როცა თევზი აუზში ჩაუშვეს, სამივენი იქვე ჩამოსხდნენ და კატიამ თევზებზე ჩამოაგდო ლაპარაკი. თემო და ეკა გასუსულები უსმენდნენ. შემდეგ თემომ ბურთი მოიტანა და ქალმა მათთან ერთად გადაწყვიტა თამაში. მოულოდნელად თემომ ბურთი მოიქნია და ისე შორს გადააგდო, რომ ბუჩქებში ჩაიკარგა. სწორედ ამ დროს ბუჩქებიდან ვიღაც ბურთთან ერთად გამოჩნდა და გაღიმებული მათკენ გამოემართა. ეს ანდრია იყო.
_ კიდევ ერთი ასეთი დარტყმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გახდები! _ უთხრა თემოს და ბურთი დაუბრუნა.
ბავშვები ახლა ბიძას მივარდნენ ყვირილით, გვეთამაშეო. მალე ოთხივემ ერთად გააგრძელა თამაში, ოღონდ ამჯერად _ ხელბურთის. კატიას იმდენად ძაბავდა ანდრიას იქ ყოფნა, რომ ვეღარ თამაშობდა, ბურთი სულ ხელიდან უვარდებოდა. თუმცა ანდრიას ამისთვის სულაც არ მიუქცევია ყურადღება. როცა მიხვდა, რომ კატია ვერ თამაშობდა, ბურთი მიწაზე გააგორა და ბავშვებთან ერთად ფეხბურთი გააჩაღა.
ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ თამაშს, ბავშვებისთვის ბეტის რომ არ დაეძახა.
_ ვახშმის დროა, ამოდიიით! _ დედა შვილებს აივნიდან ხელს უქნევდა.
თემო და ეკა უკმაყოფილო შეძახილებით დედისკენ გაიქცნენ. დაღლილი ანდრია კი აუზის კიდეზე ჩამოჯდა და გაოფლილი შუბლი ხელის ზურგით შეიწმინდა.
_ სიქა გამაცალეს ამ მამაძაღლებმა, _ სიცილით თქვა, _ საერთოდ არ ვარ ფორმაში. კიდევ ცოტა ხანიც და ეს კაბინეტური საქმიანობა მთლად მომიღებს ბოლოს. პაჭიკოს გარმონივით დავიშლები.
_ პაჭიკო ვინაა? _ კატია ცნობისმოყვარე მზერით მიაჩერდა.
ანდრიამ სიცილი ვერი შეიკავა.
_ გამოთქმაა ასეთი, რაც ნიშნავს, რომ არასპორტული გავხდები.
_ ოჰ, ნუ გეშინია, შენ ეს არ გემუქრება, _ გაამხნევა ქალმა და მამაკაცს გვერდით მიუჯდა, მაგრამ მისი სიახლოვე იგრძნო თუ არა, მაშინვე გვერდულად შებრუნდა და აუზს ჩააშტერდა, სადაც პატარა წითელი თევზები დაცურავდნენ.
ანდრიამაც იგრძნო მისი სიახლოვე და ქალს დაჟინებული მზერა მიაპყრო. როგორ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში. სულაც არ ჰგავს იმ საცოდავ ემიგრანტს, ორიოდე თვის წინ უკრაინიდან რომ ჩამოვიდა. იგი კვლავ იმ ულამაზეს გოგოდ იქცა, ცხრა წლის წინ რომ გაიცნო და ცოლად მოიყვანა _ მის გვერდით მომხიბვლელი, ჰაეროვანი, მსუბუქად გარუჯული გოგონა იჯდა საოცრად მომნუსხველი იისფერი თვალებით. მამაკაცი ტკბებოდა მისი სახის ოვალით, სწორი ცხვირით, ბავშვურად ოდნავ გახსნილი ტუჩებით. რა დაავიწყებდა ამ ტუჩების კოცნას…
_ მე შენ მთელი ცხოვრება მეყვარები, _ გაახსენდა ანდრიას მისი სიტყვები, როცა პირველად აკოცა. ისიც ახსოვს, საღამო ხანი იყო და იმ დღეს კატიას იისფერი კაბა ეცვა.
