შემდეგ სამზარეულოში მოკალათდნენ ჩაის დასალევად. რობის დედამ დრო იხელთა და შვილზე ჩამოაგდო ლაპარაკი, შვილსა და კატიასთან მის ურთიერთობაზე.
_ შენ კარგ გავლენას ახდენ მასზე, შვილო. გამიხარდებოდა, ერთად თუ იქნებოდით.
_ მაგრამ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, დარიკო დეიდა. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ.
_ მეგობრობით იწყება სიყვარული, განა სხვა რამით… _ შეფიქრიანებული ტონით მიუგო დარიკომ, _ ვინ იცის, რა მოხდება, ნაადრევად ნურაფრის მტკიცებას ნუ მოჰყვები. ეჰ… გული მიგრძნობს, კარგი რძალი მეყოლებოდი.
_ რობის ეგ არ შეეშლება. ის აუცილებლად კარგ გოგოზე დაქორწინდება, აი, ნახავთ.
_ რა ვიცი, აბა. ქალების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, მაგრამ მისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა შენ გარდა ვერც ერთმა ვერ შეძლო. ჩემს შვილს ჭკუა რომ ჰქონდეს, შენნაირ გოგოს როგორ გაუშვებდა ხელიდან. მერე რა, რომ რუსი ხარ, ქართულად მშვენივრად ლაპარაკობ. _ გაიხუმრა დარიკომ და მხარი ოდნავ გაჰკრა მის მხარს.
_ ნუთუ არასდროს არავინ ჰყვარებია? _ დაინტერესდა კატია.
_ კი, როგორ არა. ბავშვობიდან დიანა უყვარდა, მაგრამ მერე რა ვიცი, აღარ გაგრძელდა მათი ურთიერთობა. თვითონაც არ მოინდომეს მაინცდამაინც.
კატია გაოცებით მიაჩერდა ქალს:
_ დიანას ხვდება? ეგ არ ვიცოდი.
_ ახლა რაღას ხვდება, შვილო, ის გოგო უკვე დანიშნულია. ეს ამბავი ადრე იყო, როცა ჯერ კიდევ მოზარდები იყვნენ. ანდრიაც ამათთან ერთად იყო სულ, ახლა კი რობის როგორც მტერს, ისე უყურებს, თითქოს ბავშვობა ერთად არ გაეტარებინოთ.
_ ასეთი რამეები საქართველოში ხშირად ხდება?
_ ეს ყველგან ხდება, ჩემო კატია, მთელ მსოფლიოში. შეყვარებულები კი არა, ცოლი და ქმარიც შეიძლება ერთმანეთისთვის უცხოები გახდნენ.
ცოლი და ქმარიც… კიდევ კარგი, ქალბატონმა დარიკომ არ იცის კატიას გასაჭირი, თორემ მიხვდებოდა, როგორ ატკენდა გულს მისი სიტყვები. ალბათ ოდესმე მოუყვება ამ კეთილ ქალს თავის თავგადასავალს, მაგრამ არა ახლა.
_ დიანა ჭავჭავაძეებთან ხშირად მოდის? ხედავ ხოლმე? _ შეეკითხა დარიკო.
_ არა, უფრო მეტად სახლს გარეთ ხვდებიან ერთმანეთს. სადმე ერთად მიდიან და…
_ მე მგონი, მშვენიერი წყვილია.
_ ჩემი გადასახედიდან კი არა. საშინლად ოფიციალური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, გეგონება, სიყვარული კი არა, საქმე აკავშირებთო.
ქალბატონმა დარიკომ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს ლალი შემოვიდა და გულის წასვლამდე მშიაო, დედას გამოუცხადა.
მალე სამზარეულოში მთელი ოჯახი შეიკრიბა და ყველანი გაშლილ სუფრას მიუსხდნენ. ყველაზე ბოლოს რობი მოვიდა და კატიას გვერდით დაჯდა.
