ქალმა უხმოდ დაუქნია თავი. მამაკაცის თითები ფრთხილად შეეხო ჩვილის ჯერ კიდევ თოთო თავს, რომელიც რბილი, ბუმბულივით ღინღლით იყო დაფარული. ნიას მოეჩვენა, რომ გიგის ხელი უკანკალებდა. რაღაც მომენტში ახვლედიანი ქალის მკლავსაც შეეხო შემთხვევით. ნია დაიძაბა. ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში. რაც მეტად ეწინააღმდეგებოდა თავის თავს, არ გაეღვიძებინა მიძინებული გრძნობები, მით მეტად უჭირდა ამის გაკეთება. გიგი კვლავ ჯიქურ მიიწევდა მისი გულისკენ. მამაკაცი თვალს არ აშორებდა ნიას, ამავდროულად, გული ეწურებოდა ტკივილისაგან…
მისი შვილი… პაწაწინა არსება, დედის მკერდს რომ მიხუტებია… ტკივილი, სიხარული, სიამაყე… სამივე გრძნობამ ერთად გაუთბო სული. უცებ ხელზე რაღაც დაეწვეთა. თავი ასწია და…
_ ღმერთო ჩემო, ნია… ნუ ტირი… გთხოვ…
მამაკაცმა მკლავი მხარზე გადახვია ქალს და თავისკენ მიიზიდა.
_ გთხოვ, არ იტირო… ოღონდ ეგ არა!.. გეხვეწები, არ დამანახვო შენი ცრემლები.
ამის თქმა და ნიას ქვითინი წასკდა. თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში დარდისგან დაგროვებულმა ცრემლებმა დრო იხელთეს და ნიაღვარივით მოასკდნენ მის ლურჯ თვალებს.
_ ნუ, ნუ… _ ჩურჩულით ანუგეშებდა გიგი ტირილისგან აცახცახებულს, _ შეხედე, როგორ გიყურებს ანა, მგონი, მორჩა ჭამას…
მართლაც, ჩვილმა წოვა მიატოვა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა დედას, მერე კი გიგის შეხედა. რამდენიმე წუთის განმავლობაში პატარა თითქოს ყურადღებით აკვირდებოდა მამას, მერე უცებ გაიღიმა და პაწაწინა თათუნა მისკენ გაიშვირა. დაბნეულმა გიგიმ საჩვენებელი თითი ხელისგულში ჩაუდო ბავშვს, იმანაც მსწრაფლ ჩაიჭირა თავის რბილ თითებში. მამაკაცმა აღფრთოვანება ვერ დამალა.
_ გამაჯობა, ანუშკი, _ ენამოჩლექით მიესალმა მამა.
ბავშვი ცოტა ხანს კიდევ მისჩერებოდა უცხო ადამიანს, მერე მისი თითი პირისკენ გააქანა და ახლა მისი წოვა დაიწყო, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ იგი დედის რძესავით ტკბილი არ იყო, დაიჭყანა.
ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა.
_ უნდა დავაწვინო, ძილი უწევს უკვე, _ თქვა ქალმა და ბედნიერებით გაცისკროვნებული მზერა ესროლა გიგის.
მამაკაცი წელში გასწორდა და ოდნავ უკან დაიხია. ნია წამოდგა და ჩვილი ჰაერში ასწია.
_ აი, ხედავ, სიხარულო, ჩვენ ისევ ბედნიერები და კმაყოფილები ვართ, _ მხიარულად წამოიძახა და ბავშვი ლოგინზე მიაწვინა.
მისი ნათქვამი თითქოს ექოდ განმეორდა გიგის გონებაში… ქალმა შეუცნობლად წარმოთქვა იგი, თუმცა იმ მომენტში ეს უბრალო სიტყვები სწორედ რომ შექმნილ სიტუაციას ესადაგებოდა. ნიამ მამაკაცის მზერა დაიჭირა და იგრძნო, როგორ მოაწყდა ვნებისა და სიყვარულის ტალღა მის სულს… და მიხვდა, რომ უძლური იყო ამ ტალღის წინაშე, ვერაფერს გააწყობდა მასთან…
თითქოს დრო გაჩერდა. ახვლედიანი გახევებული იდგა და საყვარელ ადამიანს მისჩერებოდა. როგორც იქნა, კვლავ შეხვდა მას. ამიერიდან მის ცხოვრებაში არც დარდი იქნება, არც ტანჯვა და არც სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული წუხილი.
