_ არც მე ვყოფილვარ დიდად მოსიყვარულე საცოლე, შენც იცი, _ მოუჭრა ქალმა, _ ხოლო რაც შეეხება ჩემს გრძნობებს… არ ვიცი, ანდრია. ადრე ჩვენ ხომ სიყვარულზე არასდროს გვისაუბრია. ჩვენ დავინიშნეთ იმიტომ, რომ ორივეს გვინდოდა ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა, მაგრამ აბა, გულზე ხელი დაიდე და გულწრფელად მითხარი, განა ისე ძლიერად გიყვარვარ, როგორც თავის დროზე კატია გიყვარდა?
ანდრია შეცბა. მაშინვე ხელი უშვა ქალს, შეტრიალდა და ფანჯარას მიუახლოვდა. რამდენიმე წუთი დასჭირდა საჭირო სიტყვების საპოვნელად.
_ ვერასდროს შევძლებს სხვა ქალი ისე შევიყვარო, როგორც კატია მიყვარდა. უბრალოდ, ვერ შევძლებ, ასეთი რამ მეორედ გამოვცადო. ეს ჩემს ძალებს აღემატება.
_ ისე ლაპარაკობ, თითქოს ადამიანი თავად წყვეტდეს, ვინ შეიყვაროს და ვინ არა.
_ კი, ამაში დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდა ხარ, უფრო ძნელია, მოთოკო საკუთარი ემოციები და ლტოლვა, მაგრამ ასაკთან ერთად გული უფრო ხისტი ხდება და გრძნობების გაკონტროლება ბევრად ეადვილება. მაპატიე, ასე რომ ვამბობ, უსამართლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, სხვანაირად მელაპარაკა. არ მინდა, ისეთ რამეს მოელოდე ჩემთან დაქორწინებით, რისი მოცემაც არ შემიძლია. მოწმენდილ ცას და ვარდისფერ ღრუბლებს ვერ შეგპირდები.
_ რატომ ადრე არ მითხარი ეს, სანამ დამნიშნავდი?
_ იმიტომ, რომ მეგონა, ჩემგან არ მოითხოვდი ზედმეტად ნაზ გრძნობებს. თვითონაც საკმაოდ გულგრილი იყავი ჩემდამი. ახლა კი ამაში დარწმუნებული არ ვარ.
_ გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ სხვების დასანახავად უნდა შეგვექმნა ბედნიერი ოჯახი, არა? ყოველგვარი გრძნობის გარეშე, უბრალოდ, თვალის ასახვევად… ესე იგი, შენთან დაქორწინებით მხოლოდ თავსხმა წვიმა და მოქუფრული ცა მელოდება? _ ხუმრობით დაასრულა დიანამ.
ანდრიას გაუკვირდა, ქალი ხუმრობის ხასიათზე რომ დადგა, მაგრამ ახლა მათი ურთიერთობის გარჩევა სულაც არ სურდა. მთავარი ის იყო, რომ მას მართლა არ უყვარდა დიანა ისე, როგორც უნდა ჰყვარებოდა.
_ არ გამტყუნებ, ანდრია. არც მიცდია, ისე შეგყვარებოდი, როგორც შენი ცოლი გიყვარდა. სიმართლე გითხრა, არც მე ვგიჟდები შენზე. ისედაც, დიდად არ მჯერა სიყვარულით შექმნილი ოჯახის. არ მჯერა იმ სიყვარულის, რომელიც სხვა ყველაფერს გადაფარავს. ჩვენ შეგვიძლია იდილიური ოჯახი შევქმნათ, ყოველგვარი ღრმა გრძნობების გარეშე, ერთმანეთის პატივისცემაზე აგებული და არ მსურს, ბობოქარმა ვნებებმა ჩემი ცხოვრების დინება გაანადგუროს. ეს სულაც არ არის აუცილებელი მშვიდი ოჯახური ატმოსფეროს შესაქმნელად.
_ ასე რისი გეშინია? ბობოქარ ვნებებსაც შეუძლია ბედნიერების მოტანა.
_ ამის გარეშეც მშვენივრად ცხოვრობ, როგორც ვხედავ.
_ იმიტომ, რომ ერთხელ უკვე განვიცადე იმედგაცრუება.
_ იქნებ მეც სწორედ მაგის მეშინია?
_ მაშინ გამოდის, რომ შენ ცხოვრების გეშინია.