_ როგორ მოგწონს ჩვენი ღარიბული პურმარილი არისტოკრატების სუფრასთან შედარებით?
_ ო, ამის შედარება რთული იქნება. ყველას ის უყვარს, რასაც ეჩვევა. ჩვენთან, უკრაინაში, მაგალითად, შუადღეს აუცილებლად წვნიანი უნდა მიირთვა _ შჩი ან სუპი.
_ აბა სუპი ხაშლამას შეედრება? შეხედე, რა ოხშივარი ასდის, აბა, გადაიღე ეს ნაჭერი! _ რობიმ ყველაზე მოზრდილი ნაჭერი კატიას თეფშზე დაუდო.
_ ხორცს ჩვენ ვახშმად მივირთმევთ ხოლმე, ოღონდ ცივად. მერე კი სალათებს. მაგრამ რაც აქ ჩამოვედი, ქართულ სუფრას ისე მივეჩვიე, სულაც ვერ ვგრძნობ დისკომფორტს. სადილზე გამოვძღები თუ ვახშამზე, ჩემთვის უკვე სულერთია.
მის ნათქვამზე ყველას გაეცინა. დარიკომ კი რობის გახედა:
_ მოუსმინე, მოუსმინე, რას ამბობს შენი მეგობარი. შენ კიდევ დიანა მსუყე საჭმელს არ შეჭამსო, იმ დღეს აიჩემე.
_ რა შუაშია აქ დიანა, დედა? _ შეუღრინა რობიმ დედას და წარბები უკმაყოფილოდ შეკრა.
მაგრამ კატია მას აღარ უსმენდა. ის ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა _ თურმე დიანა ამ დღეებში აქ ყოფილა. უცნაურია, რობიმ ამის შესახებ მას რომ არ უთხრა.
სადილი დასრულებული არ ჰქონდათ, რომ რობის რძალს მოულოდნელად მუცელი ასტკივდა. იგი ფეხმძიმედ იყო და დღე-დღეზე შვილს ელოდებოდა.
ყველანი დაფაცურდნენ. ზოგი სასწრაფოს გამოძახებას ამჯობინებდა, ზოგი კი მანქანით წასვლას, უფრო ჩქარა მივალთო. ბოლოს სათითაოდ გადანაწილდნენ მანქანებში და სამშობიაროსკენ გაქანდნენ. კატიაც მათ გაჰყვა.
დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ. სულ რამდენიმე წუთში ბებიაქალი გამოვიდა და რობის ძმას, ბეჟანს ვაჟის დაბადება ახარა, რისთვისაც გასამრჯელოდ ორმოცდაათლარიანი დაიმსახურა.
ერთი მხიარულება შეიქმნა. მაშინვე გაჩნდა შამპანურები და კაცებმა ზედ მანქანის სახურავზე დაიწყეს დალევა.
ლალი, დარიკო და კატია კი სამშობიაროში შევიდნენ. დარიკომ მახარობელს კიდევ ათი ლარი ჩაუცურა ჯიბეში და სთხოვა, ახალდაბადებული გვაჩვენეო.
მინის კედელს მიღმა რამდენიმე ჩვილი იწვა. კატიას მათ დანახვაზე თვალები აუცრემლდა. რა მოხდებოდა, მასაც ღირსებოდა ანდრიასგან შვილი? საშინლად მარტოსულად იგრძნო თავი, უთვისტომოდ და მიტოვებულად.
როცა ეზოში გამოვიდნენ, რობიმ ხელზე ხელი მოჰკიდა.
_ აი, სწორედ ამის მეშინოდა. რა გემართებათ ამ ქალებს, ახალდაბადებულ ბავშვს დაინახავთ თუ არა, ღრიალს რომ მორთავთ?
