ქართველი მომღერალი ნუკრი კაპანაძე 1964 წლის 19 სექტემბერს, ზესტაფონში დაიბადა. განათლებით ქიმიკოსია - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა. სიმღერა ანსამბლ "თაიგულში" დაიწყო, სოლო კარიერას კი 1980 წლიდან შეუდგა. ძირითადად ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებს.
გამოცემული აქვს ორი ალბომი: „ნუშების თოვლი„ და „არეული“. მისი ცნობილი სიმღერებია: „ნუშების თოვლი“, „არეული“, „ნუკრი ლექსითა და საკრავით“, „თეთრი ვარდები“, „წყარო“ და „საღიღნო“.
როგორც თავად ამბობს, სიმღერებმა საშუალება მისცა, თავისი სატკივარი მსმენელამდე მიეტანა. აღნიშნავს, რომ რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო გზა გამოიარა.
"არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. დღეს აღარ მინდა გახსენება, რადგან უბედნიერესი ვიყავი და დიდი ტკივილია, რაც ბავშვობასთან ერთად წავიდა – ბებიები ბაბუები, უსაყვარლესი ადამიანები... იმდენად გაუსაძლისი ტკივილია, დიდი კედელი ავაშენე და აღარ მსურს ბავშვობაში დაბრუნება. იყო და მორჩა! იმდენად დიდი სიყვარულია ბავშვობის მიმართ ჩემში, რომ ტკივილამდეა და ამიტომ ვბლოკავ ყველაფერს, საშინლად მტკივა. ჩემი ბავშვობა იყო ადამიანების ერთობლიობა, ეს ხომ არ იყო მხოლოდ პატარა ასაკი?! უამრავი ადამიანი იყო, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს, საოცარი სამყარო შემიქმნეს, ბედნიერი რომ ვყოფილიყავი" - იხსენებდა მომღერალი.
ზესტაფონში სკოლა რომ დაამთავრა და თბილისში ჩამოვიდა, ნათესავებთან ცხოვრობდა და საკუთარი ჭერი სჭირდებოდა, შესაბამისად ბინის არ ქონა დიდ პრობლემას წარმოადგენდა. გავიდა წლები და ქავთარაძეზე ერთოთახიანი ბინა იყიდა, ამის პარალელურად მიდიოდა მისი პირადი ცხოვრება...
ძალიან ნანობს, რომ სოლფეჯიო არ ისწავლა და მუსიკალური განათლება არ მიუღია. პედაგოგმა ერთი-ორჯერ ხელზე დაარტყა და ამიტომ წამოვიდა. ხშირად უთქვამს, რომ მუსიკალური განათლება სიმღერაში ბევრ რამეს გაუადვილებდა.
" ჩემი სიმღერა ქართულ სიტყვაზეა აგებული. ქართულ სიტყვას აქ იგებენ, ჩემს ქვეყანაში, სხვაგან ვერ გაიგებენ. ეს ხომ საესტრადო სიმღერაა, არ არის კლასიკა, საოპერო ხელოვნება, რომელსაც ყველა იგებს. საზღვარგარეთ შეიძლება გაიტანო ქართული ფოლკლორი, რომელსაც ენა არ სჭირდება. ქართული პოლიფონია ყველასთვის გასაგებია. როდესაც ქართულ საესტრადო სიმღერას ასრულებ, ერთადერთი გზა გრჩება – იყო იმდენად მართალი, უცხოელს დაანახვო. ვთქვათ, როდესაც ფრანგულ სიმღერებს ვისმენთ, არ ვიცით სიტყვები, მაგრამ ჩვენში შემოდის. აი, რა დონეზე უნდა იმღერო და შეასრულო, უცხოელი ადამიანი რომ დააინტერესო."
ნუკრი კაპანაძე დაქორწინებული იყო ალექს დავითიანზე, თუმცა მათი ქორწინება სულ 6 თვეს გაგრძელდა:
"ნუკრი განსაკუთრებული ქალბატონია და მასთან შეხვედრა ნამდვილად დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რაღაცები ვერ აეწყო. ალბათ ამისი მიზეზი ის გახლდათ, რომ პირადი ტრაგედია ახალი გადატანილი მქონდა და ჯერ კიდევ არ ვიყავი ის, ვინც ვარ. ალბათ ავად ვიყავი, ალბათ ცოლზე მეტად მაშინ, წამალი მჭირდებოდა, მაგრამ სურვილი, რომ ოჯახური ცხოვრება აგვეწყო, ორივეს ნამდვილად გვქონდა... არ გამოგვივიდა და რა მნიშვნელობა აქვს ახლა მიზეზებს? მთავარი ხომ ის არის, რომ მაშინ მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი და გულწრფელად გვეგონა, რომ ეს ქორწინება სამუდამო იყო", - ასე იხსენებდა ნუკრი კაპანაძესთან მისი ყოფილი მეუღლე, ალექს დავითიანი.
