კატიას გამუდმებით ყურში ჩაესმოდა ანდრიას ბოლოს ნათქვამი სიტყვები, რომელიც ქმარყოფილმა კარის მიხურვისას დააწია: `იმას კი არ ვნანობ, ცოლად რომ შეგირთე, მხოლოდ იმას, რომ არაფერი გამოგვივიდა~. თურმე მისი ბრალი ყოფილა, არაფერი რომ არ გამოუვიდათ. მოინდომა კი ანდრიამ, რამე გამოსვლოდა? ამაზე რატომ არაფერს ამბობს? ეს სიტყვები მოსვენებას უკარგავდა. იმ ღამეს დაძინებაც ვერ შეძლო. ისე შეხვდა განთიადს, თვალიც ვერ მოხუჭა. მისი სული აუტანელი ტკივილით გადაივსო, ძალზე მწარე და გაუნელებელი ტკივილით, რის გამო ისიც კი ვერ შეძლო, გულამოსკვნით ეტირა.
ანდრიაზე გაცოფებული რამდენიმე დღის შემდეგ რობის შეხვდა და მასთან ერთად მიტინგზე წავიდა. მომიტინგეთა სიტყვით გამოსვლა დიდხანს გაგრძელდა. როცა თავყრილობა დამთავრდა, უკვე მოსაღამოებული იყო.
როცა მარტონი დარჩნენ და მანქანის სადგომამდე ქუჩას ფეხით დაუყვნენ, კატიამ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა:
_ დღეს უფრო კარგად გამოხვედი სიტყვით, ვიდრე სხვა დროს, _ რაღაც მეტი დრაივი შეინიშნებოდა შენს ხმაში, მეტი თავდაჯერებულობა.
_ მებრძოლი სული! _ პათეტიკურად შესძახა რობიმ, _ ამის გამო ოჯახში ხშირად მთათხავენ. მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ და აწი რა შემცვლის? როცა რამე გულთან ახლოს მიმაქვს, გულგრილი ვერ ვიქნები. `სულერთია~ არ მახასიათებს.
_ ჰო, უმჯობესია, გულთან ახლოს მიიტანო, ვიდრე გულგრილი იყო.
მამაკაცმა გაოცებით შეხედა:
_ ასე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ლაპარაკობ?
_ უმჯობესია, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ილაპარაკო, ვიდრე აბსტრაქტულად! _ ნართაულად გასცა პასუხი ქალმა.
რობიმ გაიცინა.
_ ო, ამის დამახსოვრება ღირს! მოდი, ლუდის ბარში შევიდეთ, არ გინდა? სულ ამ მიტინგებზე დამყავხარ. ბოლოს და ბოლოს, მრცხვენია.
_ ტყუილად გრცხვენია. მე მომწონს, როცა გისმენ. ისეთ სიტყვას ამბობ, რომ ქვას ქვაზე ადუღებ.
_ ანდრიასთან შედარებით როგორ გამომდის? _ რობიმ ალმაცერად გახედა, მაგრამ შეამჩნია, როგორ შეცბა ქალი მის შეკითხვაზე, ამიტომ საჩქაროდ დაამატა, _ მაპატიე, შეგიძლია არ მიპასუხო, ეს ჩემი საქმე არ არის.
_ სიამოვნებით გიპასუხებდი, რომ ვიცოდე, მაგრამ მისი გამოსვლა არასდროს მინახავს და მომისმენია.
_ ვაა, ეს მთლად ახალი ამბავი. და რა, მას რა ჰგონია, ისე მისცემ ხმას, არაფრის გამო? როცა არც კი იცი, რას ჰპირდება თავის ამომრჩეველს?
_ მე ხმის მიცემის უფლება არა მაქვს, _ გაიღიმა, _ მე ხომ ჩამოსული ვარ და არა აქაური მცხოვრები.
_ ჰოო, ეგ კი აღარ გამახსენდა. ხედავ? ისეთ შინაურად მიმაჩნიხარ, რომ ასეთი რამეები სულ გადამავიწყდა. მე ბოლომდე ჩემიანად მიმაჩნიხარ და რა ვქნა.
