფლება, მის სხეულს მიჰკარებოდა. ამ ხნის განმავლობაში იგი მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობდა, თავისი ხანმოკლე სიყვარულის რაფსოდიით ტკბებოდა და სხვისი შეყვარება გულში აზრადაც არ გაუვლია. გადიოდა წლები და მას აღარ შეეძლო იმის თქმა, რა მოხდებოდა მათი ხელახლა შეხვედრის შემთხვევაში. სანამ აქამდე მოაღწევდა, შიშით გული უსკდებოდა, ვაითუ, ჩემი დანახვაც არ ისურვოს ანდრიამო, თუმცა იმედს მაინც არ კარგავდა.
აქ ჩამოსვლის დღიდან კი, რა თქმა უნდა, ყველა ოცნება დაემსხვრა, მაგრამ შიში მაინც დარჩა. შიში იმისა, რომ ერთ დღესაც თავს ვერ შეიკავებდა და მამაკაცს მკლავებში ჩაუვარდებოდა. ლოდინი დიდხანს არ დასჭირდა. აი, სწორედ ახლა შეიქმნა ასეთი სიტუაცია და ქალი თავს ვეღარ ერეოდა. მამაკაცის ლტოლვას ლტოლვითვე პასუხობდა. ის ყოველთვის გრძნობდა, რომ ანდრიას გარეშე ყოფნა მისთვის იგივე იყო, როგორც საათი უისროდ, ჩანჩქერი უწყლოდ, ზღვა უნაპიროდ…
მაგრამ ანდრია აღარ იყო მისი ნაპირი. ამწუთას, მის მკერდში ჩახუტებული თავს საიმედოდ დაცულ ოაზისში ვერ გრძნობდა. ეს კაცი ახლა სხვა ქალს ეკუთვნოდა, ამ მოსიყვარულებით კი იგი მეტოქეს, იმ სხვა ქალს საკუთრებას ართმევდა. ამის გაფიქრებაზე სიბრაზის ტალღამ ერთიანად მოიცვა და გადაფარა წუთის წინანდელი სურვილი, დაკარგული ქმარი დაებრუნებინა. ამან დაუბრუნა ძალა, მამაკაცისთვის ხელი ეკრა და განზე გამდგარიყო.
_ როგორ ბედავ! _ მთელი ხმით იყვირა, _ მე თოჯინა არა ვარ, რომელსაც სურვილის შემთხვევაში გაეთამაშები! მე ქალი ვარ, გესმის? ქალი, რომელსაც სიყვარული სჭირდება და არა მხოლოდ სექსი. შენ თუ მოფერების დეფიციტს განიცდი, საკუთარ საცოლეს მიმართე. მაგ საქმეში მე არ გამოგადგები!
_ კატი… მე…
ქალმა ყურებზე ხელები აიფარა და ოთახიდან გავარდა. მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა მეორე სართულზე ამავალი კიბის ბოლო საფეხურს მიაღწია. შეჩერდა და დაბლა ჩაიხედა. იქნებ ეგონა, რომ ანდრია გამოეკიდებოდა? თუ ეგონა, გამოდის, მწარედ შემცდარა. ჰოლში ბნელოდა, ანდრიას კაბინეტის კარი მიხურული იყო. როგორც ჩანს, მამაკაცმა მოისმინა თუ არა მისი სიტყვები, გადაწყვეტილებაც მაშინვე მიიღო. კიდევ კარგი, ის არ მოისმინა, რას ყვიროდა კატიას გული. ეს რომ მოესმინა, ისინი ახლა ერთად იქნებოდნენ. მაგრამ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ისე დაიჭირო თავი, თითქოს ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგა _ ეს ნიშნავდა, რომ ილუზიებით უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება…
ანდრია დიდხანს იდგა გაუნძრევლად, დაცარიელებული, გამოფიტული. ძალა აღარ შესწევდა, რამეზე ეფიქრა. ემოციები წარამარა ახსენებდა თავს, მაგრამ ეს არ იყო პირვანდელი სურვილი, რომელმაც აიძულა, თავი დაეკარგა, ხოლო სიღრმისეული მტანჯველი სირცხვილი, შეგრძნება, რომ რაღაც სამარცხვინო ჩაიდინა, უფრო და უფრო უძლიერდებოდა.