_ მოდი, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა აჯობებს, კატიას დაელაპარაკო.
სწორედ ამ დროს ორივემ შეამჩნია კიბეზე ჩამომავალი კატია.
_ აი, ისიც, _ წამოიძახა ანდრიამ ყინულივით ცივი ტონით, _ შენს მოსაძებნად მოვდიოდი. ალბათ იცი, რაც მოხდა, არა? შენს სიტყვას ფასი არ ჰქონია. ისე შეგიყვარდა რობი ნონიაშვილი, რომ მის გამო ჩვენი პირობა დაარღვიე?
კატია გაფითრდა. ერთხანს გაოცებული მისჩერებოდა ხან ანდრიას, ხანაც დიანას.
_ მე… მე პირობა არ დამირღვევია. მან შემთხვევით გაიგო ჩვენი ამბავი… მაგრამ შემპირდა, არავის არაფერს ვეტყვიო.
_ ჰო-ო? იმიტომაც გაიგო მთელმა სოფელმა ჩვენ შესახებ?
_ არ მჯერა, რომ რობის ამის გაკეთება შეეძლო, _ საუბარში დიანა ჩაერია.
_ შენც ამათ მხარეს ხარ, არა? _ იყვირა მამაკაცმა და მრისხანე მზერა შეავლო საცოლეს.
_ არა, მათ მხარეს არ ვარ, _ დიანას სახე წამოუწითლდა, მაგრამ უკანდახევა არც უფიქრია, _ სანამ პოლიტიკა კონკურენტებად გაქცევდათ, შენ და რობი მეგობრები იყავით. ამიტომ უნდა იცოდე, რომ რობი შენ წინააღმდეგ არასდროს წავა.
_ ფეხებზე მკიდია, ადრე რა იყო! მე ის მაღელვებს, ახლა რაც ხდება. მან გაიგო, კატია რომ ჩემი ცოლია და ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოსდო!
_ ტყუილია! _ იყვირა კატიამ, კიბე მთელი სისწრაფით ჩაირბინა და კარისკენ გავარდა.
_ მოიცადე, სად მიდიხარ, მე ჯერ არ დამიმთავრებია! _ მიაძახა ანდრიამ.
_ რობი უნდა ვნახო.
_ არ გაბედო მასთან მისვლა, გესმის? არ გაბედო!
მაგრამ კატია აღარ უსმენდა. იმის შიშით, ანდრია უკან არ გამომეკიდოსო, თავქუდმოგლეჯილმა გადაირბინა ეზო და ჭიშკარში გასული ქუჩას სირბილით დაუყვა.
რობი შინ დახვდა. აჭარხლებულმა ქოშინით შეაღო სახლის კარი და დივანზე მიწოლილ მამაკაცს თავზე დაადგა. რობიმ შეხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა.
_ უკვე ყველაფერი იცი, არა? _ მამაკაცი წამოჯდა და თმაზე ხელი გადაისვა.
_ ვიცი, ხო, ვიცი! რატომ გააკეთე ეს? შენ მე სიტყვა მომეცი.
_ მაპატიე, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. ეს ამბავი ნიკომ მოსდო ქვეყანას და არა მე. გახსოვს, შენ რომ თქვი, კარი გაჯახუნდაო? თურმე გაიგონა, როგორ მიყვებოდი შენს ამბავს და ჩუმად მოისმინა.
_ აი, თურმე რა ყოფილა! ალბათ ბოდიში უნდა მოგიხადო, შენ რომ დაგადანაშაულე, _ მოლბა კატია და აცრემლებული თვალები დახარა…
რობიმ ღრმად ამოიხვნეშა და რბილად წარმოთქვა:
_ არა უშავს, ყველაფერი მესმის. არ გამტყუნებ, შენს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.
_ დიანას გარდა, _ მიუგო კატიამ.
მამაკაცმა კოპები შეიკრა, მაგრამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისი სიტყვები არ გაუგონია.
ქალი დივანზე ჩამოჯდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ დარჩენილიყო, უბრალოდ, ნერვიულობისგან ფეხები ეკეცებოდა.
_ რას ილაპარაკებენ აწი ჩემსა და ანდრიაზე? _ უმწეო ხმით იკითხა.
_ კარგს რომ არაფერს, ფაქტია. ახლა უკვე ყველამ იცის, ვინ ხარ და ისიც, რომ ანდრიამ მიგატოვა.
_ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, _ დაიცვა ქალმა ყოფილი ქმარი, _ ის სამუშაოდ ინგლისში გაგზავნეს, მე კი მასთან ერთად წასვლა ვერ შევძელი. მას სულაც არ უნდოდა ჩემი მიტოვება.
_ ჩემთან არ გჭირდება მისი დაცვა. შენ, უბრალოდ, მკითხე, რას ილაპარაკებენო და მეც პასუხი გაგეცი. ღვარძლიან ადამიანებს რა გამოლევს ქვეყანაზე. ნიკო დიდი ხანია, ანდრიაზე კბილებს ილესავს და აი, შანსიც გამოუჩნდა, რომ შური ეძია. ისე, სისულელე იყო შენი ვინაობის დამალვა და უარესი _ ვითომ ძიძად რომ `მოგნათლეს~.
კატია ხვდებოდა, რობი მართალი რომ იყო, ამიტომ შეპასუხება არც უცდია. მამაკაცი გვერდით მიუჩოჩდა და თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო.
_ ცოტა ხანიც და ეს ყველაფერი ღამის კოშმარივით დაგავიწყდება. წინ მთელი ცხოვრება გაქვს, კატია. ახალგაზრდული შეცდომის გამო მომავალს ხომ არ დაინგრევ. რაც იყო, იყო.
_ მაგრამ ეს შეცდომა არ ყოფილა, რობი. მე სიყვარულით გავთხოვდი, ამაშია საქმე. არ ვიცი, შეიძლება ის ნანობს ამას, მაგრამ არა მე.
_ ოხ, ქალებს რას გაუგებ! _ კვლავ ამოიხვნეშა მამაკაცმა. _ დალევ რამეს?
_ არა, უნდა წავიდე, _ კატია ფეხზე წამოდგა.
_ მაშინ სახლამდე მიგაცილებ, _ რობიმ თვალებით მანქანის გასაღებს დაუწყო ძებნა, მაგრამ როცა ქალისგან ცივი უარი მიიღო, იგი მხოლოდ ჭიშკრამდე მიაცილა.
_ ალბათ ასე რომ მოგექცა, უკვე ვეღარ იტან ანდრიას, არა?
_ წესით, ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერ შევძელი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარს.
_ მერედა, რას აპირებ?
_ იმას გავაკეთებ, რასაც თვითონ მოისურვებს, _ გაწელილად წარმოთქვა კატიამ, _ ვალში ვარ მასთან, განსაკუთრებით დღეიდან.
_ არანაირ ვალში არ ხარ. ასე ნუ დააპროგორამებ შენს თავს, ძალიან გთხოვ. თუ საკუთარ თავს ადანაშააულებ იმაში, რაც მოხდა, აჯობებს, ჩაალაგო შენი ბარგი და აქედან წახვიდე ან, სულაც, ჩვენთან გადმოხვიდე, სიამოვნებით მიგიღებთ მთელი ოჯახი. შეგიძლია იმდენ ხანს დარჩე, რამდენ ხანსაც მოგესურვება.
კატიამ ტანჯულად გაიღიმა:
_ მაშინ ანდრია ნამდვილად შემიძულებს.
შინ დაბრუნებულს სასტუმრო ოთახში ხმამაღალი ლაპარაკი შემოესმა. უცებ თავისი სახელი გაიგონა და მიხვდა, რომ ოჯახის წევრები ბოლო მოვლენებზე მსჯელობდნენ. საერთო ხმაური ბეტის ხმამ გადაფარა:
_ მე კი მგონია, რომ შენ ის ცოლად უნდა აღიარო! ვერ ხედავ, რა წესიერად იქცევა? რას ერჩი, რა არ მოგწონს?
_ წესიერად იქცევა ჩემგან განსხვავებით, არა? ამის თქმა გინდოდა, ელისაბედ? ამის თქმა? _ ანდრიას ყვირილმა ჰაერი გაკვეთა.
_ მე ეს არ მითქვამს, _ მიუგო დამ, _ მაგრამ თუ თქვენი ქორწინება შეცდომა აღმოჩნდა, აშკარაა, რომ ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს. თუმცა ეს წესიერად უნდა გააკეთო, როგორც მამაკაცს შეეფერება და არა ისე, როგორც შენ აპირებ.