კატიას გაეცინა. ცოტა ხანს კიდევ დაჰყვეს სამშობიაროში, მერე კი რობიმ დედა და დები შინ წამოიყვანა. თავისიანები გადმოსვა თუ არა ჭიშკართან, დაიჟინა, გინდა თუ არა, სახლამდე მანქანით უნდა მიგიყვანო, ასე გვიან მარტოს ვერ გაგიშვებ, ფეხით კი კარგა ხანს მოვუნდებით გზასო. სულაც არ სიამოვნებდა კატიას მანქანით ჭავჭავაძეების სახლთან მისვლა, მაგრამ უარიც ვერ თქვა.
როგორც კი გზას დაადგნენ, რობიმ იმწუთასვე დიანაზე ჩამოაგდო საუბარი:
_ დედამ დღეს დიკა რომ ახსენა, დავინახე, როგორ გაგიკვირდა. ალბათ გაინტერესებს, რატომ იყო ჩვენთან მოსული, არა?
_ მაპატიე, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, _ კატიამ თავი მიაბრუნა და ღამის სიბნელეს გახედა.
_ ვფიქრობ, რომ არის. ის შენზე სალაპარაკოდ მოვიდა.
_ ჩემზე? ჩემგან რა უნდა?
_ არ მოსწონს, ჩვენ რომ ერთმანეთს ვხვდებით.
_ ეს ანდრიასაც არ მოსწონს და სულ ბრაზდება, _ ამოიოხრა კატიამ.
_ და შენ გადაწყვიტე, რომ არჩევნების ჩამთავრებამდე არ შემხვდე?
_ არა.
_ მიხარია, _ თქვა რობიმ და მანქანა პირდაპირ ჭიშკართან დაამუხრუჭა, _ ცუდია, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. მაგარი წყვილი ვიქნებოდით.
კატია გამოემშვიდობა მეგობარს და ეზოში ქურდული ნაბიჯებით შეიპარა. გვიან იყო, ალბათ ყველას ეძინა, მაგრამ სიფრთხილე მაინც გამოიჩინა და თავისი ოთახისკენ ფეხაკრეფით გასწია. ამ დროს ანდრიას საძინებლის კარი გაიღო და ქალი პირისპირ შეეჩეხა მამაკაცს. კედლის უკან მიმალვას აზრი არ ჰქონდა, ანდრიამ იგი უკვე დაინახა.
_ სად იყავი ასე გვიანობამდე? ჩვენ უკვე ავნერვიულდით. _ საყვედურის კილოთი წარმოთქვა მან.
_ თქვენ? ვინ თქვენ? _ ირონიულად შეეკითხა.
_ კარგი, ჰო… მე… ასე გვიან არასდროს დაბრუნებულხარ. იმასთან იყავი, არა?
_ მასთან და მის ოჯახთან, _ ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა, _ რძალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო და თან გავყევი.
_ კი მაგრამ, თავისი ქალიშვილები სად იყვნენ? შენი წასვლა რა საჭირო იყო?
_ დედამისს უნდოდა, მეც გავყოლოდი. შენთვის ალბათ ძნელი გასაგებია, რომ მეც შეიძლება ვიღაცას ვჭირდებოდე.
ანდრია დაიძაბა.
_ იქნებ როგორმე ავირიდოთ სცენები თავიდან? _ ხმადაბლა თქვა, _ გგონია, მე მსიამოვნებს ჩემს სახლში მომვლელის სტატუსით რომ ცხოვრობ?
_ არ ვიცი. ჩემთვის ძნელი გასაგებია, შენ რას გრძნობ, _ დაღლილი ხმით მიუგო, _ ჩვენ უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის.
ეს კი თქვა, მაგრამ კატიამ იცოდა, რომ თავს იტყუებდა. იგი ახლოს იდგა ანდრიასთან და ეს სიახლოვე თავბრუს ახვევდა.
_ ვერ ვხვდები, ასე რატომ შემიძულე. _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
_ მაგაში ცდები, მე შენ არ მძულხარ. მაპატიე, უკვე გვიანაა, უნდა დავწვე. _ ცივად წარმოთქვა ქალმა და თავისი ოთახისკენ გზა გააგრძელა. ანდრია გვერდით გაჰყვა.
