გიგი კვლავ გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე. ნია გრძნობდა, როგორ ევსებოდა მოთმინების ფიალა, მისი სიმშვიდე ნელ-ნელა სიბრაზეში გადადიოდა. მამაკაცი კი გაოგნებული სახით მისჩერებოდა დედა-შვილს, ჯერაც ვერ მოსულიყო გონს. ეს არც იყო გასაკვირი. სხვას რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ჰყავს შვილი, რომლის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა?
_ შეგიძლია მშვიდად გაუდგე გზას, გიგი, _ გულგრილად წარმოთქვა ნიამ, _ შენ ხომ ამდენი თავისუფალი დრო არ გაქვს, საქმეები გელოდება. ნუ გეშინია, არანაირი პრეტენზიების წამოყენებას არ ვაპირებ. ალიმენტი რომ ალიმენტია, იმასაც კი არ მოგთხოვ. ანას უშენოდაც მშვენივრად გავზრდი, არაფერს გავუჭირვებ… და როგორც კი მუშაობას დავიწყებ, მაშინვე შევუდგები გარკვეული თანხის ცალკე გადადებას, რომ ვალი ეტაპობრივად დაგიბრუნო.
მამაკაცს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.
_ ძალიან ბევრი ვიწვალე შენს მოსაძებნად, ნი… ქვეყანა შევაწრიალე, _ ჩუმი, დაძაბული ხმით წარმოთქვა.
ქალმა წარბები აზიდა.
_ არ მეგონა, ასე ძალიან თუ გჭირდებოდა ის ფული, თუმცა მაინც ვერაფერს გავაწყობდი, ჯერ არ მაქვს მაგდენი საშუალება. კიდევ უნდა მაცალო ცოტა.
ახვლედიანს ნერვულად აუთამაშდა ძარღვი ყელზე. იმედგაცრუება გამოეხატა სახეზე, მაგრამ ნიას ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, იმავე ტონით გააგრძელა.
_ იცი, როგორ მოვახერხე შენი პოვნა? საქართველოს მოსახლეობის ლამის მთელი არქივი გადავქექე. ყველა ქალაქის და რაიონის სარეგისტრაციო ჩანაწერები მოვიძიე… დაბადება, ქორწინება, გარდაცვალება… ლამის კერძო დეტექტივებიც კი დავიქირავე, _ მამაკაცს ტკივილისგან სახე მოეღრიცა, _ რატომ?.. რატომ არაფერი მითხარი?
ქალმა კვლავ გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი და მისი პაწაწინა სხეული გულზე მიიხუტა.
_ როგორ შემეძლო? _ თქვა ბოლოს, მისი ხმა თითქოს შორიდან ისმოდა, _ შენ არ მეუბნებოდი, თავის მოსაწყლების მიზნით ათასნაირ სულის შემძვრელ ისტორიას იგონებო?
გიგიმ ხელი მომუშტა და კედელს მთელი ძალით დაარტყა. მოულოდნელობისგან ნია ისე შეკრთა, მიტკლისფერი დაედო სახეზე. მამაკაცს ტკივილი და სინანული ერთდრულად გამოეხატა სახეზე.
ხმაურზე პატარა ანაც კი შეშინდა, ჭამა მიატოვა და თვალები დააჭყიტა.
_ მე მეგონა, შენ თბილისში საყვარელთან ერთად ჩამოხვედი, თურქეთშიც მასთან ერთად იმოგზაურე, მერე კი მიგატოვა. ვიფიქრე, ბუნებრივია, კარგ ცხოვრებას მიჩვეულმა ვერ გაუძლო გაჭირვებას და ფულის სესხებასაც ამიტომ მიეჩვია-მეთქი. დარწმუნებულიც კი ვიყავი, სწორედ ამის გამო დაიწყე ჩემთან ურთიერთობა. მაპატიე… მე… მე სიმართლე არ ვიცოდი, არც შენ მეუბნებოდი არაფერს, _ დახშული ხმით ძლივს ამოთქვა მამაკაცმა და რამდენიმე წუთით გაჩუმდა, შემდეგ კვლავ გააგრძელა.
