"ჩემი სიამაყე ხარ! ღორის ტილი თავზე არ დაისვა! არც ფეკალიების ბუზი! არც ჩაწერილი ტაშების გამშვები! უღირსს ღირსეულად ცხოვრებას მე და შენ ვეღარ ვასწავლით და ვირისგან წიხლიც არ გეწყინოს. მიყვარხარ შენი ღირსებით, სიმართლით, ადამიანობით, პროფესიონალიზმით და მეგობრობით!" - დაწერა სოციალურ ქსელში მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა და კოლეგის, სოფო გელოვანის გამოსვლის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ლილიკო ნემსაძის საღამო გაიმართა, რომელში მონაწილეობა, სხვა მუსიკოსებთან ერთად, სოფო გელოვანმაც მიიღო. "ხორუმის" შესრულების შედეგ მომღერალმა აუდიტორიას მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და საპროტესტო აქციების ფონზე არიან დაკავებულები: "ამ სიმღერის შემდეგ თუ არ ვთქვი ჩემი სათქმელი, მაშინ არც ჩემი სიმღერა იქნება გულწრფელი და არც ჩემი ხმა - მართალი. ამ სცენიდან მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ პატიმარს, ვისაც უსამართლოდ ართმევენ ხვალინდელ დღეს", - თქვა სოფო გელოვანმა.
სოფო გელოვანი
სოფო გელოვანი 40 წლისაა, თუმცა მაყურებელი მას უკვე არაერთი წელია კარგად იცნობს. განსაკუთრებული პოპულარობა მომღერალს პროექტ "ჯეოსტამა" მოუტანა. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალში გერმანიაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული არტისტები მღეროდნენ, ფესტივალი ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ კამპანიას მიეძღვნა. 2013 წელს კი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნოდიკო ტატიშვილთან ერთად წარადგინა საქართველო.
სოფო გელოვანმა დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებს ფაკულტეტი, ესპანური ენის განხრით, მაგრამ საზოგადოებამ ის მომღერლის ამპლუაში გაიცნო და შეიყვარა - სოფომ მუსიკალური განათლება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საესტრადო ვოკალის განხრით მიიღო.
მუსიკალური ნიჭი 5 წლის ასაკში გამოავლინა. 2000 წლიდან მონაწილეობს უამრავ საერთაშორისო კონკურსში მოლდავეთში, რუსეთში , სომხეთსა და აზერბაიჯანში და მრავალი გრან-პრისა და საპრიზო ადგილის მფლობელია. 2005 წელს საპრიზო ადგილით დაბრუნდა კონკურსიდან „სლავური ბაზარი“.
"რაც თავი მახსოვს, სულ მომღერლობა მინდოდა, სხვა არც არაფერზე მიფიქრია. მართალია, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე ესპანური ენის განხრით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. სიმღერა და მხოლოდ სიმღერა არის ჩემი ერთადერთი მოწოდება" - ამბობდა სოფო.
სოფო გელოვანის ოჯახი
სოფო ერთ-ერთი ყველაზე თავშეკავებული ცნობადი სახეა. არ უყვარს საჯაროდ ხშირად გამოჩენა და, მით უფრო, პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა მისი რამდენიმე ინტერვიუ მეუღლისა და შვილების შესახებ მაინც იძებნება.
"ოჯახის შექმნის საძირკველი სიყვარულია, მაგრამ ამასთან ერთად უმთავრესი და აუცილებელია ურთიერთპატივისცემა. როცა ორი ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას, ისინი იწყებენ ერთმანეთის შეცნობას. ამ დროს არის წინააღმდეგობები, აზრთა სხვადასხვაობა, კამათი. ზუსტად ამის დაძლევაში გეხმარება ერთმანეთის პატივისცემა. თანდათან სწავლობ, რა მოსწონს შენს მეუღლეს, რა უყვარს. სწავლობ დათმობას, პატიებას. ისიც ასეა და ეს ხდის ოჯახს სტაბილურს. მეუღლე პატივს სცემს ჩემს პროფესიას, მოსწონს ჩემი შემოქმედება, გვერდით მიდგას. ვაფასებ მის თანადგომას, ვიცი მისი ინტერესები. ჩვენ საერთო საზრუნავი გვაქვს, შვილებს ვზრდით და ბედნიერები ვართ", - ამბობდა სოფო.
სოფო გელოვანის მეუღლე ნოდი ლანდიაა. მათ 18-წლიანი სიყვარული და ორი შვილი აერთიანებთ. სოფო ხშირად აღნიშნავს, რომ როცა ოჯახში ურთიერთგაგება და პატივისცემაა, მაშინ შესაძლებელია წარმატებული კარიერისა და ბედნიერი ოჯახის შენარჩუნება.