საოცარი ხმა, მომნუსხველი გარეგნობა და დაუვიწყარი ღიმილი - ეს ლიზა ბაგრატიონის სავიზიტი ბარათია. მას დიდი და საინტერესო ოჯახი აქვს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი განვლილი გზა მუსიკალურ სამყაროში - ლიზა 1998 წელს დასახელდა საუკეთესო ქალ მომღერლად.
ლიზა ბაგრატიონი 1974 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1996 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი იყო გაზეთ „The Georgian Times“ პასუხისმგებელი რედაქტორი, ასევე მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში.
მიუხედავად განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებისა, ლიზამ ამ მიმართულებით განათლების მიღება არ მოისურვა - ისწავლა ინგლისური ენა და მუშაობაც ამ მიმართულებით დაიწყო. სწორედ ამის წყალობით აღმოჩნდა ის ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს აშშ-ში, სადაც იქაურ ცხოვრების წესს, განათლებასა და კულტურას ეზიარა. ეს მისი ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპი იყო.
ლიზას პირადი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში იყო განხილვის საგანი. მომღერალი თავად არ მალავს სიახლეებს და მედიასთან ხშირად საუბრობს მისი ურთიერთობების შესახებ.
ლიზას პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო, რომელიც წლების წინ "პირველი არხის" დირექტორიად მუშაობდა. მეორე ქორწინებაში ლიზა გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან იმყოფებოდა, რომელთანაც ერთი ვაჟი, ირაკლი ჰყავს.
წყვილი რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდა. სინაურიძემ ოჯახი მეორედ შექმნა. ხოლო ლიზას მესამე მეუღლე ანსამბლ "შვიდკაცას" წევრი დათო ნოზაძე იყო. როცა მათი ურთიერთობა დაიწყო, დათოს ოჯახი ჰყავდა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან და ლიზამ მალევე იქორწინეს. წყვილის დაშორების შემდეგ უამრავი ჭორი გავრცელდა. იმასაც ამბობდნენ, რომ დათომ ლიზას უღალატა.
ბოლო და ყველაზე ხმაურიანი ურთიერთობა ლიზა ბაგრატიონს ასევე მუსიკოს გიორგი ცაგარელთან ჰქონდა. ამ რომანს განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა, რადგან წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მიუხედავად ამისა, ლიზა და გიორგი საჯარო ღონისძიებებსა თუ ტელევიზიებში ერთად ხშირად ჩნდებოდნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მოგვიანებით კი მედიაში გიორგი ცაგარელისა და ლელა კილაძის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი. წყვილს უკვე პირველი საერთო შვილი ჰყავს.
ლიზა ბაგრატიონის და, თამარ ბაგრატიონი დაქორწინებულია საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტზე, მიხეილ ყაველაშვილზე. თამარს 4 შვილი ჰყავს - 1 პირველი ქორწინებიდან, ხოლო 3 - მეორე. წლების წინ, როცა ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ ყაველაშვილმა სპორიდან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, მის ამ ნაბიჯს ლიზა ბაგრატიონი ასე გამოეხმაურა:
"არასდროს მქონია საშუალება, მისთვის სიყვარული ამეხსნა და გამომეხატა ის მადლიერება და პატივისცემა, რასაც მე მის მიმართ განვიცდი! სიყვარული აუხსნელი შეგრძნებაა, ის მიზეზებს არ საჭიროებს. აი, პატივისცემას და მადლიერებას კი დამსახურება უნდა! ყველა მისი ნაბიჯი ჩემთვის ღირსეული კაცის ნაბიჯია... ყველაფერს დიდი სიყვარულით, საქმისა და ადამიანების სიყვარულით აკეთებს! არასდროს წასულა სინდისთან კომპრომისზე! მიყვარს... მეამაყება... ვმადლობ:
ჩემი დის ბედნიერებისთვის...
ჩემი ოთხი ანგელოზის აღზრდისთვის...
თავისი საქმის ერთგულებისთვის...
კეთილშობილებისთვის...
ადამიანებისა და ქვეყნის სიყვარულისთვის და იმისათვისაც, რომ დღეს მან ქვეყნის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტა! მე დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ ყაველაშვილი ისეთივე ღირსეული პარლამენტარი იქნება როგორიც ფეხბურთელი, მამა, მეუღლე, შვილი და თავისი ქვეყნისთვის ჭეშმარიტი პატრიოტია!“- დაწერა 2016 წელს ლიზა ბაგრატიონმა.
ლიზა ბაგრატიონი 50 წლისაა. ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა ნახევარი საუკუნე განვლო, ამ ხნის მანძილზე კი ბევრი გამოცდილებაც დააგროვა. აი, როგორ აფასებს ის წლების მატებას:
"ასაკი მხოლოდ ციფრებია. რაც უფრო სტრესულია გარემო, არასწორია ცხოვრების წესი, უგულებელყოფ შენს ჯანმრთელობას, მდგომარეობას, ციფრებიც უფრო მეტად გახსენებენ თავს, მაგრამ შინაგანი მდგომარეობა სრულებით არ არის ამაზე დამოკიდებული.
ჩემს შემთხვევაში ბევრად უფრო გახსნილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი გავხდი ასაკის მატებასთან ერთად. უფრო მეტად მახარებს ყველაფერი კარგი, რაც ჩემ გარშემო ხდება, უფრო მეტად განვიცდი ყველაფერ ნეგატიურს.
რაც უფრო მეტად მეტკინა ცხოვრებაში, მით უფრო მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გიყვარდეს და გასცე მხოლოდ დადებითი და პოზიტიური ენერგია.
სამწუხაროდ, საკუთარი თავის დაფასებას არც ციფრებმა შეუწყო ხელი. ნაკლებად ვაქცევ საკუთარ თავს ყურადღებას, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე სწორი კვების და ვარჯიშის მხრივ… თუმცა ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ოჯახი, მეგობრები, სამშობლო, ჩემი პროფესია, გარშემო მყოფი ადამიანები… მინდა სულ ვუხსნა მათ სიყვარული და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ჩემთვის. რამდენად ბედნიერი ვარ, რომ ისინი არსებობენ ჩემს ცხოვრებაში, რამდენად მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მაქვს ის ყველაფერი, რაც მაქვს, რომ შემიძლია ვიმღერო, ვიურთიერთო, მიყვარდეს, ვიტირო, განვიცადო, წავიკითხო, დავესწრო სპექტაკლს, კონცერტს…
სანამ შემიძლია განვიცადო სხვისი ცუდი, აღვივსო სიყვარულით… იქამდე ვარ ცოცხალი, ახალგაზრდა და მაქვს იმედი, რომ საჭირო ვარ სხვა ადამიანებისთვის", - ამბობდა ლიზა ბაგრატიონი OK-თან ინტერვიუში.