საქართველოს 2025 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მარიამ შენგელია წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე, ამ თემაზე არაერთი ვერსია გავრცელდა. ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს კანდიდატის შესახებ ხუმრობენ კიდეც: "როგორც იქნა, საქართველომ გაიღვიძა", "მიხარია, ესე იგი საქართველო ცოცხალია" - ვკითხულობთ კომენტარებში.
ნახეთ საკონკურსო სიმღერა და კლიპი
საქართველოს ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე, ვრცლად ისაუბრა მომღერალმა თათია კობალაძემაც, რომელიც კანდიდატებს შორის იყო.
უკვე ცნობილია, რომ ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა წელს შვეიცარიაა, რომლის წარმომადგენელმაც, Nemo-მ სიმღერით The Code 2024 წელს კონკურსის მოგება შეძლო.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.
ვინ არის მარიამ შენგელია?
მომღერალი მარიამ შენგელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში წლების წინ მუსიკალური კონკურსებიდან მოექცა და მას შემდეგ აქტიური კარიერა აქვს: "მთელი ცხოვრებაა, ვმღერი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მომღერალი არავინ მყავს, ჩემმა ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მუსიკალური მონაცემები მქონდა და ხუთი წლის ასაკში სიმღერაზე შემიყვანეს. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა. მშობლების დაჟინებული თხოვნით გამოვედი კონკურსში. პირველი კონკურსი „X ფაქტორი“ იყო. ფილარმონიის სცენაზე, ამხელა აუდიტორიის წინაშე პირველად წარვდექი. ძალიან დიდი სტრესი იყო, თუმცა, იმავდროულად, ძალიან დიდი ბედნიერება. სცენაზე რომ დავდექი და ხმა ამოვიღე, ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც მინდოდა, მთელი ცხოვრება ვყოფილიყავი და ასე გრძელდება დღემდე. ამის შემდეგ იყო პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“. ორივეს ფინალისტი ვარ. დღეს მყავს ბენდი „მიქსტურა“, რომელთან ერთადაც მართლა უამრავი კონცერტი მაქვს", - ამბობდა მარიამ შენგელია.

ცოტა ხნის წინ მარიამ შენგელია მონაწილეობას იღებდა "ცეკვავენ ვარსკვლავებში", სადაც ფინალურ ეტაპამდე მისვლა შეძლო, თუმცა გამარჯვება მსახიობმა ნანა სტამბოლიშვილმა მოიპოვა.
უფრო ვრცლად, 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისა და საქართველოს მონაწილეობის შესახებ წაიკითხეთ აქ: სამი ქართველი - სამი გამორჩეული სახე: ვინ წარადგენს საქართველოს 2025 წლის "ევროვიზიაზე"?