უყურებდა თავის ცოლს და მოულოდნელად ისევ აიტანა სურვილმა, სწორედ ისე მოხვეოდა ქალს და მიეკრა მკერდზე, როგორც წლების წინ, როცა სიყვარულს უხსნიდა. სურვილს რომ მორეოდა, წამწამები რამდენჯერმე დაახამხამა და წელში გასწორდა. რა ემართება? რატომ მოსდის თავში ასეთი აზრები? როგორ შეიძლება სხვა ქალი სურდეს, როცა საცოლე ჰყავს? მაგრამ ამისთვის შეიძლებოდა მეორე მხრიდანაც შეეხედა _ როგორ შეეძლო სხვა ქალზე დანიშნულიყო, როცა კანონიერი ცოლი უკვე ჰყავდა და მისი დაუფლების სურვილი ძველებურად კლავდა?
მხრები მძლავრად შეათამაშა, რომ აბეზარი ფიქრები მოეშორებინა. როგორმე უნდა მოთოკოს ნერვები, თორემ შარი არ ასცდება. ბოლო დროს ბევრს მუშაობს, ცოტა უნდა დაასვენოს გონება, რათა არჩევნებამდე მშვიდად მიაღწიოს.
_ იცი? პირველად მოხდა, მე და შენ მარტო დარჩენილებმა რომ არ ვიჩხუბეთ. _ ხმადაბლა წარმოთქვა.
_ ეს იმიტომ, რომ მოჩვენებითი სიმშვიდის ხელოვნებას დავეუფლე, _ თავშეკავებულად მიუგო კატიამ.
_ არასდროს ეცადო ჩემთან მოჩვენებითობის გამოყენებას. მე შენში ყოველთვის ბავშვური გულწრფელობა მომწონდა.
_ ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. _ კატიამ განზე გაიხედა, _ იცი რა მინდა გკითხო? _ საუბარი მსწრაფლ სხვა თემაზე გადაიტანა, _ აქ ოქროს ნივთების გაყიდვა სად შეიძლება?
_ რა ნივთების?
_ მამაჩემის დანატოვარი ოქროს პორტსიგარი და დედაჩემის ორი ბეჭედი მაქვს, რაშიც წესით, კარგად უნდა გადამიხადონ. როცა არჩევნები დამთავრდება, წასასვლელად ფული დამჭირდება.
_ ჩვენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე, კატი? ფულის საჭიროების წინაშე შენ არ დადგები. მე არაფერს დაგაკლებ. ეგენი კი სახსოვრად შეინახე, კარგი? შენზე მე ვიზრუნებ.
_ მე შენგან არაფერი მინდა. _ მტკიცედ განუცხადა ქალმა, _ სამსახურს როგორმე ვიშოვი და თავად ვიზრუნებ ჩემს თავზე. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაგივიწყო, როგორც კი შენს სახლს დავტოვებ.
ანდრია გაფითრდა.
_ არ მეგონა, თუ ისევ გეზიზღებოდი. ბოლო დღეებში მეჩვენებოდა, თითქოს რაღაცნაირად დავმეგობრდით.
_ მე და შენ მეგობრები ვერასდროს გავხდებით! _ ლამის იყვირა, _ შესაძლებელი რომ იყოს, ამნეზიასაც დავიმართებდი, რომ შენგან სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავი, შენთან დაკავშირებული წარსულისგან, თითქოს არც არასდროს ყოფილხარ ჩემს ცხოვრებაში. რომელ მეგობრობაზეა საუბარი? _ მიახალა მამაკაცს, ფეხზე წამოხტა და ბაღის ბილიკი ჩქარი ნაბიჯებით გადაიარა…
ლამის სირბილით მიმავალ კატიას ანდრია მანამ გაჰყურებდა, სანამ იგი თვალს არ მიეფარა. თვითონ კი სრულიად საპირისპირო მიმართულებით, ბაღის ბოლოსკენ წავიდა, იმდენად დაუფიქრებლად, რომ ვერც ხედავდა, საითკენ აიღო გეზი.
