ანი კეკუა ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელმაც პოპულარობა მუსიკალური პროექტების მეშვეობით მოიპოვა. მისი კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში სცენაზე გამოვიდა.
"ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ კონცერტებზე გამოვდიოდი, ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი. ის აურა, მაყურებლისგან მიღებული ემოციები იყო დაუვიწყარი, თუმცა ამას მაშინ დიდად ვერც ვაცნობიერებდი. შემდეგ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონდა წარმატებები", - ამბობდა ანი.
მოგვიანებით, ანიმ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტებში "ნუცას სკოლა" და "ჯეოსტარი", რაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს და ოჯახის წევრებს. მშობლები, ბებიები, მამიდა - ყველანი აქტიურად იყვნენ ჩართულები, საკონცერტო კაბებს მიკერავდნენ და ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დედა ჩემზე მეტად მოტივირებული იყო, ენერგიას არ იშურებდა, ბევრ წრეზე მატარებდა".
ანი კეკუამ სწავლა კავკასიის უნივერსიტეტში განაგრძო, ხოლო მოგვიანებით განათლება შვედეთში მიიღო. 2016 წელს ანი დაქორწინდა გიორგი გოგბაიძეზე, რომელთანაც ორწლიანი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინა. ანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სცენას მოშორდა, რაც მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის - დედის გარდაცვალების, შემდეგ კი დიდი სიხარულის - შვილის გაჩენის გამო მოხდა:
"შემოქმედებითი პაუზა წლების განმავლობაში გამიგრძელდა. არც ხასიათი მქონდა, არც რესურსი. დედა გარდამეცვალა, ძნელი ასახსნელია სიტყვებით მდგომარეობა, რომელშიც მოულოდნელად აღმოვჩნდი. დრო დამჭირდა, აზრზე რომ მოვსულიყავი, შემდეგ ჩემი შვილი დაიბადა, 2 სამსახურში ვმუშაობდი და... როცა სცენაზე დგახარ და შენი საქმე ძალიან გიყვარს, მერე კი ამ ყველაფერს შორდები, ძალიან გაკლდება ის ემოცია და ენერგეტიკა, რომელიც მსმენელსა და მომღერალს შორის იცვლება ხოლმე. ცხოვრება ძალიან მოსაწყენი ხდება. მე მრავალფეროვნების მომხრე ვარ.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ავტომატურად ხდება და არც ჩემი სურვილი ყოფილა და არც ჩემი მეუღლის, პირიქით! ჩემი მეუღლე სულ იმას მეუბნება, რომ უკვე დროა, ისევ გამოვჩნდე და რაღაცნაირად სცენას დავუბრუნდე", - ამბობდა წლების წინ მომღერალი.
მართლაც, 2019 წელს მან აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა განაახლა, ქმრის მხარდაჭერით ბენდი შეკრიბა და ახალი სიმღერები შექმნა. ანი კეკუა ასევე აქტიურია სოციალურ ქსელებში, სადაც თავის შემოქმედებასა და ცხოვრებას უზიარებს გულშემატკივრებს.
ცოტა ხნის წინ ანი ტელეეკრანებზე პროექტით "მიმღერე" დაბრუნდა:
"აჩიკო ბერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ახალი სატელევიზიო პროექტი იწყებოდა. ჩვენ ოჯახებით ვახლობლობთ, ნათელ-მირონი გვაკავშირებს, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობდით. აჩიკოს ოჯახის მომღერალი წევრი არ ჰყავს და რადგან ამ პროექტში მხოლოდ ოჯახის წევრები გამოდიოდნენ, შემომთავაზა, ერთად ხომ არ ვიმღეროთო? დავთანხმდი. შემდეგ ორგანიზატორებს გავესაუბრე. ძალიან კარგი, თბილი პროექტი გამოვიდა - ისეთი, ტელესივრცეს ძალიან რომ აკლდა..."
ყველასთვის საყვარელი მომღერალი ცოტა ხნის წინ გადაცემა "სიცრუის დეტექტორს" სტუმრობდა, სადაც ოჯახის, საკუთარი კარიერისა და მშობლების შესახებ ისაუბრა. ანიმ განმარტა, რომ ისეთი სიყვარული, როგორიც მის მშობლებს ჰქონდათ, სამწუხაროდ, ვერ იპოვა და ახლა განქორწინებულია:
„ისეთი სიყვარული, როგორიც ჩემს მშობლებს ჰქონდათ, არ მიპოვია... დედაჩემს და მამაჩემს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდ სიყვარულში ვარ გაზრდილი და მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის. სულ მახსოვს მათი პოზიტიური ურთიერთობა, ხმის აწევაც კი არ მახსოვს. ჩემთვის განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა..."
მომღერალი განმარტავს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე შეყვარებული არ არის. ის პოპულარული პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეა და მაყურებელს არაჩვეულებრივი შესრულებით ანებივრებს.