საინტერესოა, ისევ ისე სძინავს? ჩვეულ პოზაში? ახსოვს კატიას, ხელს თავს ზემოთ დაიდებდა და ისე იძინებდა. მანამ, რა თქმა უნდა, ცოლს მოეხვეოდა და მკერდზე ისე მიიკრავდა, თითქოს მისი დაკარგვის ეშინიაო, მერე კი იძინებდა.
არადა, რა გამოვიდა? კატიამ კი არ დაკარგა იგი, სწორედ მან აიღო ცოლზე ხელი. როცა მოვიდა მის სანახავად, კაცმა არც კი გაიკარა. მაგრამ არა, ეს მართალი არ არის. თვალწინ დაუდგა მისი მზერა, მონატრებული, მოწყურებული… მას ისევ ისე უნდა კატიასთან ყოფნა, როგორც ადრე, უბრალოდ, ახლა ვერაფერს შეცვლის. ვერშეცვლა კი ნიშნავს, რომ არ უყვარს. ამიტომ სულაც არ ნანობს, უარი რომ უთხრა. იმას უფრო ნანობს, წუთიერმა სისუსტემ რომ სძლია და კინაღამ დანებდა. მაგრამ რა უნდა ექნა? იმდენად მოსწყურებოდა ქმრის ალერსი, თავს ვეღარ მოერია. გარდა ამისა, რამდენი წელია, მამაკაცი არ მიჰკარებია. ბოლოს და ბოლოს, ქვა ხომ არ არის? დარწმუნებულია, კიდევ ერთხელ რომ მიეკაროს ანდრია, იმავეს გაიმეორებს, ისევ ისე ჩაეკონება მკერდში და კოცნით დაახრჩობს.
_ ჩემი სიხარული, _ ვნებიანად ჩაიჩურჩულა და კედლისკენ გადაბრუნდა…
კატის სტუმრობის მეორე დღეს რობი სახლში გატანჯული დაბრუნდა. სიტყვით სწორედ იმ უბანში გამოდიოდა, სადაც ანდრიას ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდა, ამიტომ უამრავი შეურაცხყოფის ატანამ მოუწია. სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდნენ, წარამარა აწყვეტინებდნენ, ხმაურობდნენ და იგინებოდნენ. კიდევ კარგი, კატია არ წაიყვანა, თორემ შერცხვებოდა.
ოთახში შესულს უცხო ხმა შემოესმა და მოულოდნელად შედგა. დედამისი ვიღაცას ესაუბრებოდა… ეს ხმა… ოჰ, ეს ხმა!.. ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი და კარი შეაღო. შეაღო და ადგილზე გაშეშდა. დივანზე შავთმიანი, გრძელფეხება გოგონა იჯდა. ღმერთო ჩემო, რა უნდა დიანას მის სახლში? რა ქარმა გადმოაგდო?
_ საღამო მშვიდობისა, _ ცივად მიესალმა მამაკაცი, _ მე მელოდებით?
_ გამარჯობა, რობი, _ ქალს მშვიდი ხმა ჰქონდა, იგი დივნიდან გრაციოზულად წამოიმართა, _ როგორ მიდის შენი საქმეები?
_ გადასარევად… და ამინდიც გადასარევი იყო დღეს! _ უხეშად მიუგო.
დიკა დაფრთხა და თვალები დახარა. ქალბატონი დარიკო შვილს მიეგება.
_ მოდი, დედა გენაცვალოს, თქვენ ილაპარაკეთ, მე კი სუფრას გავაწყობ.
_ შეგიძლია დარჩე, _ კბილებში გამოსცრა რობიმ და წამიერი მზერა შეავლო დიკას ჩაცმულობას, _ ქალბატონ დიანას შენი თანდასწრებითაც შეუძლია მესაუბროს. ის აქ უმიზეზოდ არ მოვიდოდა.
_ შეიძლება ასეცაა, _ დაეთანხმა დედა, _ მაგრამ მე დიასახლისი ვარ და ჩემი მოვალეობა ვიცი, როცა სტუმარი მოდის.
