ნინი წიკლაური ფართო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო. ის ყოველთვის გამორჩეული იყო განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით და, გარდა ამისა, მუდამ პოზიტიური განწყობით. ნინის დამახასიათებელი ღიმილი და მის მიერ შესრულებული არაერთი ჰიტი მსმენელმა მალევე შეიყვარა, თუმცა 2015 წელს ნინიმ ამ ყველაფრის დატოვებისა და ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
"აქ საცხოვრებლად წამოსვლა ალბათ ღმერთმა გადაწყვიტა. შემოვრჩი, ამ ქვეყანამ აქ დამიტოვა და მაჩუქა შვილები, ასე გამოვიდა, ჩემი შვილების გამო დავრჩი აქ და უარი ვთქვი ჩემს კარიერაზე საქართველოში. ცოტა სევდიანად დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება. ვადაზე ადრე მომიწია საბაზე მშობიარობა, შემდეგ ბავშვი არ გამატანეს საქართველოში, შესაბამისად, დავრჩი ამერიკაში. შემდეგ საბას მიჰყვა მეორე შვილი – ილია", - ამბობდა ნინი.
ამჟამად, ნინი მეუღლესა და ორ შვილთან, საბასა და ილიასთან ერთად, აშშ-ში ცხოვრობს. 2022 წელს, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ნინი პირველად ეწვია საქართველოს შვილებთან ერთად, რაც მისთვის განსაკუთრებული ემოციური მომენტი იყო. ნინი წიკლაური ინტერვიუებში ხშირად საუბრობს საქართველოზე და მის მიმართ სიყვარულზე. რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში, მან აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებისას გული წყდება, რადგან აქ დატოვა ყველაფერი, რაც დიდი გულითა და შრომით შექმნა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკაში ცხოვრების დაწყება რთული იყო, განსაკუთრებით შვილებთან ერთად, თუმცა ბედნიერია, რომ სამშობლოში დაბრუნება დროებით, მაგრამ მაინც შეუძლია.
ნინი აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას ამერიკაში, ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი თქმით, შვილების გამო უარი თქვა საქართველოში კარიერაზე, თუმცა მომავალში მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
კარიერაში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ნინიმ რამდენიმე წლის წინ ახალი სიმღერა – „ახალი წელია“გამოუშვა, კლიპში კი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა.
მუსიკისა და ტექსტის ავტორი ნინია. ეს სიმღერა, თავიდან ბოლომდე, თბილისსა და მისდამი მომღერლის დამოკიდებულებას ეხება. როგორც ნინი აღნიშნავდა, აშშ-ში ცხოვრების დროს ნოსტალგია შემოაწვა. ცხადი იყო, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ კლიპში მის მაგივრად ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
ნინი ამერიკაში ქართული საბავშვო ვოკალური სტუდიის - "ციცინათელას" მუსიკალური ხელმძღვანელია. მისი მთავარი სამსახური სწორედ ეს სტუდიაა, სადაც ვოკალისტადაც მუშაობს. რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი ჰყავს. სტუდიაში საკმაოდ ბევრი ბავშვი სწავლობს. შეიძლება ითქვას, რომ ბრუკლინში ყველაზე დიდი ქართული ბავშვთა ვოკალური სტუდია აქვს. ამერიკის ტერიტორიაზე ქართული საქმის პოპულარიზაციას ახდენენ... ასევე, მისი ბენდი ჰყავს, რომელთან ერთადაც საღამოობით 2 ადგილას მუშაობს.
ნინი წიკლაური ინტერვიუებში ხშირად საუბრობს მეუღლესა და ოჯახზე. 2021 წელს ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მეუღლე, თემო ტუღუში, მუდმივად მუშაობს, რის გამოც იშვიათად ხედავენ ერთმანეთს. თუმცა, ის ცდილობს, ფსიქოლოგიურად გააძლიეროს ნინი და არ მისცეს საშუალება, იფიქროს, თითქოს მის ცხოვრებაში რაღაც დასრულდა. ნინი აღნიშნავს, რომ მეუღლე ყოველთვის ამხნევებს და ეუბნება, რომ მისი მიღწევები საკუთარი შრომის შედეგია, რასაც ვერავინ წაართმევს. ამასთან, ნინი აღნიშნავს, რომ მეუღლესთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს და კარგად უგებენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ თემო გვიან ბრუნდება სახლში, ისინი ცდილობენ, ერთად გატარებული დრო მაქსიმალურად გამოიყენონ. ნინი ასევე აღნიშნავს, რომ მეუღლე ყველანაირად ეხმარება და ცდილობს, ნოსტალგია შეუმსუბუქოს.
რაც შეეხება შვილებს, ნინი აღნიშნავს, რომ ისინი ძალიან კომუნიკაბელურები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხასიათით, ორივე ძალიან აქტიურია. ნინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რომ შვილებმა ქართული ენა არ დაკარგონ და ამაზე განსაკუთრებულად ზრუნავს