_ ოდესმე შეძლებ პატიებას? როგორც უკანასკნელი არამზადა, ისე მოვიქეცი. გგონია, ვერ ვხვდები? ერთი ხელის მოსმით გაგაძევე ჩემი ცხოვრებიდან. მაგრამ… მაშინ გააზრების უნარი დაკარგული მქონდა. როცა შენი ვალების ამბავი გავიგე, ჭკუა გადამეკეტა. არაფრის გაგონება არ მსურდა, მეგონა, თამაშობდი და ანგარების გამო იყავი ჩემთან.
_ არადა, წამითაც არ გამივლია გულში მსგავსი რამ. იმიტომ არ გეუბნებოდი იმ ფულის შესახებ, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამეფუჭებინა. მაგრამ როცა გითხარი, შენ აღარ მომისმინე.
_ რაც შენ წახვედი, მას მერე მოსვენება დავკარგე, _ აღიარა გიგიმ, _ თავიდან მეგონა, მალევე გამოჩნდებოდი, ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული, თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ შევცდი. შენ არც მეორე დღეს დაბრუნდი, არც მეორე თვეს და… საერთოდ, აღარასდროს დაბრუნდი. ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ სამუდამოდ წახვედი ჩემგან და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდი. აი, მაშინ დამერხა… სწორედ მაშინ გავხდი ყველაზე ცუდად, რადგან მე თვითონ გაიძულე, მიგეტოვებინე… ერთი პერიოდი ვცდილობდი, ჩამეგონებინა ჩემი თავისთვის, რომ ასე ჯობდა, რომ შენი წასვლა ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ თავს ვიტყუებდი. უშენობამ დამტანჯა, ნია, დღემდე მაკლიხარ… დღეც მენატრებოდი და ღამეც… ვერც ერთმა ქალმა ვერ შეძლო იმ სიცარიელის შევსება, რომელიც შენი წასვლის შემდეგ დარჩა ჩემს გულში… მითხარი, როდის მიხვდი, რომ ორსულად იყავი?
_ სიმართლე გითხრა, ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა, იმ ღამეს ცუდად რომ არ გავმხდარიყავი და ექიმი არ გამოგეძახებინა, _ ღრმად ამოიოხრა ნიამ, _ როცა გამომკითხა და ვარაუდი გამოთქვა, შეიძლება ორსულად იყოო, არ დავიჯერე. მერე და მერე, თავბრუსხვევები და ღებინება რომ არ შემიწყდა, დავრწმუნდი, რომ მართლაც ასე იყო. ამიტომ მუშაობა მივატოვე, ბინა გავაქირავე და აქეთ წამოვედი. იქ თავი არ გამომეყოფოდა, რას იტყოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები… გარდა ამისა, შენი რისხვისაც მეშინოდა. ჩემი დაორსულების ამბავი რომ გაგეგო, გაბრაზდებოდი. იფიქრებდი, რომ სპეციალურად გავაკეთე ეს._ ნია, ნია… შენი მოძებნა რომ არ დამეწყო, რა მეშველებოდა? რა მოხდებოდა მაშინ? არა მარტო შენ დაგკარგავდი, შვილსაც…
_ მაპატიე, რომ ასე მოხდა, მაგრამ ხომ გესმის, ჩემი ბრალი არ არის…
_ საპატიებელი რა გჭირს, სულელო, წამითაც არ გაივლო გულში ეგ. მესმის შენი, ძალიან კარგად მესმის. ჩემი უხეშობით მე თვითონ გკარი ხელი იმ დღეს. ძალიან გთხოვ, მეტჯერ აღარ იტირო. ისედაც ბევრი ტანჯვა გადაიტანე ჩემ გამო, მაგრამ ვეცდები, გამოვისყიდო დანაშაული. დღეიდან არაფერი მოგაკლდება არც შენ და არც ჩვენს შვილს, თუ, რა თქმა უნდა, ამის ნებას დამრთავ. ერთი ცრემლიც არასდროს ჩამოგორდება შენი ლამაზი თვალებიდან, გესმის? ერთიც კი… _ მამაკაცი ოდნავ გადაიხარა და ქალს ნაზად აკოცა.
_ მიყვარხარ, პატარავ, _ ჩაიჩურჩულა, _ ყოველთვის მიყვარდი, მაგრამ ბრმა ვიყავი და არ მინდოდა ამის აღიარება.
ნიამ თავი მკერდზე მიადო გიგის, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
_ იცი? მაკასგან მეც დიდად ვარ დავალებული… რომ არა ის, შენს ამბავს ვერასდროს გავიგებდი და არც შენს მოძებნას შევეცდებოდი, _ თქვა უცებ მამაკაცმა.
_ მაკასგან? _ ნიამ მსწრაფლ ასწია თავი და გაოგნებული მიაჩერდა ახვლედიანს.