რობი დაელოდა, სანამ დედა გავიდოდა, მერე კი ქალს მიუტრიალდა:
_ აბა, დიდი ხანია, შენი სტუმრობის პატივი არ გვღირსებია. ალბათ თექვსმეტისაც არ იქნებოდი, უკანასკნელად რომ იყავი ჩვენთან, არა?
სწორედ ის პერიოდი იყო, თავისუფლებისკენ რომ დაიწყე სწრაფვა.
_ აქ ამის განსახილველად არ მოვსულვარ და, საერთოდ, არ მესმის, რაში მადანაშაულებ? მე სკოლაში ვსწავლობდი, შენ კი უნივერსიტეტში ჩააბარე და აქედან წახვედი. ბუნებრივია, ვერ ვნახულობდთი ერთმანეთს.
_ მაგრამ მე არდადეგებზე ხომ ჩამოვდიოდი? _ მშრალი ხმით ამოთქვა რობიმ, _ სურვილი რომ გქონოდა, მოხვიდოდი ჩვენთან. რა თქმა უნდა, მე არაფერში არ გადანაშულებ, მაგრამ შენ მაშინ უკვე ჭავჭავაძეებზე იყავი გადართული. ისინი უფრო იყვნენ შენი წრის, ვიდრე მე. სად მე და სად ანდრია! _ დაგესლა მამაკაცმა. _ მამაშენი უკანალში უძვრებოდა მაგის მამას. მე, გლეხის ბიჭი რაში ვჭირდებოდი, როცა თავადიშვილისთვის შეეძლო შენი მითხოვება!
_ ძალიან გთხოვ, მამას ასე უდიერად ნუ იხსენიებ! ამისთვის რა მოვსულვარ! _ გააპროტესტა დიკამ.
_ უდიდესი სიამოვნებით! _ გაღიზიანდა რობი და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, _ მაშინ რისთვის მოხვედი?
დიანა შეყოყმანდა და თითები ნერვიულად ჩახლართა ერთმანეთში.
_ მე მოვედი… ა… ისა… კატიას გამო, _ თქვა და გაჩუმდა იმ იმედით, რომ რობი რამეს ეტყოდა, მაგრამ მან მხოლოდ გაოგნებით შეხედა, _ რა იყო? სპეციალურად არ ამბობ არაფერს, რათა მე დამაბნიო?
_ მე მგონი, რთული იქნება, ვინმე შენს დაბნევას შეეცადოს. მით უფრო, ახლა. გააგრძელე. რისი თქმა გინდოდა? _ აგდებით შეეკითხა.
_ ხომ გითხარი, კატიაზე მინდოდა დალაპარაკება-მეთქი. არ მესმის, მასთან ასეთი ხშირი შეხვედრით რის მიღწევას ცდილობ.
წუთით რობიმ მეტყველების უნარი დაკარგა, მაგრამ როგორც კი გაიაზრა ქალის ნათქვამი, მრისხანებამ შეიპყრო.
_ საერთოდ, რას აღწევს კაცი, როცა ახალგაზრდა ლამაზ ქალს ხვდება? მე შენსავით ელიტას არ მივეკუთვნები, ქალბატონო დიანა, მაგრამ ფიზიკურად ჩემსა და შენს არისტოკრატ საქმროს შორის დიდი განსხვავება არაა. იქნებ გგონია, რომ მართლა ცისფერი სისხლი გიდუღთ ძარღვებში? მე, პირველ რიგში, მამაკაცი ვარ, ჯან-ღონით სავსე და, მგონი, სიმპათიურიც. ასე რომ, სულ ფეხებზე მკიდია თქვენი ცისფერი სისხლი და `სვეცკობა~.
_ ვითომ არ გესმის, რაზეც გელაპარაკები. _ ყინულივით ხმით გაეპასუხა დიანა, _ მშვენივრად იცი, რომ ის გოგო ანდრიას სახლში ცხოვრობს და ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფრის საქმის კურსშია. და რამდენადაც თქვენ კონკურენტები ხართ არჩევნებზე, ეს ეჭვს იწვევს. ამბობენ, რომ შენ კატიასგან გარკვეულ ინფორმაციას იღებ ანდრიაზე.
