მაია ხორნაული თანამედროვე ქართული სერიალების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საყვარელი სახეა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. უკვე წლებია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია.
ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყო. სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია. არც ის ესმოდა, რას ხედავდნენ მასში,სულ ამბობდნენ „პატარა მსახიობიაო“. არადა, არასდროს ყოფილა აქტიური და თამამი ბავშვი, არც სასკოლო ღონისძიებებსა და სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას. ალბათ;
ბევრს გაუკვირდა კიდეც, როცა გაიგეს, რომ თეატრალურზე ჩააბარა.
კარიერა
ყველაფერი დაიწყო გადაცემით - „რომ გადახვალ, გააჩერე“. ამის შემდეგ იყო ყველასთვის დაუვიწყარი და დღემდე საყვარელი სერიალი „შუა ქალაქი“. ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო პერსონაჟი ითამაშა „თესეაში“.
ახლა კი ქალბატონი მაია სერიალში "სიყვარულს მიღმა" ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს:
"ადამიანები კომენტარებში მლანძღავენ. რეალურად, მე კი არა, პერსონაჟს ლანძღავენ. იმდენად ჩართულები არიან სერიალში, რომ ძალიან განიცდიან და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ვხუმრობდი კიდეც, ჩემი ნაკოწიწები სიყვარული, როგორ დამინგრიეთ ამ პერსონაჟით-მეთქი (იცინის). რას ვიზამთ, ჩვენი პროფესიაც ეს არის, ხან ასეთს ვითამაშებთ, ხან – ისეთს. თუმცა, მსახიობი სულ ცდილობს, თავის პერსონაჟს გამართლება უპოვოს და მეც მქონდა „ბრძოლები“ ჩემი პერსონაჟის ქცევებთან დაკავშირებით ..."

თავისუფალი თეატრი
ანა–მარია – “თოჯინების სახლი” (რეჟისორი: ვანო ხუციშვილი)
ძიძა – “რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ” (რეჟისორი: მაია დობორჯგინიძე)
ფსიქოლოგი – “ვიზიტი ფსიქოლოგთან” (რეჟისორი:მაია დობორჯგინიძე)
ოგიუსტინა – “რვა მოსიყვარულე ქალი” (რეჟისორი: მაია ჩართოლანი)
კარმელა – ” აჩრდილები” (რეჟისორები:რობერტ სტურუა, გიორგი შალუტაშვილი)
ავდოტია – “იხვებზე ნადირობა” (რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი)
მაიკო – “ვალსი ძილის წინ” (რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი)
ოჯახი
მეუღლე საერთო მეგობრის ოჯახში გაიცნო. ორ წელიწადში ოჯახი შექმნეს. არ იყვნენ პატარები, მაგრამ მაინც გაიპარნენ. რეალურად ბათუმში შეუღლდნენ და ამიტომაც დაარქვეს გაპარვა.
"როცა ცოლად გავყევი, ვუთხარი, ხომ იცი, რომ თეატრი ჩემი ცხოვრებაა-მეთქი და მიპასუხა, კი და ჩემგან ხელი არასდროს შეგეშლებაო. მინდა, გითხრათ, რომ ამდენი წელია, სიტყვას პატიოსნად ასრულებს (იცინის). ძალიან აფასებს ჩემს პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სპექტაკლებზე არ დადის, ყველაფერში მეხმარება და მის გვერდით პროფესიულადაც ძალიან გავიზარდე" - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.