"გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! სრულიად უდანაშაულო, უვნებელი და თავისუფალი ადამიანები.
მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ. ამ ადამიანებს კი აკლებთ თავისუფლად ჰაერის ჩასუნთქვის (თუნდაც დანაგვიანებულის), ახლობლებთან მოსიყვარულების და კამათის, თავის ნებაზე ცხოვრების დღეებს, რომელიც ყველა მოქალაქის უფლება და თქვენი, მთავრობის, მთავარი მოვალეობაა. თქვენზე იქნება ამ დღეების, თვეების და წლების მანძილზე დაკარგული დღეების, რომლებსაც ვერასდროს ვერ დაუბრუნებთ, ტვირთად ტარება. ბევრად უფრო მძიმეა ეს ტვირთი, ვიდრე გგონიათ. თავისუფლების ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს “დროებით” ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე. ასეთი დროა.
გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება - გთხოვთ, გთხოვთ, - გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს", - წერს სოციალურ ქსელში პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.
ხატია ბუნიათიშვილის მუსიკალური კარიერა 6 წლიდან დაიწყო. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale de musique de Paris, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.
11-15 წლის ასაკში, ბუნიათიშვილმა შეწყვიტა სწავლება თბილისის მუსიკალურ ათწლედში და ინტენსიური მასტერკლასები გაიარა უნგრული წარმოშობის ფრანგ პედაგოგთან და პიანისტთან, მაესტრო მიშელ სონისთან ავსტრიაში, „ვილა შინდლერში“, სადაც ეუფლებოდა სონის საფორტეპიანო ინოვაციურ მეთოდოლოგიას.
ხატია მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“ (შვეიცარია), გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური „Elba isola musicale d’Europa“ - იტალია (თავმჯდომარე იური ბაშმეტი), „Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil“ (პარიზი), „Chamber Music Connect the World 2008“ - კრონბერგ აკადემია (გერმანია), „შემოდგომის თბილისი“, „Musical Olympus International Festival“, სანქტ-პეტერბურგი და სხვა..
ხატია ასრულებდა სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად (UBS ვერბიე ფესტივალის, ისრაელისა და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიული, არტურ რუბინსტეინის ფილარმონიული, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრები).