ნიკოლაი გოგოლი არა მხოლოდ დიდი მწერალი, არამედ ძალიან უცნაური და ტრაგიკული პიროვნება იყო. მის ცხოვრებას მუდამ თან სდევდა შიშები, ფობიები და ფსიქოლოგიური წნეხი, რამაც მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია.
გოგოლის ყველაზე დიდი შიში ცოცხლად დამარხვა ანუ ტაფოფობია იყო. ეს ფობია XIX საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული გახლდათ, რადგან იმდროინდელი მედიცინა საკმარისად არ იყო განვითარებული და ზოგჯერ კლინიკურად მკვდრად აცხადებდნენ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ცოცხლები იყვნენ.
ტაფოფობია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მღელვარების ნაწილი იყო, არამედ გავლენას ახდენდა მის ყოველდღიურობაზე, ჯანმრთელობასა და საბოლოოდ, შესაძლოა, მის გარდაცვალებაზეც. გოგოლი ხშირად საუბრობდა ამ შიშზე, ჰქონდა პერიოდული დეპრესია და პარანოია, რის გამოც სიკვდილის შემდეგ ცოცხლად დამარხვისგან თავის დასაზღვევად მითითებებიც კი ჰქონდა შემუშავებული. ამ მითითებების თანახმად, მისი სიკვდილის დადასტურება რამდენჯერმე უნდა გადაემოწმებინათ და სხეული რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაემარხათ. ის ასევე ითხოვდა, რომ რომ სიკვდილის შემდეგ კუბოს სახურავი ბოლომდე არ დაეჭედათ, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოღება ყოფილიყო შესაძლებელი.
- იქცა თუ არა გოგოლის შიში რეალობად?
ნიკოლაი გოგოლი 1852 წელს გარდაიცვალა. ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი იყო გონებრივი აშლილობით გამოწვეული შიმშილი. თუმცა არსებობდა მეორე ვერსიაც, რომ ექიმების არასწორმა მკურნალობამ მისი სიკვდილი დააჩქარა. სხეული, რა თქმა უნდა დაკრძალეს, თუმცა XX საუკუნეში, როდესაც ნეშტის გადასვენება მოხდა, გავრცელდა უცნაური და შემაძრწუნებელი ჭორი – გოგოლის ჩონჩხს თავის ქალას ადგილი ჰქონდა შეცვლილი, თითქოს მან კუბოში მოძრაობა სცადა.
ამ ამბავს ოფიციალური დადასტურება არ აქვს და შესაძლებელია, გადაჭარბებული ან მითი იყოს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ გოგოლი მართლაც ცოცხლად დამარხეს, ხოლო როდესაც ის კუბოში გამოფხიზლდა, ვეღარ ამოვიდა და საბოლოოდ, შიშისა და ჰაერის უკმარისობისგან გარდაიცვალა. სხვა ისტორიკოსები ამბობენ, რომ 1909 წელს გადმოსვენებისას ნეშტის მდგომარეობა შეიძლება აიხსნას დაკრძალვისას არასწორი მოძრაობით.
ასევე არსებობს ვერსია, რომ გოგოლის თავის ქალა მოგვიანებით მოიპარეს და მისი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ გოგოლის შიშის რეალობად ქცევის მტკიცებულებები 100%-ით არ არსებობს, მისი ფობია იმდენად ძლიერი იყო, რომ იმდროინდელი რუსული საზოგადოება დღემდე იხსენებს ამ ისტორიას. ეს შიში გავლენას ახდენდა როგორც მის პიროვნებაზე, ასევე მის ნაწარმოებებზეც. გოგოლის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით სიკვდილის, მისტიკისა და მოჩვენებითი რეალობის თემებს. ერთ-ერთი გამორჩეული რომანი კი გახლავთ „მკვდარი სულები“, რომლის მთავარი გმირი, პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვი, პროვინციულ რუსეთში მოგზაურობს და ცდილობს შეისყიდოს „მკვდარი სულები“ – ანუ გლეხები, რომლებიც რეალურად გარდაცვლილი არიან, მაგრამ საბუთებში ჯერ კიდევ ცოცხლებად ითვლებიან. ეს მას საშუალებას მისცემს, მათზე იპოთეკური სესხი აიღოს და გამდიდრდეს.
R