დღეს სულ უფრო ხშირად ვისმენთ მოსაზრებას, რომ ადამიანის გარეგნულ სილამაზეს მისი შინაგანი ბალანსი განაპირობებს. სულ უფრო პოპულარულია თავდაჯერებულობაზე, საკუთარი თავის მიღებასა და პიროვნულ განვითარებაზე ფოკუსირებული კურსები. მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც ქალები სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან იოგასა და პილატესის პრაქტიკით. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ გარეგნობაზე ზრუნვა თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ და სოციალურ მნიშვნელობასაც ატარებს.
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი რამდენიმე წამში ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც ხშირად ვიზუალურ აღქმაზეა დაფუძნებული. გარეგნობითა და ვიზუალით კმაყოფილება თავდაჯერებულობას გვმატებს და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის საშუალებას გვაძლევს.
სხვადასხვა ასაკში თავის მოვლისა და ზრუნვის განსხვავებული პრიორიტეტები არსებობს, მაგალითად, ბავშვისთვის პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების სწავლებაა მნიშვნელოვანი: კბილების გახეხვა, ხელების დაბანა, სისუფთავის დაცვა და მზისგან დაცვა. თინეიჯერობის ასაკში კანის მოვლას მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს აკნესა და ცხიმიანობას. მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, სწორი კვება და კანის ტიპის შესაბამისი მოვლის საშუალებების შერჩევა.
მოზრდილებისთვის კანისა და თმის რეგულარული მოვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კოსმეტიკური პროდუქტების მიზანმიმართული გამოყენება სასურველ შედეგებს იძლევა. 40 წლის შემდეგ კი კანი იწყებს ელასტიკურობის დაკარგვას, რის გამოც დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტური და კოლაგენის შემცველი პროდუქტები განსაკუთრებით აქტუალურია.
საქართველოში ქალები რომ განსაკუთრებული გარეგნობითა და თავის მოვლის კულტურით გამოირჩევიან, ამაზე არავინ დავობს. ალბათ, უკვე ნათელია ისიც, რომ სახის კანის, თმისა თუ სხეულის ჯანმრთელობისთვის ძვირადღირებული პროცედურების ჩატარება და პროდუქტების გამოყენება სასურველია, თუმცა აუცილებელი - არა. სასურველი შედეგის მიღება სახლში მომზადებული მარტივი ნიღბებითაც შესაძლებელია.
კირა ანდრონიკაშვილი არის ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური ნიჭითა და ქარიზმით. მისი სილამაზეზე საუბრობდნენ ადრეც და ბევრს საუბრობენ დღესაც. უდავოა, რომ ის 79 წლის ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურება და თავის მოვლის საკუთარ ხერხებზე არაერთხელ უსაუბრია:
"ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა მოუაროს და მიხედოს თავს. სულაც არ არის საამაყო, როცა ადამიანი ამბობს, არაფერს ვაკეთებ, კრემს არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო. გარდა იმისა, რომ თავს უნდა მოვუაროთ, შინაგან მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს შინაგანი ტაქტიც, როგორ უნდა გამოხვიდე გარეთ, როგორ უნდა შეხვდე სტუმარს.
შენგან თუ სითბო, დადებითი მუხტი და ხალისი არ მოდის, მარტო ცუდზე ლაპარაკობ, ეს შენს სახესაც დაეტყობა. მინახავს ულამაზესი ადამიანი, რომლისგანაც კეთილგანწყობა და სითბო არ მოდიოდა და ის უბრალოდ ყინულის დედოფალს ჰგავდა. ასეთ ქალს ნაკლებად ლამაზმა, მაგრამ კეთილი ბუნებისამ შეიძლება აჯობოს.
მე მაქვს თმის მოვლის რეცეპტი. პატარა, ღვინის ჭიქა აბუსალათინის ან ზეითუნის ზეთს ორ კვერცხის გულთან ავთქვეფთ და თუ რამე ვიტამინი გვაქვს სახლში, ჩავაყრით. ეს ნიღაბი დაბანილ თმაზე უნდა დავიდოთ და ერთ საათში ჩამოვიბანოთ. ძალიან კარგია, თუ ამას არაჟანს დავამატებთ. ნიღბის ჩამობანის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნი გამოიყენეთ. კარგია, ამას ათ დღეში ერთხელ თუ გავაკეთებთ."
ია ფარულავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ქარიზმატული ქართველია მსახიობი და ტელეწამყვანია. მისი სილამაზე წლების განმავლობაში განხილვის საგანი იყო, რადგან ის გამოირჩევა ელეგანტურობით, დახვეწილი გარეგნობით და განსაკუთრებული ხასიათით. როგორ ახერხებს ია, რომ 58 წლის ასაკში კვლავ იდეალურად გამოიყურება, ამაზე რამდენიმე ინტერვიუში ისაუბრა:
"ვიღვიძებ, უზმოზე ვსვამ 1 ჭიქა წყალს (ზოგადად ბევრ წყალს ვსვამ), შემდეგ აუცილებლად მივირთმევ ჩემს ქაშას – ეს არის 4 სუფრის კოვზი შვრიის სქელი ფანტელი, მასში ვურევ ნახევარ ჩაის კოვზ სელის თესლს (დაფქულს, რათა ორგანიზმმა ადვილად შეითვისოს). სელის თესლთან უნდა ვიფრთხილოთ, რადგან დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება. ამას ემატება 1 ჩაის კოვზი ხორბლის ქატო, ზღვის მარილი (გემოვნებით), მიხაკ-დარიჩინი; ამ ყველაფერს წყალზე ვადუღებ და ბოლოს ვამატებ ცოტა რძეს. გარდა ამისა, დილაობით ვსვამ აპარატის ყავას (სადაც იფქვება მთლიანი მარცვლები და მზადდება არაჩვეულებრივი ამერიკანო). ამის შემდეგ ვიღებ ვიტამინებს (D3 და რკინას), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა მიიღოს. მე გამოკვლეული მაქვს და ამიტომ ვსვამ".
თიკა ფაცაცია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ელეგანტური ქართველი ქალბატონია, რომლის სილამაზეს ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა. მისი გარეგნობა, სტილი და ხასიათი ქმნის იმ უნიკალურობას, რაც მას ასე მიმზიდველს ხდის. როგორ უვლის სახლის პირობებში თავს თიკა ფაცაცია, ამაზე ქვემოთ წაიკითხავთ:
"სახლურ ნიღაბს გიზიარებთ - კვერცხის ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი. წავისვათ სახესა და ყელის ზონაზე, დავაფინოთ ერთი ფენა ხელსახოცი, შემდეგ ისევ წავისვათ ცილა მეორე ფენად და კვლავ დავიფაროთ მეორე ფენა ხელსახოცი. რომ შეშრება, თაბაშირივით ძვრება. არის სასიამოვნოც, ეფექტურიც წვრილი ნაოჭებისთვის. ჩამოიხსენით ნიღაბი, დაიტენიანეთ სახე".