"მონანიება" (1984) არის თენგიზ აბულაძის ლეგენდარული ქართული ფილმი, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის სასტიკ რეალობას ეხება. ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქართული კინონამუშევარია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. "მონანიება" ეხება ტოტალიტარიზმს, მორალურ პასუხისმგებლობას და ისტორიული უსამართლობის გააზრებას. ფილმის ერთ-ერთი საკულტო დიალოგი ასეთია:
- ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიმიყვანს?
- ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.
- არა? მაშ, რა საჭიროა იგი? რისი მაქნისია გზა,თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!
ვერიკო ანჯაფარიძე „მონანიებაში“ ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და დამამახსოვრებელ როლს ასრულებს.

თენგიზ აბულაძე, „ნატვრის ხის“ ერთ-ერთი წარმატებული საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ერევნიდან თბილისში ბრუნდებოდა და საშინელ ავარიაში მოყვა – საბარგო მანქანა გზის მოპირდაპირე მხარეს გადმოვიდა და მათ მანქანას ზემოდან დაეცა. მძღოლი მაშინვე გარდაიცვალა, ბატონი თენგიზი კი რაღაც ძლიერმა ტალღამ მანქანიდან გადმოაგდო; ცოცხალი აღარც ის ეგონათ, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. შემდეგ თავად იხსენებდა: „საოცარ ადგილას ვიყავი, ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა, მაგრამ იქიდან იმიტომ დავბრუნდი, რომ ფილმი მქონდა გასაკეთებელი…“
ეს ფილმი „მონანიება“ იყო, რომელიც ერთგვარი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა ცნობილი რეჟისორისთვის – უდიდესი ენერგია წაიღო მისგან და, სამწუხაროდ, განუხორციელებელი დარჩა ოცნება, გადაეღო ფილმები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასა და გალაკტიონის თვითმკვლელობაზე.
სოფიკო ჭიაურელი და "მონანიება"
თენგიზ აბულაძის 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე" სოფიკო ჭიაურელმა "ფუფალას" როლი ითამაშა და ფილმის ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლში გამორჩეული ადგილი დაიკავა. ფილმმა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო. გამორჩეული იყო "ნატვრის ხის" ჩვენება აშშ-ში, ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც სცენაზე ასული სოფიკო ჭიაურელი მაყურებელმა ვერ იცნო.

თავად სოფიკო ჭიაურელი ასე იხსენებდა ამ ისტორიას:
"ნატვრის ხე გვქონდა წაღებული თენგიზ აბულაძეს და მე ჩიკაგოში, კინოფესტივალზე. ფილმის ჩვენების შემდეგ წარმადგინეს, გამოვედი სცენაზე, მაშინ გამხდარი ვიყავი ძალიან... ტაში დაგვიკრეს, თავი დავუკარი და მერე ეკითხებიან თენგიზს - ის ქალი, ფუფალას რომ თამაშობს არ ჩამოვიდაო? თენგიზმა უთხრა - ეს ის ქალიაო. მიყურებდნენ გაკვირვებულები, ვერ დაიჯერეს რომ მე ის ქალი ვიყავი"...
"ნატვრის ხის" გადაღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც თენგიზ აბულაძე ტრილოგიის მესამე ფილმს - "მონანიებას" იღებდა, ფილმში სოფიკო ჭიაურელს შესთავაზა როლი, თუმცა მსახიობმა ამ როლზე რეჟისორს დედის, ვერიკო ანჯაფარიძის კანდიდატურა შესთავაზა.
სრულად