მეორე დილით გიგიმ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და ექიმს დაურეკა, ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ და თქვენი მოსვლა საჭირო არ არისო. საუბრის კილოზე შეატყო ახვლედიანმა, პატივცემული ლევანი უკმაყოფილო რომ დარჩა, თუმცა ვერაფრით ახსნა, რატომ. იქნებ იფიქრა, რომ მას არ ენდო და სხვა ექიმთან არჩია ქალის წაყვანა? არა უშავს, როცა ნახავს, უფრო დაწვრილებით აუხსნის საქმის ვითარებას და შემოირიგებს.
გიგის თავიდან ეგონა, რომ ნია რამდენიმე დღის შემდეგ აუცილებლად გამოჩნდებოდა. არც ერთი ხელი ტანსაცმელი არ წაუღია, არც მისი სახლიდან და არც სასტუმროდან. მხოლოდ წითელი ფეხსაცმელი აკლდა მის ნივთებს. ნეტავ, სად წავიდა? სად გაქრა? ჰყავს კი მეგობრები თბილისში? იქნებ მაკასთან გადაბარგდა? იქნებ, სულაც, თავის ბინაშია და ტყუილად ჰგონია, რომ გაქრა? მისი ცხოვრება ახვლედიანისთვის ყოველთვის ბურუსით იყო მოცული, დღემდე არაფერი იცოდა გოგონას შესახებ. არც ახლა იცის ბევრი რამ. ის, რაც ბოლოს გაიგო, ზღვაში წვეთია, იმის იქით კიდევ რა საიდუმლო იმალება, ეშმაკმა უწყის… ასეთი ქალებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ცოტა ხნით ალბათ ჩრდილში დარჩება, ყველას გადაავიწყებს თავს, მათ შორის, გიგისაც, მერე კი… მერე უეჭველად გამოჩნდება და ისეთი ხმაურიანი იქნება მისი გამოჩენა, ყველა პირს დააღებს. ამაში ღრმად არის გიგი დარწმუნებული. არ გაუკვირდება, თვეების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, ბოლო მოდაზე გამოპრანჭული, თითებზე ბრილიანტებასხმული რომ გამოცხადდეს კაზინოში ახალ ფულიან საყვარელთან ერთად. ასეც იქნება, ჭკუა დაუშლის, გონება, თუ სილამაზე? არც ერთი აკლია, არც მეორე და არც მესამე. ალბათ ადრეც გაუკეთებია მსგავსი რამ, გიგი არ იქნება პირველი, ვინც გააცურა, თორემ ასე ოსტატურად ვერ ითამაშებდა იდეალური ქალის როლს. მაგრამ… რატომ ეგონა, რომ ქალწული ჩაბარდა? ნუთუ შეცდა? და თუ არ შეცდა, მაშინ რა აკავშირებდა იმ პირველთან, ვისთან ერთადაც ნია თბილისში ცხოვრობდა და თურქეთში გრიალებდა? მამაკაცმა სიმწრისგან კბილები გააკრაჭუნა. უცებ წარმოიდგინა, როგორ შემოვიდოდა ზღაპრულად ლამაზი ნია კაზინოს გაბრდღვიალებულ დარბაზში, ამაყად თავაწეული, როგორ მიუახლოვდებოდა გიგის ტანის მედიდური რხევით და როგორ დაუგდებდა მაგიდაზე ფულის დასტას, მერე კი ირონიული ღიმილით დააყოლებდა, ვალს გიბრუნებო… არა, ეს შეუძლებელია! ახვლედიანი ამას არ დაუშვებს, გულიც გაუსკდება იმწუთას… არადა, გასაკვირი არც არაფერია ამაში, ნიამ თუ მოინდომა, არ გაუჭირდება მდიდარი მზრუნველის პოვნა, რომელი კაცი იტყვის ამისთანა სრულყოფილებაზე უარის თქმას?