_ ანუ, შენ ფიქრობ, რომ კატიას რაღაც იდუმალი ზრახვების გამო ვხვდები? _ რობი ჩუმი ხმით ლაპარაკობდა, მაგრამ სახეზე გადაფითრდა, რაც ავის მანიშნებელი იყო, _ ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენს წრეში ეს მიღებულია, მაგრამ ჩვენ, უბრალო ადამიანებს, პატივისა და ღირსების შეგრძნება გაგვაჩნია.
_ მორჩი სტუდენტ-მარქსისტივით ლაპარაკს, რა! _ იფეთქა დიკამ, _ თავაზიანობის გამო მაინც დამელაპარაკე წესიერად.
_ იგივე შემიძლია შენ გითხრა. მოდიხარ ჩემთან სახლში და შეურაცხყოფას მაყენებ.
ქალმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
_ მაპატიე, არ მინდოდა. უბრალოდ, მსურდა მეთქვა შენთვის, რომ კატიას დალაპარაკებოდი. ის სწორად არ იქცევა. არჩევნები ჩავლილი რომ იყოს, თქვენი შეხვედრები აღარ იქნებოდა ასე მნიშვნელოვანი.
_ ეს არც ახლაა მნიშვნელოვანი. შენ ისე მელაპარაკები, თითქოს იმ გოგოს სახელმწიფო საიდუმლოებებთან ჰქონდეს წვდომა. ის ხომ მხოლოდ ძიძაა მათ ოჯახში და თუ თავისუფალ დროს ჩემთან შეხვედრას ახერხებს…
_ ასეც ვიცოდი, რომ დროს ტყუილად დავკარგავდი და ვერაფერს შეგაგნებინებდი. ისე ხარ დაბრმავებული შენი დებილური მოსაზრებებით, რომ არ გინდა სხვას მოუსმინო.
ამ სიტყვებით დიკამ მამაკაცს გვერდი აუარა და გაბრაზებული სახით კარისკენ გაემართა. ქალი ცდილობდა, თვალი არ დაეხამხამებინა, რათა ყელში მოწოლილი ცრემლებისთვის გზა არ მიეცა. რობი კართან დაეწია გოგონას და მაჯაში სწვდა, მაგრამ დიანამ უხეშად გააშვებინა ხელი და ზურგით კარს მიეყრდნო.
_ რა, გეშინია ჩემი? _ ბოროტად დააკვესა თვალები რობიმ.
_ ტყუილად ცდილობ ამას. _ ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა, _ მე შენ მტრად არ მიგიჩნევ. არც არასდროს მიგიჩნევდი.
_ მაგრამ არც მეგობარი ვარ შენი.
_ ოდესღაც ხომ იყავი?
_ როცა ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, მაგრამ იმ დროს ვეღარ დავაბრუნებთ. _ მიუგო რობიმ, უეცრად დაიხარა და გოგონას ტუჩებზე დააცხრა.
რამდენიმე წამის განმავლობაში დიანა არ განძრეულა, მოულოდნელი იერიშისგან ძალა გამოეცალა, შემდეგ კი მსწრაფლ განზე გახტა და მამაკაცს შეშფოთებული სახით შეხედა.
_ ეს რას ნიშნავდა?
_ ეს? ააა, რას და, მინდა დაგამახსოვრდეს, როგორ ვექცევი ლამაზ ქალებს, _ მის ხმაში აშკარა ირონია იკითხებოდა, _ არ გინდა სილა გამაწნა?
_ იაფფასიანი ბულვარული რომანების კითხვა გყვარებია, _ დასცინა დიკამ, _ არ მიკვირს.
სანამ მამაკაცი ღირსეულ პასუხს მოიფიქრებდა, დიანა გავიდა, რობიმ კი თმაზე გადაისვა ხელი, შემდეგ სამზარეულოს მიაშურა, სადაც დედა სუფრის გასაშლელად კერძებს აცხელებდა.
_ სად არის დიკა?
_ წავიდა.