ამ ლაპარაკში ბარსაც მიაღწიეს. კატია პირველად იყო ლუდის ბარში. საქართველოში მსგავსი `ფუფუნება~ არ ჰქონია. ირგვლივ ინტერესით მიმოიხედა და ჯერ ინტერიერი შეათვალიერა, მერე იქ მყოფნი.
_ რამდენი ხალხია. ასე ავეჯით გაწყობილი ლუდის ბარი პირველად ვნახე. _ გაიოცა.
_ ინგლისურ ყაიდაზეა მოწყობილი.
_ ვითომ? _ ცოტა საეჭვოდ მოეჩვენა მამაკაცის ნათქვამი.
_ არ ვიცი, ისე ვთქვი. უბრალოდ, ქართველებს გვიყვარს მყუდროდ მოკალათება, ეგ არის და ეგ.
_ თან რა სიჩუმეა. ლუდი სადაც ისმება, ყოველთვის ყაყანია ხოლმე.
_ ასეთ ბარში პრინცესებსაც შეუძლიათ შესვლა. აი, ასე! _ დაიტრაბახა რობიმ და კატიას თვალი ჩაუკრა.
_ ეგეთებიც გყავთ საქართველოში?
_ არა, მაგრამ აქ ყველა ლამაზ ქალს პრინცესად მოიაზრებენ.
_ ეგ ნამდვილად გეხერხებათ ქართველებს. არა, მართლა მომწონს აქაურობა. მეგონა, კაცებით სავსე რაღაც დაწესებულებაში აღმოვჩნდებოდი.
_ როგორც რუსები იტყვიან, `ზაბეგალოვკაში~, არა?
ორივეს ხმამაღლა გაეცინა.
_ აქ პოლიტიკა და არჩევნები ალბათ არავის აინტერესებს. მთავარი, როგორც ჩანს, მხოლოდ ლუდი და თევზია.
_ იქნებ ისიც მითხრა, რომ ჩვენთვის საერთოდაც სულერთია, ვის მივცემთ ხმას, _ ვითომ შეშფოთებული სახე მიიღო რობიმ.
_ აი, მაგ კუთხით კი ვერაფერს ვიტყვი. ასე ახლოს არ ვიცნობ ქართველებს, მაგრამ შენ და ანდრია ორივე კარგი ადამიანი ხართ.
_ არ მომწონს, როცა ანდრიას მადარებენ.
_ რატომ? _ მისდა უნებურად გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
_ იმიტომ, რომ ის ქედმაღალი და ამპარტავანია.
_ სულაც არა! უბრალოდ, გრძნობების დამალვა ეხერხება.
_ კარგი რა, სადა აქვს გრძნობები! _ აგდებულად აიქნია რობიმ ხელი.
_ ზედმეტადაც აქვს! უკაცრავად! შენ რა გგონია, ისეთ ადამიანს გავყვებოდი ცოლად, რომელიც… _ და ელდანაცემი უცებ დადუმდა. მიხვდა, რაც ჩაიდინა, მაგრამ უკვე გვიან იყო. სიტყვები გაექცა და მათი უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო. ვერც უარყოფდა ნათქვამს. სულერთია, რობი მისი სახის გამომეტყველებით მაინც მიხვდებოდა სიმართლეს. სასოწარკვეთილი მიაჩერდა მამაკაცს და არ იცოდა, როგორ გამოესწორებინა შეცდომა.
_ მაპატიე, დაივიწყე, რაც ვთქვი, არა მაქვს უფლება, ჩემი ამბავი მოგიყვე, ეს ჩემი საიდუმლოა.
_ საიდუმლო? _ გაოგნებულმა რობიმ გამჭოლი მზერით გახედა, _ გინდა თქვა, რომ ანდრიას ცოლი ხარ?
_ ძალიან გთხოვ, ცოტა ხმადაბლა, არ გაიგონონ.
რობიმ დაინახა, როგორ გაფითრდა ქალი და გამხნევების მიზნით თბილად გაუღიმა.
კატია რობის მზერას ვერ უსწორებდა. ისე განერვიულდა, რომ თრთოლამ აიტანა.
_ თუ გინდა, მომიყევი, რას მალავ. _ რბილად მიმართა მამაკაცმა, _ მე მგონი, ჩვენი ურთიერთობა მაძლევს უფლებას, ყველაფერი ვიცოდე.