არადა, როგორ წყდება გული! რა კარგად მიდიოდა ყველაფერი! როგორ შეეწყო ამ პატარა გოგოს, როგორ მიეჩვია! წამითაც ვერ ძლებდა უიმისოდ! მაგრამ რომ მოატყუა? თან ასე მწარედ? ნეტავ სად არის ახლა და რაზე ფიქრობს? იქნებ ჰგონია, რომ გიგი ეჭვიანობით იტანჯება? ამის გაფიქრებაზე ცინიკურად ჩაიცინა. დაიჯეროს, არ ნანობს თავის საქციელს? არ ფიქრობს, რომ ძალიან ღრმად შეტოპა და შეურაცხყოფილი დატოვა ასეთი გავლენიანი მამაკაცი? როგორია, როცა თბილისში გაიგებენ, რა გაუკეთა ამ მატყუარა გოგომ? როგორ თვალსა და ხელს შუა გააცურა? როგორ აუხსნას მეგობრებს, როგორ შეხედოს თვალებში? კიდევ კარგი, გაუშვა და თავისთან არ დატოვა. კარგი დარტყმა კი მიაყენა ბოლოს, ოსტატურად აიძულა, თავად წასულიყო. არადა, მის მოთხოვნებს რომ დამორჩილებოდა, ვერც ვერაფერს ეტყოდა, იძულებული გახდებოდა, დაეტოვებინა…
ეეეჰ!.. ვის მოტყუებას ცდილობ, ახვლედიანო? დაუგდე ყური შენს შინაგან ხმას და მიხვდები, რომ ტყუილად ანუგეშებ საკუთარ თავს. მაშინ რატომ ათენებ ღამეებს თეთრად, რა განერვიულებს? აბა, ერთი წამით მოუსმინე შენს სხეულს, ასე რომ ენატრება ნიას სითბო და ვნებიანი ჩახუტება? უკვე მერამდენე თვეა, იგი ყველა ქალზე ძვირფასი და სასურველი გახდა შენთვის! წამითაც ვერ ძლებ მის გარეშე და, როგორც უნდა ეცადო, ვერასდროს დაივიწყებ მას! ეს არის სიმართლე!
გამწარებულმა გიგიმ ხელები მომუშტა და კბილი კბილს დააჭირა. როგორმე უნდა მოახერხოს და თავიდან ამოიგდოს მასზე ფიქრი, თორემ ასე შეიძლება გააფრინოს კიდეც და საგიჟეთში ამოყოს თავი. უნდა დაიჯეროს, რომ ნაზი, სიფრიფანა და სიყვარულით სავსე ნია მხოლოდ მის ფანტაზიებში არსებობდა, რეალობაში კი იგი ყველაზე ვერაგი, მატყუარა და ქარაფშუტა გოგო აღმოჩნდა. არ ღირს ტკბილ მოგონებებში ჩაძირვა, ეს კიდევ უფრო დაუმძიმებს ხასიათს.
...
გავიდა ხანი… ნელ-ნელა თითქოს დავიწყებას მიეცა ნიაც და მასთან დაკავშირებული ტკივილიანი მოგონებებიც, თუმცა, რამდენჯერაც გაახსენდებოდა იგი გიგის, იმდენჯერ მწვავე ჩხვლეტას გრძნობდა მკერდში, თითქოს გულში ისარს უყრიანო. რაც მართალია, მართალია, ბოლომდე მაინც ვერ შეძლო მისი დავიწყება… მაგრამ არც მოძებნა უცდია. ერთხელაც არ დაინტერესებულა, სად იყო, რით საზრდოობდა, დაუბრუნდა თუ არა კვლავ თავის სკოლას, თავის მეორადების მაღაზიას… რამდენჯერმე გადაწყვიტა, ზვიადისთვის ეკითხა, შენმა დიანამ ხომ არაფერი იცის ნიას შესახებო, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა ამის უფლებას. არადა, ზვიადის ცოლი და ნია ერთად მუშაობდნენ სკოლაში… ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე იყო… ერთხელ მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და გადაწყვიტა, შეფარვით გამოეკითხა თავისი მენეჯერისთვის მისთვის საჭირო ინფორმაცია. ერთ საღამოს, როცა საქმეზე ლაპარაკს მორჩნენ, გიგიმ დიანა მოიკითხა… მისდა სამწუხაროდ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა… დიკო დეკრეტულ შვებულებაშია და მთელი წელია, სამსახურში არ უვლიაო, მიიღო პასუხად. ის იყო და ის… მას მერე ერთხელაც არ უცდია, ნიას არსებობით დაინტერესებულიყო.
