"რამდენიმე საათის წინ მე შევასრულე ჩემი, როგორც მეფისა და იმპერატორის უკანასკნელი მოვალეობა... ყველამ იცით მიზეზი, რამაც ჩემი ტახტიდან გადადგომა განაპირობა. შეუძლებელი აღმოჩნდა მეფის მოვალეობების შესრულება იმ ქალის თანადგომისა და დახმარების გარეშე, რომელიც მიყვარს" - ეს სიტყვები ინგლისის მეფეს, ედუარდ VIII-ს ეკუთვნის, კაცს, რომელმაც სიყვარულის გამო მეფის ტიტული დათმო.
ედუარდ VIII და უოლის სიმპსონის რომანი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სასიყვარულო ამბავია ბრიტანეთის სამეფო ისტორიაში. მათმა რომანმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ტრადიციას, შეარყია მონარქია, რასაც მეფის, ედუარდ VIII-ის გადადგომა მოჰყვა.
ედუარდ VIII დაიბადა 1894 წლის 23 ივნისს - იგი მეფე ჯორჯ V-ისა და დედოფალ მერის უფროსი ვაჟი იყო. როგორც ტახტის მემკვიდრის, ედუარდის ადრეული ცხოვრება სამეფო ტრადიციებით იყო გაჯერებული. ყველა ელოდა, რომ პრინცი ერთ დღეს მამის მოვალეობებს გადაიბარებდა და ბრიტანეთის მონარქი გახდებოდა.
თუმცა, ედუარდი ახალგაზრდობიდანვე ეწინააღმდეგებოდა სამეფო ოჯახის მკაცრ ტრადიციებს. თავად მეფეც ამჩნევდა, რომ მისი უფროსი ვაჟი სერიოზული მოვალეობებისთვის მზად არ იყო.
"ჩემი სიკვდილის შემდეგ, ეს ბიჭი ერთ თვეში დაანგრევს სამეფო ოჯახს და იმპერიას" - ამბობდა ჯორჯ V შვილის შესახებ.
უოლის სიმპსონი 1896 წლის 19 ივნისს, ბლუ რიჯის სამიტში, მდიდარ ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ უოლისის დედა ხელახლა დაქორწინდა და გოგონამ ბავშვობა შეძლებული მამინაცვლის ოჯახში გაატარა.
უოლისის პირველი ქმარი აშშ-ს საზღვაო ოფიცერი, ერლ უინფილდ სპენსერ უმცროსი იყო, მათი ქორწინება 1927 წელს დასრულდა. უოლისი მეორედ ერნესტ ოლდრიხ სიმპსონზე, ბრიტანულ-ამერიკელ ბიზნესმენზე დაქორწინდა და მასთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.
რომანი
წყვილი პირველად ერთმანეთს 1931 წელს, ლედი თელმა ფერნეს წვეულებაზე შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი უელსის პრინცის ყოფილი საყვარელი იყო.
პრინცისთვის უოლისის დამაინტრიგებელი აღმოჩნდა - დამოუკიდებელი და განათლებული იყო. არ ეშინოდა საკუთარი აზრის გამოთქმის. მისი გულწრფელობა ედუარდისთვის უცხო აღმოჩნდა, რადგან როგორც სამეფო ოჯახის წევრს, მასთან თავისუფლად საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ.
იმ პერიოდში უოლისი დაქორწინებული იყო. მიუწვდომლობა კი ედუარდისთვის კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევდა.
გავიდა წლები, ედუარდისა და უოლისის მეგობრობა სრულფასოვან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. გათხოვილი ქალის სტატუსის მიუხედავად, უოლისი პრინცთან რომანს არ ერიდებოდა. მალე საიდუმლო ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა.
უოლისი ორჯერ განქორწინებული ქალი იყო, რაც სამეფო ოჯახისთვის სკანდალად ითვლებოდა. იმ დროს მონარქია ჯერ კიდევ ვიქტორიანული პრინციპებით იმართებოდა, რაც სამეფო ოჯახის წევრებს არისტოკრატთან ქორწინებასა და მკაცრი სოციალური კონვენციების დაცვას სთხოვდა. უოლისი ედუარდისთვის შეუფერებლად ითვლებოდა არა მხოლოდ განქორწინებულის სტატუსის, არამედ ამერიკული წარმომავლობის გამოც.
1936 წელს ჯორჯ V გარდაიცვალა - ტახტი ოფიციალურად მის უფროს ვაჟს, ედუარდს ეკუთვნოდა. ედუარდ VIII-ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან იგი სამეფო მოვალეობების გამო სიყვარულის დათმობას არ აპირებდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ინგლისის ეკლესია მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო. პრემიერ-მინისტრმა სტენლი ბოლდუინმა განაცხადა, რომ მთავრობა მეფის გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა.
ედუარდი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან უოლისი ან გვირგვინი - 1936 წლის დეკემბერში ედუარდ VIII-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო: დაეტოვებინა ტახტი და ტიტული მისი უმცროსი ძმისთვის დაეთმო.
„შეუძლებელია პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთის ტარება და მეფის მოვალეობების შესრულება იმ ქალის მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მიყვარს" - ამ განცხადებამ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური და ისტორიული კურსი მთლიანად შეცვალა.
ედუარდს უინძორის ჰერცოგის წოდება მიენიჭა და უოლისთან ერთად საფრანგეთში გადავიდა. ისინი 1937 წლის 3 ივნისს, კერძო ცერემონიაზე დაქორწინდნენ.
"ჩემო ძვირფასო,
ვერ წარმოიდგენ, როგორ მენატრები - რა ცარიელია დღეები შენს გარეშე... ყოველი წამი მარადისობაა. ერთადერთი ხარ, რაც ამ ცხოვრებაში მაბედნიერებს. არ შემიძლია შენს დაკარგვაზე ფიქრი.
ყველაფერს დავთმობ შენთან ყოფნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინზე ვდგავარ, ვიცი, რომ შენგან ვერაფერი დამიცავს. რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის შენი ვიქნები.
ინგლისი მეფის გარეშე იარსებებს, მაგრამ მე შენს გარეშე ყოფნა არ შემიძლია. დავთმე გვირგვინი, მაგრამ მივიღე რაღაც ბევრად უფრო ძვირფასი: ქალის სიყვარული, რომელიც ჩემთვის ყველაფერზე მეტს ნიშნავს. ამ მსხვერპლს კიდევ ათასჯერ გავიღებდი." - ედუარდ VIII-ის წერილი უოლის სიმპსონს.