იაკო ჭილაია პოპულარული სერიალის, „იდეალური დედა“ მთავარი პერსონაჟია. ისევე, როგორც სერიალში მაკას, რეალურ ცხოვრებაში იაკოსაც ორი შვილი ჰყავს, მისი მეუღლე კი ასევე ცნობილი მსახიობი გაგა შიშინაშვილია.
"ჩემი და გაგას ურთიერთობა 9 წლის წინ დაიწყო. დღეს ორი შვილი გვყავს. ჩვენს ურთიერთობაში ბევრი სიგიჟე და ფერადი დღე იყო. ამ ფორმით ჩვენს ყოველდღიურობას პერიოდულად ახლაც ვახალისებთ..."
განათლება და კარიერა
იაკო თეატრალურ უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას ჯგუფში სწავლობდა. სწავლა დასრულებული არ ჰქონდათ, რომ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე დადგნენ და დღემდე ამ თეატრის მსახიობები არიან. არ დაშლილან, თითქმის მთელი ჯგუფი ისევ ერთად მუშაობს. ამასთან ერთად, იაკო მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობიცაა.

მოზარდმაყურებელთა თეატრში შესრულებული როლები:
- ტიტუბა - არტურ მილერი "სეილემის პროცესი" რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
- დედა მგელი - რედიარდ კიპლინგი "მაუგლი" რეჟ: ნიკოლოზ საბაშვილი
- ნატალია - თამაზ გოდერძიშვილი "აკაკი" რეჟ: გიორგი შალუტაშვილი
- მელანო - აკაკი წერეთელი "ბაში-აჩუკი" რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი
- ინგა – თამარ ბართაია „პეიზაჟს აკლია სითბო“ რეჟ.დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ბასა – ვლადიმერ სოლოგუბი „პაემანი სხვენში“ რეჟ.გიზო ჟორდანია
- თაფლუ – ილია ჭავჭავაძე „ლუარსაბ თათქარიძე“ რეჟ.გიზო ჟორდანია
- პოშლოპკინა – ნიკოლოზ გოგოლი „რევიზორი“ რეჟ. გიზო ჟორდანია
- კოპერვეინი – ლევ ტოლსტოი „ჰაჯი მურატი“ რეჟ.გიზო ჟორდანია

"იდეალური დედა"
"საერთოდ არ ვარ იდეალური დედა. ვერ ვაქცევ შვილებს იმდენ ყურადღებას, რამდენიც საჭიროა და ვერც იმდენ დროს ვუთმობ, რამდენიც მინდა – ისევ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე. თუმცა, ვცდილობ, ვემეგობრო. მინდა დედაშვილობაზე მეტად მათი მეგობარი ვიყო. შეიძლება, ვცდები, მაგრამ სურვილი მიჩნდება, ყოველთვის ყველაფერზე მათ ვკითხო აზრი და გავიგო, რას ფიქრობენ. უფროსი შვიდი წლის არის და სულ მიყურებს, მოსწონს და მგულშემატკივრობს. თეატრშიც დამყავს, თითქმის ჩემი ყველა სპექტაკლი აქვს ნანახი. ჩართულია ჩემს მოღვაწეობაში და შენიშვნებსაც კი მაძლევს (იცინის). თავადაც სურვილი აქვს, ამ სფეროში გააგრძელოს მოღვაწეობა, ოპერატორობა და რეჟისორობა უნდა, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში" - ამბობდა იაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.
