ნიამ ტილო ამორეცხა, გაწურა და იატაკის მოწმენდას შეუდგა. არა, ამ იატაკს არაფერი ეშველება, რაც უნდა ხეხო. ისეა გაშავებული, მოხვეწაც კი ვერ გაათეთრებს, თუმცა სადა აქვს ამის საშუალება. კიდევ კარგი, გამგეობა დაეხმარა, როგორც მარტოხელა დედას, თორემ ამ კედლებსაც ვერ შეათეთრებდა. ეჰ… რა კარგი დრო იყო, საკუთარი სახლი რომ ჰქონდათ, უზარმაზარი, ორსართულიანი… დედამ დაიჟინა, ჩემს შვილს სოფელში საცხოვრებლად ვერ გავიმეტებო, ადგა და გაყიდა. მერე ცოტაც დაამატა და თბილისში ერთოთახიანი ბინა შეიძინა ნიასთვის. თვითონ კორპუსის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც თავის დროზე სამსახურმა აჩუქა, როგორც საუკეთესო თანამშრომელს. ახლა სწორედ აქ ცხოვრობს ნია, ამ ერთოთახიანში, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ ცარიელი დარჩა. მაინც არ უჩივის ბედს. მისთვის ახლა თავზე ჭერი ნამდვილი საჩუქარია, ქირა რომ არ აქვს გადასახდელი, ცოტას ნიშნავს? მერე რა, რომ პატარა ფართია, უფრო მოსახერხებელიც კია, დალაგებასაც არ სჭირდება დიდი დრო და შრომა. ასეა თუ ისე, ახერხებს თავის გატანას. თბილისის ბინის შემოსავალი შეძლებისდაგვარად ჰყოფნის საოჯახო ხარჯებისთვის. არა, ნამდვილად არაფერი აქვს საწუწუნო, უფრო სავსე გახდა მისი ცხოვრება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს პატარა არსება მოევლინა ქვეყანას, მისი პაწაწუნელა ანუკი, ტუჩებს ბაჭიასავით რომ აცმაცუნებს ხოლმე ძილში.
აპარტამენტები… ხშირად ახსენდება გიგის უზარმაზარი სახლი, სასტუმრო და კაზინო. კარგი იყო მასთან, უზრუნველად ცხოვრობდა, არც არაფერი აკლდა, მაგრამ მისი ბედნიერება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. დღეს ეს ყველაფერი წარსულშია, ამიტომ აჯობებს, ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს ის, რაც მაშინ იყო, თავიდან ამოიგდოს ახვლედიანზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი დაუმსახურებლად მოექცა, მაინც აკლდა ნიას იგი. რამდენჯერ უტირია მის გამო ბალიშში თავჩარგულს…
მორჩა, ვერასდროს შეხვდება მას. ისიც კი არ იცის გიგიმ, მისგან შვილი რომ ჰყავს, ვერც ვერასდროს გაიგებს. ნია, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ ახვლედიანს მისი სახელის გაგონებაც კი ზარავს, ეზიზღება და ზნედაცემულ ქალად მიიჩნევს.
რატომ არ შეიძლება, სიყვარულიც კვდებოდეს? რატომ არ შეიძლება, ფერფლად გადაიქცეს და სამუდამოდ გაქრეს ადამიანის მეხსიერებიდან? არა, ასეთი გრძნობა არასდროს კვდება. გიგის სიყვარულმა ისე გაიდგა ნიას გულში ფესვები, ვერა ძალას მისი ამოგლეჯა ვერ ძალუძს…
მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა. ალბათ ჯული მოვიდა, ნიას კარის მეზობელი. ჩვევად ექცა უკვე, სამსახურიდან რომ დაბრუნდება, აუცილებლად შეიაროს მასთან, ფეხმორთხმით დაჯდეს დივანზე და ორი-სამი ფინჯანი ყავა დალიოს. თან ხელცარიელი არასდროს მოდის, ყოველთვის რაღაც სასუსნავი მოაქვს, შოკოლადის ფილა ან ფხვიერი ნამცხვარი. ამასთან, ყოველ მოსვლაზე გაიძახის, ხვალიდან დიეტა უნდა დავიწყო, წონაში დავიკლო, თორემ ასეთი მსუქანი ვერასდროს გავთხოვდებიო.
