"ორი წლის წინ, პარიზში, ნინა გავაშელს ESMOD-ის საქართველოში ჩამოტანის იდეა გაუჩნდა - დღეს ეს რეალობაა! ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ESMOD Paris-ის საქმიანობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში - ეს არის პირველი საერთაშორისო აკრედიტებული მოდის დიზაინისა და ბიზნესის პროგრამა ქვეყანაში. BTU-სთან პარტნიორობით, ჩვენ ვაძლევთ შანსს ადამიანებს, მიიღონ მსოფლიო დონის განათლება მოდის შესახებ, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან. დიდი მადლობა ყველას, ვისაც სჯერა ამ პროექტის", - წერს სოციალურ ქსელში მოდელი თაკო ნაცვლიშვილი.
Esmod არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება მოდის პოპულარიზაციის კონცეფციას და კულტურების ერთმანეთთან დაკავშირებას მათი განსხვავებულობის გათვალისწინებით.
ESMOD დაარსებულია ალექსის ლავინის მიერ 1841 წელს. ლავინის ხედვამ და სულისკვეთებამ განაპირობა უნიკალური ინსტიტუტის შექმნა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მოდის განათლების სამყაროში.
ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმ ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და სწორად იკვებება. თაკოს ერთი ჩვეულებრივი „ლუქიც“ კი დიდ ყურადღებას იქცევს.