დიანას სიტყვებმა ნიას შვება ვერ მოჰგვარა. გონებაგაფანტული ადგილს ვერ პოულობდა, უაზროდ დადიოდა აქეთ-იქით მანამ, სანამ კარი არ გაიღო და გიგი არ გამოჩნდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაწყნარდა. ერთი პირობა დააპირა, მივალ და ბოდიშს მოვუხდიო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. აქეთ დაამცირა და იქით მოუხადოს ბოდიში? ნურას უკაცრავად!
მთელი საღამო ახვლედიანი ახლოს არ გაკარებია. ისე იქცეოდა, თითქოს მის არსებობას ვერც ამჩნევდა. ნიას იმდენად აწუხებდა მამაკაცის უყურადღებობა, ზედმეტად გრძნობდა თავს ახალშეუღლებულთა საზოგადოებაში. ამწუთას მთელ სამყაროში ყველაზე მეტად ეს კაცი სძულდა. ცოტა კიდევ შეიცადა და ბოლოს შინ წასვლა გადაწყვიტა. ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რომ დიანას და მის მეუღლეს დამშვიდობებოდა და აქაურობას გარიდებოდა. განმარტოებით მდგარმა ვერც კი შეამჩნია, როდის მიუახლოვდა გიგი. რამდენიმე წუთის განმავლობაში იგი უბრალოდ იდგა და უსიტყვოდ შესცქეროდა. მის დანახვაზე ნიას ჭიანჭველებმა დაურბინეს ტანში.
_ ალბათ, როგორ ვერ მიტანთ, არა? _ სიჩუმე მამაკაცმა დაარღვია.
_ რატომ გგონიათ? _ თავდაჭერილად გაიღიმა.
გიგი თვალს არ აშორებდა. მართალია, გოგონას გამაღიზიანებელი მანერები ჰქონდა და ისევ ის საშინელი ფეხსაცმელი ეცვა, სამაგიეროდ მისი ლამაზი თვალები და სექსუალური პირი უშლიდა საღერღელს. ასეთი ქალი ლოგინში ძალიან ცხელი იქნება… ამის გაფიქრებაზე უფრო მეტად მოუნდა ნიასთან განმარტოება. თუ ამაღამ მის ხელში ჩაგდებას შეძლებს, ისე მოეფერება, ყველა წყენას დაავიწყებს და ხვალ დილით აღარაფერი ემახსოვრება.
_ შამპანური ხომ არ მოგიტანოთ? _ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას.
_ არა, გმადლობთ, შამპანურს ვერ ვსვამ.
_ რას ამბობთ! წეღან არ გითქვამთ უარი?
_ არც წეღან დამილევია, მხოლოდ ზრდილობის გულისთვის გამოგართვით.
_ აბა, რას სვამთ?
_ უფრო კონიაკს…
_ ახლავე მოვიტან.
_ გმადლობთ, ნუ წუხდებით.
_ სულაც არ ვწუხდები, _ გაიღიმა გიგიმ და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
არ გასულა დიდი ხანი, რომ კონიაკით სავსე ჭიქით დაბრუნდა. ნიას დალევის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. რამდენიმე ყლუპი სიამოვნებით მოსვა, მაგრამ რაღაც მომენტში სასმელი სასულეში გადაუცდა და ხველა აუტყდა.
_ რა მოგივიდათ? _ მიეჭრა მამაკაცი და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა.
_ მგონი, არ ღირს მეტის დალევა, _ ჩახრინწული ხმით ამოთქვა და აცრემლებული თვალები ცხვირსახოცით მოიწმინდა.
_ რადგან დალევა არ გინდათ, სხვა სურვილები გექნებათ. საინტერესოა, როგორი? _ ჰკითხა გიგიმ და ხელი ზურგზე ვნებიანად ჩამოაყოლა.
მის ხმის ტემბრი იმდენად მომაჯადოებლად ჟღერდა, გოგონას ჟრუანტელმა დაურბინა. ხელის შეხებამ კი კინაღამ ჭკუიდან შეშალა, თითქოს ცეცხლი წაეკიდა სხეულზე. რა ემართება? დროზე უნდა უშველოს თავს!
_ უნდა წავიდე… სახლში მინდა…
_ სახლში? _ იკითხა მამაკაცმა და უცებ ეშმაკური გაუხდა გამოხედვა, _ მე შემიძლია ალტერნატივა შემოგთავაზოთ, პატარა ნია. არ გინდათ, ეს ღამე ჩემთან ერთად გაატაროთ?
_ ღამე? _ ძლივს ამოღერღა, იმდენად მოულოდნელი იყო შემოთავაზება.