ქალმა თავი დააქნია, მაგრამ ჩაფიქრდა, ღირდა თუ არა ამ ჩახლართული ამბის მოყოლა.
_ არ ვიცი, საიდან დავიწყო… _ ჩურჩულით წარმოთქვა და თავი ჩახარა.
_ თავიდან, სულ თავიდან დაიწყე, _ გაამხნევა რობიმ და მხარზე ხელი დაადო.
_ ჩვენ კიევში შევხვდით ერთმანეთს, _ კატიას ხმა ჩაეხლიჩა, _ იმ დღეს ყვავილების ფესტივალი ტარდებოდა.
რობი მდუმარედ უსმენდა, ერთხელაც არ გაუწყვეტინებია, არც ემოციებით გამოუხატავს, რა რეაქცია ჰქონდა მის მონაყოლზე. მხოლოდ მაშინ ვერ შეიკავა თავი, როცა კატიამ აქ ჩამოსვლის ამბავი ჩაამთავრა.
_ ხედავ შენ? მაგარი ლაჩარი ყოფილა. ამას სიდამპლე ჰქვია, სხვა არაფერი! _ აღშფოთებულმა წამოიძახა.
_ გამოუვალ მდგომარეობაში ადამიანები უცნაურად იქცევიან, _ მიუგო კატიამ.
_ ეს არ ამართლებს მის საქციელს. არ უნდა დათანხმებულიყავი მის შემოთავაზებას.
_ მე იმიტომ დავრჩი, რომ… _ ქალი უცებ გაჩუმდა და მიმოიხედა, _ რა ხდება იქ?
_ სად?
_ მომეჩვენა, თითქოს კარი გაჯახუნდა.
რობიმ კარისკენ გაიხედა.
_ იქ არავინაა, _ მამაკაცი კვლავ ქალს მიუბრუნდა, _ მაინც მგონია, რომ არ მოიქეცი სწორად. არ ხარ ვალდებული, მის დაკრულზე იცეკვო.
_ მაგრამ მისი მდგომარეობა მესმის. მასზე ცუდი წარმოდგენა ნუ შეგექმნება იმის გამო, რომ ცოლად შემირთო, მერე კი მიხვდა, თუ რა შეცდომა დაუშვა.
_ ის კი არ მაოცებს, შენზე დაქორწინება რომ იჩქარა, ის მიკვირს, შენი თავიდან მოშორება რატომ სურდა _ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ საკუთარი დისშვილების ძიძად გაგასაღა. კატია, ვერ ხვდები, რომ ამ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე და არა შენ? თუ უფლებას მომცემ, ამ ამბავს გავახმაურებ და მორჩა, არჩევნებში დამარცხება გარანტირებული ექნება!
_ არა! ამას ნუ იზამ, გთხოვ! არ გაბედო, რობი! _ კატია შეაძრწუნა მამაკაცის ნათქვამმა, _ მე მას სიტყვა მივეცი, რომ ამ საიდუმლოს არ გავამჟღავნებდი. რომ გაიგოს, რაც ჩავიდინე, არ მაპატიებს… ძალიან გთხოვ, არ გამცე, გემუდარები. დამპირდი, რომ ამ ამბავს არავის ეტყვი.
მამაკაცს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
_ თუ ასე გინდა, შეგიძლია მენდო. თუმცა, მიმაჩნია, რომ შეცდომას უშვებ, მაგრამ შენს გრძნობებს პატივს ვცემ, ამიტომ არავისთან სიტყვა არ დამცდება.
_ არ გთხოვ ჩემი გრძნობების პატივისცემას. გთხოვ, მე გამიგო. ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან. არ შეიძლება ანდრიას დადანაშაულება იმაში, რომ ჩემდამი სიყვარული გაუნელდა. ბოლოს და ბოლოს, ლოდინით დაიღალა, არ მოელოდა, თუ გამოვჩნდებოდი.
_ ოღონდ მის გამართლებას ნუ დაიწყებ, რა, _ რობიმ მკვეთრად გააწყვეტინა, _ მე შენ სიტყვა მოგეცი და შევასრულებ… დიანამ იცის ეს ამბავი?