ადრე კატია არასდროს იკადრებდა, მისთვის ეყვირა. იგი უკვე აღარ იყო ის მიამიტი გოგო, რომელზეც დაქორწინდა. მთელი ძალისხმევით ცდილობდა, გონებაში აღედგინა მისი წარსულის ხატება, მაგრამ დღევანდელი კატია ამის საშუალებას არ აძლევდა. როგორც უნდა ეცადა, ეს ორი სახე ცალ-ცალკე წარმოედგინა, არ გამოსდიოდა _ თითქოს ძველი კატია ხელიდან უსხლტებოდა. ასე ებრძოდა ფიქრებს, მანამ გაოცებული არ მიხვდა, რომ ის, _ ძველი და ეს, _ ახალი _ ერთი და იგივე სახე იყო.
როცა ამ დასკვნამდე მივიდა, მისთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ცოლი უწინდებურად უყვარდა. ის გრძნობა, რომლითაც გოგონა ცხრა წლის წინ აღავსებდა, ოდნავადაც არ შეცვლილიყო.
ამ აზრმა თავზარი დასცა. ამწუთას სულ სხვა თვალით შეხედა მოვლენებს. უკან მოტოვებულმა ცარიელმა წლებმა მხოლოდ მიაძინეს სიყვარული, მერე კი ცხოვრება ისე წავიდა, თვითონვე ცდილობდა, როგორმე დაევიწყებინა იგი. ეს მოახერხა, მაგრამ გრძნობების ბოლომდე ჩაკვლა არ გამოუვიდა. როცა ქალი აქ ჩამოვიდა, მკაცრად აუკრძალა თავის თავს მასზე ფიქრი, ჩააგონა, რომ აღარ უყვარდა და გადაწყვიტა, ისე შეეხედა მისთვის, როგორც უცხო ადამიანისთვის.
მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო ეგებოდა გონს და იმ კედელმა, რომელიც პირად ცხოვრებას თავად შემოავლო, ნელ-ნელა ჩამოშლა დაიწყო. სანამ ამას გაიაზრებდა, კატიას მხოლოდ ისე უყურებდა, როგორც ლამაზ ქალს, რომელიც ოდესღაც თავბრუს ახვევდა. იმასაც მიხვდა, რომ დღევანდელი კატია თავისი მტკიცე ხასიათით, თამამი სულითა და შეუპოვრობით მისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდებოდა. თავს კი ჩააგონა, აღარ მიყვარსო, მაგრამ თვალი მაინც მისკენ გაურბოდა, ყოველი შეხვედრისას გული უცნაურად აუბორგდებოდა და აზრზე ვერ მოდიოდა, რა ემართებოდა. მხოლოდ ახლა, როცა ძალზე გვიან იყო, ყველაფერი გააცნობიერა.
მაგრამ იქნებ არც არის გვიან? იქნებ დრო კიდევ აქვს? ანდრიამ ქვას ფეხი გაჰკრა და უკან გამობრუნდა. როგორმე უნდა დაელაპარაკოს და სიმართლე უთხრას, მაგრამ სანამ ამას გააკეთებს, დიკას დაელაპარაკება. სულაც არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ დიანა შეწუხდებოდა, გული ეტკინებოდა და ისტერიკებს მოუწყობდა, თუკი გაიგებდა, რომ ანდრია ცოლად აღარ შეირთავდა, მაგრამ მორალურად მართალი რომ ყოფილიყო, მისთვის სიმართლე უნდა ეთქვა. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო კატიასთვის ეთქვა, ისევ ისე მიყვარხარო.