_ რას ამბობ! როგორ გაუშვი, ბიჭო! რამდენი წელია, ბავშვი არ მინახავს. რა უგულო ხარ. ოხხ… ვიფიქრე, გემრიელად ვასადილებ-მეთქი.
_ არა მგონია, ასეთ დროს მას შენი სადილი მოსურვებოდა, დედი. დარწმუნებული ვარ, საათებით აქვს განსაზღვრული, როდის ჭამოს და როდის არა. მდიდარი სულელი მეტიჩარა! _ ჩაიდუდღუნა თავისთვის და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.
რობის კატიასთან დიანას ვიზიტის ამბავი არ დასცდენია, მაგრამ ბავშვობის მეგობრის ნათქვამმა ჩააფიქრა. არასდროს გაუაზრებია, ამ ლამაზ გოგოს მართლა თავისი ამბიციური მიზნებისთვის იყენებდა თუ უბრალოდ, მხოლოდ მეგობრობა სურდა. იქნებ კატიასაც ჰგონია, რომ რობის იგი მხოლოდ და მხოლოდ მიტინგებზე წასაყვანად სჭირდება? იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაერკვია ეს საკითხი, მორიგ შეხვედრაზე ქალს სწორედ ამ თემაზე ჩამოუგდო ლაპარაკი.
მან მშვიდად მოუსმინა მამაკაცს. საღამოს ჩამავალი მზის სხივების ფონზე გაიისფრებული მისი ლამაზი თვალები გულუბრყვილოდ მისჩერებოდნენ მამაკაცს. ამწუთას იგი ბავშვს ჰგავდა, თუმცა, არც ბავშვი იყო და არც გულუბრყვილო, პირიქით, თავისი აზრებითა და შეხედულებებით ხშირად აოცებდა რობის. აოცებდა ისიც, რომ ქალი სწრაფად უღებდა ალღოს ნებისმიერ საქმეს და ყოველგვარი ემოციის გარეშე უდგებოდა მოვლენებს. მამაკაცს თავისებურად სჭირდებოდა კიდევაც ასეთი ადამიანი, _ მისთვის სასარგებლო იყო, როცა ვინმე გარეშე მის იდეებს ისმენდა და იაზრებდა. უკვირდა, რატომ მიენდო სრულიად უცხო ადამიანს და ასე გულღიად როგორ შეეძლო მასთან ყველაფრის გაზიარება. დიანამ კი დაადანაშაულა, შენი საქმისთვის იყენებ კატიასო, მაგრამ ეს არ იყო მართალი _ ანდრიას საქმეებზე რობის არასდროს ულაპარაკია კატიასთან და არ დაინტერესებულა, რა ხდებოდა მოწინააღმდეგის ბანაკში.
_ ვიცი, რომ ჩვენზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ ეს არ მადარდებს, _ კატიას ხმამ რობის ფიქრი გააწყვეტინა, _ რაც მთავარია, საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. რაც უნდათ, ის თქვან.
_ ადამიანებს შეუძლიათ უსიამოვნება მოგაყენონ. _ პირქუშად წარმოთქვა მამაკაცმა.
_ ისეთ მეგობართან ერთად, როგორიც შენ ხარ, ნებისმიერ სირთულეს გადავლახავ.
_ ისე ლაპარაკობ, თითქოს შენი ერთადერთი მეგობარი მე ვიყო, _ რობიმ ყურადღებით შეათვალიერა ქალი, _ და ჭავჭავაძეები? იმის თქმა მინდა, რომ შენ ჩამოსვლისთანავე მათ მიაშურე და არა სხვას. ასე არ არის? მგონია, რომ მათ დიდი ხანია, იცნობ, თანაც კარგად.
კატიას აქამდეც გააზრებული ჰქონდა, რომ რობი ერთხელაც სწორედ ამაზე დაიწყებდა საუბარს, ამიტომ თავიდანვე შეემზადა, რათა მის ყველა კითხვაზე პასუხი ისე გაეცა, რომ არ დაბნეულიყო.
_ მგონი, უკვე გითხარი, აქ როგორ მოვხვდი. ჩემმა მეგობარმა მირჩია ჭავჭავაძეებთან მოსვლა. ის თბილისში ცხოვრობს და ელისაბედის მეგობარია. იცოდა, ძიძას რომ ეძებდნენ და დამეხმარა.