_ იცის.
_ აი, თურმე რატომ მთხოვდა, შენთან ურთიერთობა გამეწყვიტა. ისიც ორაზროვან სიტუაციაში აღმოჩნდა.
_ მაგრამ ეს ხომ დროებითია. არჩევნების შემდეგ ყველა ფორმალური საკითხი მოგვარდება და ანდრია თავისუფალი გახდება. მერე აღარ შეეშლებათ ხელი დაქორწინებაში.
_ მიკვირს, შენ და დიანა მას გამუდმებით რომ იცავთ. _ უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა რობიმ.
_ შენ რას გააკეთებდი მის ადგილას? მასაც ისევე უნდა გამარჯვება ამ არჩევნებში, როგორც შენ. ამიტომ ეშინოდა, შენ ეს ამბავი არ გაგეგო. დარწმუნებული იყო, რომ ამას მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდი.
_ არ ვიცი. პირადად მე ვერასდროს მოვიქცეოდი ისე, როგორც ის მოგექცა, _ შეფიქრიანებულმა წარმოთქვა, _ და არავითარ შემთხვევაში არ დავნიშნავდი სხვას, სანამ იურიდიულად არ გავაფორმებდი განქორწინებას.
_ ეგ ყველაფერი მხოლოდ წვრილმანია. არჩევნების შემდეგ იგი ამ ფორმალობებს მოაგვარებს და დამთავრდება.
_ მერე პრინცი და პრინცესა ოჯახს შექმნიან და სიკვდილამდე ბედნიერად იცხოვრებენ, არა?
_ ჰო, _ ძლივს ამოთქვა კატიამ, _ თუმცა დიანა ზედმეტად თავდაჭერილი მეჩვენება. ალბათ ძალიან უყვარს ანდრია.
_ ვითომ?
_ შენ ასე არ ფიქრობ?
_ არ ვიცი. ჩემთვის ძნელია დიანას გრძნობებზე საუბარი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა _ თავდაჭერილი სულაც არ არის. _ მამაკაცი წამოდგა, _ დალევ რამეს? შენი არ ვიცი, მაგრამ მე დალევა მომინდა.
ქალმა უარის ნიშნად თავი გადააქნია და ფიქრებში ჩაიძირა. `ყოველ ჯერზე, როცა დიანაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, რობი იძაბება. იქნებ დიანაც მტრად მიაჩნია, რადგან ანდრიას საცოლეა? მაგრამ ეს რატომ უნდა იყოს გაღიზიანების მიზეზი? ჩვეულებრივი ამბავია, ყველა ცოლი ქმრის მხარეს იჭერს. მაგრამ დიანამ რატომ აუკრძალა რობის ჩემთან შეხვედრა? მაგას ვინ ეკითხება? იქნებ სხვა რაღაც ხდება და მე ვერ ვხვდები? იქნებ რობისთან ძველი ურთიერთობაა ამ ამბის თავიდათავი? წარსულმა გრძნობამ ხომ არ გაიღვიძა მათში?~
რაც უფრო უღრმავდებოდა ამ საკითხს, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მართალი იყო. დიანა ბრაზობდა რობიზე, ის კი ანდრიაზე ეჭვიანობდა…
რობი მაგიდას ლუდის კათხით ხელში დაუბრუნდა. მან რამდენიმე ყლუპი მოსვა და ქალს გაუღიმა, მაგრამ თვალები ძველებურად სევდით ავსებოდა. კატია ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა.
_ ასე რატომ მიყურებ? _ შეეკითხა მამაკაცი, _ გეშინია, შენი საიდუმლო არ გავთქვა? დაივიწყე, ნუღარ იფიქრებ ამაზე. მე ხომ შეგპირდი. არ დაგაღალატებ.
_ არა, ეგ საერთოდ არ გამხსენებია, ამწუთას შენსა და დიანაზე ვფიქრობდი.
მამაკაცს კათხა ხელში გაუშეშდა. ერთხანს ასე უძრავად იდგა, მერე ხელი ნელა დაუშვა და კათხა მაგიდაზე დადგა.
_ საინტერესოა, რას ფიქრობდი ჩვენზე?