კართან შედგნენ.
_ უკვე მოიფიქრე, რა უნდა გააკეთო, როცა აქედან წახვალ? _ სიჩუმე ანდრიამ დაარღვია.
_ ბოლო წლებმა მასწავლა, რომ მომავლისკენ ძალზე შორს არ უნდა გაიხედო. როცა წავალ, მერე გამოჩნდება, რა შემეძლება.
_ სულაც არ არის აუცილებელი, წახვიდე. შეგიძლია ჩვენთან დარჩე.
_ დიანაზე რომ დაქორწინდები, მერეც? _ უეცრად ეჭვიანობამ დარია ხელი, _ შენი შვილების ძიძადაც გინდა გამხადო?
_ ასეთი საქონელიც არ ვარ. გითხარი იმიტომ, რომ მეგონა, ასე უკეთესი იქნებოდა. მარტოსულაც არ იგრძნობდი თავს.
_ სულაც არ ვგრძნობ თავს მარტოსულად. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მეც შევძლებ ოჯახის შექმნას და შვილების გაჩენას. მეც მინდა, ბედნიერი ვიყო და მივაღწევ კიდევაც ამას.
_ ასე დაგახვია თავბრუ რობიმ? მალე კი შეგიყვარდა, ისე, ვერაფერს იტყვი, _ ღვარძლიანად წარმოთქვა ანდრიამ.
_ იმედია, გიხარია. ამიერიდან შენს სინდისს აღარ დავამძიმებ, _ დაამატა ბოლოს, ოთახში შევიდა და მამაკაცს კარი ცხვირწინ მიუხურა.
მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, რობიმ დიანასთან შეხვედრის სცენა ვერ ამოიგდო მეხსიერებიდან. მისი სტუმრობის შემდეგ წარსულის ნახევრად მივიწყებული მოგონებები აეშალა და მოსვენება დაკარგა. გაახსენდა, როგორ სიამოვნებდათ ბავშვობაში ერთად თამაში, როგორ ერთობოდნენ, მერე როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი და ეგონათ, ვერასდროს ვერაფერი დააშორებდათ. ის ტკივილიანი დღეებიც გაახსენდა, თბილისში რომ მიემგზარებოდა სასწავლებლად და დიანას ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს ტოვებდა. რა სამწუხაროა, როცა ადამიანები წლების განმავლობაში რადიკალურად იცვლებიან, ისე რადიკალურად, რომ შეხვედრისას შეიძლება ვერც იცნო. არა იმიტომ, რომ გარეგნულად შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ შინაგანადაა დაცარიელებული ყველა იმ გრძნობისგან, რომელსაც ბავშვობაში გიწილადებდა. მაშინ დიანა სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ რობი ხელმოკლე ოჯახიდან იყო და სოციალურად მასზე დაბალ საფეხურზე იდგა. არც რობის უფიქრია, რომ დიანასთან მისასვლელი ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა, რადგა მამამისი, როგორც სოფელში ეძახდნენ, მოარული ფულის ტომარა, მისნაირ სიძეს არასდროს ისურვებდა და არავითარ შემთხვევაში მათ ცოლქმრად არ აღიარებდა.
ანდრიასთან კი მეგობრობდა დიდხანს, მაგრამ როგორც კი პოლიტიკურ არენაზე აღმოჩნდნენ, მაშინვე ერთმანეთს შეეჯახნენ. შეეჯახნენ და მათი გზებიც გაიყო, რადგან ერთმანეთის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ. დიანას ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. სრულიად მოულოდნელად, ყოველ შემთხვევაში, რობის ახლა ასე ეჩვენებოდა, ქალი პატარა, ჯიუტი გოგონადან, რომელიც ძმაკაცებს ეხვეწებოდა, თქვენთან ერთად მათამაშეთო, მიუკარებელ, ქედმაღალ ქალად იქცა, რომელიც უკვე აღარ ეძებდა შემთხვევას, მას შეხვედროდა. ეს მაშინ იგრძნო რობიმ, როცა გერმანიაში სასწავლებლად წასული დიანა ჩამოვიდა და ბავშვობის მეგობარი ერთხელაც არ მოიკითხა. სამაგიეროდ, ანდრიას ხვდებოდა. სწორედ ეს ტანჯავდა რობის ყველაზე მეტად.