_ მთელი ცხოვრება ხომ არ აპირებ მაგათთან დარჩენას? სულ ძიძა ხომ ვერ იქნები? შენ ისეთი გასაქანი გაქვს, ისეთი გონი, რომ…
_ არა, არც ვაპირებ, _ არ დაამთავრებინა კატიამ, _ ცოტა ხანს ვიმუშავებ, ფულს დავაგროვებ, დავმშვიდდები, ამასობაში ძველ კოშმარებსაც მოვერევი და მერე ვიფიქრებ, მომავალში რა უნდა ვაკეთო.
_ გათხოვდები და საკუთარი შვილების ძიძა გახდები, _ გაიხუმრა რობიმ.
_ არა. მეტად არასდროს არ გავთხოვდები.
_ მეტად? _ მამაკაცმა ეს სიტყვა ჩაიჭირა, _ შენ რა, გათხოვილი იყავი?
პანიკისგან ქალს სუნთქვა გაუჩერდა, მაგრამ მაინც დაუფიქრებლად მოახერხა პასუხის გაცემა:
_ არა, უბრალოდ, როგორც იტყვიან, ფიგურალურად გამოვხატე.
_ მაგრამ თუ გათხოვილი არ იყავი, _ რობი დაჟინებით შეაცქერდა, _ ქორწინების სასტიკ წინააღმდეგი რატომ ხარ?
_ იმიტომ, რომ ბევრი უსიხარულო ოჯახი მინახავს, გათხოვებით ბედნიერება რომ არ ღირსებია.
_ ზუსტად ვიცი, გადაიფიქრებ, როგორც კი შესაფერის ბიჭს იპოვი, _ გაამხნევა რობიმ.
კატიამ გადაიკისკისა:
_ დედაშენივით ლაპარაკობ.
_ იმის თქმა გინდა, რომ დედაჩემი ამ თემაზე გელაპარაკა? _ გაუკვირდა მამაკაცს.
_ ჰო, მოვასწარით. ის კარგა ხანს მარწმუნებდა, როგორი კარგი ხარ, რა ღირსებებით ხარ შემკული და როგორი ქმარი იქნები.
რობი შეიშმუშნა.
_ ნუ ნერვიულობ, _ მის რეაქციაზე კატიას ისევ გაეცინა, _ მე დავაჯერე დედაშენი, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები ვართ.
რობი კარგა ხანს დუმდა, სანამ საუბარს გააგრძელებდა.
_ ალბათ ფიქრობ, რომ მე უცნაურად ვიქცევი. შენ ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი საინტერესო, მე კი ერთხელაც არ მიცდია შენთან ფლირტი. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არ მომწონხარ. უბრალოდ, მეშინია, არ გავაფუჭო ჩვენი ურთიერთობა და, საერთოდ… გაცნობისთანავე დაახლოება დიდად არ მხიბლავს… ხედავ, ბებერივით რომ ავლაპარაკდი?
_ პირიქით, გულწრფელად და სერიოზულად ალაპარაკდი, _ დინჯად მიუგო კატიამ, _ შენთან მეგობრობა ბევრად უფრო ღირებულია ჩემთვის, ვიდრე კოცნა და ალერსი.
_ ოდესმე შეძლებს ვინმე კარგი კაცი, ორივე ერთად გაჩუქოს _ მეგობრობაც და სიყვარულიც.
_ ოდესმე ვინმე კარგი ქალიც შეძლებს შენც ორივე ერთად გაჩუქოს _ მეგობრობაც და სიყვარულიც.
_ არა. _ ძალზე თავდაჯერებულად წარმოთქვა რობიმ, _ მე წინ მხოლოდ და მხოლოდ მუშაობის წლები მელის. ახლა თუ ვერ გავიმარჯვე, მაინც არ დავნებდები და ბრძოლას გავაგრძელებ. კიდევ ხომ იქნება არჩევნები. ასე რომ, დიდხანს ვერ მოვიცლი დასაქორწინებლად.