კატიამ არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ მიახალა:
_ რატომღაც, მგონია, რომ თქვენ ერთმანეთი გიყვართ.
_ ღმერთო ჩემო! რას სისულელეა! სისულელე! სისულელე! ეს იმდენად აბსურდია, რომ უარყოფასაც არ დავიწყებ.
_ არც არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცდები.
_ ქალები მხოლოდ სიყვარულზე ფიქრობთ, ამიტომაც ყველგან გრძნობები გელანდებათ. _ გაიხუმრა რობიმ.
_ იცი? როცა მამაკაცს ქალი უყვარს, მის გონებაში რაღაც განსაკუთრებული ჩნდება და როცა ქალის სახელს წარმოთქვამს, ეს განსაკუთრებული ეგრევე იჩენს თავს. სულერთია, აღიარებ თუ არა, ზუსტად ვიცი, რომ გიყვარს. შენ ვერ ამჩნევ, როგორ წარმოთქვამ მის სახელს.
ამ დროს მათ ზურგს უკან კარი გაიღო და მათკენ ვიღაც ჭაღარაშერეული მამაკაცი გამოემართა. კატიმ იცნო იგი _ რობის თანაპარტიელი იყო, მისი საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე.
რობიმ ქალს ნიკო წარუდგინა. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ნიკო მაგიდას მიუჯდა და მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ენა არ გაუჩერებია. ჰყვებოდა მიტინგებზე, სირთულეებზე, რომელიც მათ წინ ელოდათ და ათას სხვა წვრილმანსა თუ მსხვილმანზე. კატიამ ამით ისარგებლა და შინ წავალო, გამოაცხადა. სულაც არ სურდა, რობის საარჩევნო პრობლემები მოესმინა.
_ მოიცა, მიგიყვან სახლამდე. _ მამაკაცი ქალს აედევნა.
_ არ მინდა, ახლა შენ ჩემთვის არ გცალია.
_ შენთვის მე ყოველთვის მცალია, ნუ მეწინააღმდეგები! _ მკაცრად გააწყვეტინა მამაკაცმა და მანქანის კარი გამოაღო.
სახლამდე ისე მიაღწიეს, ხმა არც ერთს არ ამოუღია.
_ რატომ ხარ ჩუმად? აქაურობა მოსაწყენია შენთვის, არა? _ შეეკითხა მამაკაცი.
_ არა. ის დრო მენატრება, როცა ბედნიერი ვიყავი. აქ თავს ცუდად არ ვგრძნობ და არც არანაირი მიზეზი მაქვს, მოწყენილი ვიყო. დიდი მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის. _ დაემშვიდობა მამაკაცს და მანქანიდან გადმოვიდა.
გულდამძიმებული შევიდა სახლში. მართალია, რობი შეჰპირდა, არავის არაფერს ვეტყვიო, მაგრამ მაინც ეშინოდა, მამაკაცს პირობა არ დაერღვია.
რობის კი სხვა საფიქრალი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდრია მისი კონკურენტი იყო, მაინც პატივს სცემდა, მაგრამ ახლა ისე ეჯავრებოდა, ადგილს ვერ პოულობდა. როგორ შეეძლო ასე მოჰქცეოდა ქალს, რომელიც ერთ დროს უყვარდა და ცოლად ჰყავდა? მისთვის ეს წარმოუდეგენელი იყო. ან კი დიანას როგორ შეეძლო, ჰყვარებოდა ასეთი მამაკაცი? ამას ორპირობა ერქვა, სხვა არაფერი. რა გარანტია ჰქონდა დიანას, რომ ანდრია ბოლომდე უერთგულებდა? რატომღაც, მათი ურთიერთობა ანგარებაზე დაფუძნებულად ეჩვენებოდა, მაგრამ თვითონ რატომ აწუხებდა ეს ასე ძალიან? ნუთუ დღემდე უყვარდა დიანა? ნუთუ ვერ შეძლო მისი დავიწყება? ახლაღა გაიაზრა კატიას ნათქვამი, თქვენ ერთმანეთი გიყვართო. არა, ეს მართლა სისულელეა. მას არ უყვარს დიანა ისევე, როგორც დიკას არ უყვარს იგი. მისნაირი ძალად არისტოკრატები გულზე დიდი ხანია, არ ეხატება.