_ ბეტი, ანდრია! _ გაისმა ნიტას ხმა, _ თქვენ ორივეს ყველაზე მთავარი გავიწყდებათ. აი, ჩამთავრდება არჩევნები და…
_ არჩევნების დედაც!.. _ უწმაწურად შეიგინა ანდრიამ, _ იქნებ გგონია, რომ ჩემი გრძნობების მაცივარში შენახვა და იქ გაგრილება შემიძლია, სანამ ჩემი პოლიტიკური კარიერა გადაწყდება?
_ სწორედ მაგის იმედი მაქვს, _ არ ცხრებოდა ქალბატონი ნიტა, _ განა ასე არ იქცეოდი, სანამ ეს ამბავი გასკდებოდა?
_ მართალი ხარ… ყველაზე დიდი საზიზღრობა ჩემი საქციელი იყო. კატიას სულაც არ ვადანაშაულებ. მე თვითონ ვარ დამნაშავე.
მოულოდნელად სრული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ სკამის გაწევის ხმამ დაარღვია.
_ ბეტი, წამო, გავიდეთ. _ ეს დათოს ხმა იყო.
იმის შიშით, რომ კართან მიყურადებული არ შეემჩნიათ, კატიამ სწრაფად გაიარა ჰოლი და სრულიად მოულოდნელად სასტუმრო ოთახში შევიდა.
_ აი, დღევანდელი დღის გმირიც, _ წამოიძახა ნიტამ, _ ახლა სწორედ შენზე ვლაპარაკობდით.
_ მესმოდა, _ მიუგო კატიამ ისეთი მშვიდი ხმით, თვითონაც გაუკვირდა და მზერა გააყოლა დათოს და ბეტის, რომლებიც ოთახიდან გადიოდნენ, მერე კი ანდრიას მიუახლოვდა, _ დიანა მართალი იყო. რობი არაფერ შუაშია. ეს ამბავი თურმე ნიკომ გაავრცელა.
_ გასაგებია, _ ანდრია წამით შეყოვნდა და მზერა დედას მიაპყრო, _ ხომ არ გახვიდოდი? კატიასთან სალაპარაკო მაქვს. _ უთხრა და დაელოდა, სანამ დედამისი იქაურობას უკმაყოფილო სახით დატოვებდა, მერე კი, როცა მარტონი დარჩნენ, გააგრძელა, _ მიუხედავად ამისა, არაფერი შეიცვლება, ეს ამბავი მაგრად დაარტყამს ჩემს რეიტინგს.
_ მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, ოღონდ კი სიტუაცია გამოვასწორო.
_ ამას სერიოზულად ამბობ?
კატიამ საყვარელ მამაკაცს თამამად გაუსწორა მზერა. როგორ უყვარდა ეს დიდრონი ლურჯი თვალები, პირველივე ნახვისას თავბრუ რომ დაახვია. თითქოს ახლაც ისე გაბრწყინებოდა ანდრიას, როგორც მაშინ, წლების წინ, მის გაცნობას რომ ცდილობდა.
_ რა თქმა უნდა. მესმოდა, რომ ამბობდი, კატიას არ ვადანაშაულებო. არ გეთანხმები. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. მე რომ არ მელაპარაკა რობისთან, ნიკო ვერაფერს გაიგებდა.
_ უაზრობაა ასეთ დროს ვინმეს დანაშაულზე ლაპარაკი, _ ხელი ჩაიქნია ანდრიამ და დადუმდა, თითქოს საუბრის გაგრძელება უძნელდებაო.
კატია კი დაეხმარებოდა, მაგრამ ზუსტად არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, რა ფორმით შეეთავაზებინა დახმარება. უმწეოდ იდგა და დუმილით ელოდა ქმარყოფილის გადაწყვეტილებას.
_ ვისურვებ, რომ ამ ოჯახში შენ დაიკავო… _ მძიმედ წამოიწყო ანდრიამ, _ ერთი სიტყვით, ჩემი კანონიერი ცოლის ადგილი დაიკავო. ხმას გავავრცელებთ, რატომ ვინახავდით საიდუმლოდ შენი ჩამოსვლის ამბავს. ვითომ გვეშინოდა, უკრაინის ხელისუფლებას შენი ძებნა არ დაეწყო. ეს ერთადერთია, რაც თავში მომდის, მაგრამ ვიმედოვნებ, ამ ახსნას დასჯერდებიან და დაგვიჯერებენ.
_ ჰო, შესაძლებელია.
