თანამედროვე ლიტერატურა ჩვენი რეალობის ერთგვარი ანარეკლია, რომელშიც მკითხველი საკუთარ ყოფიერებას ამოიცნობს ხოლმე. რიგ შემთხვევაში, წიგნის გამოგონილი პერსონაჟების ცხოვრება ჩვენი კოლექტიური წარსულის შედეგებს ასახავს, ზოგ შემთხვევაში გვესახება მომავლის კონტურები, რომელიც ხან გვაშფოთებს, ხან გამოგვაღვიძებს, ხანაც იმედით გვავსებს.
მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის მწერლებს შორის გამოიკვეთნენ ისეთი ქალი ავტორები, რომელთა შემოქმედებამაც უკვე დაამჩნია კვალი სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრს. მათ შორის არის მარგარეტ ეტვუდი, დისტოპიის თანამედროვე დედოფალი თავისი უკვდავი სიუჟეტებით. ზოგიერთი მათგანის შემოქმედება კი მორგებულია მკითხველთა მაქსიმალურად ფართო წრეებზე და ეხება ყოფით საკითხებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. მათ შორის არის ოჯახური თემები, გენდერული როლი, მშობლებთან ურთიერთობა და სხვა. სწორედ ასეთი თემებით მოიპოვა პოპულარობა ამერიკელმა ავტორმა კოლინ ჰუვერმა, რომლის სიუჟეტებიც ეხება ადამიანურ გრძნობებს, ქალზე ძალადობას და ყოველთვის ტოვებს ადგილს იმედისთვის.
დღეს, სხვადასხვა გემოვნებისა და ინტერესების მქონე მკითხველს შესაძლებლობა აქვს, სასურველი ჟანრისა და მიმდინარეობის მქონე თანამედროვე ქალი ავტორის შემოქმედებას გაეცნოს გენდერულ და სოციალურ საკითხებზე უფრო სიღრმისეულად დასაფიქრებლად ან უბრალოდ მსუბუქი სიუჟეტებით დროის გასაყვანად.
მარგარეტ ეტვუდი კანადელი პოეტი, რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, პედაგოგი, გარემოსდაცვითი აქტივისტი და გამომგონებელია. ლიტერატურული მოღვაწეობა 1961 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 18 რომანს, 18 პოეტურ კრებულს, 9 მოთხრობების კრებულს, 11 არამხატვრულ ნაშრომს, 8 საბავშვო წიგნისა და ორ გრაფიკული რომანს მოიცავს. ეტვუდის მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც კანადაში, ისე - საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დისტოპიური რომანი „მხევლის წიგნი“, რომელიც რელიგიური ექსტრემიზმის, მისი სახელით ქალების ცხოვრებისა და რეპროდუქციული უფლებების კონტროლის შესახებაა. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს რელიგიის სახელით ადამიანის უფლებების შეზღუდვამ.
ეტვუდის შემოქმედების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ეკრანიზაციაც. ყველაზე პოპულარული სწორედ HULU-ს მიერ შექმნილი სერიალი „მხევლის წიგნია“, რომელიც 5 სეზონისგან შედგება. მე-6, ფინალური სეზონის პრემიერა კი 2025 წლის აპრილშია დაგეგმილი.
მწერლის შემოქმედება, მათ შორის მხევლის წიგნი და პენელოპიადა თარგმნილია ქართულ ენაზეც.
ელიფ შაფაქი საერთაშორისოდ აღიარებული თურქული წარმომავლობის მწერალია, დიპლომატების ოჯახიდან. შაფაქი დაიბადა საფრანგეთში. მშობლების გაყრის შემდეგ დარჩა დედასთან, ცხოვრობდა ესპანეთსა და იორდანიაში, შემდგომ დასახლდა თურქეთში. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი ანკარაში, დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში, რომელიც ეძღვნებოდა გენდერული იდენტურობის პრობლემებს. ერთი წლის განმავლობაში იყო აშშ-ში სტაჟირებაზე, შემდგომ წლებში კი მიწვეულ პედაგოგად რიგ ამერიკულ უნივერსიტეტში. ცხოვრობს თურქეთსა და აშშ-ში, წერს თურქულ და ინგლისურ ენებზე, თანამშრომლობს აშშ-ს და ევროპის პრესასთან. არის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი. შაფაქის წიგნების უმრავლესობა სუფიზმთან დაკავშირებული ისტორიული რომანებია. წერს აგრეთვე სიმღერებს როკ-ანსამბლებისათვის, ესეებს პოლიტიკისა და კულტურის თემებზე, ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას.