რა გასაკვირი იყო, მისი კატი ასე რომ განერვიულდა. მაგრამ ქალის აფეთქება ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ აბობოქრებულ ზიზღთან, თავისი თავის მიმართ რომ განიცდიდა. წამით შეყოყმანდა, გაჰკიდებოდა თუ არა კატის, რათა ბოდიში მოეხადა და წამიერი სისუსტისთვის პატიება ეთხოვა, მაგრამ მიხვდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო. არ ღირდა. ეს მხოლოდ წუთიერი ვნებათაღელვა იყო და თუ გაეკიდებოდა, რისკზე წავიდოდა, რომ თავს ვეღარ მოთოკავდა და წეღანდელ შეცდომას ხელახლა გაიმეორებდა. თავს იმშვიდებდა, რომ ეს მხოლოდ ვნება იყო, რომელიც მათ შორის მოულოდნელად აფეთქდა და საშიში ხასიათი მიიღო.
მაგიდას შემოუარა და სავარძელში ჩაეშვა. ამდენი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო თავი განადგურებულად. ეს იყო უცნობი და ნაკლებად სასიამოვნო შეგრძნება. მაგრამ ისიც უნდა ეღიარებინა, რომ სულაც არ მოსწონდა ის სიტუაცია, რომელშიც ბოლო ხანებში აღმოჩნდა. ბევრი რამ არ მოსწონდა და მათ შორის საკუთარი თავიც. მთავარი კი ეს იყო. პირველ რიგში სწორედ თავისი საქციელით გახლდათ უკმაყოფილო და გაღიზიანებული.
მაშინ, როცა ქალს სთხოვა, ჩვენთან დარჩიო, ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავდა. მაგრამ ახლა, როცა სიტუაციას კატის თვალით შეხედა, მიხვდა, რომ საშინელი სითავხედეა, დარჩენა სთხოვო ქალს, რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ, ქალს, რომელმაც შენს მოსაძებნად ნახევარი ევროპა გამოიარა. დარჩენა სთხოვო იმ სახლში, სადაც საცოლე დაგიდის, ქალი, რომლის ცოლად შერთვასაც აპირებ. დარჩენა სთხოვო და აყურებინო, როგორ ხვდები მის მეტოქეს, როგორ მიგყავს იგი სასეირნოდ და ა.შ.
ნუთუ ისეთი პატივმოყვარეა, რომ თავისი კარიერის გულისთვის მზადაა, სხვა ადამიანთა გრძნობები ფეხქვეშ გათელოს? ადრე ხომ არ იყო ასეთი? ახალგაზრდა კაცი, რომელიც კატიაზე დაქორწინდა, არასდროს დააყენებდა საქმიან მიღწევებს პირად ბედნიერებაზე მაღლა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ იგი დიდხანს განიცდიდა ცოლის გაუჩინარებას, იტანჯებოდა იმით, რომ მის კვალს ვერ აგნებდა. განა ერთი და ორი წელი შეალია კატიას ძებნას? სულ რაღაც ერთი წელი იქნება, რაც სულიერი სიმშვიდე მოიპოვა. და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა დიანას ცოლად შერთვა გადაწყვიტა. ახლა კი მისი ძლივს მოპოვებული სულის სიმშვიდე კვლავ დაირღვა _ იგი კატის ჩამოსვლამ შეარყია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი სულიერ წონასწორობას ვეღარ აღიდგენდა, თუნდაც კატია იქურობას სამუდამოდ მოშორებოდა.
ჰო, ეს გახლდათ მწარე სიმართლე და ანდრიას ამ სიმართლისთვის თვალი უნდა გაესწორებინა, რაც უნდა ძნელი ყოფილიყო მისთვის. კატი რომ ადგეს და ხვალვე წავიდეს, იგი ვერასდროს დაივიწყებს მას.
გაბრაზებული სავარძლიდან წამოხტა, ხმაურით გასწია გვერდზე და ფანჯარასთან მივიდა. ეზოს მთვარე დანათოდა, ფერადად მობიბინე ვარდები ნიავზე ისე ნაზად ირხეოდნენ, თითქოს მისი მძიმე აზრების დამშვიდებას ცდილობდნენ.
ნეტავ შესძლებოდა დროის უკან დაბრუნება! მაგრამ დროის რომელ მონაკვეთამდე სურდა დაბრუნება? იმ საღამომდე, როცა კატია აქ გამოჩნდა თუ იმ დღემდე, როცა ლამაზი უკრაინელი გოგონა გაიცნო? ახლა რომ ვინმეს ეკითხა, ყველაფრის თავიდან დაწყების შემთხვევაში ისევ მოისურვებდა თუ არა კატიას გაცნობას, რას უპასუხებდა? სხეულში მხურვალე ტალღამ დაუარა. გაახსენდა ცოლის ცხელი ტუჩები, ალერსიანი მკლავები, ყელზე უსურვაზივით რომ ეხვეოდა და დაიკვნესა _ პასუხი თავისთავად ნათელი გახდა.
