ყველასთვის საყვარელი რეჟისორი, ლევან წულაძე იუბილარია - მას 60 წელი შეუსრულდა. ხელოვანი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. მათ შორისაა რეჟისორი სანდრო ელოშვილი.
ლევან წულაძე
ლევან წულაძე 1965 წლის 18 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
დადგმული აქვს სპექტაკლები თეატრალური ინსტიტუტის, მარჯანიშვილის თეატრის, თეატრალური სარდაფის, რუსთაველის, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის სცენებზე. 2006 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დღეს კი ხელმძღვანელობს საკუთარ თეატრს Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42.
პირადი ცხოვრება
ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. სულ ცოტა ხნის წინ მათ ერთადერთ ქალიშვილს, თინათინ წულაძეს, პირველი შვილი შეეძინა. ბებიისა და ბაბუის ამპლუაში მათ უკვე არაერთი ინტერვიუ მისცეს. ამჯერად კი გადაცემაში „ბაიასთან“ საკუთარი სიყვარულის შესახებ ისაუბრეს. ისინი 30 წლის წინ დაქორწინდნენ და დღემდე ინარჩუნებენ ჰარმონიულ ურთიერთობას.
„მახსოვს ჩვენი პირველი პაემანი, რომელიც დავუნიშნე ოპერასთან… მოვდიოდი თეატრალურიდან. მას ეცვა შავი პალტო და ეკეთა შავი ბეწვი. თხელი და გამხდარი გოგო იყო. ახლაც ასეთია…
იცვლება მოტივაცია, ისე, როგორც წელიწადის 4 დრო. არის სუსხიანი დროც, არის გაზაფხულიც, არის ზაფხული, შემოდგომა…
ახლა ვართ შემოდგომის პერიოდში…
ჩვენ დიდი ხანი არ გვივლია. წავედით სუფრაზე მეგობართან. დაახლოებით მესამე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შეგვექმნა. უცებ მოხდა ეს, გზადაგზა მოგვიწია ერთმანეთის გაცნობა.
ყველაზე კარგი პერიოდი არის შემოდგომა, როდესაც იღებ აბსოლუტურად ყველაფერს, ნაკლებად იპრანჭები იმიტომ, რომ გიცნობენ უკვე კარგად" - იხსენებდა ლევან წულაძე.
„ყოფილა კრიზისული, დაძაბული პერიოდები… ლევანმა საერთოდ არ იცის პირადი საუბრები, ახსნა. მეუბნებოდა, მე არ ვარ დედაშენი, სამზარეულოში ჩაისთან ერთად რომ წყვეტთ ყველა პრობლემასო.
ასე არ განიხილავდა, რატომ შეგვემთხვა და ფსიქოთერაპევტთან წავიდეთ და ა.შ. პირველად ვამბობ ახლა, ლევანმაც არ იცის… მივდიოდი რეპეტიციებზე, არა ჩემსაზე, მის რეპეტიციაზე და იქ იმდენ ახსნას ვპოულობდი, ვფიქრობდი, რომ ადამიანი, რომელიც უხსნის ქალს მის დრამატულ როლს, არ შეიძლება არ ესმოდეს ჩემი. იქიდან ვიღებდი ბოდიშსაც, სიყვარულის ახსნასაც, თითქოს იქ ვპოულობდი რაღაც ნამდვილს, რასაც თვითონ ვერ მეუბნებოდა ან ვერ გამოხატავდა" - ამბობდა მანანა კაზაკოვა.