რობიმ მანქანის კარი მთელი ძალით მიაჯახუნა და სახლში შევიდა…
საღამო ხანი იყო. ანდრია შტაბიდან დაღლილი დაბრუნდა. ოთახში შესულს მისი კაბინეტიდან გამომავალი დიანა შეეფეთა. ქალი გააოცა მამაკაცის არეულმა სახემ.
_ რამე მოხდა, ანდრია? _ შეშფოთდა დიკა.
_ მოხდა, ხო, მოხდა! უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ კატია ჩემი ცოლია!
_ რა? _ დიანას საარჩევნო ბუკლეტები ხელიდან გაუცვივდა და მექანიკურად დაიწყო იატაკიდან მათი აკრეფა, _ მაგრამ ვის შეეძლო ამის გავრცელება?
_ შენ როგორ გგონია? _ ბობოქრობდა ანდრია, _ რა თქმა უნდა, იმ ვაჟბატონის ნამოქმედარია!
_ არა მგონია, კატიას მისთვის რამე ეთქვა.
_ მას უყვარს რობი, გესმის? მაგიტომაც უთხრა.
_ რა უნდა ქნა? _ დიანამ ბუკლეტებს თავი მოუყარა და ფეხზე წამოდგა.
_ რა უნდა ვქნა? უარყოფას ხომ არ დავიწყებ? კაცი არ ვიყო, თუ სახლიდან არ გავაგდო! ამის შემდეგ მას აქ არ გავაჩერებ, აიკრას გუდა-ნაბადი და საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს, მორჩა!
_ ახლა თუ სახლიდან გააგდებ, უარესი იქნება შენთვის.
_ აბა როგორ მოვიქცე? ხელი ჩავკიდო და ჩემს ამომრჩევლებს გავაცნო?
_ ცუდი აზრი არ იქნება. _ შემპარავად წარმოთქვა ქალმა და თვალები დახარა.
ანდრიას თავზარი დასცა საცოლის სიტყვებმა _ არ მოელოდა, დიანა ასე მშვიდად თუ დათანხმდებოდა.
_ როგორ? შენი აზრით, კატია კანონიერ ცოლად უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა, რომ შენზე ვარ დანიშნული?
_ სხვა არჩევანი არ გაქვს. _ მშვიდად მიუგო ქალმა.
_ და შენ?
_ მე? რა მე? დროებით დავივიწყოთ, რომ დანიშნულები ვართ. შექმნილ სიტუაციაში ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია.
ანდრიამ გამომცდელი მზერა მიაპყრო საცოლეს. ახლა უფრო მეტი პატივისცემით განიმსჭვალა მის მიმართ, ვიდრე აქამდე. უფრო მეტიც, მისმა საქციელმა აღაფრთოვანა.
_ ბოლო კვირების განმავლობაში შენ მე უდიდესი დახმარება გამიწიე, გვერდიდან არ მომშორებიხარ. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი მსხვერპლის გაღება თუ შეგეძლო. ჯანდაბას! ალბათ მივახრჩობ კატიას!
_ ჰოდა, კიდევაც გაიმარჯვებს რობი არჩევნებში. სინით მიერთმევა გამარჯვება და ის იქნება, _ გაიღიმა დიკამ, _ საერთოდ, ჩვენი ნიშნობა მაშინვე უნდა გაგვეუქმებინა, როგორც კი კატია ჩამოვიდა. ეს იქნებოდა ვყელაზე მართებული ნაბიჯი.
_ ასე რატომ ლაპარაკობ? იმიტომ, რომ ჩემი კარიერა გაღელვებს, თუ იმიტომ, რომ აღარ გიყვარვარ?
დიკას პასუხი კარგა ხანს არ გაუცია. ანდრიას შეამცივნა. იგი ქალს მიუახლოვდა, მხრებზე ხელები შემოაწყო და თვალებში ჩახედა:
_ დიკა, არ გიყვარვარ? ვიცი, რომ კარგი საქმრო არ ვიყავი, ბევრი რამ დაგაკელი, მაგრამ…
გაგრძელება იქნება ორშაბათს