_ ჯერ ყავა მომიდუღე და მერე მოგიყვები ყველაფერს, ცოტა აზრზე მოვიდე, კარგი? _ თმაზე ხელი ჩამოაყოლა გიგიმ ქალს და თბილად გაუღიმა.
_ ახლავე… წამო, სამზარეულოში გავიდეთ.
ჯერ კიდევ დაბნეული ნია ყავის მოდუღებას შეუდგა, გიგი კი იქვე სკამზე ჩამოჯდა და მოყოლა დაიწყო.
_ სწორედ მან მითხრა დედაშენის შესახებ. არადა, მისი ნართაულების გამო უფრო დაგშორდი. მისი სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა. გახსოვს, რესტორანში რომ ვეჩხუბე მაგის საყვარელს? მაშინ მელაპარაკა შენზე…
_ მერე სადღა შეხვდი?
_ ერთ მეგობართან. შენზე გამომკითხა, სად არისო. ვუთხარი, დავშორდი-მეთქი. გაუკვირდა. როცა მიზეზი ავუხსენი, ლამის გაგიჟდა და ყველაფერი მომიყვა… თავიდან ერთი სიტყვაც არ დავიჯერე. ვიფიქრე, ვინ იცის, იქნებ ნიამ და ამან ერთად გამოიგონეს კიდევ ერთი ისტორია ჩემს მოსატყუებლად-მეთქი… კარგად დაფიქრდიო, მითხრა… მაინც არ ვენდე, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ არ ტყუოდა. ჩვენ ხომ შემთხვევით მოვხვდით ერთად, მას ჩემი მოძებნა არ უცდია. დიდი ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე, თავად გამერკვია სიმართლე… რა ხერხს არ მივამართე, სად არ ვიყავი… და მაინც დავადგინე, რომ მაკა არ მატყუებდა…
_ ხომ არ იცი, სად არის, რას აკეთებს? ისევ იმ საშინელ კაცს ხვდება? _ მაკას ხსენებამ ნიას დროებით გადაავიწყა პირადი პრობლემები.
_ არა, იმას დიდი ხანია, დაშორდა. მერე რუსეთში წავიდა. იქ ვიღაც ბიზნესმენი გაუცნია და ცოლადაც გაჰყოლია… ამ ზაფხულს აქ იყვნენ, თბილისში. ლაშა გახსოვს, აბზიანიძე? მისი სასტუმროს გახსნაზე ერთად ვიყავით.
_ როგორ გამიხარდა მაკას ამბავი…მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, _ დანანებით ჩაილაპარაკა ნიამ და ყავის ფინჯანი წინ დაუდგა.
_ მეც, სხვათა შორის. რომ არა ის, შენ ვერასდროს გიპოვიდი… ამიტომ ჩვენს ქორწილში აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ.
ამის გაგონებაზე ქალი ადგილზე გახევდა, ტუჩები გაუფითრდა უცებ.
_ ქორწილში?
გიგი წამოდგა, წინ დაუდგა ნიას, მხარზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და გაღიმებული თვალებში ჯიქურ ჩააშტერდა.
_ აბა?! ცოლად უნდა გამომყვე. ამხელა გზა, როგორ გგონია, რისთვის გამოვიარე? ჩემთან უნდა წაგიყვანოთ ორივე. სანამ გნახავდი, მეგონა, მარტო შენი წაყვანა მომიწევდა, აქ კი ისეთი განძი დამხვდა… გაორმაგებული… _ მომნუსხველად იღიმოდა მამაკაცი, _ მინდა ისევ ისე გიყვარდე, პატარავ…
_ მე შენ მიყვარხარ, გიგი… ყოველთვის მიყვარდი… _ ქალმა ფეხის წვერებზე აიწია და ოდნავ შეეხო მამაკაცს ტუჩებზე, _ და ყოველთვის მეყვარები…
ახვლედიანმა ქალის მხრებს ჩამოაყოლა მკლავები და წელზე მოხვია ხელი. მერე ძლიერად მოუჭირა თითები ნიას, ისე ძლიერად, რომ ქალს სუნთქვა შეეკრა.
8 8 8
სასტუმრო «მირაჟის» რესტორნის დარბაზი სტუმრებით იყო გადაჭედილი… მხიარულ გადაძახილებზე და ჩოჩქოლზე მიხვდებოდით, რომ რაღაც ძალიან გრანდიოზული და ლამაზი საღამო უახლოვდებოდა დასასრულს.
გიგი ახვლედიანი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა…
ნია? ნიაც დიდი ხანია, არ ყოფილა ასეთი ბედნიერი…
ყველა განსაკუთრებულ ხასიათზე იყო, ყველა, პატარა ანას გარდა. ის თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ყველა მათგანს, ვინც ხელში აიყვანდა და მიეფერებოდა. ვინც მოეწონებოდა, იმას გაუღიმებდა კიდეც… არადა, უკვე ძილის დრო უწევდა, თუმცა მისთვის არავის ეცალა, საყვარელ დედიკოსაც კი.
