5 წელია, რაც მსახიობი ანა ჰაუკ-ალექსიშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ბერლინში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და თავისი პროფესიით მუშაობს, თუმცა ახლახან ანა ქართული სერიალის - "ხელოვნური სუნთქვის" ახალ, მე-3 სეზონში გამოჩნდა...
საქართველოდან 2017 წელს წავიდა. 2018-ში გერმანული ენა რაღაც დონეზე შეისწავლა. სამსახიობო სახელმწიფო სააგენტოში მივიდა, გამოცდები გაიარა... გაუმართლა და ერთ-ერთ თეატრში აიყვანეს - სპექტაკლშიც ითამაშა.
![ana](/media/uploads/2025/02-14/ana-aleksishvili-w-h-1739528489.jpeg)
"თბილისში ვიყავი ჩამოსული რამდენიმე დღით და ეკა დემეტრაძის სპექტაკლზე წავედი. შემთხვევით დათო გაბუნია ვნახე და მკითხა, რამდენ ხანს დავრჩებოდი აქ და მითხრა, თუ დრო გაქვს, რომ სამი თვის განმავლობაში თბილისში იყო გადაღებებზე, მაშინ ქასთინგზე მოდიო. მესამე დღეს გერმანიაში ვბრუნდებოდი, მაგრამ ჩემს გეგმებს გადავხედე და მივხვდი, რომ სამი თვე თბილისში მუშაობას შევძლებდი. ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ქასთინგიდანაც დასტური მომივიდა და ასე აღმოვჩნდი სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“. ეს ამბავი ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. რაც გერმანიაში ვცხოვრობ, თითქოს დიდი კედელი იყო აღმართული. ბერლინიდან საქართველოში მუშაობა რთულია და ამ შემთხვევამ გზა გამიხსნა, აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ორივე ქვეყანაში აქტიურობა." - ასე იხსენებდა მსახიობი საქართველოში გაგრძელებულ კარიერას.
პირადი ცხოვრება
ის გერმანელ ჯერემიას ჰაუკზე გათხოვდა... წყვილმა ხელი გერმანიაში მოაწერა, ოჯახის შექმნა კი საფრანგეთში აღნიშნა...
![ana](/media/uploads/2025/02-14/ana-aleksishvili-w-h-1739528511.jpeg)
"შტუტგარტში მეგობართან ვიყავი. აგვისტოს შუა რიცხვებში, იქ ღვინის ფესტივალი ტარდება. ფესტივალზე შემთხვევით მოვხვდი: მეგობართან ერთად ვსეირნობდი. გასართობ ადგილს ვეძებდით. ერთ ადგილას ბევრ ადამიანს მოეყარა თავი. დავინტერესდით, რა ხდებოდა... ფესტივალზე ცოცხალი მუსიკა ჟღერდა, ხალხი მღეროდა, ერთობოდა. ერთ-ერთ მაგიდასთან ოჯახი იჯდა. ვთხოვეთ და მათთან ჩვენც ჩამოვსხედით (ასეთი საქციელი იქ მიღებულია). ამასობაში, 3 ბიჭი მოვიდა, მათ შორის - ჯერემიასი. უბრალოდ, ერთმანეთი გავიცანით... საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთმანეთს მესიჯებით ვეკონტაქტებოდით... შემდეგ ბუქარესტში, გასტროლზე გამგზავრებულს ჯეიმ სიურპრიზი მომიწყო და ჩემთან ჩამოვიდა. ნელ-ნელა ურთიერთობა განვითარდა. დეკემბერში ცოლობა მთხოვა, აგვისტოში კი ხელი მოვაწერეთ. ჩვენ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა და ამ ყველაფრის ახსნა რთულია. ხომ იცით, სიყვარულმა დრო და ადგილი არ იცის." - იხსენებდა ანა.