ცნობილი ქართველი დიზაინერი, თამარ გამსახურდია 1896 წელს, ბაქოს მიმდებარედ, საცირკო ხელოვნების ოსტატის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად თბილისის საბალეტო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი მოსკოვში, ცნობილი სოლისტის მიხეილ მორდკინის კერძო სკოლაში დადიოდა. ძალიან მალე ზიმინის კერძო ოპერის პრიმა-ბალერინა გახდა.

რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ საცხოვრებლად ყირიმში გადავიდა, მოგვიანებით კი იალტაში საბალეტო სტუდია გახსნა.
მეორე მეუღლე, რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი სერგეი დავითის ძე კობიევი (კობიაშვილი) გასტროლების პერიოდში გაიცნო. გასტროლებზე რუსების დასს გაჰყვა, რომელიც პარიზის კაბარე "ფოლი-ბერჟერში" გამოდიოდა...
დიზაინერი
სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბერლინში დააარსა საკუთარი საბალეტო სტუდია. ქირის დასაფარად საჭირო თანხის შესაგროვებლად მუშაობა დაიწყო ქალის თეთრეულის სამოდელო სახლში „ლორ ბელენი“, რომლის დამაარსებელი, რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელი ლარისა ბეილინა იყო.
მაშინ პარიზში ძალიან ბევრი ატელიე იყო, თუმცა უმეტესობამ ვერ გაუძლო "ლორ ბელენის" კონკურენციას. მოდის სახლის წარმატების მთავარი იარაღი ქალის სილუეტის გამომხატველი შტრიხები გახდა, რაშიც თამარ დე კობის დამსახურება ძალიან დიდია - მას დიზაინის დახვეწაში საბალეტო კოსტიუმის აგებულების ცოდნა დაეხმარა.
35 წლის ასაკში მან საბოლოოდ დატოვა სცენა, უარი თქვა საბალეტო სტუდიის გახსნაზე და მთლიანად სამოდელო ბიზნესს დაუთმო ყურადღება.

1950-იანი წლებში თამარის კორსეტები უკონკურენტო გახდა - მასვე ეკუთვნის სპორტისა და ცხენოსნობისას გამოსაყენებელი სპეციალური ბიუსტჰალტერების შექმნის იდეაც.
"ლორ ბელენის" მომხმარებლები იყვნენ ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი, ჟაკლინ კენედი, მარლენ დიტრიხი... ეს უკანასკნელი თამარის არამხოლოდ კლიენტი, არამედ უახლოესი მეგობარიც იყო.
"მარლენ დიტრიხმა თავისი მძივებით გაწყობილი კაბა "ლორ ბელენის" მოდის სახლში ქართველ ბალერინას, თამარ გამსახურდია-დე კობის დაუკვეთა, მანტო კი - ჰოლივუდში ჟან ლუის" - აღნიშნავდა ისტორიკოსი ალექსანდრ ვასილიევი.
1963 წელს, მარლენ დიტრიხის საბჭოთა კავშირში ვიზიტისას, სწორედ თამარის მიერ შექმნილი კორსეტი ეკეთა.
1970-იან წლებში „ლორ ბელენი“ ნიუ-იორკში გადაიტანეს, ხოლო თამარ გამსახურდია ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა.