მოდური ფართო შარვლები - Marao

მოდური ფართო შარვლები

2011-05-25 18:03:03+04:00

დიზაინერები უკვე მერამდენე სეზონია, თავიანთი კოლექციების საფუძვლად გასული საუკუნის 80-იანი და 60-იანი წლების სტილს იყენებენ, და აი, ამ გაზაფხულზე მოდის სამყარომ ერთბაშად გაიხსენა 70-იანი წლებიც.

ეს გახლდათ პოსტმოდერნიზმის ეპოქა, რომელიც თავისუფლებით ტკბობას ღაღადებდა. შეგეძლოთ ჩაგეცვათ ის, რაც არაფრით არ გამოკვეთდა თქვენს სოციალურ სტატუსს.

ერთი მხრივ, მოდა დაუბრუნდა კლასიკურ კომფორტულ სამოსს, მეორე მხრივ კი, ექსტრავაგანტურ ქალურ სტილს წარმოადგენდა.

ფართო შარვლები

1970-იან წლებში მოდური იყო კლოში. თუმცა თანამედროვე ვარიანტი ზუსტად არ იმეორებს მას. დიზაინერები უფრო პრაქტიკულ ვარიანტს - უბრალოდ, ფართო მოხერხებულ შარვალს გვთავაზობენ.

ფართო შარვლების თანამედროვე ვარიანტი აღნიშნული სტილის საუკეთესო ნიმუშია. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ფართო შარვლების თანამედროვე პალიტრა - შავი, წითელი, თეთრი.

ფართო ჯინსები

ერთი შეხედვით, ეს ზემოაღნიშნული თემის გაგრძელებას ჰგავს, თუმცა სინამდვილეში სულ სხვა ამბავია.

წინა სეზონებთან შედარებით ამ მიმართულებით ცვლილებები უფრო არსებითია.

ჯერ კიდევ ზამთარში ქალბატონებს, მიუხედავად გარეგნული მონაცემებისა, ვიწრო ჯინსებს სთავაზობდნენ. ახლა კი აქტუალურია ან მთლიანად ფართო, ან კოჭებისკენ გაფართოებული ტოტებით.

დაბოლოს, გასული საუკუნის 70-იან წლებზე არა მარტო შარვლის ფართო ტოტები, არამედ მაღალი წელის ხაზიც მიგვანიშნებს.

ჰიპის სტილი

არსებითად ეს ეთნიკური სტილის ერთ-ერთი ვარიანტია, ჰიპის იდეოლოგიაში გაერთიანებულია სხვადასხვა რელიგიისა და წარმართული კულტების მოტივები. ამ სტილში გაერთიანებული იყო მთელი მსოფლიოს მრავალფეროვნება და ეს ჭრელი სამყარო ზუსტად ერწყმოდა ამ ეპოქის თავისუფლებისკენ მსწრაფ სულს.

სწორედ მაშინ გახდა მოდური ყვავილებით მოჩითული თხელი, მსუბუქი ქსოვილის ფართო შარვლები და მაისურები, ძალიან გრძელი თხელი შარფები, რომლებსაც თავზეც კი იხვევდნენ, ფურჩალები, თასმები, ნაციონალური ნახატები.

ამ სეზონზეც სწორედ ასეთი მოდელებია წარმოდგენილი. მართალია, ასე გამოწყობილი ოფისში ვერ მიხვალთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში ძალზე კომფორტული და მოხერხებულია.