ისტორიულად საქართველოში ქალები ხშირად გარიყულნი იყვნენ ფორმალური მუსიკალური განათლებისა და საჯარო წარმოდგენებისგან, მაგრამ მაინც იყვნენ ისეთები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ხალხური მუსიკის შენარჩუნებაში ვოკალური ტრადიციების მეშვეობით. სოფლად მცხოვრებმა ბევრმა ქალმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნებაში, რაც ქვეყნის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მუსიკალურ მახასიათებლად ითვლება.
რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე 1946 წელს, ზესტაფონში ტრადიციულად მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. როგორც ცნობილია, მისი წინაპრები უბისას ეკლესიის მგალობლები იყვნენ. რუსუდან სებისკვერაძის სიმღერებში გამოყენებულია თითქმის ყველა დიდი ქართველი პოეტის ლექსი.
მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედება მოიცავს როგორც ინსტრუმენტულ, ასევე ვოკალურ ნაწარმოებებს. მისი მუსიკა გამოირჩევა მელოდიურობითა და ემოციურობით, რაც მას პოპულარულს ხდის როგორც პროფესიონალ მუსიკოსებს, ასევე მსმენელებს შორის.
მაცაცო სებისკვერაძე აქტიურად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებში და აგრძელებს ახალი ნაწარმოებების შექმნას, რაც მის შემოქმედებას მუდმივად აქტუალურს ხდის.
მისი მუსიკა შთაგონების წყაროა მრავალი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში.
მისი სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო გოგი დოლიძე. წლების შემდეგ ქალბატონი მაცაცო დიდი სიყვარულით იხსენებდა ლეგენდარულ მომღერალთან ერთად მუშაობას:
"სიმღერაში რაინდი იყო. დუეტის შესრულებისას წინ ქალბატონს აყენებდა. და თითქოს ჩუმად ეპარებოდა მეორე ხმით.
ახალს რომ დავწერდი და დავუძახებდი, მოვარდებოდა მაშინვე. მახსოვს, ვაჟა-ფშაველას ლექსზე დავწერე სიმღერა – „მთელი ხმელეთის სწორი ხარ“. იმ წუთში ჩემთან გაჩნდა. ვამღერე და წავიდა. მეორე დღეს შეთანხმების გარეშე მოვიდა - ვაჟას ლექსია მაინც და კიდე მამეცადინე, მამღერეო. საღამოს ისევ კარზე ზარი გაისმებოდა. იცი, რა სულ თავში მიტრიალებდა ეს სიმღერა და მაინტერესებს, ახლა როგორ ვიმღერებო. რატომ ღელავ ასე-მეთქი, ვეკითხებოდი. ვაჟას ლექსია და როგორ არ ვიღელვოო.
ვაიმე, რანაირად საყვარელი ბიჭი იყო… კაცს რეპეტიციის გარეშე შეეძლო სცენაზე ნებისმიერი სიმღერა ემღერა, მაგრამ ასეთი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა." - იხსენებდა ქალბატონი მაცაცო.
ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში მთავარი ადამიანები მშობლები იყვნენ. სწორედ მათგან შეიყვარა კინო, თეატრი, ოპერა, ცეკვა, სიმღერა...
27 წლის იყო როცა დაოჯახდა. მისი მეუღლე ედუარდ გერსამია, მეცნიერი იყო და საკავშირო ინსტიტუტში მუშაობდა.
"არც პირველი დანახვით შემყვარებია და მერეც დიდხანს ვყოყმანობდი. მან ყველა ღონე იხმარა, რომ მომწონებოდა. მაშინვე მიხვდა, ვინ ვიყავი, როგორი შინაგანი ბუნება მქონდა, რომ კარგი მეუღლე და კარგი დედა ვიქნებოდი.
სერიოზული დამოკიდებულება მქონდა ოჯახის მიმართ. ვფიქრობდი, რომ მეუღლის სახით ძლიერი საყრდენი მქონოდა. დედამ მითხრა გადამწყვეტი სიტყვა – შვილო, 10 წელი დიდი სხვაობა არ არის, შემდგარი კაცია, პროფესორი, კარგ შვილებს გაზრდითო.
მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს. მას ეამაყებოდა ჩემი სახელი, მე – მისი განათლება. შვილები სიყვარულში გავზარდეთ. არც დამხმარე ქალი მყოლია და არც ძიძა. ყველაფერს ვასწრებდი. ჩემი მეუღლე ხშირად მეტყოდა, მაცაცო, ეს საქმე შენ უკეთესად გამოგივაო და დამშვიდებული მიდიოდა სამსახურში."