ჯეიმს ბარი ბრიტანელი ექიმი იყო, რომელიც 50 წლის მანძილზე ინგლისის არმიაში სამხედრო ქირურგის პოზიციაზე მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ექიმი მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდ საიდუმლოს მალავდა. აღმოჩნდა, რომ ინგლისში სახელგანთქმული ქირურგი, სინამდვილეში ქალი იყო.
ადრეული ცხოვრება
მარგარეტ ენ ბაულკლი 1789 წელს, ირლანდიაში დაიბადა. მისი ადრეული წლების შესახებ ინფორმაცია მწირია. ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ მარგარეტის მამა მდიდარი ირლანდიელი ვაჭარი იყო. გოგონა 14 წლის ასაკში ნათესავმა გააუპატიურა და ქალიშვილი შეეძინა - მის სავარაუდო ორსულობას ამტკიცებდა გარდაცვალების შემდეგ, ბარის სხეულზე ნაპოვნი სტრიები. ბავშვობაში სექსუალური ძალადობის ამ თეორიის მხარდასაჭერად სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

ვარაუდობენ, რომ ბარიმ მამაკაცის იდენტობა უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო, რადგან მე-19 საუკუნეში ქალს სამედიცინო განათლების მიღების უფლება არ ჰქონდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ექიმი ბერი მხოლოდ ავადმყოფებს ესაუბრებოდა მშვიდად, ჯანმრთელებს და უფროსსაც კი ეუხეშებოდა. აღიზიანებდა, როცა ვინმე აღნიშნავდა, რომ ხმა და მანერები ქალისას მიუგავდა. ღირსების დასაცავად არაერთხელ მონაწილეობდა დუელში. კარგად ისროდა და ხმალსაც იდეალურად ფლობდა.
კარიერა
1812 წელს დაამთავრა ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. მალევე, ბრიტანულ არმიას შეუერთდა, სადაც ქირურგის თანაშემწედ მუშაობდა. საბოლოოდ ის სამხედრო ჰოსპიტალების გენერალურ ინსპექტორად დაინიშნა.
სამხედრო კარიერის განმავლობაში ბარი მსახურობდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის კარიბის ზღვის აუზში, სამხრეთ აფრიკასა და კანადაში. ცნობილი იყო მისი მკვეთრი ქირურგიული უნარებით, ინოვაციური სამედიცინო პრაქტიკით და კოლონიებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტანდარტების გაუმჯობესებით.
სამხრეთ აფრიკაში ყოფნის დროს ის გახდა პირველი ევროპელი ექიმი, რომელმაც წარმატებით ჩაატარა საკეისრო კვეთა - ეს მის უმტავრეს სამედიცინო მიღწევად ითვლება.
გარდაცვალება და ჭორები
ჯეიმს ბარი 1859 წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეულის გამოკვლევისას მოულოდნელი რამ გამოვლინდა: დოქტორი ბარი ბიოლოგიურად ქალი იყო. ახალმა ამბავმა შოკში ჩააგდო მისი კოლეგები...
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობის დროს, ბარი გუბერნატორის, ლორდ ჩარლზ სომერსეტისა და მისი ოჯახის ახლო მეგობარი გახდა. ვარაუდობენ, რომ ჩარლზმა ბარის საიდუმლო აღმოაჩინა და ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო. მათმა სიახლოვემ ჭორებს დაუდო საფუძველი და ბარი ჰომოსექსუალიზმში დაადანაშაულეს.
თანამედროვეები იმასაც იხსენებდნენ, რომ ბარი თავის ოთახში შესვლის უფლებას არავის აძლევდა. მუდამ იმეორებდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დაემარხათ.