მისი რომანები გაჯერებულია ეთნიკურ-კულტურული და გენდერული საკითხებით, რამაც ავტორს დიდი წარმატება მოუტანა.
თავისი სიუჟეტების გამო პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა მშობლიურ თურქეთში, სადაც მასზე საქმეც იყო აღძრული.
შაფაქის ყველაზე ცნობილ რომანებს შორისაა ევას სამი ქალიშვილი, სიყვარულის 40 წესი, სტამბოლელი ნაბიჭვარი, ღირსება და სხვა.
82 წლის ფრანგი მწერალი ანი ერნო 2022 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მას ნობელის პრემია მიენიჭა „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებასა და კოლექტიურ იძულებას.
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა მისი ქალი, მოვლენა და წლები. ყველა მათგანი მწერლის პირად გამოცდილებას და ქალის პრობლემებსა და მის მიმართ არსებულ სტიგმას ეხება.
ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა - ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.
ბერნარდინ ევარისტო ბრიტანელი მწერალია, რომლის რომანმა გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი 2019 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა. ის პირველი შავკანიანი მწერალია, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო გადაეცა. გზა ასეთ აღიარებამდე მან გაიარა შეუპოვრად, თამამად და უკომპრომისოდ და სწორედ ასეთ მწერლად შევიდა ისტორიაშიც.
რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2019 წელს თავის საყვარელ 19 წიგნს შორის დაასახელა. ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ევარისტო 2009 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ხოლო 2020 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი გახდა.
თავის წიგნში მანიფესტი, რომელიც ქართულ ენაზეც არის თარგმნილი ევარისტო პირად გამოცდილებასა და ცხოვრების სირთულეებს გვიზიარებს.
ტონი მორისონი ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტია. 1993 წელს ავტორი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მორისონი დაიბადა აფრო-ამერიკელ, აშშ-ის სამხრეთი შტატებიდან გადასახლებულ მუშათა ოჯახში. სწავლობდა ჰარვარდისა და კორნელის უნივერსიტეტებში; მუშაობდა რედაქტორად გამომცემლობაში, ასწავლიდა აშშ-ის უნივერსიტეტებში, მათ შორის პრისტონის უნივერსიტეტში.
ტონი მორისონის ლიტერატურული კარიერა დაიწყო რომანის გამოქვეყნებით ყველაზე ცისფერი თვალი (The bluest eye, 1970), სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას მძიმე ბედი. რასობრივი ჩაგვრის თემებმა მომავალი განვითარება ჰპოვეს რომანში ქებათა ქება სოლომონისა („Song of Solomon“, 1977), რომლის ცენტრში გმირის მიერ საკუთარი „მეს“ ძიება და გააზრება.აღნიშნული რომანების გარდა ქართულ ენაზე თარგმნილია მისი საყვარელი და წყალობა.
კოლინ ჰუვერი არის ამერიკელი ავტორი, რომელიც რომანებს ძირითადად წერს რომანტიკულ და ახალგაზრდულ მხატვრულ ჟანრში. მისი ყველაზე ცნობილი რომანია “ყველაფერი მთავრდება ჩვენით“, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. 2022 წლის ოქტომბრისთვის ჰუვერის დაახლოებით 20 მილიონი წიგნი გაიყიდა. 2024 წელს გამოვიდა რომანის პოპულარული ეკრანიზაციაც, რომელშიც მთავარ როლებს ბლეიკ ლაივლი და ფილმის რეჟისორი და მსახიობი ჯასტინ ბალდონი ასრულებენ. კრიტიკისა და მსახიობებს შორის მიმდინარე სასამართლო დავების მიუხედავად ფილმის გარშემო საუბარი არ წყდება.ქართულ ენაზე თარგმნილია ავტორის რომანები: ყველაფერი იწყება ჩვენით, ყველაფერი მთავრდება ჩვენით, მახინჯი სიყვარული და ვერიტი.