...
აგვისტოს ბოლოს, გიგის საქმიანმა პარტნიორმა და მეგობარმა, ლაშა აბზიანიძემ თბილისში სასტუმროს ახალი კომპლექსი გახსნა და, რა თქმა უნდა, ახვლედიანიც მიიპატიჟა. ცხელი საღამო იყო. გიგი, როგორც ყოველთვის, დათქმულ დროზე გამოცხადდა ძმაკაცთან. სტუმრები ჯერჯერობით კანტიკუნტად ირეოდნენ.
_ მოხვედი, გიგი? აბა, რას იტყვი? მთლად შენნაირი ვერ არის, მაგრამ არც ცუდია, არა? _ ხელებგაშლილი მიეგება ლაშა მეგობარს.
_ მაგარია, ძმაო, მიხარია, ეს რომ შეძელი, _ ხელი მძლავრად ჩამოართვა გიგიმ, _ გავიგე, რაღაცის მიმატებას აპირებსო, მართალია?
_ ჰოოოოოო! ეგ ცოტა რთული საკითხია, მაგ საქმეში შენი დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებ.
_ აბა, მითხარი, რა ხდება?
_ გოლფ-კლუბი მინდა მივამატო, ნახე, რამხელა ტერიტორიაა.
_ ჰა-ჰა-ჰა, _ გულიანად გაეცინა გიგის, _ ეგ საქმე ჩემს სასტუმროში ორი თვის წინ დავიწყე უკვე. თუმცა, პრობლემა არ არის, ჯერ ვნახოთ, ჩემთან როგორ გაამართლებს და თუ კარგად წავიდა საქმე, შენთანაც გავაკეთოთ, მე თანახმა ვარ.
_ გავიგე ეგ ამბავი და იმიტომაც გითხარი. ერთად თუ გავაკეთებთ, უკეთესადაც გამოგვივა.
_ რა თქმა უნდა, აბა რა! _ მხარზე ხელი მოუთათუნა გიგიმ პარტნიორს და თვალი ჩაუკრა.
ლაშამ ბოდიში მოუხადა ძმაკაცს, ხალხს უნდა მივხედოო და კმაყოფილი იერით დაგვიანებული სტუმრების მისაღებად გაემართა.
გიგიმ ბარს მიაშურა. ის იყო, სასმელი უნდა მოეთხოვა, რომ ნაცნობ კისკისს მოჰკრა ყური. გვერდზე გაიხედა და იქვე, მაღალ სკამზე მისკენ ზურგშექცევით მჯდარი მაღალი, თხელი ქალი შეამჩნია. მას ვიღაც მამაკაცის მუხლზე დაედო ხელი და გულიანად იცინოდა.
უცებ ქალმა მოიხედა და… გიგი ადგილზე გაქვავდა!
მაკა! ეს მაკა იყო, ნიას დაქალი!
_ ვააა, ამას ვის ვხედავ, გიგი ახვლედიანი! _ წამოიძახა ქალმა, _ მე კი მეგონა, მომეჩვენა-მეთქი, წეღან შეგამჩნიე ლაშასთან. მიხარია, რომ არ შევცდი!
გიგი თავდაჭერილად მიესალმა, ამის დანახვაღა აკლდა!
_ გამარჯობა, მაკა, შენ როგორ მოხვდი აქ? _ ირონიული ღიმილი აუთამაშდა მამაკაცს ტუჩებზე.
_ მე როგორ მოვხვდი? ისევე, როგორც შენ! გახსოვს, ბოლოს რა მითხარი? მეც გავითვალისწინე შენი რჩევა და იმის ძებნა დავიწყე, რაც მართლა გულით მინდოდა. ვეძებე, ვეძებე და… შორეულ რუსეთში აღმოვაჩინე კიდეც. გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეა, ბორისი ჰქვია, წარმატებული ბიზნესმენი და არაჩვეულებრივი ქმარი… «პრელესტ», როგორც იქ იტყვიან, ოღონდ ქართული არ იცის ჯერ, მაგრამ ვასწავლი.