ამ აზრმა ოდნავ კი დაამშვიდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დააკმაყოფილა. დანაშაულის გრძნობა არ აძლევდა უფლებას, სიხარული დაუფლებოდა. დანაშაული კი, იცოცხლე, ჰქონდა _ იგი სასტიკად მოექცა თავის კატის, ხელი ჰკრა და უმწეოდ მდგომარეობაში მიატოვა, რამაც ყველაზე საშინელი რეაქცია გამოიწვია _ კატიას ქმარი შესძულდა. არადა, როგორ უყვარდა. ეს მაშინაც კი ეტყობოდა, აქ რომ ჩამოვიდა. ესე იგი, შეიძლება იმედი იქონიოს, რომ ის სიყვარული ჯერ არ ჩამკვდარა? შეეცადა, გაეანალიზებინა მისი ქცევა ბოლო პერიოდში, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი იპოვა. ქალი უკიდურესად გაუცხოებული ჩანდა, თითქოს გადაულახავი ბარიერი აღმართა, რათა მისგან თავი დაეცვა. ანდრიამ არ იცოდა, როგორ დაენგრია ეს ბარიერი, საიდან დაეწყო. ახლავე ხომ არ უთხრას, რომ უყვარს? მაგრამ ვაითუ იფიქროს, ახლა ჩემი მხარდაჭერა სჭირდება და იმიტომ მეუბნებაო? კატია ჭკვიანია, იგი ალბათ ხვდება, რომ მას დიანა არ უყვარს, მაგარმ შეიძლება იფიქროს, რომ მისი ცოლად აღიარება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში სჭირდება, მერე კი ყველაფერი დამთავრდება. გული უგრძნობდა, უდიდესი ძალისხმევა და დრო დასჭირდებოდა, კატია თავის სიმართლეში დაერწმუნებინა და მის თვალში ნდობა აღედგინა.
_ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაბრუნებლად, კატი! _ ხმამაღლა წარმოთქვა და ნაბიჯს აუჩქარა.
შინ კარგა გვარიანად შემსუბუქებული დაბრუნდა, მაგრამ სანამ საძინებელში ავიდოდა, მიხვდა, რომ ძალა მთლიანად გამოლეოდა და საწოლზე მიესვენა. ახლა რომ შეეძლოს მასთან შესვლა და ყველაფრის თქმა!.. მაგრამ შიში, რომ ცოლი ხელს ჰკრავდა, წამოდგომის უფლებას არ აძლევდა. ამის გამო თავს იკავებდა. არა, ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ძალზე ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რომ საბოლოოდ არ გააფუჭოს ყველაფერი.
ვახშამზე დააგვიანა. როცა სასადილო ოთახში შევიდა, იქ კატია და დედამისი დახვდნენ.
_ დაგაგვიანდა, _ უსაყვედურა ნიტამ.
_ მერე რა?
_ რა თავაზიანი პასუხია. შენ თვითონ ვერ იტან, როცა სუფრასთან ვინმე იგვიანებს.
_ ესე იგი, უნდა შევეშვა ასეთ პედანტობას.
_ არჩევნების შემდეგ მოგიწევს, კიდევ უფრო პუნქტუალური გახდე, სხვანაირად საქმეებს თავს ვერ მოაბამ.
_ ჯერ ის არის საკითხავი, მოვიგებ თუ არა ამ არჩევნებს, _ უხეშად მიუგო დედას.
_ რა თქმა უნდა, მოიგებ. ცუდია, რომ შენ ვერაფერი გამოუძებნე მაგ ბიჭს სასკანდალო, თორემ ნახავდა სეირს. ოხ, რა კარგი იქნებოდა, ისიც რომ გამწარებულიყო.
_ მას ცუდი არასდროს არაფერი გაუკეთებია, _ შეაწყვეტინა ანდრიამ, _ და რომც გაეკეთებინა, წინასაარჩევნო აგიტაციისთვის არ შევეცდებოდის მის გამოყენებას.
_ ნუ, არ ვიცი, არ ვიცი… რატომაც არა? მის ხალხს ხომ არ შერცხვა შენი სახელის ლაფში ამოსვრის!
_ ეგ რობის ბრალი არაა. ის არასდროს ისარგებლებდა ბინძური მეთოდებით, ბავშვობიდან ვიცნობ. და არც მე დავაპირებდი ამას, რომც გამეგო რამე!