_ თქვენ ალბათ თავქარიანი და ქარაფშუტა გგონივართ, თუ ფიქრობთ, რომ ამ ანკესს წამოვეგები, _ დაიწყო გაწიწმატებულმა, _ წეღან გაწყენინეთ და ახლა გინდათ, ჭკუა მასწავლოთ თავხედობისთვის? ბრაზობთ, რომ ბოდიში არ მოგიხადეთ? ერთი სული გაქვთ, ისევ დამამციროთ, არა?
გიგის სიცილი აუტყდა. თავში აზრადაც არ მოსვლია, გოგონა ასეთ რამეს თუ იფიქრებდა. არა უშავს, შეძლებს მის გადარწმუნებას.
_ ცდებით, პატარა ნია. ეს თამაში არ არის და სულაც არ ველოდები, როდის დაიმცირებთ თავს ჩემ წინაშე. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ეს ღამე ჩემ გვერდით გაატაროთ, ძალიან მინდა. თქვენთვის ეს გასაგებია?
მამაკაცი ყურადღებით აკვირდებოდა ქალის შეცბუნებულ სახეს, აწითლებულ ღაწვებს და ნერვულ ჟესტს, თითით რომ იხვევდა ჩამოშლილ თმას, რაც უფრო მეტად უმძაფრებდა სურვილს. ვერ მოითმინა და ხელისგული ნაზად მოუთათუნა ლოყაზე.
_ გასაგებია? _ ძალიან რბილად გაიმეორა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა.
ნია გაიტრუნა. ჟრჟოლის მომგვრელმა ტალღამ ერთიანად მოიცვა მისი სხეული. რა სიამოვნებით დახუჭავდა ახლა თვალებს და მიეხუტებოდა მკერდზე. გრძნობდა, რომ რაღაც საშინელება ემართებოდა, წინააღმდეგობას ვერ უწევდა იდუმალ სურვილს. უნდოდა, სიგიჟემდე უნდოდა მასთან განმარტოება, მისი ალერსი, მოფერება. ახლაც გრძნობდა მისი ცხელი ტუჩების შეხებას. ამწუთას მზად იყო, სადაც მოესურვებოდა, იქ გაჰყოლოდა ამ კაცს…
ღმერთო, სადამდე მივიდა! სად გაქრა მისი კდემამოსილება, მოკრძალება? ცოტა ხნის წინ იგი არაფრის დიდებით არ დაუშვებდა, დაქორწინების გარეშე ვინმეს ლოგინში ჩაგორებოდა. ახლა კი… რა ხდება? რატომ არის ასეთი უძლური? რა ჯადოს ფლობს ამისთანას ეს ახვლედიანი? ნუთუ მისი სიმდიდრე იზიდავს? არა, არა, რა სისულელეა!
_ გასაგებია? _ კვლავ გაიმეორა გიგიმ და მისი თითები მძლავრად ჩაბღუჯა, _ დროა, წავიდეთ.
_ სად? _ გაფითრებულს მთლად წაერთვა ხმა.
_ სასტუმროში, ჩემთან…
ნიას წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ შერჩა და… ხელჩაკიდებული მორჩილად მიჰყვა მამაკაცს უკან.
8 8 8
ნია ერთიანად ცახცახებდა. ისე მივიდნენ სასტუმრომდე, არც ერთს სიტყვა არ დასცდენია. გიგიმ დუმილი ამჯობინა, რათა გოგონა არ დაეფრთხო. ნიამ კი არ იცოდა, ასეთ დროს რაზე უნდა ელაპარაკა. შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, არავის დაუძალებია. რატომ აკეთებდა ამას? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა გულიც და გონებაც შეთანხმებულად მოქმედებდნენ…
რა ლამაზი ყოფილა აქაურობა! ნიას არ ეგონა, თბილისში ევროპული დონის სასტუმროები თუ არსებობდა. ასეთი კეთილმოწყობილი ნომერი ერთხელ ნახა ცხოვრებაში, ისიც _ თურქეთში, სადაც ორი თვე გაატარა ყველაზე ახლობელ ადამიანთან ერთად. უჭირს იმ პერიოდის გახსენება, ყველაზე დიდ ტკივილს აყენებს, რადგან არაჩვეულებრივად გატარებული დღეები საშინელი ფინალით დასრულდა…
_ თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, _ თავბრუდამხვევი ღიმილით მიეალერსა გიგი ქალს და სააბაზანოში მიიმალა.
