ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.
ცნობილი ფაქტია, რომ სუხიშვილების მოცეკვავეები განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევიან.
თამარ ხურცილავა
თამარ ხურცილავა ფართო მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან ''ჟამი ყვავილობისა'', რომელიც 2009 წელს გადიოდა ეთერში. მას პარტნიორობას ლევან ხურცია უწევდა.
ამჟამად სატელევიზიო პროექტებში არ მონაწილეობს, თუმცა ეკრანის დანაკლისს სცენით ინაზღაურებს. როგორც თავად აღნიშნავდა "სუხიშვილების" მოცეკვავეობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ბავშვობაში ბავშვთა ანსამბლში ცეკვავდა. ორი წელი ცეკვისთვის თავი ჰქონდა დანებებული, როცა ბათუმში ბულვარში ''ასა ფართის'' დაესწრო. კონცერტის შემდეგ პუსკა გამსახურდიასთან ავტოგრაფისთვის მივიდა და ოცნების შესახებაც უთხრა. მან კი ხელი ჩასჭიდა და ილიკოსა და ნინოსთან მიიყვანა.

ნინო სუხიშვილმა უთხრა, რომ სექტემბერში სტუდიის გახსნას აპირებდა, სადაც ერთი წელი მომზადების საშუალება ექნებოდა და შემდეგ ანსამბლში გადაიყვანდნენ. მართლაც ასე მოხდა, სტუდიაში ერთწლიანი მომზადების შემდეგ, ''სუხიშვილებში'' გადავიდა, სადაც ოთხი წელი ცეკვავდა.
თამარის რამდენიმე მეგობარი თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა, ამიტომ თავადაც გადაწყვიტა, რომ სამსახიობოზე ჩაებარებინა. მაშინ ცეკვისთვის თავის დანებებას არ აპირებდა, მაგრამ სწავლისა და ცეკვის შეთავსება ვერანაირად ვერ ხერხდებოდა.

ნინო სუხიშვილმაც არჩევანის საშუალება მისცა, მაგრამ ისე მოხდა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ცეკვისთვის თავის დანებება მოუწია.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თეატრში იყო დაკავებული. მაგრამ, სამწუხაროდ, მსახიობისთვის საქართველოში ისეთი სერიოზული არაფერი ხდება, რომ მხოლოდ ამ სფეროს ემსახურო. გადაღებულია რეკლამებში, ფილმებში ჰქონდა ეპიზოდური როლები, მაგრამ მაინც ცეკვა ენატრებოდა და ანსამბლში დაბრუნდა.
"სანამ მივიდოდი, ჯერ ფორმაში ჩასადგომად ვარჯიში დავიწყე, ნინომ ამის შესახებ რომ შეიტყო, თავისთან ვარჯიშის შესაძლებლობა მომცა. უზომოდ დიდი ბედნიერება იყო, როცა ''სუხიშვილებში'' ხელმეორედ მოვხვდი. ნინოსი ძალიან მადლიერი ვარ, მისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს." - ამბობდა თამარ ხურცილავა.