თინათინ (თინა) მგალობლიშვილი 1937 წელს თბილისში დაიბადა. იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის დიქტორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. გაახმოვანა 600-მდე კინოგმირი. მათ შორისაა: მარიტა („ნატვრის ხე“), ხათუნა („როცა აყვავდა ნუში"), ესმა („სამი სიცოცხლე“), თამარი („მთვარის მოტაცება“), შორენა („დიდოსტატის მარჯვენა“) და სხვ. წლების განმავლობაში იყო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი.
ბავშვობაში რუსულის მასწავლებლის მიერ დადგმულ ინსცენირებებში მონაწილეობდა. თეატრალურ ინსტიტუტში იყო მომენტი, როცა გამიზნულად ჰქონდა გადაწყვეტილი, კითხვის მიმართულებით წასულიყო, თუმცა მანამდე რადიოზე არ უფიქრია.
მეოთხე კურსზე იყო, როცა გიგა ლორთქიფანიძემ სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა. სპექტაკლში ქალბატონი თინა ზანდა იოსელიანის დუბლიორი იყო.
"თეატრალური ინსტიტუტი მაშინ ერთი ოჯახივით იყო, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და ყველას ერთმანეთი გვიყვარდა. ჩემს ჯგუფში იყვნენ: ზანდა იოსელიანი, ლია თოხაძე, ნუგზარ ჯუღელი (ლია და ნუგზარი მეუღლეები იყვნენ), ცისანა კობახიძე (პიერ კობახიძის ძმისშვილი), კახი კავსაძე... აფხაზებიც გვყავდა. კურსზეც საინტერესო ხალხი სწავლობდა: სოსო ლაღიძე, ქეთინო კიკნაძე, ლია კაპანაძე და სხვები. კახის წყალობით, მთელი დღე მხიარულება არ გვაკლდა, საოცრად მუსიკალური ადამიანია. მე და ნუგზარი ყოველთვის წყვილში ვიყავით, პირველები იდგნენ ზანდა და კახი - ორივე გამორჩეულია გარეგნობით, მერე მე და ნუგზარი, შემდეგ ლია და ენვერ ჩხაიძე და ა.შ. შეკრული ჯგუფი გვქონდა, სულ ათნი ვიყავით. ფანტასტიკური პედაგოგები გვასწავლიდნენ" - ამბობდა ქალბატონი თინათინი.
ცოტამ თუ იცის, რომ "ნატვრის ხეში" მარიტას როლს თინათინ მგალობლიშვილი ახმოვანებს. მაშინ რეჟისორები ამ საქმეზე კასტინგს ატარებდნენ. ბევრი მსახიობი შეამოწმეს, არჩევანი კი ქალბატონ თინათინზე შეაჩერეს.
- რეჟისორები გახმოვანებისთვის, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, კასტინგს ატარებდნენ. ბატონ თენგიზ აბულაძესთან მარიტას ("ნატვრის ხე") როლზე ბევრი მსახიობი გასინჯეს, მაგრამ ჩემზე შეჩერდნენ. არასდროს მიფიქრია, რომ ამა თუ იმ როლის გასახმოვანებლად აუცილებლად მე გავიმარჯვებდი, არ ვიყავი ამბიციით შეპყრობილი. იგივე შორენას როლზე ("დიდოსტატის მარჯვენა"), ბატონმა ვახტანგმა ძალიან ბევრს მოუსმინა და ბოლოს მანდო. კონსტანტინე გამსახურდიას გმირებს ყველგან მე ვახმოვანებდი. სტუდიაში მიკროფონთან უდიდესი ავტორიტეტები იდგნენ. ქალბატონ სესილიას გვერდით ვიდექი და ის რომ შემაქებდა, იმ ღამეს სიხარულით აღარ მეძინა. პარტნიორები ყოფილან რამაზი, ეროსი, გურამ საღარაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი... უდიდესი პატივი მერგო და სულ ვამაყობ ამით. მათთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ამ დიდ მსახიობებთან ყოველთვის მოკრძალებული და მორიდებული ვიყავი" - ამბობდა ქალბატონი თინა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ლიკა ქავჟარაძე მაშინ 16-17 წლის იყო, თინა - 30-ს ცოტა გადაცილებული. სხვაობა იყო ასაკშიც და ხმის ტემბრშიც. ეს ორი ბარიერი დასაძლევი იყო. მუშაობისას აბულაძემ აჩვენა კადრი, წყაროსთან ლიკა რომ იხედება პროფილით და უთხრა - შეხედე, რა ღვთაებრივი სილამაზეა, შენ მის სულიერ სიღრმეებში უნდა შეხვიდეო. ალბათ, ქავჟარაძის გამაოგნებელმა სილამაზემ და ბატონი თენგიზის შესაძლებლობებმა მისცა ძალა, მისი ხმა მარიტასთვის მიესადაგებინა.