ნია საწოლზე ჩამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. გულის გამალებულ ფეთქვას საფეთქელთან გრძნობდა. აი, გამოვა ახლა და დაიწყება… რას აკეთებს, რას! აანალიზებს მაინც, რით დამთავრდება ეს შეხვედრა და მერე როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება? ჰო, როგორ არა, ყველაფერი გააზრებული აქვს. რაც არის, არის, ასეთი ყოფილა მისი ხვედრი. ის არც პირველია და არც უკანასკნელი. ბევრი მისნაირი ქალი დგამს მსგავს ნაბიჯს. იცის ნიამ, გიგის ცოლობაზე ოცნებაც რომ ეკრძალება, რომ აქამდე არასდროს მივა საქმე, მაგრამ მაინც თანახმაა. რაღაც უხილავი ძალა იზიდავს მისკენ და თავს ვერაფერს უხერხებს. თითქოს მოჯადოებულია. უნდა, რომ მამაკაცმა აკოცოს. მთელი სხეული უთრთის, არა მარტო შიშისგან, სურვილისგანაც. და იმდენად ძლიერია ეს სურვილი, რომ დაძაბულობისგან ყველა კუნთი დაეჭიმა…
გიგიმ ნელა, ძალიან ნელა გამოაღო კარი და ნიასკენ წამოვიდა. წელს ზევით შიშველი სასიამოვნო სანახავი იყო. ფართო, დაკუნთული მხრები, განიერი მკერდი, შეწეული მუცელი, ხარბი გამოხედვა და ძალიან, ძალიან სექსუალური ტუჩები… გოგონამ მის ვნებიან მზერას ვეღარ გაუძლო და თვალები დახარა…
გიგი ძარღვებში სისხლის შხუილს გრძნობდა. აცდუნო მომხიბვლელი ქალი _ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე აზარტული სიამოვნება იყო და ისევე წარმატებით გამოსდიოდა ეს, როგორც საკუთარი ბიზნესი. კარგად ხვდებოდა, როდის უნდა ელაპარაკა და როდის გაჩუმებულიყო, როდის ემოქმედა და როდის მოდუნებულიყო… რა დროს ჩაეხედა თვალებში და რა დროს ეკოცნა… რაც მთავარია, იცოდა, როგორ გაეღვივებინა პარტნიორში სურვილის ნაპერწკალი… მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. იგი ახალბედა არ გახლდათ ქალებთან ურთიერთობაში, მაგრამ ისეთი რაღაც ემართებოდა ამ ქალთან შეხებისას, არასდროს რომ არ დამართნია.
ჩაიჩოქა და ქალს ცალ ფეხზე ფაქიზად გახადა. ნიამ თვალები წამით მილულა და თავი ოდნავ უკან გადააგდო. მსგავსი რამ არასდროს განუცდია. თითქოს მიწა ეცლებოდა ფეხქვეშ. მის ამ ჟესტს გიგიმ ისეთი მოწყურებული მზერით უპასუხა, გოგონას თავბრუ დაეხვა.
მამაკაცი თავდავიწყებით კოცნიდა ქალს და ვერაფრით აეხსნა, რა ემართებოდა. ჯერარგანცდილ სიამოვნებას იღებდა ყოველი შეხებისას და ამ სიამოვნებას ვერაფერს ადარებდა. მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რასაც განიცდიდა, ვერ ძღებოდა ნიას ალერსით. განსაკუთრებით მის სახეზე აღბეჭდილი განცდა აგიჟებდა _ შიში და სიამოვნება ერთდროულად იკითხებოდა ნიას ლამაზ, წყლიან თვალებში. ის იყო, მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია და ლოგინზე წამოაწვინა, რომ გოგონამ ხელი ჰკრა და წამოხტა.
_ არა, არ შემიძლია, _ სუნთქვაგახშირებულმა უკუსვლით გასასვლელისკენ დაიხია.
_ რა დაგემართა? _ დაბნეული გიგი ლოგინზე წამოჯდა და გაოგნებული მიაჩერდა.
_ ძალიან გთხოვ, არაფერი მითხრა.
_ არც ვაპირებ. არის მომენტი, როცა სიტყვები საჭირო არ არის. რატომ გეშინია, მოდი ჩემთან… _ ჩურჩულით წარმოთქვა აღგზნებულმა, წამოდგა და ხელები წინ გაიშვირა.
_ არ მომეკარო! _ იყვირა მოულოდნელად ნიამ, შეტრიალდა და კარს მთელი ძალით დაეჯაჯგურა.
_ ღიაა, დაბლა ჩამოსწიე, _ სრულიად მშვიდად გაისმა მამაკაცის ხმა.
მისკენ ზურგშექცევით მდგარი გოგონა წამით გაქვავდა, არ ელოდა ასეთ რეაქციას, სხეული მოადუნა და ნელა შემოტრიალდა.
_ მაპატიე, არ შემიძლია, _ ნიკაპი აუკანკალდა.
_ ვიცი.
_ უნდა წავიდე, გთხოვ.
_ წადი.
_ არ ვიცი, რატომ მოვედი აქ, მე არ ვარ მზად ამ…
_ გასაგებია.
გაგრძელება იქნება