_ რაღაც არ ჩანხარ კმაყოფილი.
_ კმაყოფილი? რითი უნდა ვიყო კმაყოფილი? გინდა, რომ შენი კარიერა მეც მაღელვებდეს? მხოლოდ იმიტომ გეხმარები, რომ აქედან სუფთა სინდისით მინდა წასვლა.
_ მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა, _ ირონიულად შენიშნა ანდრიამ, _ ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ვიცით, რას უნდა ველოდოთ ერთმანეთისგან… კიდევ ერთი, რისი თქმაც მინდა… ჩემს შენდამი დამოკიდებულებას არანაირი კავშირი არა აქვს არჩევნებთან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც პოლიტიკის მიღმა, ჩემი და დიანას ნიშნობა უდიდესი ბარიერი იქნებოდა ჩვენს ურთიერთობაში მას შემდეგ, რაც აქ ჩამოხვედი. წესით, მადლობა უნდა გითხრა, რომ ქორწილის შემდეგ არ დამადექი თავზე სრულიად მოულოდნელად. აი, მაშინ კი ნამდვილად ამერეოდა ოჯახი.
კატიას მწარედ ჩაეღიმა, თუმცა პასუხი არ გაუცია, რადგან მამაკაცი სიმართლეს ამბობდა. მათი გაუცხოება მართლაც არ იყო ანდრიას პოლიტიკური კარიერით გამოწვეული. წყვილს ერთმანეთთან სხვა ქალთან ნიშნობა აშორებდა.
_ მაპატიე, კატი, _ გულწრფელი მონანიება შეინიშნებოდა ანდრიას ხმაში, _ ყოველდღე პირობას ვდებ საკუთარ თავთან, რომ შენზე არ გავბრაზდები, მაგრამ როგორც კი ლაპარაკს წამოიწყებ, მაშინვე წონასწორობიდან გამოვდივარ…
_ როგორც ჩანს, ეს შენი დაავადებული სინდისის ბრალია, _ თავი ვერ შეიკავა ქალმა.
_ ალბათ… გეფიცები, მეც არ მიხარია, ყველაფერი ასე რომ შემობრუნდა.
_ თავს ნუ იმართლებ. ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება. ამას ჯერ კიდევ წლების წინ მივხვდი.
_ ეს უკრაინული ანდაზაა?
_ იყოს უკრაინული, _ ორაზროვნად გაუღიმა ქალმა და ოთახიდან გავიდა, ანდრია კი ბუხართან მიყრდნობილი მარტო დარჩა.
კატია მართალია. ყველაფერი შეიცვალა. თვითონ ვერ შეძლო ისე ეცხოვრა, როგორც მისმა მშობლებმა იცხოვრეს _ ბოლომდე შეინარჩუნეს ოჯახური სითბო და ერთმანეთის სიყვარული. მომავალში მისი ცხოვრების აზრი ალბათ მხოლოდ სამუშაო იქნება, რომელიც თავზე საყრელად აქვს. აჯობებს, კაბინეტში გავიდეს და საქმეს მიხედოს. საქმეს და დიანას… დიანა არ უნდა დაივიწყოს…
ნიშნობა გააუქმეს, მაგრამ დიკა მაინც ეხმარებოდა ანდრიას საარჩევნო კამპანიაში. ხანდახან იგი კატიასთან ერთად დადიოდა მიტინგებზე. კატიას ძალზე ეხამუშებოდა ეს სიტუაცია, მაგრამ დიანა ისე მტკიცედ იგერიებდა ცნობისმოყვარეთა შეკითხვებსა და მზერებს, რომ ქალი გაოცებული რჩებოდა. იგი საოცრად მშვიდად და გულგრილად შეხვდა იმასაც, ნიშნობა რომ ჩაიშალა. სწორედ ეს არ ესმოდა კატიას. ფიქრობდა, ან საერთოდ არ უყვარს ამ გოგოს ანდრია, ან იმდენად უნდა მისი გამარჯვება არჩევნებში, რომ ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად მზად არისო. და რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამ საკითხზე, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მიზეზი პირველი ვარაუდი იყო და არა მეორე _ დიკას ანდრია არ უყვარდა.