გიგიმ ხელი ჩამოართვა უცნობს და ძალიან სასიამოვნოაო, რუსულად უთხრა.
_ იცი, სანამ მე გამიცნობდა, რა მოსაწყენი ცხოვრება ჰქონდა? ფულის კეთების მეტზე არაფერზე ფიქრობდა. ახლა კი მხოლოდ ჩემზე ფიქრობს, სხვა ყველაფერი გადაავიწყდა, _ ისევ გემრიელად გადაიკისკისა მაკამ და ქმარს ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა, _ ნია სადღაა?
_ ჩვენ… დავშორდით ერთმანეთს…წელიწადზე მეტია… _ უხალისოდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ბარმენს «მარტინი» შეუკვეთა.
_ რას ლაპარაკობ! _ შეიცხადა მაკამ, _ როგორ შემეცოდა… არადა, ძალიან მშურდა მისი. მერედა, როგორ მოხდა, რომ შეელიეთ ერთმანეთს?
_ სხვათა შორის, არ დაგიმალავ და… შენი წყალობით. ჩემი რჩევა თუ გახსოვს, ის საღამოც გემახსოვრება, შენს მეგობარს რომ ვეჩხუბე.
_ როგორ არ მახსოვს, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მისი ცხოვრების დანგრევა არასდროს მდომებია, რა სისულელეა, ღმერთმა დამიფაროს!
გიგის ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
_ მჯერა, მაგრამ შენმა ნათქვამმა ბევრ რამეზე ამიხილა თვალები. მივხვდი, რომ მთლად ისეთი არ ყოფილა, როგორადაც თავს მაჩვენებდა, _ მხრები აიჩეჩა.
_ რას გულისხმობ? არაფერი მესმის…
_ მართალია, მაშინ არ ვიცოდი, თქვენი ვალი თუ მართებდა ნიას, მაგრამ ბოლოს ესეც გავიგე და ყველაფერს მივხვდი.
მაკას თვალები გაუფართოვდა.
_ ღმერთო, რა სულელი გოგოა… სულ ვეუბნებოდი, თავიდანვე ჩააყენე ეგ კაცი საქმის კურსში, მერე რომ გაიგოს, არ გაბრაზდეს-მეთქი და მაინც არ დამიჯერა! რა უბედური ვინმეა, როგორ არაფერში უმართლებს… რაც თავი მახსოვს, ასე იყო დაჩაგრული. ოღონდ ახლა არ მითხრა, რომ იძუნწე და ვალი არ გადაუხადე…
_ გადახდით კი გადავუხადე, მაგრამ ტყუილი ვერ ვაპატიე… არ მიყვარს, როცა მატყუებენ…
_ საცოდავი… რამდენი რამ გადაიტანა ცხოვრებაში! არადა, ისეთი კარგია, ნამდვილად იმსახურებდა ისეთ მამაკაცს, ყველა პრობლემას რომ მოუგვარებდა. თვითონ სხვისი გულისთვის შეუძლებელს შეძლებდა. როცა ერთად გნახეთ, შვებით ამოვისუნთქე, ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს, გაუმართლა და იპოვა ისეთი, როგორსაც იმსახურებს-მეთქი. შენ კი… ასე უდიერად იხსენიებ. იცი კი, რა სიმწარე გამოიარა? ერთხელ მაინც მოგისმენია მისი ისტორია?
გიგიმ წარბები შეკრა.
_ რა ისტორია? რამდენჯერ ვთხოვე და სიტყვა ვერ დავაცდევინე. არის რამე ისეთი, რაც მე არ ვიცი?
_ ესე იგი, შენ მართლა არაფერი იცი? _ მაკამ რაღაც გადაულაპარა ქმარს, ლოყაზე აკოცა, მერე სკამიდან ჩამოხტა, გიგის ხელი გაუყარა და ეზოში გავიდეთო, ხმადაბლა გადაულაპარაკა…
გაგრძელება იქნება