ქართველი მსახიობი ნუცა კუხიანიძე 1982 წლის 8 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. სამსახიობო კარიერა ბავშვობიდან დაიწყო - მხოლოდ 9 წლის იყო, როცა რეჟისორმა გიო მგელაძემ ქართულ ფილმში „არა, მეგობარო“ ერთ-ერთ მთავარ როლზე მიიწვია. ფილმში მას პარტნიორობას ქართული კინოს ლეგენდა, ლევან აბაშიძე უწევდა. მოგვიანებით მსახიობი ლევან აბაშიძესთან მეგობრობასაც იხსენებდა:
"ლევან აბაშიძესთან მიმართებაში დროის აღქმა დაკარგული მაქვს, ლევანი მეხსიერებაში სულ არის. მან ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ განაპირობა. მკაფიო გზა გამოკვეთა.
პირველად რომ ვნახე, მახსოვს, მისმა აურამ იქონია დიდი გავლენა. 9 წლის ვიყავი. უშუალო შეხვედრა იყო.
სანამ გადაღება დაიწყებოდა, გიო მგელაძემ ლევანის გასაცნობად მასთან სახლში მიმიყვანა. ეზოში რომ შევედით, სახლამდე მწვანე ხეივანი ჰქონდა. ლამაზი ადგილი იყო და ჯერ ამით მოვიხიბლე.
ლევანი ახალგაღვიძებული, თმააჩეჩილი გამოვიდა. თავისი ოქროსფერი თმით და შორტით, მწვანე “მაიკით.” გამოანათა, გამიცინა და ჩამეხუტა. უცებ ულამაზესი ადამიანი დავინახე. მერე დავმეგობრდით, როგორც შეიძლებოდა 29 წლის მამაკაცსა და 9 წლის გოგონას ემეგობრა. გადაღებების გამო თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ლევანთან. მერე, ომში წასვლამდე ჩემს აგარაკზე ამოვიდა, ახალდაბაში. როგორც “არა, მეგობაროში” გამოიყურება ზუსტად ისე, თეთრი “საროჩკით” და ლურჯი ჯინსით.
ეს თურმე ბოლო შეხვედრა იყო მასთან. მახსოვს, რაღაცაზე ბავშვურად გავებუტე და ოთახში შევედი. ლევანი უკვე მიდიოდა, მე არ გამოვდიოდი ჩემი ოთახიდან და ხის ჟალუზიდან ვუთვალთვალებდი. პოზიციას არ ვთმობდი, არ გავდიოდი მასთან, ხასიათიანი ბავშვი ვიყავი. ის მიდიოდა და შორიდან ხელს მიქნევდა. ეს იყო ბოლო კადრი. თურმე ხელის დაქნევით საბოლოოდ დამემშვიდობა. ორ კვირაში დაიღუპა.
ლევანის დაღუპვა ჩემთვის პირველი სიყვარულის მოტანილი პირველი შოკი იყო. არ ვიცოდი, რას ნიშნავს გარდაცვალება. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამის აღქმა. მახსოვს, რომ ძალიან განვიცადე" - ამბობდა ნუცა.
ნუცა კუხიანიძეს შესრულებული აქვს მთავარი როლები ქართულ და უცხოურ კინოფილმებში: „27 დაკარგული კოცნა“ (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე), „კარგი ქურდი“ (რეჟისორი ნილ ჯორდანი, ნიკ ნოლტთან ერთად), „მატილდა“ (რეჟისორი ნინი მიმიკა, ჯერემი აირონსთან ერთად), „ბინძური საქმე“ (რეჟისორი ბრუს ტერისი), „გასეირნება ყარაბახში“ (რეჟისორი ლევან თუთბერიძე) , „მედიატორი“ (რეჟისორი დიტო ცინცაძე), „კონფლიქტის ზონა გასეირნება ყარაბახში-2“ (რეჟისორი ვანო ბურდული). 2005 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დააფუძნა კინოსტუდია „სანგუკო“ .
ნუცას პირველი მეუღლე გუკა რჩეულიშვილი იყო, თუმცა ისინი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ. ნუცასა და გუკას ერთი ქალიშვილი, კატო რჩეულიშვილი ჰყავთ. დაშორების შემდეგ მსახიობი გარკვეული დროით ამერიკაში გაემგზავრა და შვილთან ერთად ატლანტაში ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა და ახალი სიყვარული იპოვა. მისი რჩეული მუსიკოსი ბაჩო ჩალაძე გახდა. წყვილს 2019 წლის 10 მარტს ვაჟი შეეძინა, რომელსაც თომა დაარქვეს. ბაჩოს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
ნუცა კუხიანიძეს საჯარო ინტერვიუები არ ხიბლავს, თუმცა მისი ყველა ინტერვიუ დიდ ინტერეს იწვევს - ნუცა ქართველებისთვის საყვარელი მსახიობი და საინტერესო პერსონაა, ფილმებს მისი მონაწილეობით კი მაყურებელი ყოველთვის ინტერესით ელის.