ახლა უკვე კატია დაჰყვებოდა ანდრიას საარჩევნო შეკრებებზე, სადაც მისი ქმარი სიტყვით გამოდიოდა. კატიასთვის უცხო იყო ტრიბუნაზე დგომა და მეუღლის გამოსვლის მოსმენა. ანდრია რობივით ლამაზად ვერ ლაპარაკობდა, არც ქარიზმა ჰქონდა მისნაირი, მაგრამ მისი სიტყვები უფრო გულწრფელი და გულიდან მომავალი იყო, ვიდრე მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის.
ერთ დღესაც, როცა სასტუმრო ოთახში ისხდნენ და საარჩევნო ბუკლეტებს ალაგებდნენ, კატიამ დიანასთან საუბარი გააბა.
_ ნეტავ როდის დამთავრდება ეს დაძაბულობა. ალბათ საშინლად გამიხარდება ამ არჩევნების დამთავრება. _ შესჩივლა დიანას, _ სიმართლე გითხრა, ჯერაც ვერ გამირკვევია, ვისი გამარჯვება უფრო გამიხარდება _ ანდრიასი თუ რობის. ჩემი აზრით, ორივე კარგი კანდიდატია, ისე ჭკვიანურად გამოდიან სიტყვით, რომ ძნელია, უკეთესი და უარესი გამოარჩიო.
_ ეს იმიტომ, რომ კარგი ორატორები არიან.
_ როგორ ფიქრობ, ანდრია გაიმარჯვებს?
_ არა მგონია.
_ მე რომ არ გამოვჩენილიყავი, გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა?
_ ჰო, _ დიანამ ვერ შეძლო უხერხულობის დამალვა, _ მაგრამ ამაში შენს თავს ნუ დაადანაშაულებ. უბრალოდ, ასე მოხდა.
კატიას კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ ვერ მოასწრო _ ოთახში თემო და ეკა შემოიჭრნენ.
_ შენ რატომ აღარ თამაშობ ჩვენთან, ა? _ დოინჯი შემოიყარა ეკამ და მოჩვენებითი გაბრაზებით ფეხები იატაკზე დააბაკუნა, _ სულ ვეღარ გხედავთ მე და თემო!
_ მაპატიე, საყვარელო, _ ქალმა ბავშვი გულზე მიიკრა, _ ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ანდრია ძიას ვეხმარები საქმეებში.
_ აბა, ადრე რომ არ ეხმარებოდი? _ ტუჩები გაბუშტა ბავშვმა.
_ მოდი, ასე ვქნათ. შაბათს ვითამაშოთ, კარგი? თუ კარგი ამინდი იქნება, წავიდეთ სადმე და გავისეირნოთ.
_ მე კიდევ საჩუქარი მოგიტანე, დეიდა კატია, _ წამოიძახა თემომ, ხელი სტაცა ქალს და ხელისგულში პატარა ოქროსფერი ლიფსიტა ჩაუდო.
_ თემო! _ იყვირა კატიამ და შეძრწუნებული წამოხტა, _ საიდან მოიტანე ეს თევზი? უი, ცოცხალია. სასწრაფად ჩავაგდოთ წყალში, იქნებ გადარჩეს. _ ამ სიტყვებით ანდრიას საწერ მაგიდასთან მიირბინა, ლარნაკიდან ყვავილები ამოიღო და თევზი შიგ ჩაუშვა. ლიფსიტა მაშინვე შეირხა და ცურვა დაიწყო.
_ აუზიდან ამოიყვანა, _ ჩაუშვა ეკამ, _ ვუთხარი, არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა.
_ ჰო, არ შეიძლება. ეგრე ხომ მოკვდება? _ დამოძღვრა კატიამ, _ თევზი უწყლოდ, აბა, როგორ იცოცხლებს?
თემომ ტუჩები დაბრიცა, საცაა, ატირდებოდა.
_ მე მინდოდა, საჩუქარი გამეკეთებინა შენთვის, _ ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა და თავი ჩახარა.
კატიამ ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა, მკერდზე მიიხუტა და მიეფერა.
_ ახლა კი წავიდეთ და ეს პაწაწუნა ისევ აუზში ჩავაბრუნოთ, ხომ? _ მხიარულად შესძახა, ცალი ხელი თემოს ჩაავლო, მეორეში ლარნაკი დაიჭირა და კარისკენ გაემართა.
ეკაც ჭყლოპინით გაეკიდა უკან. დიანამ ღიმილიანი მზერა გააყოლა მიმავალთ და ბუკლეტებს მიუბრუნდა.
გაგრძელება იქნება