_ ახლა მაინც მომიყევი, რა ხდებოდა სინამდვილეში… ერთხელ და სამუდამოდ, ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე? იქნებ ამჯერად ვირწმუნო? შენც მოგეშვება გულზე…
ნია კარგა ხანს ხმას არ იღებდა, ჩვილს ეფერებოდა მხოლოდ, წამითაც არ შეუხედავს ახვლედიანისთვის.
_ არ მეტყვი? _ ძალიან ხმადაბლა იკითხა გიგიმ და ფრთხილი ნაბიჯებით ფანჯარას მიუახლოვდა, რომ გარეთ გაეხედა.
მოულოდნელად მისი ყურადღება ფანჯრის რაფაზე დადებულმა წითელმა ფეხსაცმელმა მიიქცია… ეს სწორედ ის ფეხსაცმელი იყო, რომელიც პირველად აჩუქა ნიას და რომელსაც გოგონა, როგორც ჩანს, აქამდე ვერ შეელია. ალბათ მას შემდეგ არც ცმია, ისევ ისეთი იყო, როგორიც ბოლოს ნახა გიგიმ, თითქმის ახალი.
_ ეს ფეხსაცმელი კიდევ ცოცხალია? _ თავი მოაბრუნა და ღიმილით მიაჩერდა ქალს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
_ ეს ჩემი სამუზეუმე ექსპონატია… ან აქ სად უნდა ჩავიცვა ასეთი? წველებებზე არ დავდივარ, დიდი ხანია…
_ საერთოდ, სახლიდან გადიხარ კი?
_ იშვიათად… ჯერ კიდევ ბურანში ვარ. რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, დედა რომ გავხდებოდი, ამისთვის არ ვიყავი მზად. როცა ფაქტის წინაშე დავდექი, ძალიან შემეშინდა. გავუძლებდი კი იმ გამოცდას, რაც ბედისწერამ მომიწყო? ან კი შევძლებდი, კარგი დედა ვყოფილიყავი? გარეთ კი არა, დათრგუნვილი, ერთხანს ოთახიდან ოთახში ვერ გავდიოდი, ისე მეშინოდა…
_ ახლა?
_ ახლა არავისი და არაფრის მეშინია. ანას გულისთვის ყველა სიძნელეს გავუმკლავდები, რადაც უნდა დამიჯდეს ეს.
ამ სიტყვებზე მამაკაცმა თვალები დახუჭა და ამოიგმინა. რა დღეში ჩააგდო უდანაშაულო ქალი, როგორ გააუბედურა…
უცებ ნიამ თავი ასწია, უმისამართოდ გაიხედა წინ და ჩუმი ხმით მოყოლა დაიწყო.
_ მამა არ მახსოვს… როცა დედა დაორსულდა და მამაჩემს ამის შესახებ უთხრა თურმე, მან არც კი მოუსმინა. ცოლად ვერ შეგირთავ, ამიტომ აჯობებს, ეგ ბავშვი მოიცილოო. დედას სასტიკი უარი განუცხადებია, მაგრამ რომ გამაჩინა, გაუჭირდა ჩემი რჩენა, ამიტომ კიდევ ერთხელ მიაკითხა თურმე მამას ოფისში, დამეხმარეო, უფროსებთანაც კი შესულა. კინწისკვრით გამოაგდეს იქიდან. ჯერ ის დაამტკიცე, რომ ბავშვი მართლა მისგან გყავსო… მას შემდეგ დედას მისკენ არ გაუხედავს…
დედა წელებზე ფეხს იდგამდა, ოღონდ მე არაფერი დამკლებოდა. მამაზე არასდროს სიტყვა არ დაუძრავს, ამიტომ დიდხანს არც არაფერი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. როგორ ვნატრობდი ბავშვობაში, ჯადოსნური ჯოხი მქონოდა, რათა ყველა სურვილი ამსრულებოდა. ძალიან დიდხანს მჯეროდა, რომ ერთხელაც მოვიდოდა ჩვენთან თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი და მე და დედას ზღაპრულ ქვეყანაში გაგვაქანებდა, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებდით სამივე. მაგრამ წლები გადიოდა და ჩვენთან არავინ მოსულა… დედამ სამმართველოში დაიწყო მუშაობა ბუღალტრად, ერთხანს მეც თავისთან წამიყვანა და მდივნად