1968 წელს “ამერიკის ხმამ“ თბილისში 21 წლის გოგოს სიკვდილისა და დაკრძალვის შესახებ გადმოსცა. გაზაფხული იყო, როცა უკანასკნელ გზაზე გააცილეს უმშვენიერესი ახალგაზრდა თეთრი კაბით. მაშინ რუსთაველზე ზღვა ხალხი შეიკრიბა - უცნაური იყო, რადგან ეს არც ცნობილი მსახიობის, არც მომღერლისა და, მით უფრო, არც საჯარო მოხელის დაკრძალვა არ ყოფილა...
დედა ექიმი იყო, მამა სტამბის დირექტორი. მედეა ძალიან ნიჭიერიც იყო, ნაკითხიც, რამდენიმე უცხო ენასაც ფლობდა, თუმცა პოპულარობა უფრო მეტად ცხოვრების სტილმა, სითამამემ და გამორჩეულმა გარეგნობამ მოუტანა.
მაშინ თბილისს ლამაზი გოგოები ნამდვილად არ აკლდა, მედიკოც ერთ-ერთი მათგანი იყო, თუმცა მისი სილაღე და თავისუფლება უფრო მეტად ატყვევებდა მის თანატოლებს. ქუჩაში რომ ჩაივლიდა, თურმე, გვერდზე გადგებოდნენ და ამ ლამაზ, თამამ და გამორჩეულად ჩაცმულ მედეას თვალს აყოლებდნენ. სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში, შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და უყვარდა ყველას - იმ თაობის ყველა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ოჯახის შვილს...
მიუხედავად მისი ქალური მომხიბვლელობისა, ნატიფი, თხელი სხეულისა, მოცისფრო თვალების და ქერა თმისა, დიდი, სავსე ტუჩებისა, მედეა მებურიშვილი უფრო მეტად ვაჟკაცური ხასიათით იყო ცნობილი. უშიშარი და თამამი ახალგაზრდა გოგო, ამბობდნენ, რომ იარაღსაც კარგად ხმარობდა...
მედეა მებურიშვილი ერთ-ერთი პირველი გოგო იყო, ვინც იმ პერიოდის ნაცრისფერ თბილისში თმის წითლად შეღებვა გაბედა. თმას მოკლედ იჭრიდა, ეცვა შარვლები და რუსთაველზე ცხენსაც აჭენებდა. მასთან მეგობრობას ზოგ მის თანატოლს უკრძალავდნენ კიდეც, რადგან 60-იანი წლების თბილისში მისი სითამამე უჩვეულო იყო.
იმ თაობას ახსოვს რუსთაველზე მოსეირნე წყვილი, ორი ულამაზესი ადამიანი… მერაბი თბილისის „დინამოს" საფეხბურთო კლუბში თამაშობდა კახი ასათიანთან ერთად. მედიკო და მერაბი ძალიან ხშირად ერთად ჩნდებოდნენ ერთად, მათი შემხედვარე კი, ხალხი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა.
მედიკო მებურიშვილის მამა, შალვა მებურიშვილი გამომცემლობაში მუშაობდა, სტამბის დირექტორი იყო. დედა, ვენერა ნიჟარაძე, ექიმი გახლდათ. მათ ოჯახში იკრიბებოდნენ იმ დროისათვის ცნობილი პიროვნებები, ეს იყო ძალიან სტუმრიანი ოჯახი. ცხოვრობდნენ ზემელზე, მაშინ პაპანინის, დღეს უკვე სარაჯიშვილის ქუჩაზე. მათ მეზობლად, პირველ სართულზე ცხოვრობდა რუსული ენის მასწავლებელი ნინა უჩანეიშვილი, რომელიც 53-ე სკოლაში ასწავლიდა. მედიკო 1-ელი სკოლიდან 53-ში გადაიყვანეს სასწავლებლად, იმიტომ, რომ ნინა მასწავლებელს გააყოლებდნენ და სკოლიდანაც ნინა მასწავლებელთან ერთად დაბრუნდებოდა სახლში.
„მედიკოს ქცევები, რაც ჩვენთვის მისაღები იყო, ეტყობა, ვიღაცისთვის მიუღებელი იყო, უფრო სწორად, მაშინდელი ნომენკლატურისთვის, ამიტომ რაღაცის ეშინოდა. თუ გავიდოდა, ოჯახის წევრთან ან რომელიმე მეგობართან ერთად. რომ აღარ გამოჩნდა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, დავრეკე მასთან სახლში. დედამისმა მიპასუხა აღელვებული ხმით - მედიკო ახლახან გაიყვანეს სახლიდანო. ვინ გაიყვანა-მეთქი? მეგობარმა გოგომო. მაშინვე გადავრეკე ბიჭებთან და წავედით საძებნელად იმ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს ვიღაცამ თქვა: ბიჭო, თერთმეტსართულიანის ლიფტში ვიღაც ნახეს მკვდარიო. ჩავედით თერთმეტსართულიანთან, ხალხი მოგროვილიყო, მილიცია იდგა...
დარწმუნებული ვარ, მედიკო მოკლეს. იმასაც ამბობენ, რომ იმ დროს მასთან ერთად მისი მეგობარი, იზა გოცაძე იყო. ვრცელდებოდა ჭორები, რომ მათ ნარკოტიკი მოიხმარეს. მაშინ ეს ყველაფერი ახალი შემოსული იყო, ყველას გაურბოდა თვალი, მაგრამ ამდენი საშუალება არავის ჰქონდა...
პროზექტურაში გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა ჩარტყმული. როგორც ჩანს, ჯერ თავში ჩაარტყეს და მერე გაუკეთეს ნარკოტიკი. ხომ არ გგონიათ, მაშინ კარგი გოგოები არ დადიოდნენ?! ძალიან ბევრი დადიოდა, მაგრამ მედიკო სულ სხვა იყო, იმდენად სხვა, რომ პროზექტურაში ექიმებმა თქვეს - მსგავსი სილამაზე არ გვინახავს, თეთრი მარმარილოსგან ჩამოთლილს ჰგავსო".
მედიკოს სიკვდილმა შეძრა მთელი ქალაქი... დასაფლავებაზე ზღვა ხალხი მივიდა. სასტუმრო "ივერიის" წინ მოედანი ვერ იტევდა იქ შეკრებილ ადამიანებს. ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო. სასტუმრო "ივერია" ახალი აშენებული იყო და უცხოელები გაოცებულები გადმოჰყურებდნენ აივნებიდან პროცესიას, იღებდნენ ფოტოებს....
იმ საღამოს "ამერიკის ხმის" რადიოთი გადმოსცეს კომენტარები იმის შესახებ, თუ როგორ შეიკრიბა თბილისში, ვიღაც ლამაზი ქართველი ახალგაზრდა ქალის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი.
მედიკო მებურიშვილი 1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე თეთრ სამოსში ჩაცმული, თეთრი სასახლით...