სტატიაში იმ ახალგაზრდა და წარმატებული მუსიკოსების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც კარიერული წინსვლა უცხოეთში შეძლეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ და ხშირ შემთხვევაში, კარიერას ოჯახურ ცხოვრებასაც წარმატებით უთავსებენ.
ახალგაზრდა მუსიკოსი, გამორჩეული სტილისა და მუსიკალური მონაცემების მქონე ნინი ნუცუბიძე, მსმენელმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო, როცა ის ჯერ "ნიჭიერის", შემდეგ კი "X ფაქტორის" სცენაზე გამოჩნდა. ნინი მაშინ, მუსიკასთან ერთად, სკეიდბორდით იყო გატაცებული და, როგორც თავად ამბობდა, სკოლაში სიარული დიდად არ ხიბლავდა. მოგვიანებით, როცა ნინი ნუცუბიძე დათო გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა, სკოლის პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კლასის შეცვლაც კი მოუწია, რადგან მასწავლებლებთან პრობლემები ჰქონდა: "მათემატიკის გამოცდა ვერ ჩავაბარე. დირექტორმა მე და დედა დაგვიბარა და გვითხრა, რომ სხვა სკოლაში უნდა გადავსულიყავი... ისედაც დასტრესილი ვიყავი, ძალიან უცნაური მიდგომა ჰქონდათ", - ამბობდა ნინი.
ნინის მრავალმხრივი მუსიკალური განათლება აქვს - სწავლობდა იტალიაში, Saint Louis College of Music-ში, გერმანიაში, Catalyst - Institute for Creative Arts & Technology- ში, ეპანეთში, Institute of the Arts Barcelona - ში. დღეს მისი ძირითადი საქმიანობა ელექტრონულ მუსიკას უკავშირდება, თუმცა სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით მეგობრებთან, ასევე წარმატებულ მუსიკოსებთან, გიორგი გიგაშვილთან, ნიკალა ზუბიაშვილთან, მარიამ ჯანჯღავასთან თუ სხვებთან კოლაბორაციებს.
2022 წელს ლიზა ყენიამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ცხოვრება საქართველოდან შორს, აშშ-ში გააგრძელა. ის ამბობდა, რომ უცხო ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება რთული იყო, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერი და კმაყოფილია. აშშ-ში ლიზამ საკუთარი კარიერის შექმნა თავიდან დაიწყო, გამოუშვა ახალი მუსიკალური კლიპი, მსმენელის წინაშე Red Pavilion Brooklyn-ში წარდგა, ძალები მოსინჯა განსხვავებულ ჟანრში... ლიზა ხშირად წერს საკუთარი ცხოვრების შესახებაც და ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისთვის ყოველი ეტაპი ოპტიმისტურია, ცხოვრობს მომავლის იმედით და შრომობს წარმატებისთვის.
ნინი ბრეგვაძე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. განსაკუთრებული იყო მისი მონაწილეობა ამერიკულ Voice-ში. ნინიმ განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და კიდევ უფრო განსაკუთრებული აურით უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. სულ ცოტა ხნის წინ მან საქართველოს სახელით 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაც სცადა, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მსმენელი მალე შეძლებს მისი ახალი საავტორო სიმღერის მოსმენას.
ირმა გიგანი 1996 წლის 5 აპრილს პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისა და ჯონი გიგანის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი. 5 წლისა შევიდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1-ელ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნიჭიერთა ათწლედში.
ირმა დიდ დროს ავსტრიაში ატარებს, სადაც ცხოვრობს და საქმიანობს. სულ ცოტა ხნის წინ, იანვრის თვეში მან ვატიკანში საიუბილეო საღამო გამართა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.
ნათია თოდუას სახელი დიდ წარმატებასთან ერთად დიდ იმედგაცრუებასაც გვახსენებს. უნიჭიერესმა მომღერალმა საქართველოში საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლო, თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია გერმანიაში - 2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში, სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.
მას შემდეგ ნათია აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და დროდადრო სამშობლოსაც სტუმრობს.
1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ქეთის ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში წავიდა. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა.
ქეთი თანამშრომლობდა მაიკლ ბეტთან ალბომზე Call of the Search. ამ დისკმა დიდი წარმატება მოიპოვა - ექვს თვეზე ნაკლებ დროში 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
ხატია ბუნიათიშვილის მუსიკალური კარიერა 6 წლიდან დაიწყო. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale de musique de Paris, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.
თამთა გოდუაძე საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავია. საქართველო წლების წინ დატოვა და მისი მუსიკალური მოგზაურობა უცხო ქვეყანაში გაგრძელდა.
თამთამ წლების წინ კვიპროსის სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ბოლოდროინდელი იმიჯი და მუსიკალური საქმიანობა - თამთას საბერძნეთში უამრავი გულშემატკივარი და მსმენელი ჰყავს.
ნინო მაჩაიძე თანამედროვე ქართველი საოპერო ვარსკვლავია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა აქვს იტალიაში და მსოფლიო ოპერის სცენაზე. იგი ცნობილია თავისი უნიკალური ხმით, სცენური ხიბლითა და ემოციური შესრულებით. ნინო მაჩაიძე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საოპერო მომღერლადაა აღიარებული. მას ხშირად "ოპერის ანჯელინა ჯოლისაც" უწოდებენ.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.