ნიას ცუდი წინათგრძნობა აეკვიატა. დარწმუნებული იყო, რომ ეს დღე მისთვის კატასტროფულად დამთავრდებოდა. დილა ცუდად დაიწყო. ჯერ იყო და, თავისი ახალთახალი ლამაზი პიჟამა კბილის პასტით მოთხუპნა, მერე მაკას საღამოს კაბაზე ლამის ქაფქაფა ყავა გადაეღვარა. ასეა, არ უნდა იჩქარო. მოჩქარეს მოუგვიანდესო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. ან კი რას ფათიფუთობს? წვეულება საღამოს რვა საათზეა, რა ანერვიულებს? მართალია, წვეულებები დიდად არ ეხატება გულზე, მით უმეტეს, როცა მისთვის უცხო საზოგადოებაში მოხვდება, მაგრამ რას იზამ, თუკი დახმარება შენს უახლოეს დაქალს სჭირდება? მაკაზე უკეთესი ქვეყნად არავინ ჰყავს, ამიტომაც თავს ვალდებულად მიიჩნევს, მსხვერპლი გაიღოს. საუკეთესო კაბაც კი ათხოვა მეგობარმა.
მაგიდა აალაგა და საძინებელში გავიდა, რომ დიდ სარკეში კიდევ ერთხელ ჩაეხედა. ღმერთო ჩემო! ქუჩის ქალივით გამოიყურება! ოხ, მაკა, მაკა! შენ რა გითხარი! ასე უნდა გაიმეტო დაქალი? როდის იყო, ნია გამომწვევად იცვამდა! ძალიან მოღეღილია ეს კაბა, მკერდი ლამისაა, ღრმა ჭრილიდან ამოუვარდეს! თან რა მკერდი!
ნიამ ზიზღით შეათვალიერა თავისი ორეული: მაკიაჟი ძალზე მკვეთრია, პომადა _ ვულგარული, რამსისქე ტუჩები გამოუჩნდა?! ამ წამწამებს რაღა დაემართა? როგორ მიწეწებია ერთმანეთს. თვითონ რა შუაშია, ტუშის ბრალია, არ უნდა ეყიდა ოთხლარიანი ნაგავი. «მაქსფაქტორისთვის» კი ოცი ლარი ვერ გაიმეტა, ჰოდა, იყოს ახლა ასე მოთხუპნილი. რას დასცინებენ უცხო საზოგადოებაში? კეკელკასავით რომ გამოცხადდება ქალებისთვის სათაყვანებელ ბიზნესმენთან! რა სირცხვილია!
ამ ყოფაში იყო, რომ კარი გაიღო და ოთახში მაკა შემოვიდა. ნაცრისფერი დასდებოდა სახეზე.
_ რა ქენი, მზად ხარ?
ნია დატუქსული ბავშვივით შეტრიალდა მეგობრისკენ.
_ ჰო, მაგრამ საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს ამ კაბაში. ძალიან ჩახსნილია წინიდანაც და უკნიდანაც, _ შეწუხებულს თვალები აუწყლიანდა.
_ რას ამბობ, გაგიჟდი? _ შეიცხადა დაქალმა, _ ჩემი ყველაზე საყვარელი კაბა მოგიტანე. შენ ჩემზე დიდი მკერდი გაქვს და უფრო ლამაზი თეძოები, ამიტომაც ბევრად სექსუალურად გადგას ტანზე. პირდაპირ გხატავს, ვერ ხედავ? კაცები დაეცემიან, რომ დაგინახავენ. კახას უყვარს, როცა შენნაირი ლამაზი ქალები ტრიალებენ მის გარშემო. იცის სილამაზის ფასი. ისედაც, რომელ მამაკაცს არ მოსწონს ეს? შენ კი სიგიჟემდე ლამაზი ხარ, არაჩვეულებრივად გამოიყურები. მე თუ მკითხავ, სულელი ხარ, ნია, რა. ტყუილად არ იყენებ ასეთ გარეგნობას. შენს ადგილზე იცი, რამდენ და როგორ კაცებს შევაბამდი? აქამდე მილიონერის ცოლი გავხდებოდი!
ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა.
