სელენა გომესის სახელი და გვარი ყველა ადამიანს განსხვავებულ ასოციაციებს უჩენს - ზოგისთვის ის ბავშვობასა და "დისნეისთან" ასოცირდება, ზოგისთვის - ჯასტინ ბიბერთან, ბევრისთვის სელენა მებრძოლი და წარმატებული ქალის სიმბოლოა... ასეა თუ ისე, სელენა გომესი განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზის გამო – ის არა მხოლოდ წარმატებული მსახიობი და მომღერალია, არამედ ძლიერი, მრავალმხრივი და გავლენიანი პიროვნებაა. თუ რატომ, ამას ქვემოთ წაიკითხავთ.
სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა. მენდი 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია.
„იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მართალი გითხრათ, ყველაფერს დედას ვაბრალებდი. უბრალოდ ოჯახი მინდოდა. თუმცა, მერე მივხვდი, რომ დედაჩემმა ყველაფერი სწორად გააკეთა”, - თქვა გომესმა ინტერვიუში.
მენდი მსახიობი იყო და სელენა გამუდმებით თან დაჰყავდა რეპეტიციებსა და გადაღებებზე. ბუნებრივია, პატარაობიდანვე გოგონამ შეითვისა კინოსა და ხელოვნების ატმოსფერო. არც კი შეუმჩნევია, ეს ისე მოხდა. ერთ დღეს იგი უბრალოდ წავიდა მოსმენაზე და ადვილად მიიღო როლი საბავშვო შოუში "ბარნი და მეგობრები".
2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. მას ახალ მაილი საირუსადაც კი მოიხსენებდნენ. 2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი“, ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისთვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდტრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია."
2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა."
დღეს სელენა გომესსაც და ჯასტინ ბიბერსაც ბედნიერი ურთიერთობები აქვთ - სელენას ბენი ბლანკოსთან, ჯასტინს - ჰეილი ბოლდუინთან. მიუხედავად ამისა, ალბათ, შეუძლებელია სელენაზე საუბრისას მის თინეიჯერულ დრამას არ შეევხოთ.
ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი პირველად 2009 წელს შეხვდნენ. ჯასტინი მაშინ 15 წლის იყო, სელენა კი 17-ის. მათ ერთმანეთი ჯასტინის მენეჯერმა, სკუტერ ბრაუნმა გააცნო.
თავდაპირველად, სელენა ჯასტინს "პატარა ძმას" უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ. მაგრამ 2010 წლის ბოლოს პაპარაცებმა ისინი რამდენჯერმე ერთად დააფიქსირეს, რაც ურთიერთობის შესახებ ჭორებს აძლიერებდა. 2011 წლის თებერვალში, ისინი პირველად ოფიციალურად გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე "Vanity Fair Oscar Party"-ზე – ამ დღიდან მათი ურთიერთობა ოფიციალურად დადასტურდა. წყვილი ხშირად ჩნდებოდა პაპარაცების ობიექტივში და ულამაზესი რომანტიკული მომენტებით იმკვიდრებდა "საზოგადოების საყვარელი წყვილის" სტატუსს. ჯასტინი ხშირად ლაპარაკობდა სელენაზე და ამბობდა, რომ ის მისი "ოცნების გოგო" იყო.
2012 წლის ნოემბერში, სელენამ და ჯასტინმა ურთიერთობა ოფიციალურად დაასრულეს. მიზეზად სახელდებოდა განსხვავებული ცხოვრების წესები, ჯასტინის პოპულარობა და პაპარაცების ზეწოლა. ჭორების მიხედვით, სელენას არ მოსწონდა ჯასტინის გარემოცვა და ის, რომ მასთან ერთად სხვადასხვა გოგოს აფიქსირებდნენ.
2013 წელს, მიუხედავად დაშორებისა, წყვილი რამდენჯერმე კვლავ ერთად გამოჩნდა. 2014-2015 წლებში ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა ჯასტინმა რამდენჯერმე ღიად გამოხატა, რომ სელენა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი იყო. ამ პერიოდში ჯასტინს სხვადასხვა ქალთან აკავშირებდნენ (მაგალითად, ჰეილი ბოლდუინთან), ხოლო სელენას – The Weeknd-თან. 2015 წელს ჯასტინმა გამოუშვა სიმღერა "Sorry", რომელიც, როგორც ამბობდნენ, სელენას ეძღვნებოდა. 2017 წელს ისინი კვლავ ერთად გამოჩნდნენ, რაც ჭორების ახალი ტალღა გამოიწვია.