მამაკაცი გზას ისე მიუყვებოდა, ვერც ამჩნევდა, საით ჰქონდა გეზი აღებული. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, დიანას სახლს რომ ჩაუარა. ქვის გალავნის მიღმა ეზო არ ჩანდა. მას მხოლოდ ვირტუალურად შეეძლო წარმოედგინა ჰამაკში ზანტად გაწოლილი დიანა. ამის გაფიქრებაზე თავი გადააქნია და ნაბიჯს აუჩქარა. იმდენად შემოაწვა ბავშვობის ნოსტალგია, რომ ეგრევე გზიდან გადაუხვია და გეზი ტყისკენ აიღო. რატომღაც, მოუნდა, განმარტოებულიყო საკუთარ ფიქრებთან და მობილური ტელეფონი, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა, ანგარიშმიუცემლად გამორთო.
ტყეში შემავალ ბილიკს რომ მიუახლოვდა, ნაბიჯი შეანელა, რადგან მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ქალის ფიგურა დალანდა. უცნობის მისი მიმართულებით მოიჩქაროდა. იმდენად არ უნდოდა საკუთარი მყუდროების დარღვევა, რომ ბილიკზე გადავიდა და აკაციის ჩრდილს შეეფარა. ალბათ უცნაური დამთხვევა იყო, რომ ქალმაც მას მიჰბაძა. რობიმ მხოლოდ მაშინ შეამჩნია იგი, როცა ორ მეტრზე მოუახლოვდა. მან იცნო თავისი მყუდროების დამრღვევი და სანამ მიესალმებოდა, ღრმად ამოიხვნეშა. ქალს თითქოს არც შეუმჩნევიაო, ისე დააპირა გვერდის ავლა.
_ დიკა, გამარჯობა. შენ რა, ჩემთან დალაპარაკების სურვილიც არა გაქვს? სალამი მაინც არ უნდა მითხრა?
_ წინა შეხვედრაზე ჩვენ ყველაფერი ვუთხარით ერთმანეთს, _ ამბიციურად განაცხადა ქალმა.
_ აი, სწორედ მაგაზე მინდოდა შენთან საუბარი. მინდა ბოდიში მოგიხადო.
_ გაიხარე, დიდი მადლობა, _ ირონიულად ჩაილაპარაკა დიანამ და გზის გაგრძელება მოისურვა, მაგრამ რობი წინ გადაუდგა:
_ ასე საით მიიჩქარი? მოდი, ამ ხის ქვეშ დავსხდეთ ცოტა ხანს, კარგი?
ქალს არ გაუპროტესტებია, დაემორჩილა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ბალახებში ჩაჯდა.
_ არც ვიცი, რატომ გავცხარდი მაშინ ასე. _ უკმაყოფილო ხმით წარმოთქვა რობიმ, _ ერთადერთი, რასაც შეიძლება გამართლება მოვუძებნო, შენი მოულოდნელი გამოჩენა და ჩემი წყობილებიდან გამოყვანის მცდელობა იყო.
_ მაგას მივხვდი. როგორც ჩანს, თავში აზრადაც არ მოგსვლია არასდროს, ამდენი წლის შემდეგ რა ძნელი იქნებოდა ჩემთვის შენთან მოსვლა.
_ ვხვდები. იმასაც ვხვდები, რომ მამაშენს სასტიკად არ მოეწონებოდა ეს.
_ მამაჩემი არაფერ შუაშია, _ მოუჭრა გოგონამ, _ შენ ხარ შუაში.
_ ეს როგორ?