ზარი განმეორდა. ნიამ ტილო იატაკზე მიაგდო, წელში გაიმართა და შემოსასვლელისკენ გაემართა. გასაღები გადაატრიალა და კარი იქამდე გამოაღო, სანამდეც ჯაჭვმა გაუშვა.
_ ჯული, შენ ხარ? _ დაიძახა, სანამ ჯაჭვს მოხსნიდა და ცალი თვალით გაიხედა სადარბაზოში.
არა, იქ სხვა ვიღაც იდგა… გულმა თითქოს ცემა შეწყვიტა, მუხლები მოეკვეთა… ერთიანად აცახცახებული კედელს მიეყრდნო, რომ არ ჩაკეცილიყო…
_ ნია!.. გამიღე, გთხოვ! უნდა დაგელაპარაკო!
ქალმა თავს ძალა დაატანა, კარისკენ მიტრიალდა და კიდევ ერთხელ გაიხედა გარეთ, თვალი ხომ არ მატყუებსო… არა, ეს მოჩვენება არ იყო… ხელის კანკალით ჩამოხსნა ჯაჭვი და კარი გამოაღო…
მის წინ გიგი ახვლედიანი იდგა… ის ისეთივე მომნუსხველი იყო, როგორიც ბოლოს ნახა, იმ განსხვავებით, რომ ცოტათი გამხდარიყო.
_ შეიძლება შემოვიდე? _ მამაკაცი ცდილობდა, ნერვიულობა არ შეტყობოდა ხმაში.
ნია დამბლადაცემულივით უაზროდ იდგა…
_ შეიძლება შემოვიდე? _ გიგიმ კითხვა გაიმეორა.
ქალმა უარის ნიშნად თავი გადააქნია, მაგრამ კრინტი ვერ დაძრა, თითქოს მეტყველების უნარი წაერთვაო. იმდენად დააბნია მამაკაცის გამოჩენამ, ვერ ხვდებოდა, როგორ მოქცეულიყო. მხოლოდ ერთი რამ იცოდა მტკიცედ _ გიგი არ უნდა შემოეშვა სახლში, მის ცხოვრებაში არ უნდა შემოეშვა ხელახლა…
ახვლედიანის მომნუსხველ თვალებში ტკივილით სავსე ნაპერწკალი გაკრთა. ასეთი მზერა ადამიანებს მაშინ გაუხდებათ ხოლმე, როცა ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასს კარგავენ.
_ უნდა დაგელაპარაკო, _ გიგი თვალს არ აშორებდა მისთვის ერთ დროს სანუკვარ ქალს.
_ თუ ვალის თაობაზე ხარ… ტყუილად დაგიკარგავს დრო, _ გაფითრებულმა ნიამ ნერწყვი ხმაურით გადააგორა, _ სამწუხაროდ, ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს, ხუთ ლარსაც კი ვერ მოგცემ. მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებ, არ დამვიწყებია, რომ შენი ფული მმართებს. დარწმუნებული იყავი, რომ იმ თანხას აუცილებლად მიიღებ.
გოგონამ შეამჩნია, როგორ შეკრთა მამაკაცი და ზღურბლს გადმოაბიჯა.
_ მომისმინე… _ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ნიამ, _ შენ ცუდ დროს მოხვედი… აჯობებს, წახვიდე, ბევრი საქმე მაქვს.
მოულოდნელად ოთახის სიღრმიდან კნავილის ხმა მოისმა.
გიგის თვალები გაუფართოვდა.
_ კატა გყავს ? _ განცვიფრებული მიაჩერდა ქალს.
შეშფოთებულმა ნიამ თავი ოთახისკენ მიაბრუნა და ნაჩქარევად წარმოთქვა.
_ ჰო… კატა მყავს… იცი, რა? უკვე გითხარი, ცუდ დროს მოხვედი-მეთქი… იქნებ წასულიყავი? სხვა დროს…
ქალმა წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, რადგან კნავილის ხმა ჩვილის ტირილში გადაიზარდა.
მამაკაცმა გამჭოლი მზერა ესროლა ნიას, მერე გვერდი აუარა შეშინებულს და ოთახში ისეთი სისწრაფით შეიჭრა, თითქოს გრიგალი ყოფილიყო, რომელიც მზად არის, გაანადგუროს ყველაფერი, რაც წინ გადაეღობება.