კატია სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. მან ანდრიას მზერა დაიჭირა და ისე თბილად გაუღიმა, როგორიც მამაკაცს წლებია, არ ღირსებია. პასუხად მანაც შეჰღიმა, მაგრამ თვალები კვლავ სევდიანი დარჩა, რამაც კატია შეაფიქრიანა.
ვახშმობისას კატი ყურადღებით ისმენდა ოჯახის წევრების საუბარს. ბეტი ენას არ აჩერებდა, გაუთავებლად ლაყბობდა. დედას შესჩიოდა, ბავშვებს ტანსაცმელი დაუპატარავდათ, არადა, სეზონი მოდის, სკოლაში რითი უნდა ვატაროო. ეკაც სასკოლოდ ემზადებოდა და დედას ძალიან უნდოდა, ბავშვები არა სოფლის, არამედ ახლომდებარე ქალაქის სკოლაში ეტარებინა, სადაც დათოს მამიდას მიაბარებდა. ამ თემამ კატიაც ააღელვა. მან ვერ მოითმინა თავისი აზრი გამოთქვა:
_ როცა ბავშვები სახლს მოსწყდებიან, სულ სხვანაირები ხდებიან. მამიდა ალბათ მიხედავს, მაგრამ დედა მაინც სულ სხვაა, ბეტი.
_ მერე რა? სამაგიეროდ, დამოუკიდებლობას შეეჩვევიან.
_ დამოუკიდებლობას აქაც შეგიძლია მიაჩვიო, ამისთვის არ არის აუცილებელი, შვილები შენგან შორს იყვნენ. _ მაინც ვერ გააჩერა ენა.
_ ამის ხელში რა დამოუკიდებლობას მიეჩვევიან, ლამისაა, საწოლში მიუტანოს საჭმელი! _ ნიტას ქალიშვილის მისამართით საყვედური დასცდა.
_ იმიტომ, რომ სხვა საქმე არაფერი აქვს, _ თქვა კატიამ და იმწამსვე გაჩუმდა, რადგან მიხვდა, რომ უტაქტოდ გამოუვიდა, მაგრამ ბეტის არ სწყენია.
_ მართალი ხარ, კატო, _ გადააქართულა ბეტიმ მისი სახელი, _ მე და დათომ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. სხვათა შორის, გადავწყვიტეთ, საკუთარი სახლი ვიყიდოთ და იქ გადავიდეთ.
_ მე კი მეგონა, რომ ეს სისულელე უკვე ამოიგდე თავიდან! _ განერვიულებულმა წამოიძახა ქალბატონმა ნიტამ.
_ სისულელე რატომაა?
_ იმიტომ, რომ აქ მშვენივრად ხართ, ხელს არავინ გიშლით. ეს სახლი ყველასია, _ მერე კი კატიას გადახედა მტრული მზერით, _ არ გეყო, რაც ანდრიას დამართე, ახლა ელისაბედის ცხოვრებაშიც ერევი, არა?
მოულოდნელად დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ბეტიმ მყისვე დაარღვია:
_ კატო რა შუაშია, დედა? ისედაც ხომ ნათელია, რომ მალე ანდრია ცოლს შეირთავს და მერე ჩვენ აქ ზედმეტები გავხდებით? ტვირთად ხომ არ დავაწვები ჩემი ძმის ოჯახს?
_ არა მგონია, ანდრიასთვის თქვენ ტვირთი გახდეთ. _ როგორც შეეძლო, მშვიდად გასცა პასუხი დედამ.
ანდრიამ ხელიდან ჩანგალი გააგდო და ყველას სათითაოდ მოავლო თვალი.
_ იცით, რას გეტყვით? მე ამაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ ჩემი და მართალია. ყველა ოჯახი ცალკე უნდა ცხოვრობდეს, ეს აუცილებელია.
ბეტი მისი პასუხით ძალზე კმაყოფილი დარჩა.
_ ჰოდა, უკვე შევუდგები ახალი სახლის ძებნას.
