ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვის პირადზეც იმდენი რომ ესაუბრათ, რამდენიც მუსიკოს მარინა ბერიძეზე ილაპარაკეს, თანაც იმ ასაკში, როცა, როგორც წესი, ქარიშხლები ურთიერთობებში მინავლებულია და წყვილი უმეტესად მშვიდი ცხოვრებით ტკბება ხოლმე. მარინა ბერიძის ცხოვრებაში ქარიშხლები სწორედ ამ დროს, 65 წლის ასაკში დაიწყო. ის და მუსიკოსი ზურა ლალიაშვილი 43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ.
მარინა ბერიძე მეუღლეს 65 წლის ასაკში 2014 წელს დაშორდა. წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსი ამბობდა, რომ მისმა მეუღლემ არჩევანი შვილის ტოლა ქალზე გააკეთა, რომელიც მომღერალია და მარინა ბერიძის სტუდიაში სიმღერის ჩასაწერად დადიოდა ხოლმე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ქალი მომღერალი რუსუდან მუმლაძეა.
"ამ თემას იშვიათად ვეხები, იმიტომ რომ მტკივნეულად დამთავრდა ჩემი სასიყვარულო ამბავი… ადრე გავთხოვდი, 42 წელი მქონდა ბედნიერი ოჯახი. მერე ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ვიყავი ძალიან ერთგული ცოლი. სულ ვიყავი ყურადღების ცენტრში, არასდროს ვყოფილვარ ჩრდილში. ვცეკვავდი კიდეც, ვმღეროდი, ვკეკლუცობდი, ვიპრანჭებოდი. ყველა ჩემი მეგობარი ძალიან ლამაზია და მათი სილამაზეც კი ვერ მჩრდილავდა ხოლმე ჩემი ხასიათის დამსახურებით.
ქმარმა ან უნდა მიგიშვას, რომ ბოლომდე აიწყო კარიერა ან… არსებობენ კაცები, რომლებსაც არ მოსწონთ კარიერისტი ცოლები. ამ კატეგორიისთვის ქალი არის მხოლოდ დიასახლისი და შვილების დედა. მერე ზუსტად ამ კატეგორიის კაცებს უჩნდებათ სურვილი, გაიქცნენ ვიღაც საქმიან ქალებთან. ასე რომ, ვერაფერი გავიგე. რეცეპტი ამ კუთხით, მგონია, რომ არ არსებობს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა ჩემი საქმის გარეშე. ეტყობა, მაინც ზედმეტად შრომისმოყვარე ვარ.
ძალიან გვიან მივხვდი. ხომ არის რაღაც, რაც ვერ წარმოგიდგენია… მე ის როგორი ქალია არ ვიცი. რა თქმა უნდა, ნანახი მყავს. ახალგაზრდაა და ლამაზი. გინდა დაიჯერე და გინდა – არა. რვა წელია, თვალით არ მინახავს და რომ ვნახო, არ ვიცი, ვინ არის, არ ვიცნობ…“ - ამბობდა მუსიკოსი.
ამ საკითხთან დაკავშირებით რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში "ღამის პრაიმ ტაიმი" ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა წყვილს ერთმანეთთან საერთო აღარ აქვს, ერთად აღარ უნდა იყვნენ: "სტერეოტიპია, რომ როდესაც ცოლ-ქმარს საერთო აღარ აქვს, გამარჯობის გარდა ერთმანეთს არაფერს ეუბნებიან, აუცილებლად ერთად უნდა იცხოვრონ, იმიტომ, რომ ხალხი რას იტყვის. არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ აქვთ რეპუტაციის შელახვის შიში. ამას ვერ უშველის ვერც ხელმოწერა და ვერც წლების "ნაშენები" ოჯახი" - თქვა მან.
მარინა ბერიძე ისევ საყვარელ საქმეს აკეთებს, ,,მთავარზე” რუბრიკას უძღვება, ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობს და ქალიშვილით და ოთხი შვილიშვილით ტკბება.