_ ძალიან გამომწვევად გამოვიყურები, მაკიაჟიც არ მიხდება…
_ ნუ სულელობ, მაგარ ფორმაში ხარ! იცოდე, ფრთხილად იყავი, კაცი არ დამაწერო! _ ხუმრობით თითი დაუქნია დაქალმა და ლოყა ლოყაზე მიადო სიყვარულის ნიშნად.
_ არ გრცხვენია? რა თავში ვიხლი შენს კაცს, სულ არ მაინტერესებს… ოჰ, რომ იცოდე, რა შარში გამხვიე… _ ამოიოხრა გოგონამ და თვალები დახარა.
_ კარგი რა, ნუ იგონებ რაღაცას. შენ დიდი არაფერი გევალება. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, კახას მეთვალყურეობაა. გამუდმებით მის გვერდით იტრიალე, რომ სხვა ქალებს მასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცე. იცი, როგორ ნადირობენ კახუჩაზე გოგოები? ლამისაა, ერთმანეთი დაწყვიტონ მისი გულისთვის. არ იცი, როგორ შურთ ჩემი!
_ მჯერა, _ ამოიკნავლა ნიამ და ამჯერად ნაძალადევად გაიღიმა.
_ არ შეგაწუხებდი, სიხარულო, მაგრამ რა ვქნა, ისე ცუდად ვარ, შანსი არ არის, გარეთ გავიდე. რამ მაჭამა წუხელ ის თევზი, მთელი ღამე მაღებინებდა. ვერ ხედავ, რა ფერი მადევს? ყოველ ათ წუთში ტუალეტში გავრბივარ. კიდევ კარგი, შენთან დავრჩი, თორემ სახლამდე ვეღარც მივაღწევდი.
_ ჰო, მესმოდა, მეც არ მიძინია მთელი ღამე.
_ არ დაგაძინე, ფისო, ხომ? _ გადაეხვია მაკა.
_ შენ რა შუაში ხარ, უბრალოდ, თვალი ვერ მოვხუჭე, ვნერვიულობდი. სრულიად უცხო ხალხთან მიწევს საღამოს გატარება, არც ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.
_ კარგი რა, დაიკიდე, ისე მოიქეცი, როგორც სიტუაცია გიკარნახებს. გგონია, იქ შენზე უკეთესები იქნებიან? ყოველ მათგანს ელიტა ჰგონია თავი, ამ დროს ერთი გაუნათლებელი, ტლუ გოგოები არიან, ფულიანი მამაკაცების გამოსაჭერად საშოვარზე გამოსულნი. ეგ არის და ეგ.
_ უ-უჰჰჰჰ! _ დაიკვნესა ნიამ, _ როგორ არ მიყვარს ასეთი რამეები!.. კარგი, კარგი, რაც არის, არის. რომელი საათია?
_ ჯერ ადრეა, ნუ ნერვიულობ.
ნიამ ტუჩი მოიკვნიტა. «უფულობას რა ვუთხარი! ვალში რომ არ ვიყო მაკასთან, ხომ ამცდებოდა ეს ხათაბალა?» არადა, როგორ უთხრას უარი ასეთ მზრუნველ მეგობარს? რამე რომ დასჭირდება, გაჭირვების ტალკვესივით მუდამ მის გვერდით დგას. რა ქნას აბა, თავისი ხელფასით თავი ვერ გააქვს. სკოლაში მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებლად, მაგრამ კვირაში მხოლოდ ორ დღეს _ ორშაბათს და ხუთშაბათს, სულ თორმეტი საათი გამოუყვეს. ეყოფა? რა თქმა უნდა, არ ეყოფა. მომავალი სასწავლო წლიდან ვნახოთ, რა იქნება. ამას წინათ მაკა ფულის სესხებაში კიდევ ერთხელ დაეხმარა და ბანკის კრედიტიც გადაიხადა და მცირე ბიზნესიც წამოიწყო _ ფართი იქირავა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ერთი მასავით საწყალი გოგო დააყენა გამყიდველად, დღეში შვიდ ლარს უხდის. ღმერთმა ქნას, გაამართლოს. ამიტომაც ვერ ეუბნება დაქალს თხოვნაზე უარს, თორემ რა ჯანდაბა უნდოდა ვიღაც კახუჩელასთან ერთად კაზინოში?