_ ჩვეულებრივად. შენ ხომ სამი წლით ხარ ჩემზე უფროსი. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ პატარები ვიყავით, ამაზე არც მიფიქრია, მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩააბარე, მერე ყველაფერი შეიცვალა. მე შენთვის ბოლომდე ბავშვად დავრჩი, სიყვარულიც კი არ აგიხსნია ჩემთვის წესიერად. ფიქრობდი, პატარააა, ჯერ ვერ გაიგებსო. ამიტომაც საბოლოოდ გაგერიდე.
_ მაგრამ ანდრიასთან ხომ გააგრძელე მეგობრობა? მასთან შეიძლებოდა შეხვედრა და ჩემთან არა?
_ ეს იმიტომ, რომ ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. _ დიანამ წამით მიაპყრო მზერა მამაკაცს და მაშინვე აარიდა თვალი, _ მერე კიდევ, შენ სულ დაკავებული ხარ შენი საქმეებით, შენი პოლიტიკით. შენთან თავს პატარა სულულ გოგოდ მივიჩნევდი და ამას ძალიან განვიცდიდი.
მისმა სიტყვებმა რობი ჩააფიქრა _ ასეთ რამეს როგორ წარმოიდგენდა? ეგონა, მათ შუა დიკას მამა ჩადგა და ამან გააფუჭა ყველაფერი. მთელი სხეული დაეჭიმა, სანამ ქალს უსმენდა.
_ შეგიძლია არც დამიჯერო, მაგრამ ჩემთვის უკვე სულერთია, როგორც გინდა. _ მამაკაცის დუმილი დიანამ არასწორად გაიგო, _ შენ ჩემზე ყოველთვის ცუდი წარმოდგენის იყავი.
_ ტყუილია. შენზე რომ ცუდი წარმოდგენა მქონოდა, არც შეგიყვარებდი.
_ მე ვამბობ მერე, როცა გავიზარდე.
_ მოდი, ნუღარ ვიჩხუბებთ. ისედაც მომხვდა დედაჩემისგან, იმ დღეს დარჩენა რომ არ გთხოვე. _ ჩაიბურტყუნა თავისთვის.
გოგონამ ლაღად გაიცინა:
_ ის ყოველთვის გტუქსავდა უხეში გამოხტომებისთვის, გახსოვს? ტლანქი და გაუთლელი ხარო.
_ ახლაც აგრძელებს. გახსოვს, გაიოზის ეზოში ვაშლებს რომ ვიპარავდით და წაგვასწრო? რა დღეში ჩაგვაგდო!
_ აუ, მართლა რა დღე გვაყარა! _ გულიანად გადაიკისკისა დიკამ.
_ მაგრამ ხეებზე შენ უკეთ გამოგდიოდა ძრომიალი, ვიდრე მე, _ ჩაიცინა რობიმ, _ შენ ხომ ჩემზე გრძელი ფეხები გაქვს. _ და ქალის ფეხებს დახედა.
დიკა წამოწითლდა და მოკლე კაბა დაბლა დაქაჩა.
_ მათი დამალვა არ შეიძლება. ისეთი ჩამოსხმა ფეხები გაქვს, ყველა უნდა ხედავდეს და ტკბებოდეს მისი სილამაზით. ეს ერთადერთია, რაც შენში არ შეიცვალა.
_ მე არ შევცვლილვარ, რობი. ეს შენ შეიცვალე.
_ სოფლელი ბიჭი საზოგადოებაში გაერია, არა? _ მწარედ წარმოთქვა, _ ამის თქმა გინდა?
_ ნუ, მთლად ასე არა, _ მხიარულად მიუგო გოგონამ, _ მაგრამ არასდროს მქონია ის მომენტი, რომ შემცოდებოდი. არადა, შენ ეს გინდოდა, რადგან თვითონაც გეცოდებოდა შენი თავი.
რობიმ სუნთქვა შეიკრა და ცივად გადახედა გვერდით მჯდომს.
