ლიზა მაღრაძის სახელი და გვარი ალბათ ბევრ თქვენგანს ეცნობა - პატარა გოგო საოცარი ხმითა და საოცარი გარეგნობით საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. ლიზასა და თათია გიორგობიანის დუეტი წლების წინ რეიტინგების ლიდერი იყო. მოგვიანებით ლიზა მუსიკალურ კარიერას ჩამოშორდა და კამერებთანაც იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა მის მიმართ ინტერესი, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, მუდმივად არსებობდა. ლიზა მაღრაძე ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. როგორც ლიზა წლების წინ იხსენებდა, ბაბუასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მისი გარდაცვალება რთულად გადაიტანა:
"იმდენად პატარაც არ ვყოფილვარ, რომ ვერ გამეცნობიერებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. ამ ასაკში უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა და რა მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაშინ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ვიცოდი, რომ ცუდი რაღაც მოხდა. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ძალიან მტკიოდა. ვიცოდი, რომ იმ დროს ჩემთვის არ ეცალათ და მარტო მიწევდა საკუთარ თავთან ყოფნა. მახსოვს, ძალიან ცუდად ვხდებოდი ხოლმე ამაზე ფიქრით.
მაშინ ასეთ ტკივილს პირველად შევეჯახე. ათი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პირველად რომ გავიგე, აღარ იყო, იმ მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თითქოს თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და ეს პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე. რაღაც დრო რომ გავიდა, ხშირად ვათვალიერებდი მის ფოტოებს და იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენს აღარ ვტიროდი.
მისგან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა. მახსოვს კადრი, ბადრი სახლში შემოდის და მოაქვს ორი დიდი ჩემოდანი. ხსნის და ორივე ჩემი საჩუქრებითაა სავსე. სულ ასე იქცეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. მეგონა, ამ ადამიანს ყველაფერი შეეძლო. ჩემი თოვლის ბაბუა იყო. თუმცა, მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარებოდა", - იხსენებდა ლიზა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ლიზა მაღრაძე განსაკუთრებით პოპულარული ბავშვი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა თანატოლებში. ლიზა ცნობილი მუსიკალური კარიერით გახდა და მის მიერ შესრულებული სიმღერები მალევე ჰიდტებოდა.
2013 წელს საბავშვო „ახალ ხმასთან“ ერთად, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ კულტურის ბლოკს, დაემატა რუბრიკა, რომლის წამყვანიც თოთხმეტი წლის ენერგიული და მხიარული ლიზა მაღრაძე იყო და კონკურსის მონაწილეებსა და მწვრთნელებს გვაცნობდა.
"ბავშვობიდან მინდა ჟურნალისტობა, ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია. სულ პატარა ვიყავი, როდესაც „იმედის დილის“ გადაცემა, დილის ფოსტა მიმყავდა თათია გიორგობიანთან ერთად. მაშინაც ძალიან მომწონდა და ეს სიყვარული დღემდე გაგრძელდა. კამერასთან კონფლიქტი არასდროს მქონია, თუმცა, რომ გითხრათ, იმ პერიოდში დიდად აღვიქვამდი, რა ხდებოდა ჩემს თავს და ვხვდებოდი, იმ კამერის უკან მილიონობით ადამიანი რომ იყო, მოგატყუებთ. ეს ჩემთვის თამაში იყო და ვერთობოდი. ხანდახან ეთერში ისეთ რაღაცებს ვამბობდი, რომ ცოტა უხერხულიც იყო", - იხსენებდა ლიზა.
მოგვიანებით ლიზა მუსიკალურ კარიერას ჩამოშორდა და სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელა. ის თემურ ჩხეიძის ჯგუფში სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა.
ლიზა პანდემიის პერიოდში საიდუმლოდ გათხოვდა - მისი რჩეული გიორგი კაკაბაძეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. საზოგადოებას მალე აცნო, რომ შვილს ელოდებოდა. 2021 წელს კი ლიზა დედა გახდა, პატარა გოგონას ფოტოები მან სოციალურ ქსელში გააზიარა.
გარდა ამისა ბაბუის, ბადრი პატარკაციშვილის ტრადიცია გაეგრძელებინა ბავშვებთან მიმართებაში და ბავშვთა გასართობი ცენტრი – „ქენდი ქიდს“ გახსნა.
"ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია და რასაც მომავალში გავაკეთებ, აუცილებლად იქნება ჩემი ოჯახის ტრადიციების ღირსეული გაგრძელება. ამას მაქსიმალურად ვეცდები. ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნის იდეაც აქედან გამომდინარე გამიჩნდა. მინდოდა, ამას, კომერციულის გარდა, სოციალური ხასიათიც ჰქონოდა. ამ ადგილას ადრეც ბავშვთა გასართობი ცენტრი იყო, რომელიც ჩვენს ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო აღარ ფუნქციონირებდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი ანიმატორია და იმდენად ხშირად მელაპარაკებოდა ამ საკითხზე, რომ ბოლოს გადარეული ვიყავი, ისე მინდოდა ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნა. ძალიან მეხმარებოდა, კი არა, ფაქტობრივად, ყველაფერი თავად გააკეთა. ოჯახში რომ ვთქვი ამ იდეის შესახებ, არ გაჰკვირვებიათ, რა მაგარიაო, მითხრეს. თითქოს, ლოგიკურიც იყო ეს ყველაფერი. ბევრი პრობლემა შეგვხვდა, მაგრამ მაინც მოვედით აქამდე" - ამბობდა ლიზა.
დღეს ლიზა ეკრანზე არა, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურად ჩანს. მას ერთი შვილი, უსაყვარლესი ანინე ჰყავს, რომელთან ერთადაც გადაღებულ კადრებს გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს. ლიზა ტიკტოკის პლატფორმაზე საკუთარი სიმღერის ვიდეოებსაც აქვეყნებს და ხშირად იღებს კომენტარებს, რომ ბევრ ადამიანს ბავშვობას ახსენებს.
ლიზა მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. ევროპული ვოიაჟების გარდა, ულამაზეს კადრებს ტროპიკული ქვეყნებიდანაც გვიზიარებს და გამომწერებს ამ მიმართულებით სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.