პატარძალი ყველასგან გამოირჩეოდა… არც სიძე ჩამორჩებოდა მას… კიდევ? კიდევ ერთი ატმისყვავილისფერ მოკლე კაბაში გამოწყობილი მაღალი, მოხდენილი ქალი მოგხვდებოდათ თვალში… ეს მაკა იყო, რომელიც თავის ქერათმიან მეუღლესთან ერთად კმაყოფილი ღიმილით დადიოდა სტუმრებს შორის.
_ მიხარია, ასე რომ დამთავრდა ყველაფერი, _ ჩურჩულით გადაულაპარაკა მაკამ მოახლოებულ მეგობარს და ლოყაზე ნაზად აკოცა.
_ მეც ბედნიერი ვარ, შენც რომ აგეწყო ცხოვრება, მაკა, ახლა უფრო მშვიდად ვიქნები.
_ მაგრამ მაინც მშურს შენი, _ ეშმაკურად გაიღიმა მაკამ.
_ გშურს? რა გჭირს ჩემი შესაშური, შვილი რომ მყავს? შენც გეყოლება მალე, _ მიამიტურად გაუღიმა ნიამ.
_ არა, ეგ არა… შენ ქართველი ქმარი გყავს, მე კი რუსი, _ გადაიკისკისა დაქალმა.
_ სამაგიეროდ, შენი ქმარი ჩემსაზე მდიდარია, _ აჰყვა ნიაც.
ამ დროს გიგი მიუახლოვდა გამხიარულებულ ქალებს.
_ რა გაცინებთ?
_ მიხარია მაკას ამბავი, _ თქვა ნიამ, _ დღეს ყველას ყველაფერი მიხარია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, _ დააყოლა ბოლოს.
_ მე კი ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩვენი ამბავი მიხარია… დღეს, _ ხაზგასმით დააყოლა გიგიმ და ცოლს თვალი ჩაუკრა.
_ ბავშვი სად არის? _ მოულოდნელად შეშფოთება გამოეხატა ნიას თვალებში.
_ დაწყნარდი, ძიძამ წაიყვანა დასაძინებლად. კარგა ხანია, ეძინება, ჭუჭყუნებდა უკვე.
_ მიეჩვია მეგის, იცი?
_ სად წავა, რომ არ მიეჩვევა…
ამ დროს ვალსის მელოდია გაისმა.
_ არ გინდა, ვიცეკვოთ? სანამ ყველანი წასულან, ვუჩვენოთ დარჩენილებს კლასი, _ მაცდურად გაუღიმა ცოლს გიგიმ და წელზე ხელი მძლავრად მოხვია.
თანხმობის ნიშნად ქალმა უკან გადააგდო თავი და ქმარს მხარზე შემოაჭდო მკლავები…
დატრიალდნენ. წყვილს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე…
_ მითხარი, რომელ საათზე უწევს ჩვენს პატარას მორიგი ჭამა? _ გიგიმ თვალები მოხუჭა და მრავლის მთქმელი მზერა მიაპყრო ქალს.
_ ამაღამ აღარ ვაჭმევ, მინდა გადაეჩვიოს, დილის რვამდე თავისუფალია, _ კეკლუცად გაიღიმა ნიამ.
_ მაშინ… იმაზე ვიფიქროთ, რა უფრო სასარგებლო საქმეში დავხარჯოთ დილის რვა საათამდე დარჩენილი დრო, _ ყურში უჩურჩულა გიგიმ მეუღლეს და ვნებიანად აკოცა ყვრიმალზე.
ნიას ბედნიერებისგან თავბრუ ესხმოდა. მას ახლა ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი, რაც მის გულს მოესურვებოდა.
შუა დარბაზში მხოლოდ ერთი წყვილი ცეკვავდა _ სიძე და პატარძალი… გიგი და ნია… რესტორნის დარბაზში მყოფი ფხიზელი თუ არაფხიზელი სტუმრები აღტაცებული მისჩერებოდნენ მათ…
ყოველ დატრიალებაზე პატარძლის გრძელი, ბრილიანტებით გაწყობილი თეთრი კაბა ფართოდ იშლებოდა. ლალისთვლებიანი საყურე და ყელსაბამი თვალის მომჭრელად ელავდა გაბდღვრიალებული დარბაზის ფონზე…
ლალის თვლებს ჰარმონიულად ეხამებოდა წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც პატარძალს ეცვა… წითელი ფეხსაცმელი ნიას თილისმა იყო…
დასასრული