_ არ არის საჭირო, მე უკვე შევიგულე შავგულიძეების სახლი და თანხის უმეტესი ნაწილიც გადახდილი მაქვს. თვის ბოლოს მთლიანად გავისტუმრებ შალვას და შეგიძლიათ გადახვიდეთ. ჩათვალე, რომ ეს შენი წილია, რაც მემკვიდრეობით უნდა გრგებოდა. შენ ხომ არაფერი მიგიღია მამაჩვენის ქონებიდან.
ბეტი ისე დამუნჯდა, რომ კრინტი ვერ დაძრა. ზედმეტი სიხარულისგან სუნთქვაც კი შეეკრა.
_ თქვენ ხომ არ იცით, მე რა ძმა მყავს! _ იკივლა ბოლოს, წამოხტა, ანდრიას მიეჭრა და გადაეხვია.
ვახშმის შემდეგ ყველამ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა. დათო ახალი ამბით ისე იყო დამუნჯებული, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, აჟიტირებულს მხოლოდ თვალები უბრწყინავდა. კატიას თავისთან უნდოდა ასვლა, ნიტას სიტყვებმა გული დასწყვიტა, მაგრამ ბეტიმ არ დაანება და აიძულა, ისიც მათთან ერთად ყოფილიყო. ქალი უხალისოდ შევიდა ოთახში სხვებთან ერთად და მოშორებით, კუთხეში მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
ანდრია შესცქეროდა სავარძლისკენ გრაციოზული ნაბიჯებით მიმავალ ცოლს და ფიქრობდა, ეს გოგო ასე სასურველი ჩემთვის ჯერ არ ყოფილაო. გიჟურმა სურვილმა წამოუარა, მიერბინა მასთან, მკერდზე მიეხუტებინა და კოცნით დაეხრჩო. ძლივს აიყვანა თავი ხელში და სურვილი რომ ჩაეკლა, მზერა აარიდა. ხვდებოდა, რა ცუდად ექცეოდა დღემდე ცოლს და გული მოუკვდა. აი, რა ძვირად დაუჯდა თავისი შეცდომები! საგანგებოდ უნდა მიეღო გულგრილი სახე მისი დანახვისას, უნდა ჩაეკლა სათუთი გრძნობები, რომ გულს არ გაეცა, ამ ყველაფერმა კი საბოლოო ჯამში სინდისი დაუმძიმა. როცა დანაშაულს გამოისყიდის, იქნებ მაშინ მაინც მოახერხოს, უთხრას ცოლს, როგორ აკლდა მისი სითბო და სიყვარული ამ წლების განმავლობაში.
როცა, როგორც იქნა, სურვილი გულში ჩაიკლა, შეეცადა, დათოსთან გაება საუბარი. კატიამ კი მისი ეს ნაბიჯი გულგრილობისა და ზიზღის ნიშნად მიიღო. `ჩემ გვერდით დაჯდომაც კი არ უნდა~ , _ მტანჯველმა ფიქრმა თვალებშიც კი გაუელვა. ამწუთას კიდევ უფრო ეულად და უმწეოდ იგრძნო თავი, თითქოს რაღაც ახრჩობდა. მოულოდნელად წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
_ რატომ მიდიხარ? _ ბეტი გაოცებული მიაჩერდა.
_ თავი ამტკივდა. მირჩევნია, წამოვწვე, _ სევდიანი ხმით მიუგო.
_ თავის ტკივილს სუფთა ჰაერზე გასეირნება უშველის. _ ხმადაბლა თქვაა ანდრიამ, _ მშვნიერი ღამეა, არ გინდა შემოგვიერთდე?
_ მშვენიერი ღამე შეყვარებულებისთვისაა და არა ჩემთვის, _ უნებურად წამოსცდა.
_ წამო, წამო, ნუ ჯიუტობ, _ ანდრია მისკენ დაიძრა.
_ არა, გმადლობ. შენ, მგონი, აგერია. წესით, დიანა უნდა გაასეირნო და არა მე.
მამაკაცმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. სახე გაუქვავდა, ხოლო მისმა სასურველმა ქალმა გვერდით ჩაუქროლა და გარეთ გავარდა.
გაგრძელება იქნება