_ ჰო, ჰო, ასეა. ამიტომაც მკბენ სულ. ჩვენ შორის რაღაც განსხვავებას ეძებ, თითქოს რადგან მდიდარი მამა მყავს, სხვა პლანეტიდან ვიყო ჩამოფრენილი და შენ არარაობა იყო ჩემთან შედარებით. სულ ამას ფიქრობდი. მაგრამ არ გეთანხმები. ეს მხოლოდ შენი გამონაგონი კედელია, რომელიც ხელოვნურად აღმართე ჩვენ შორის. შენ ავლებ ჩვენ შორის ბარიერს და არა მამაჩემი. მას ცხოვრებაში არ აუკრძალავს შენთან თამაში და მეგობრობა. მაგრამ შენ ასე გაწყობდა. განა იმისთვის არ ხარ გაჩენილი, რაც შეიძლება ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდეს ცხოვრებაში და მათ გადასალახავად იბრძოლო? აი, მარტო მაშინ ხარ ბედნიერი.
_ ყველაფერი თქვი?
_ არა. _ მედიდურად მიუგო დიკამ და გააგრძელა, _ ხანდახან წარმოგიდგენ, როგორი იქნები ათი წლის შემდეგ _ მინისტრის პორტფელით, მაგრამ ძველ შავ პიჯაკში გამოწყობილი იმის საჩვენებლად, რომ შენი ღარიბული წარმომავლობა არ გავიწყდება! ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც წარამარა გვიფრიალებენ ცხვირწინ თავიანთ წარსულს.
რობიმ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და პირი ისევ მომუწა. კარგა ხანს არც ერთს ხმა არ ამოუღია. პაუზა გაიწელა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, განაწყენებულმა რობიმ ქვას გაჰკრა ფეხი.
_ ყოველთვის რატომ ვჩხუბობთ, დიკა? ბავშვობაში ხომ ვმეგობრობდით?
_ მე არც ახლა მინდა შენთან ჩხუბი.
_ მაგრამ, რატომღაც, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით.
_ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ.
_ სამაგიეროდ, ფიქრობ მტრულად. გგონია, კატიას იმიტომ ვხვდები, რომ ანდრიას საქმეებზე რამე დავაცდენინო წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიაზე?
ამჯერად დიანამ უცებ არ უპასუხა. გავიდა რამდენიმე წუთი, სანამ რამეს იტყოდა:
_ ადრე მეჩვენებოდა, რომ ეს არ იყო გამორიცხული, _ აღიარა, _ მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. მესმის, რატომაც ხვდები მას. ის ძალიან ლამაზი ქალია.
_ და განსაკუთრებული ნიჭი აქვს სხვების მოსმენის. _ დაამატა რობიმ.
_ გინდა თქვა, რომ ასეთი ნიჭი მე არ მაქვს? _ აილეწა დიკა.
_ მსგავსი არაფერი მითქვამს, _ მამაკაცი მისკენ შებრუნდა, _ სულ რატომ გგონია, თითქოს თავს გესხმი?
_ იმიტომ, რომ, როცა შენთან ვარ, ასეთი შეგრძნება მიჩნდება.
_ იქნებ მე ვიცავ თავს შენგან? _ წამოსცდა მოულოდნელად, _ შენ ძალზე მაცდური ხარ.
დიკა წამოხტა, რობიმაც არ დააყოვნა ადგომა და ერთმანეთის პირისპირ ძალზე `საგანგაშო~ მანძილზე აღმოჩნდნენ.
_ ისე იქცევი, თითქოს გეშინოდეს ჩემი, _ ხმადაბლა ამოთქვა მამაკაცმა.
_ რისი უნდა მეშინოდეს?
_ ახლავე მიგახვედრებ. _ დახშული ხმით მიუგო რობიმ და გოგონა მსწრაფლ მკლავებში მოიქცია.