ნუკრი კაპანაძეს საინტერესო მოსაზრება აქვს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც წლების წინ ვრცლად საუბრობდა:
"თითქოს მარტივი თემაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული და ფაქიზი. ალბათ, ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე მომწონს და პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მეტი ისწავლონ, განათლება მიიღონ და თავიანთი საქმის პროფესიონალები გახდნენ. ისინი ცდილობენ არ იყონ დამოკიდებული მშობლებზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. წლების წინ, ახალგაზრდებს ბოლომდე არც კი ჰქონდათ გააზრებული ეს დიდი პასუხისმგებლობა და ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ. ასეთ წყვილს ერთმანეთი თანდათან ბეზრდებოდა და მათი ურთიერთობა მხოლოდ გარეგნულად ჩანდა ბედნიერი. მე მიმაჩნია, რომ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა უფრო ჰორმონების დამსახურებაა. როცა ზრდასრულ ადამიანს არა აქვს სამსახური, არა აქვს შემოსავალი, ბუნებრივია, ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდება. ეს ადამიანები ფიქრობენ - როგორ უნდა იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც ასაწყობი და დასალაგებელია? შვილის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა და ხომ უნდა დაფიქრდე - შეძლებ კი მის მოვლასა და სათანადო აღზრდას? საბედნიეროდ, დღეს სულ სხვა თაობა მოდის - დღევანდელი ახალგაზრდები შედარებით გვიან ოჯახდებიან და ეს კარგია. ამ თაობამ ზუსტად იცის, რომ მშობლებზე ან მეუღლეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. გამოგიტყდებით, რომ მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი ძალიან მომწონს", - ამბობდა მუსიკოსი.
2017 წელს მიცემულ ინტერვიუში კი ნუკრი კაპანაძე განმარტავდა, რომ ის მარტო ცხოვრობდა და მისი პირადი ცხოვრება მუსიკა იყო:
"ყველაფერი ისე აეწყო, რომ დღეს მარტო ვცხოვრობ და სიმყუდროვე მაქვს. მთელი ჩემი პირადი ცხოვრება მუსიკაა და სხვა არაფერი. რას ვიზამთ? შეიძლება ყველაფერი ერთად არ იყოს. ადრე ვფიქრობდი, რომ პირად ცხოვრებაში ჩავარდნას შემოქმედებითი დუღილი მოჰყვებოდა, ალბათ ასეც არის. განცდებს შეუძლია დიდი გამოძახილი მოგცეს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრებიდან რამდენიმე პერიოდს ნამდვილად ამოვიღებდი. ჯობდა, ის წლები ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ ყოფილიყო. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
მარტოობას ძალიან მივეჩვიე. შევიქმენი პირობები, რომ სიმყუდროვე მქონოდა. ცოტა შიში დამეწყო იმის, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მოთხოვნადი აღარ ვიყო. შემოქმედებითად 60-70 წლის ასაკშიც თუ სავსე ვიქნები, მაშინ აღარაფერზე ვიდარდებ. თუ პირადი ცხოვრება არ ამეწყო და ამავდროულად შემოქმედებითადაც გავიყინე, ეს ჩემთვის საშინელება იქნება.სახლში საკუთარ თავს კედელზე ავაყუდებ ხოლმე და ყველაზე მტკივნეულ შეკითხვებს ვუსვამ. მიდი, აბა, თუ მაგარი გოგო ხარ, პასუხი გაეცი-მეთქი, ვეუბნები. არ არის ადვილი, საკუთარ თავს რაღაცებში გამოუტყდე.
წლების მატებას ძალიან ცუდად ვხვდები! მინდა, ყოველი დღე საინტერესო იყოს და ძალიან განვიცდი იმას, რომ დღის განმავლობაში ან მთელი კვირა შეიძლება დიდი დრო მქონდეს თავისუფალი. თუ ერთი წელი ვერაფერი გავაკეთე, მიწასთან ვსწორდები და როგორ უნდა მიხაროდეს წლების მატება?!
ნაოჭები ჩნდება და ღრმავდება, რასაც ვერ შეცვლი და, რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ შინაგანად თუ ანათებ, ნაოჭი ლამაზია და იხდენ კიდეც. მთავარია, შინაგანად იყო ბედნიერი.ეკა მამალაძე ჩემი უახლოესი მეგობარია. ერთმანეთის რჩევებს თუ შენიშვნებს ნებისმიერ საკითხში ვითვალისწინებთ. თვითონ გამუდმებით ფორმაშია და მე მსაყვედურობს, გარეთ მაკიაჟის გარეშე როგორ გამოდიხარო. მე კი მეზარება ხოლმე.ფეხით სიარული და ცურვა მიყვარს. მანქანას ვაჩერებ და ვაკიდან საბურთალოზე ფეხით მივდივარ..." - ამბობდა ნუკრი კაპანაძე.