მომაწყო, რომ სამუშაო სტაჟი დამეგროვებინა… ბევრი რამ გადავიტანეთ… ჩემი გულისთვის სახლი გაყიდა და თბილისში მიყიდა ბინა, ნაქირავებში რომ არ მეცხოვრა. თვითონ აქ გადმობარგდა, მაგრამ დროებით, რადგან მალე ავად გახდა და იძულებული გავხდი, ჩემთან წამეყვანა, თბილისში. მე მისთვის ერთადერთი იმედი ვიყავი, ამიტომ გაუჭირდა უჩემოდ, თან ავადმყოფობამაც დარია ხელი, ძველებურად აღარ მოსდევდა ჯანი. არც თბილისში გაჩერებულა უსაქმოდ, მარკეტში დაიწყო მუშაობა გამყიდველად…
რაც შეეხება სიყვარულს… სერიოზული მხოლოდ ერთი იყო… პირველ კურსზე ვიყავი, რომ გავიცანი… ჩვენს გვერდით კორპუსში ცხოვრობდა, ავტოსალონში მუშაობდა… რა ვიცი, მგონი, ვუყვარდი, მაგრამ რატომღაც, ვერ გავუგე. რასაც ის ითხოვდა, ჩემთვის მიუღებელი იყო… თუმცა, მომწონდა მის გვერდით ყოფნა. საერთოდ, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, ბიჭები ჩემი გულისთვის თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს… მე კი ის ერთი ავირჩიე რატომღაც… ბევრად უფროსი იყო ჩემზე და ვიფიქრე, ოჯახის ფასი უკეთ ეცოდინება-მეთქი.
ამასობაში ოცი წლის გავხდი. რაც დღე გადიოდა, მით უფრო არ მასვენებდა იგი… გინდა თუ არა, ერთად ვიყოთ და თუ მოგვეწონება ერთმანეთი, მერე დავქორწინდეთო… როცა ვუთხარი, ქალიშვილი ვარ-მეთქი, სახე შეეცვალა, არ მოელოდა ამას. ერთხანს დაიკარგა, ახლოს აღარ მეკარებოდა. მერე ისევ გამოჩნდა… რუსეთში ვაპირებ წასვლას და იქ ბიზნესის წამოწყებას, მინდა, შენც თან წაგიყვანო, სწორედ ის ქალი ხარ, რომელიც ცოლად გამომადგებაო… აბა, დედას ხომ ვერ დავტოვებდი, ამიტომ უარი ვუთხარი. ჩემ გამო დროებით თვითონაც გადაიფიქრა წასვლა იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს გადავიფიქრებდი და თან გავყვებოდი.
ამასობაში დედა ლოგინად ჩავარდა. იმ პერიოდში ისეთი უმწეო ვიყავი… აქეთ სწავლა, იქით სამსახური… მიჭირდა ყველაფრის ერთად მოსწრება… ექიმებში სიარულმა დაგვღალა… სიმსივნე აღმოაჩნდა… ფილტვების… გაჭირვებულმა ცხოვრებამ თავისი დაღი დაამჩნია საწყალ ქალს. არადა, დროზე რომ მიეხედა თავისთვის, იქნებ შველებოდა რამე… ჩემ გამო არ გააკეთა ეს, რათა მე არ დამკლებოდა არაფერი…
ქიმიოთერაპია საშინელი გამოცდა გამოდგა მისთვის. პროცედურები რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. ძალიან გახდა… ერთხელაც, მკურნალმა ექიმმა გამომიცხადა, არაფერი ეშველება, მაქსიმუმ, ერთი წელი იცოცხლოსო… სწორედ მაშინ გამიელვა ერთმა აზრმა… მის განხორციელებაში მაკა დამეხმარა. ყველაფერი გავყიდე, რაც გამაჩნდა _ ავეჯი, ჭურჭელი, ოქროულობა… ცოტაოდენი თანხა ბანკშიც მქონდა შენახული… მაკამაც მასესხა ფული და დედა თურქეთში წავიყვანე. ვიფიქრე, სანამ ცოცხალია, ბედნიერ დღეებს მაინც ვაჩუქებ-მეთქი. იმ პერიოდში ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდით საყვარელი მამაკაცი. როცა მას ამის შესახებ ვუთხარი, გაგიჟდა. რაში ყრი ამდენ ფულს, დედაშენს მაინც არაფერი ეშველებაო… ვერ გამიგო… მიუხედავად მისი პროტესტისა, მაინც ჩემი გავიტანე, მას კი სამუდამოდ დავშორდი…
