Fuku ზოგადად, ნებისმიერი სახის წყევლასა და კრულვას ნიშნავს, უფრო ზუსტად კი - ახალი სამყაროს წყევლა-კრულვას. მაგრამ fuku ძველი ზღაპარი არ გეგონოთ. ხალხს მართლა სჯეროდა - თუკი ვინმე ტრუხილიოს დაუპირისპირდებოდა, ისეთ fuku-ს მოიმკიდა, შვიდ თაობაზე რომ გავრცელდებოდა და დიდ უბედურებას მოუტანდა ყველას. ჯუნოუ დიაზის წიგნიც „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ ერთი ასეთი ამბავია fuku-ს შესახებ. მთხრობელს რომ ჰკითხოთ, არც ყველაზე უჩვეულო და არც ყველაზე სასტიკი, მაგრამ, სინამდვილეში, მკითხველისთვის დაუვიწყარი და დამზაფვრელი.
პირიქით, ოსკარს ქალებთან საერთოდ არ უმართლებდა და ერთი მეტისმეტად ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ფენტეზიზე შეყვარებული, მორცხვი, მწერლობაზე მეოცნებე, ჭარბწონიანი და საკუთარ თავში ჩაკეტილი. სამაგიეროდ, ჩვეულებრივ ოსკარს არაჩვეულებრივი სიყვარულის უნარი ჰქონდა და მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ეს უნარი ტანჯავდა ყველაზე მეტად. ოსკარს მთელი გულით უნდოდა, ვინმესთვის ეკოცნა და სულ პატარა მიზეზიც საკმარისი იყო მისთვის, რომ თავდავიწყებით შეჰყვარებოდა ნახევრად უცნობი გოგო, რომელიც მას ვერც კი ამჩნევდა.
აქედან გამომდინარე, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებას განრიდებული ოსკარი, წესით, არასოდეს უნდა გახვეულიყო იმ სისასტიკეში, რომელშიც ტრუხილიოს ჩამოყალიბებულმა რეჟიმმა გაახვია. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხომ სწორედ ესაა - მათი ხელი ყველაზე დაუცველ, უდანაშაულო და აპოლიტიკურ ადამიანებსაც სწვდება ხოლმე. ასეთ დროს უდანაშაულობა გარანტია არ არის და არც ისეთი სივრცეები აღარ არსებობს, რომლებშიც ძალაუფლების საცეცები ვერ შეაღწევს.
სწორედ ამიტომ, ეს რომანი არა მხოლოდ ერთი ბიჭის ტრაგიკული თავგადასავალია, არამედ ტრუხილიოს დიქტატურის დამანგრეველი ძალისა და სისასტიკის შედეგების ამსახველი მხატვრული ტექსტიც, რომელიც უპირველესად სამი თაობის ცხოვრებაში შემოჭრილი წყევლისა და ამ წყევლისგან თავის დაღწევის მცდელობის შესახებაა. ოჯახი, რომელსაც თავს fuku ატყდება, სიყვარულს ეძებს და პოულობს და სწორედ სიყვარული, როგორც თავისუფალი ნების გამოხატულება, აქცევს თითოეულ მათგანს რეჟიმისა თუ რეჟიმთან დაახლოებული პირების სამიზნედ. შეიძლება, ისიც ვიფიქროთ, რომ სიყვარული არა მხოლოდ მათი დაღუპვის მიზეზი, არამედ გადარჩენის ერთადერთი საშუალებაცაა - რადგან სიყვარული ავსებს გამბედაობით ოსკარსა და მის წინაპრებს, რომლებიც სხვა დროს თავს არიდებდნენ პოლიტიკურ ორომტრიალში გახვევას და არ ცდილობდნენ, მამაცები ყოფილიყვნენ.