2018 წლის მარტში, სელენამ და ჯასტინმა საბოლოოდ დაასრულეს ურთიერთობა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 2018 წლის ივლისში, ჯასტინმა ჰეილი ბოლდუინთან ნიშნობა გამოაცხადა, რამაც სელენას თაყვანისმცემლების გაოცება გამოიწვია.
ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ჯასტინისა და ჰეილის სასიყვარულო ურთიერთობა, რადგან რომანამდე მათ ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ. პირველი საერთო ფოტო 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც ჰეილი მამასთან ერთად Never Say Never-ის პრემიერაზე იმყოფებოდა. ჯასტინ ბიბერი და გომესი კი საჯაროდ ხვდებოდნენ ერთმანეთს 2010 წლიდან 2017 წლამდე. "როცა მე და ჯასტინმა ურთიერთობა დავიწყეთ, ის სხვას არავის ხვდებოდა. მე ამას არასდროს გავაკეთებდი" -აღნიშნა ჰეილი ბიბერმა.
დიდი ხნის მანძილზე საზოგადოება სელენასა და ჰეილის მტრებად აღიქვამდა. იყო შემთხვევაც, როცა სელენამ გულშემატკივრებს საჯაროდ მიმართა და მათ სთხოვა, შეეწყვიტათ ბულინგი და შეურაცხყოფა ჰეილის მიმართ.
"ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ ფსიქიატრიულ დაწესებულებას მივმართე..., განვიხილეთ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები და მივედით იმ აზრამდე, რომ ბიპოლარული აშლილობა მაქვს. ფაქტის წინაშე დამაყენეს, მაგრამ არ შემშინებია,"- ამბობდა მომღერალი.
ამის გარდა, სელენა წლებია ერთი დაავადებით იტანჯება - ეს არის შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ნებისმიერ ორგანოზე. დიაგნოსტიკა რთულია, რადგან მას სხვა დაავადებების სიმპტომებს ამსგავსებen. ამის გამო ადამიანს შეუძლია დიაგნოსტიკა „დაიწყოს“ და მივიდეს იმ უკიდურეს სტადიამდე, როცა შესაძლოა საჭირო გახდეს ორგანოს გადანერგვა.
სელენა სწორედ ასეთი შემთხვევაა. მას მეგობარმა, მსახიობმა ფრანსია რაისმა თირკმელი გადაუნერგა. მოგვიანებით მომღერალმა აღნიშნა, რომ შვილების გაჩენა არ შეუძლია:
"ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ შვილების გაჩენა არ შემიძლია. მაქვს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა, რის გამოც, ორსულობის შემთხვევაში, ჩემი და ნაყოფის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნება", - თქვა სელენამ.
სელენას ლუპუსი დაუდგინდა – აუტოიმუნური დაავადება, რომელმაც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე. 2017 წელს მას თირკმლის გადანერგვა დასჭირდა, რაც ფიზიკური და ემოციური გამოცდა იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან არა მხოლოდ შეძლო ცხოვრების გაგრძელება, არამედ საზოგადოებას ღიად ესაუბრა თავის გამოცდილებაზე, რაც ბევრისთვის შთაგონების წყარო გახდა.
სელენა აქტიურად საუბრობს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და თავისი გამოცდილება გაუზიარა საზოგადოებას, მათ შორის, ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი. მან შექმნა Rare Beauty, კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს თვითშეფასებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ასევე დააფუძნა Rare Impact Fund, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი სერვისების განვითარება.
სელენა წარმატებულია არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ მსახიობობასა და ბიზნესშიც. ბავშვობიდან დაიწყო კარიერა, მაგრამ მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, მუდმივად ვითარდება. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი შოუბიზნესში.
სელენა დიდი ხანია იუნისეფის ელჩია და აქტიურად უჭერს მხარს ბავშვთა უფლებებსა და განათლებას. გარდა ამისა, ის ხშირად საუბრობს სხეულის პოზიტიურობაზე და სოციალურ მედიის ტოქსიკურ გავლენაზე, რაც ბევრ ადამიანს ეხმარება საკუთარი თავის მიღებაში.
სელენა გომესი არის სიმბოლო ძლიერი ქალისა, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს, ებრძვის სირთულეებს და სხვებსაც შთააგონებს, იყვნენ გულწრფელები, თავიანთი თავის ერთგულები და მებრძოლები