ერთი თვე დავყავით თურქეთში, სამვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდით. არაფერი დამიკლია დედაჩემისთვის, საუკეთესო დრო გავატარებინე… ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო… ბოლოს ძალიან დაუმძიმდა მდგომარეობა. როცა თბილისში დავბრუნდით, უკვე ძალიან ცუდად იყო, სუნთქვა უჭირდა… ორი კვირა საავადმყოფოში გავატარეთ… ჩემს ხელში დალია სული… სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც არაფერს გიყვებოდი ჩემი წარსულის შესახებ. იმ დღეების გახსენება გაუსაძლის ტკივილს მაყენებს დღემდე… არა და არ განელდა ეს ტკივილი… თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი… დედამ საკუთარი ჯანმრთელობა გაწირა ჩემი კეთილდღეობისთვის, მე კი ვერაფერი გავაკეთე მისთვის…
დედის გარდაცვალების შემდეგ დეპრესია დამემართა… რომ არა მაკა, არ ვიცი, რა დამემართებოდა. ის გვერდიდან არ მშორდებოდა, ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის. ამიტომაც ვთვლიდი თავს ვალდებულად, როცა გაუჭირდა, თავადაც დავხმარებოდი. ის იყო იმ პერიოდში ჩემი ერთადერთი დასაყრდენი, ჩემი იმედი. მის გარეშე ალბათ დავიღუპებოდი. მარტო სკოლის ხელფასი არაფერში მყოფნიდა, ვალის გადახდას ვერ ავუდიოდი. დიდი ხანი დამჭირდა, მაკასთვის სესხად აღებული თანხა დამებრუნებინა… მერე მირჩია, მცირე ბიზნესი წამოიწყეო… სწორედ მაშინ მასესხა ხელმეორედ ფული, ოღონდ ამჯერად კახასთვის უთხოვია. მე რა ვიცოდი? მომიტანა სამი ათასი ევრო და მეც გამოვართვი. მეორადების მაღაზია გავხსენი… ბევრი არაფერი… ჩემი შემოსავალი დიდად არ გაზრდილა, ვალის დაბრუნება კი გამიჭირდა. სწორედ მაშინ იყო, შენ რომ შეგხვდი… სულ ეს არის ჩემი თავგადასავალი.
ახლა კი, რაც ანა გაჩნდა, სხვა აზრი მიეცა ჩემს ცხოვრებას. ვიცოდი, რომ წინ ბევრი წინააღმდეგობა მელოდა, მათ შორის მატერიალურიც, მაგრამ არ ვნაღვლობდი, რადგან მისი გულისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი და უკან არაფერზე დავიხევდი. ახლა უკვე აღარაფერი მაშინებს. მერე რა, რომ ანას მამა არ ჰყავს, მეც ხომ უმამოდ გავიზარდე, დამაკლდა რამე? ერთადერთი, რასაც განვიცდი, ის არის, რომ დედა არ მყავს გვერდით. რა მოხდებოდა, შვილიშვილს მოსწრებოდა… _ დაამთავრა ნიამ და თავი ჩაღუნა.
გიგი მიუახლოვდა, თავი აუწია და თვალებში შეხედა.
_ ეს სახელი დედაჩემის პატივსაცემად დავარქვი, _ ქალის თვალებში ცრემლი გაბრწყინებულიყო.
_ როცა შენ გეძებდი, არქივში დედაშენის გარდაცვალების ცნობები მოვიძიე… იმ საავადმყოფოშიც ვიყავი, სადაც ბოლოს იწვა. ორივენი კარგად ახსოვხართ იქ… ბევრი რამ მიამბეს… მე ვამაყობ შენით, პატარავ, ასეთი რამის გაკეთება ბევრ ქალს არ შეუძლია, თუნდაც დედის გულისთვის.
ნიას მწარე კვნესა აღმოხდა. გიგი უფრო ახლოს მივიდა მასთან და ბავშვისკენ დაიხარა.
_ შეიძლება შევხედო?
გაგრძელება იქნება