ტრუხილიომ, დიქტატორმა, რომელსაც „ქვეყნის უპირველეს მრუშს“ ეძახდნენ, „თავზარის უზარმაზარი ჩრდილი“ მოჰფინა მთელ ქვეყანას. დროთა განმავლობაში კი ქვეყანა ბანანის პლანტაციად აქცია; იმ პლანტაციად, რომლის ერთადერთი მფლობელიც თავად იყო. ტრუხილიო ღმერთივით ყოვლისმხედველად იქცა, ყველაფერს სწვდებოდა მისი სასტიკი ხელი, გარს დამსმენების მთელი არმია ეხვია და ამის დამსახურებით ადამიანები ხშირად უჩინარდებოდნენ უკვალოდ. გაუჩინარებულთა და მოკლულთა დანაშაული ხანდახან სხვა არაფერი იყო, გარდა უწყინარი ხუმრობისა. ან სულაც არაფერში მიუძღოდათ ბრალი. ტრუხილიოს ძალაუფლების მომწამვლელი გამოსხივება ადრე თუ გვიან ყველასთან აღწევდა სხვადასხვა ფორმით. ოსკარის ამბავი ერთ-ერთია დე ლეონების ოჯახის იმ ამბებს შორის, რომლებშიც პირდაპირ თუ ირიბად სწორედ ტრუხილიოს უხილავი ან ხილვადი ხელი ფიგურირებს; ამბავი, რომელიც ძალაუფლების „გამოსხივებამ“ აქცია ტრაგედიად.
ვფიქრობ, რომანში მალევე ხდება ცხადი, რომ fuku არც ზებუნებრივი ძალაა, არც მაგია და არც ვინმეს შესაშინებლად შეთხზული ზღაპარი. ოსკარის ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც ტრუხილიო და მისი გარემოცვაა fuku. ერთპიროვნული მმართველობაა fuku, რომელიც შეუძლებლად აქცევს საყვარელ ადამიანთან ყოფნას, ტოლკინის მსგავსად წერას, როლური თამაშებით გართობს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ - ცხოვრებას.
თუმცა, ტრუხილიოს გარდა, არსებობდა იმედი, რომ როგორღაც მოახერხებდნენ გადარჩენას. იმედი კი დროდადრო გამოიხმობდა ხოლმე უცნაურ არსებას - მაგიურ მანგუსტს, რომელიც სიკვდილთან სიახლოვისას ეცხადებოდათ ოსკარსა და მისი ოჯახის წევრებს. სწორედ ეს მანგუსტი ეხმარებოდა ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს შორეული პლანტაციებიდან სამშვიდობოს გამოღწევაში და იგივე მანგუსტი აფრთხობდა უსახო კაცს, რომელსაც ასევე განსაკუთრებით დიდი საფრთხის პირისპირ ყოფნისას ხედავდნენ დე ლეონები. მანგუსტი აკავშირებდა ერთმანეთთან ოჯახის წევრებს, რომლებსაც ერთმანეთის გაგებაში საკუთარი წარსული და გამოცდილებები უშლიდათ ხელს. მათი გამოცდილებები კი განსხვავდებოდა, მაგრამ თანაბრად ტრაგიკული იყო.
გარდა ოსკარ უაოს ამბისა, მთხრობელი კიდევ სამი მნიშვნელოვანი პერსონაჟის ამბავს ჰყვება. ოსკარსა და ლოლას დედასთან არც ისე ახლო ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით კი ლოლას, ოსკარის დას, რომელიც გამუდმებით გაქცევაზე ფიქრობს. მოგვიანებით, როცა მთხრობელი ლოლას ამბავს გვიამბობს, ნათელი ხდება, რატომ ვერ პოულობს ლოლა სახლს; ხოლო მაშინ, როცა მთხრობელი წარსულში გადაინაცვლებს და ერთ დროს ულამაზესი ქალის, ბელისია კაბრალის სამგზის გატეხილ გულზე ჰყვება ან კიდევ უფრო ძველ ისტორიას იხსენებს საბრალო აბელიარის შესახებ, ვხვდებით, რატომ ვერასოდეს მოახერხეს ბედნიერების განცდა და რატომ ცხოვრობდნენ იმ წყევლის შიშით, რომლისგანაც ვერასოდეს დააღწიეს თავი.
სინამდვილეში, მთელი მათი ცხოვრება მოჯადოებულ წრეზე სიარულია - ტრუხილიოს დიქტატურითა და მისი მსახურების ბოროტებით მოჯადოებულ წრეზე სიარული და მთხრობელი მხოლოდ იმედოვნებს, რომ ოსკარ უაოს ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ, შორეულ მომავალში, სხვები მაინც შეძლებენ ამ წრის გარღვევას, კარიბიელთა წყევლისგან თავის დახსნასა და ბედნიერი ცხოვრების დაწყებას.
R