ფანჯრის რაფას მუშტი დასცხო. დარტყმის ხმაზე სახურავქვეშ შეყუჟული მერცხლები აიშალნენ. მათი ფრთების ფათქუნი ანდრიას სმენასაც მისწვდა.
ხმამაღლა ამოიხვნეშა და ფანჯარას მოსცილდა. თუკი იგი ადგილს ვერ პოულობს ამ ცხოვრებაში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბუნების სხვა ქმნილებების სიმშვიდის დარღვევის უფლება აქვს. მერცხლებმა რაღა დაუშავეს? პირმოკულუმულმა კაბინეტში შუქი ჩააქრო და საძინებელს მიაშურა.
არა, ვერც აქ მოისვენა. მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯში კატიას ოთახი იყო. იგი ალბათ უკვე იწვა… და მამაკაცმა ნათლად წარმოიდგინა ბალიშზე გაშლილი მისი ოქროსფერი თმა, აბრეშუმივით რბილი და ფაფუკი. როგორ უყვარდა ამ თმაში თავის ჩარგვა და მისი სურნელის შეყნოსვა. გაახსენდა, როგორ აუბურდავდა ხოლმე ლამაზ თმას შეყვარებულს და მერე ტუჩებით შეეხებოდა. ეს პროცესი ორივეს ვნებას უღვიძებდა. ჰო, მაშინ ორივე სიყვარულის ტყვეები იყვნენ და წამითაც არ უფიქრიათ, რომ მოვიდოდა დრო, როცა ამ ტყვეობიდან თავის დახსნას შეეცდებოდნენ.
მიუხედავად ამდენწლიანი განშორებისა, კატიას მაინც უყვარდა იგი. ამ აზრმა საკუთარი თავი შეაზიზღა. როგორ უღალატა ასეთ ქალს, რატომ არ გააგრძელა მისი ძებნა, ასე უცებ რატომ დაყარა ფარ-ხმალი? რატომ მოუსმინა სხვებს, როცა ურჩევდნენ, ქორწინების ანულირება მოეხდინა? პოლიტიკურ კარიერას პირადი ბედნიერება შესწირა… ღირდა კი? იქნებ აღარ უყვარდა და ამან უფრო გადაადგმევინა ეს ნაბიჯი? მაშინ რატომ გაცოფდა, როცა რესტორანში იგი რობისთან ერთად დაინახა? რატომ იეჭვიანა? ან კი რატომ უნდა იეჭვიანოს მასზე, როცა პირველმა თვითონ გაცვალა სხვა ქალში? ნუთუ ისეთი მესაკუთრეა, რომ იმის დაკარგვისაც ეშინია, რაც მას მხოლოდ წლების წინ ეკუთვნოდა და ახლა ხელი არ მიუწვდება? ამის გაფიქრებაზე კბილი კბილს დააჭირა და ამოიგმინა. სწორედ ეს სიტუციაა, მოსვენებას რომ უკარგავს. ობიექტურად უნდოდა კატიზე ემსჯელა, მაგრამ არ გამოუვიდა. გოგონა წარსულიდან და დღევანდელი კატი ერთ არსებად შეერწყა მის ცნობიერებაში ერთმანეთს.
როცა ვერა და ვერ დამშვიდდა, შუქი აანთო. ჯობია რამე წაიკითხოს, ვიდრე სიბნელეში იწვეს და თვითგვემას მიეცეს. მაინც არ დაეძინება ასეთი ამაღელვებელი საღამოს შემდეგ. წინ დაძაბული პოლიტიკური ბრძოლა მოელის და მთელი თავისი ძალები ამ მიმართულებით უნდა დახარჯოს. მერეც ექნება დრო, პირად ცხოვრებაზე იფიქროს, როცა გამარჯვებას მიაღწევს.
გამარჯვება… რა ცარიელი, არაფრის მომცემი სიტყვაა. რისთვის სჭირდება ეს გამარჯვება? განა ისედაც დაფასებული პიროვნება არ არის? რა უნდა ოლიმპზე, ვინ ელოდება იქ? _ უსიამოვნო ფიქრების გასაფანტავად თავი გააქნია და კამოდზე დადებულ წიგნს დასწვდა…
გაგრძელება იქნება