_ რას ნიშნავს ეს ყველაფერი!.. ღმერთო… _ აღმოხდა ოთახში შესულს.
თავზარდაცემული ახვლედიანი ადგილზე გაშეშდა.
ნია მიხვდა, რომ ყველაფრის ახსნა მოუწევდა, ამის გარეშე მამაკაცს თავიდან ვერ მოიცილებდა, ამიტომ ნელი ნაბიჯებით აუარა გვერდი გიგის, ფანჯარასთან მდგარ ბავშვის საწოლს მიუახლოვდა და დაიხარა.
ტირილის ხმა კვლავ გაისმა.
_ აქ ვარ, დედიკონა, ნუ ტირი, შვილო, _ მიეფერა ჩვილს, ხელში აიყვანა, გულზე მიიკრა და დაარწია.
პატარა წამსვე გაჩუმდა. ქალმა ჯიქურ შეხედა მამაკაცს. ერთხანს მდუმარედ მისჩერებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს სიჩუმე ნიამ დაარღვია.
_ ნუ გეშინია, სანერვიულო არაფერი გაქვს… ეს შენი შვილი არ არის. თბილისიდან მომავალი, გზად ერთ მდიდარ კაცს გადავეყარე და ბავშვის მამაც ის გახდა, შენ არაფერ შუაში ხარ, _ ისე მშვიდად წარმოთქვა ქალმა, უცხო ადამიანს მის გულწრფელობაში წამითაც არ შეეპარებოდა ეჭვი.
_ ასე ნუ ლაპარაკობ, _ ხმა შეეცვალა გიგის.
_ რატომაც არა? სრულიად შესაძლებელია, ასე მომხდარიყო. შენც ხომ იგივე მისურვე, დამაკვალიანე კიდეც, სანამ გამომაგდებდი.
_ მე შენ არ გამომიგდიხარ… შენი ნებით წამოხვედი.
_ მართლა? გგონია, სულელი ვიყავი, თავქარიანი, ქარაფშუტა და ვერაფერს მივხვდი? რა თქმა უნდა, პირდაპირ ვერ მითხარი, წადიო, მაგრამ ისე მომექეცი, თავად მიმეღო გაქცევის გადაწყვეტილება. მშვენივრად იცოდი, შენს წამოყენებულ პირობებს რომ არ დავთანხმდებოდი. მე მეძავი არ ვყოფილვარ, მით უმეტეს _ ფასიანი მეძავი.
გიგი გაფითრდა, ოფლმა დაუცვარა შუბლი.
_ ოდესმე აპირებდი, საქმის კურსში ჩაგეყენებინე? _ დამნაშავის მზერით შეხედა ქალს, მერე მზერა ჩვილზე გადაიტანა, რომელიც პაწაწუნა ხელს მკერდზე უფათურებდა დედიკოს და თავის ენაზე რაღაცას ღუღუნებდა.
ნიამ თვალი თვალში თამამად გაუყარა გიგის.
_ არა! _ მტკიცედ წარმოთქვა და ისე ჩაიღიმა, თითქოს გამარჯვებას ზეიმობსო.
_ რატომ?
_ რატომ? მეკითხები კიდეც, რატომ?! ახლავე გიპასუხებ. შენ ისედაც ბევრი დამახარჯე, გიგი. ვინ იცის, რამდენი ათასი დოლარი თუ ევრო დაგიჯდა ჩემი შენახვა. ამას დევიძის ვალიც ზედ დაემატა ბოლოს. აბა, ახლა დათვალე, ახალშობილს რამდენი უნდა? იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე შენ იმეტებდი ჩემთვის, სხვათა შორის, ვაღიარებ, რომ საჭიროზე მეტად გულუხვი იყავი ბოლო დრომდე. მერე კი… სამი ათასი ევრო ვერ მაპატიე… ყველაზე ზნედაცემულ ქალად გამომიყვანე… და ამის შემდეგ მეკითხები, ბავშვის არსებობის შესახებ რატომ არ გამაგებინეო? უამრავი მიზეზი მქონდა ამისთვის. ჯერ ერთი, არც დამიჯერებდი ალბათ… მეორეც, თუკი დამიჯერებდი, აუცილებლად მის მოშორებას მიბრძანებდი…
_ რატომ გგონია?..
_ მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ. სადაც ის იფიქრე, რომ გიყენებდი და იმიტომ ვიწექი შენთან, იმასაც ადვილად დაიჯერებდი, რომ შენს დასათრევად დამჭირდა დაორსულება. ჩემნაირ «ზნედაცემულ» ქალს არც ბავშვით ვაჭრობა გაუჭირდებოდა სოლიდური თანხის მისაღებად. მართალი არ ვარ? ვიცოდი, რაც მოხდებოდა, ამიტომაც გამოგექეცი. მხოლოდ შენ კი არა, იმ გარემოს, იმ ტერიტორიასაც გამოვექეცი, სადაც შენ შეიძლებოდა გაგევლო და ფეხი დაგედგა. შემეშინდა შენი… ახლა კი… ახლა ყველაზე ძლიერი ქალი ვარ ქვეყანაზე, არც არაფრის მეშინია და არც არავისი, იმიტომ, რომ მე დედა ვარ! არ ინერვიულო, დაბადების მოწმობაში მამის გვარი არ არის მითითებული, ასე რომ, თავი ქუდში გაქვს, ალიმენტისთვის არავინ მოგაკითხავს… მე არაფერი მიჭირს, არც ჩემს შვილს. მალე მუშაობასაც დავიწყებ, ირგვლივ ყველა მეხმარება, მათ შორის ქალაქის გამგეობაც. ერთი სიტყვით, მშვიდი სინდისით შეგიძლია წახვიდე აქედან, ჩვენ უკვე არაფერში გვჭირდები!
გიგი დარეტიანებულივით იდგა შუა ოთახში და შერხევასაც ვერ ბედავდა. ნუთუ ცხადია ეს თუ სიზმარი? მირაჟი თუ სინამდვილე? მას შვილი ჰყავს… უკვე თვეების გოგონა და დღემდე არაფერი იცოდა ამის შესახებ! ნუთუ მის თავს ხდება ეს ყველაფერი? უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ თითქოს ხმა წაერთვა, ვერც სიტყვებს პოულობდა საუბრის გასაგრძელებლად.
ნიამ ჩვილი ლოგინზე წამოაწვინა და საფენები გამოუცვალა. ღმერთო, პამპერსიც არა აქვს… თურმე როგორ უჭირს, მე კი… _ გაიფიქრა სიხარულისა და ტკივილისგან ერთდროულად თავზარდაცემულმა მამაკაცმა და სიმწრისგან კბილს კბილი ისე დააჭირა, ყბები ეტკინა.
არავინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა გაუსაძლისი სიჩუმე, ანას კვლავ ტირილი რომ არ დაეწყო.
_ ჭამის დრო აქვს, _ თავისთვის ჩაილაპარაკა ნიამ, _ უნდა მივხედო. თუ ჩემთან სხვა საქმე არაფერი გაქვს, შეგიძლია წახვიდე, არ დაგაკავებ… _ ამ სიტყვებით მოტრიალდა და არაფრის მთქმელი მზერა ესროლა მოულოდნელ სტუმარს.
რადაც უნდა დაუჯდეს, ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. თუ ინერვიულებს, შეიძლება რძე გაუშრეს. არამც და არამც. ღვთის მადლით, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, ბავშვს ხელოვნური კვება არ სჭირდება, რატომ უნდა გაირთულოს საქმე? გიგის გამო? რა სისულელეა, მისგან ისედაც არ აკლია პრობლემები. კიდევ კარგი, პრეტენზიებით არ მოვიდა, თორემ ვერც ნია მოითმენდა. აჯობებს, ნაკლებად მიიტანოს გულთან მისი გამოჩენა.
ქალმა ჩვილი მოხერხებულად გადაიწვინა მკლავებზე, ღილებიანი ზედატანი შეიხსნა, მკერდი გაიღეღა და პატარას მარცხენა ძუძუ პირში ჩაუდო. იმანაც კრუტუნით დაიწყო წოვა და მაშინვე დამშვიდდა. დედამ თავზე გადაუსვა ხელი შვილს და რაღაც ალერსიანად უჩურჩულა.
გაგრძელება იქნება ორშაბათს