კატიას გაახსენდა, როგორ ეთამაშებოდა სკვერში რობი ბეტის შვილებს და თავი ღიმილით გადააქნია. შეუძლებელია ასეთმა მგრძნობიარე კაცმა ცოლის მოყვანაზე არ იფიქროს. ალბათ იმედგაცრუება განიცადა სიყვარულში და ამიტომ ამბობს ასე, ან, სულაც, ვიღაც უიმედოდ უყვარს და ასეთი აზრით იმშვიდებს თავს, თორემ რა დაუშლიდა, დროებითი სასიყვარულო თავგადასავლებით მაინც გაერთო თავი? აი, მაგალითად, კატიას შებმა ეცადა?
ქალი ხვდებოდა, რომ რობის გულს სულ სხვა ჭია ღრღნიდა, ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია.
იმ დღეს ბავშვებთან ერთად ბაღში მყოფებოდა და მათ თამაშს თვალს ადევნებდა. მოულოდნელად სახლის კარი გაიღო და ანდრია გამოვიდა. იგი თავისი მანქანისკენ გაემართა. მას კატია არ შეუმჩნევია, ამიტომაც ქალმა თამამად გააგრძელა მისი ყურება. რა მაგარი მამაკაცია! მაღალი და ჩამოსხმული. ასე შორიდანაც კი შესამჩნევია მისი არისტოკრატული მანერები, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც ის საოცარი სინაზე და სიკეთე იმალება, ადრეულ წლებში რომ ავლენდა ცოლთან. პოლიტიკოსის დაყენებული პოზები კატიას არ უკვირდა, რადგან იცოდა, როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო ლოგინში.
რა შეიცვლებოდა, იმ ღამეს, მისთვის უარი რომ არ ეთქვა და დანებებოდა? დიანასთან ნიშნობას გააუქმებდა და კატიას შეურიგდებოდა თუ, უბრალოდ, ერთი ღამის სიამოვნებად მიითვლიდა მასთან გატარებულ რამდენიმე საათს? ამას კატია ვერასდროს გაიგებდა. ამიტომაც, თუ არ უნდა, რომ ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯოს თავი ამ შეკითხვებით, მასზე ფიქრი გონებიდან უნდა ამოიგდოს.
უეცრად თემოს დარტყმული ბურთი მოხვდა ზურგში, თან ისე ძლიერად, რომ ბალახებში გაიშოტა. იმის მაგივრად, რომ გაბრაზებულიყო, სიცილი აუტყდა. თემოს გაუხარდა, დატუქსვას რომ გადაურჩა და თვითონაც გვერდით მიუწვა ძიძას.
_ წამო, კატი, ჩვენთან ერთად ითამაშე, კარგი? _ ხელზე მოქაჩა ბიჭმა, _ წამო რა?
კატიამაც არ დაახანა, კისკისით წამოხტა და ბურთით მოთამაშე და-ძმას შეუერთდა…
რამდენიმე დღის შემდეგ რობის დედას ესტუმრა. ამ სახლში თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობდა, მოსწონდა ნონიაშვილების უბრალოება. ბეტი ბავშვებთან ერთად ორი დღით თბილისში გაემგზავრა, ამიტომ უამრავი დრო ჰქონდა. კი სთხოვა ბეტიმ, შენც ჩვენთან ერთად წამოდიო, მაგრამ კატიამ უარი უთხრა. მარტო სურდა დარჩენა თავის დარდთან.
ის დღე ძალზე მხიარულად გაატარა. რობის დედას მურაბების მოხუფვაში დაეხმარა. კატია თან ხუფავდა, თან ითვლიდა. ოცდაცხრა ქილა ალუბლის მურაბა გაამზადეს ზამთრისთვის. კატიას გაახსენდა, ბავშვობაში როგორ ეხმარებოდა დედას ასეთ საქმეებში და თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, რადგან შეეშინდა, არ ატირებულიყო. ქალბატონმა დარიკომ შეამჩნია მისი აწყლიანებული ლამაზი თვალები, მაგრამ შეგნებულად არ დაუწყო გამოკითხვა.
გაგრძელება იქნება