სულშეგუბებული კოცნიდა. დიდხანს შეკავებულმა სურვილმა სასურველ სხეულთან მიკარებისთანავე ერთბაშად იფეთქა. ამ შეხებას ისე აგემოვნებდა, როგორც გურმანი საყვარელი კერძის მირთმევისას. ნელა ასრიალებდა მკლავებს დიკას მხრებსა და ზურგზე, თავისკენ იზიდავდა მის აბორგებულ მკერდს, ტუჩებით ეფერებოდა თვალებზე, ლოყებსა და ყვრიმალებზე, ნესტოებით კი ქალის თავბრუდამხვევ სურნელს ისრუტავდა.
_ დიანა… _ აღმოხდა ათრთოლებული ხმით, _ დიანა…
გოგონაც მორჩილად იდგა მის მკერდს მივანებული, რადგან იცოდა, რომ გაბრძოლებას აზრი არ ჰქონდა. ისედაც, სრულიად დაჰკარგოდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, აღარაფერზე ფიქრი აღარ შეეძლო _ მთელი სხეული ამწუთას მხოლოდ მამაკაცის მძაფრი სიახლოვის გრძნობით ჰქონდა გადავსებული. მამაკაცის კედელივით ძლიერი მკერდი გონებას აკარგვინებდა. მისი გახშირებული სუნთქვის სითბო, სახეში რომ სცემდა, მის სუნთქვას ერწყმოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და კოცნაზე კოცნითვე უპასუხა ძალაწართმეულმა. ეს იყო სურვილი, რომელსაც იცოდა, რომ ვეღარ მოერეოდა, თუ თავს ძალას არ დაატანდა. როგორც იყო, გონებას მოუხმო, გაახსენდა, რომ სრულიად სხვა ადამიანზე იყო დანიშნული და ამწუთას ვინმეს რომ დაენახა ამ ყოფაში, სირცხვილი არ ასცდებოდა. მსუბუქად ჰკრა მამაკაცს ხელი და მკლავებიდან დაუსხლტდა.
კარგა ხანს ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. ტყის სიჩუმეში მხოლოდ მათი ხმამაღალი სუნთქვის ხმა ისმოდა.
_ არ გაქვს უფლება, ასე მომექცე, _ ბოლოს ჩურჩულით ამოთქვა.
_ რატომ? დედოფლის შეხედვის უფლება ყარიბსაც აქვს.
_ არ გაბედო! _ იყვირა დიკამ, _ გთხოვ, რობი, არ გინდა!
მამაკაცი ადგილზე გაშეშდა, ასეთ რეაქციას არ ელოდა. დიანამ ისარგებლა მისი დაბნევით, შეტრიალდა და გაიქცა. მან თვალი გააყოლა, მაგრამ ფეხი არ მოუცვლია. ჯერაც ვერ გამორკვეულიყო, რა ემართებოდა. სულ ასე რატომ მოსდის? სოფლელივით რატომ იქცევა დიანასთან? იქნებ ვერ იტანს, ქალი უკარებას როლს რომ თამაშობს მასთან? იქნებ არც თამაშობს? განა ასე უხეშად მოექცა? რამე ზედმეტი ჩაიდინა? მერედა, რა მისი ბრალია, თუ დიკა მი სულში მიძინებულ ველურ ხასიათს აღვიძებს? სხვა ქალებთან მსგავსი რამ არასდროს დამართნია. ის კი არა, პირიქით, საყვედურობდნენ ხოლმე, სუსტ სქესთან მიმართებაში ზედმეტად თავდაჭერილი ხარო.
გაშეშებულმა თავი ჩახარა და ტუჩები მოკუმა. ახლა კიდევ ერთხელ მოუწევს ბოდიშის მოხდა. მწარედ ამოიგმინა. ძლივს დაახლოებისკენ ნაბიჯი გადადგეს და ისევ ყველაფერი გააფუჭა. როგორმე უნდა გამოასწოროს სიტუაცია, თანაც იმ დონემდე, რომ მეტად აღარ მისცეს დიკას მასზე განაწყენების საბაბი…
გაგრძელება იქნება