გიორგი ცხადაძე მაყურებელმა პირველად „ერისიონის“ კლიპიდან „შატილის ასულო“ გაიცნო. მოგვიანებით მსახიობობა აირჩია და დღეს ახმეტელის თეატრში საქმიანობს. პარალელურად მღერის და მის მიერ შესრულებული სიმღერები მალევე იქცევა ხოლმე ჰიტებად.
რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. ახლა სალომეც და გიორგიც ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობენ.
გიორგი ცხადაძე ხონში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ გიორგი ხშირად დადიოდა სოფელში ბაბუასთან:
"ხონში დავიბადე, მაგრამ მერე ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ბაბუა სოფელში ცხოვრობდა და მასთან რომ ჩავდიოდი, მუდმივად მესმოდა ლაპარაკი სოფლის პრობლემაზე. მხოლოდ ერთი ტრაქტორი ჰყავდათ, მიწის დამუშავებას კი ყველა ჩქარობდა. ეს ერთი ტრაქტორი მოზღვავებულ საქმეს ვერ აუდიოდა და ამიტომაც ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, ტრაქტორისტი გავხდებოდი და ყველას ყანას მე დავხნავდი. მსახიობობა მოგვიანებით გადავწყვიტე. ჩემს ოჯახში ყველანი მღერიან. მამა პირველად ფილარმონიის სცენაზე რომ ვნახე, შინ დაბრუნებულმა სახლში გავიმეორე, რასაც ის სცენაზე აკეთებდა. მერე იყო "ერისიონის" ცნობილი კლიპი "შატილის ასულო", მერე რამდენიმე სიმღერაც ჩავწერე. მოკლედ, პოპულარული ბავშვი ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ვცადე ბედი და გამიმართლა. ნუკრი ქანთარიას ჯგუფში აღმოვჩნდი. დღეს ჩემი თავი სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია. მცირე ხანს ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ოფისში რამდენჯერმე სიმღერა წამოვიწყე და მივხვდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო. 2 წელია, "ახმეტელის თეატრში" ვთამაშობ. აქ რეჟისორმა ირაკლი გოგიამ მომიყვანა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ, თავიანთი საქმე ძალიან უყვართ, თავდაუზოგავად შრომობენ, მე ვგრძნობ ყველა პარტნიორს და ეს მნიშვნელოვანია" - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.
გიორგის რჩეული ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ. წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. მათ ერთი შვილი, ნენე ჰყავთ.
სალომე ლემონჯავა აფხაზეთიდან დევნილია. მძიმე გზა, რომელიც მისმა ოჯახმა გამოიარა, მას არ ახსოვს, რადგან მაშინ სულ ერთი წლის იყო.
აფხაზეთიდან დედასთან და და-ძმასთან ერთად წამოვიდა. მამა იქ დარჩა- - ომის ვეტერანი იყო. სოხუმის დაცემამდე იქ იყო და იბრძოდა. შემდეგ, ისევე როგორც სხვა გადარჩენილები, იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა. იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
"ღამღამობით მთელ ოჯახს საშინელი ხმა გვაღვიძებდა ხოლმე. ეს მამას მუშტების ხმა იყო, რომელსაც ძილში კედლებს ურტყამდა, მუშტებს ან ფეხებს. დილით რომ იღვიძებდა, ან მუხლი ჰქონდა დასისხლიანებული ან მუშტი. რომ ვეკითხებოდით, რა მოხდა, ასეთი რა დაგესიზმრაო, გვპასუხობდა, ომში ვიყავიო. მამაჩემი მთელი დარჩენილი ცხოვრება, 30 წელი, ფაქტობრივად, ყოველღამე ომში იყო და იბრძოდა", - იხსენებდა სალომე.
გიორგისა და სალომეს სიყვარულის ისტორია ლამაზ ზღაპარს ჰგავს. მათ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს, დაახლოებით, მე-9 კლასში. გიორგი ამბობდა, რომ მათ დაქორწინებაში მთავარი როლი სწორედ სალომემ შეასრულა:
"ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვიცნობდით ერთმანეთს, ალბათ, მე-9 კლასიდან. ურთიერთობას რომ ვიწყებდით, მე ვიყავი ინიციატორი, საჩუქარს ვჩუქნიდი, სადღაც ვპატიჟებდი, სულ რაღაცას ვიგონებდი, თვითონ კი უბრალოდ მეგობრობდა ჩემთან... როცა ზრდასრულ ასაკში სერიოზულად შევხედეთ ერთმანეთს, ისე გამოვიდა, რომ მერე ინიციატორი უფრო მეტად სალომე იყო. ჯერ ერთად გადავედით საცხოვრებლად და შემდეგ ნამდვილად სალომე იყო დაქორწინების ინიციატორი. ვატყობდი, რომ უნდოდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, მიმანიშნებდა ხოლმე ამისკენ..."
დღეს გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა ერთ შვილს, უსაყვარლეს ნენეს ზრდიან. მშობლები მის ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული და კადრებს მნიშვნელოვანი დღეებიდან მეგობრებსაც უზიარებენ. მათ ოჯახს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და დადებით კომენტარებს ხშირად იღებენ.