ეჰ, რა კარგი დრო იყო, დედა რომ ცოცხალი ჰყავდა… რა მოსაბეზრებელია მარტო ცხოვრება, არაფერი უხარია, ყველაფრის ხალისი დაკარგა. მაკა კიდევ, გადაეკიდა, ისეთი ლამაზი ხარ, გამოიყენე შენი სილამაზე რამეშიო. არ სიამოვნებს ნიას მეგობრის შეგონება. არ უნდა, მას დაემსგავსოს. მისნაირი ვერასდროს გახდება. ფულის გულისთვის შეიძლება ყველაფერზე წახვიდე? არა, ის წესიერი გოგოა, ტრადიციებზე აღზრდილი და ასეთ რამეს არასდროს გააკეთებს. ეყოფა, ერთი შეცდომა რომ დაუშვა წარსულში, თუმცა მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო… მას მერე ჭკუა იასწავლა. მისთვის ეს ერთი საღამოც კი მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ევალება. მისგან ამორალურ საქციელს არავინ მოითხოვს, მაგრამ ასე ვულგარულად გამოწყობილი რომ წავა წვეულებაზე, ხალხი რას იფიქრებს? ვაითუ, შემთხვევით ნაცნობმა დაინახოს? ხომ მოეჭრება თავი! მთელი სკოლა მასზე ალაპარაკდება!
ამის გაფიქრებაზე ცივმა ოფლმა დაასხა, შეაჟრჟოლა.
_ თუ დამიჯერებ, შენი ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდება, ოღონდ მომენდე, გესმის? _ გააგრძელა მაკამ, _ კახას მდიდარი ძმაკაცები ჰყავს, ყველა ფულიანია. მთელი ცხოვრება მათხოვარივით ხომ არ უნდა იყო?
_ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაკა, გთხოვ, _ საყვედური გაურია ნიამ ხმაში.
_ ღმერთო ჩემო, რატომ გგონია, რომ ცუდისკენ გიბიძგებ? თუ საყვარლის გაჩენა არ გსურს, არავინ გაძალებს. იქ უცოლოებიც არიან. შენნაირ გოგოზე არც ერთი უარს არ იტყვის, დარწმუნებული ვარ. ისინი მდიდარ საცოლეებს არ ცნობენ. ფულის მეტი რა აქვთ! მათთვის პატიოსნებაა მთავარი, მოკრძალებულ, თავმდაბალ ქალებს სანთლით ეძებენ. შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, შეიძლება ერთადერთიც. ჰოდა, იმოქმედე, რა!
_ ჰმ, რა მიამიტი ხარ, რომ იცოდე. ვის რაში სჭირდება ჩემნაირი, რომელი მაღალი წრიდან გამოსული მე ვარ? ისეთი ქალები დადიან ქალაქში, ცაში ვარსკვლავებს ეთამაშებიან, თანაც როგორი ოჯახის შვილები! თავადაც ხომ ხვდები, რომ შენი რჩევა-დარიგება ტყუილი წყლის ნაყვაა? შენ თვითონ არ გჯერა საკუთარი ზღაპრის, ამიტომაც გთხოვ, გაჩუმდი!
_ მე კი გავჩუმდები, მაგრამ ეს შენს პრობლემებს რამეს უშველის? რა ვქნა, პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მამაკაცის ხარჯზე ვიცხოვრო, არ ვარ მართალი?
_ მაგრამ ამისთვის საკუთარი სხეული არ უნდა გაყიდო. არ გეგონოს, რომ ცხოვრების წესს გიწუნებ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ თავად ამის მომხრე არ ვარ, ჩემთვის მსგავსი რამე მიუღებელია. მირჩევნია, მხოლოდ პურის ფული მქონდეს, ვიდრე…
ნირწამხდარმა მაკამ გაჩუმება ამჯობინა. ნია მიხვდა, რომ მეგობარს აწყენინა და მხარზე გადახვია ხელი.
_ გეფიცები, შენი განსჯა ფიქრადაც არ გამივლია, მაკუშ. შენ იმდენ რამეს აკეთებ ჩემთვის, უმადურობა იქნებოდა, ეს არ დამეფასებინა. ნამდვილად არ მაქვს უფლება, გაგკიცხო ან შენიშვნა მოგცე. შენი პირადი ცხოვრება შენ უნდა განკარგო, მაგრამ მე შენნაირად არ შემიძლია და მორჩა!
გაგრძელება იქნება