რას შეიძენთ 100 ლარად "პალიტრა L"-ის სტენდთან „თბილისის წიგნის ბაზრობაზე“ - Marao

რას შეიძენთ 100 ლარად "პალიტრა L"-ის სტენდთან „თბილისის წიგნის ბაზრობაზე“

2025-04-08 15:17:22+04:00

10-დან 13 აპრილის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „თბილისის წიგნის ბაზრობა“ გაიმართება, სადაც დაგხვდებათ უახლესი გამოცემები, ექსკლუზიური ფასდაკლებები და შთამბეჭდავი სიურპრიზები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორებისგან.

ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვერჩია ის გამოცემები, რომლებსაც 100 ლარად „პალიტრა L“-ის სტენდთან შეიძენთ. ეს სია მოიცავს განსხვავებული ჟანრის წიგნებს - კლასიკიდან თანამედროვე პროზამდე, ფსიქოლოგიიდან ბესტსელერებამდე.  იპოვეთ ის, რაც თქვენს გემოვნებას ყველაზე მეტად შეესაბამება:

წიგნები, რომლებსაც „პალიტრა L“-ის სტენდთან 100 ლარად შეიძენთ:

  • სევდიანი კვიპაროსი - აგათა კრისტი

სასიყვარულო სამკუთხედი, ეჭვები, შურისძიება — მაგრამ ერკიულ პუაროსთვის არაფერი ისეთი, რაც მის ლოგიკას და დაკვირვებას გაუძლებს.  კლასიკა, რომელიც არასდროს ბერდება და ყველასთვის ნაცნობი მაძებრის ლოგიკით გაოცებს.  დეტექტივების მოყვარულთათვის შესანიშნავი არჩევანია.

  • ძალაუფლების 48 კანონი - რობერტ გრინი

შთამბეჭდავი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ მოქმედებს ძალაუფლება პრაქტიკაში. ავტორი გაჩვენებთ, როგორ გადიან წარმატებული ადამიანები გზას: სტრატეგიულად, დაუნდობლად, ფრთხილად და გონივრულად. წიგნი, რომელიც ერთდროულად გაგიტაცებს და გაგწვრთნის.

  • კოკო შანელის სამყარო 

გაიცანით ქალი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მოდა. შანელის ისტორია — ეს არის ამბავი დამოუკიდებლობაზე, გემოვნებაზე და ზუსტად იმაზე, როგორ შეიძლება მოექცეს  მთელი ეპოქა ერთ სტილში. ეს წიგნი არის მკითხველისთვის, ვინც გულშემატკივრობს ძლიერ და თავისუფალ პერსონებს. 

  •  არაფერი არ გვემართება - თაკო წულაია

მოთხრობების კრებული, რომელიც დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში გამორჩეულია თავის ხმაში და სათქმელში. ერთდროულად ირონიული და სევდიანი, ტკბილი და მწარე — ეს წიგნი ყველას შეგვახსენებს რაღაცას ჩვენზე.

  •  შავკანიანთა კვარტალი - ჟორჟ სიმენონი

სიმენონის ნაწარმოები პატარა ადამიანების დიდ ტრაგედიებზე. კოლონიური საფრანგეთის კონტექსტში მოთხრობილი ამბავი სოციალურ უსამართლობაზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობს ადამიანი ღირსების შენარჩუნებას — თუნდაც ძალიან მძიმე პირობებში.

  •  შეცოდებანი - ლუიზ კენედი

ლუის კენედის „შეცოდებანი“ არის წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც ჩვეულებრივი ცხოვრება სურთ „არაჩვეულებრივ“ დროებაში.  ირლანდიური გარემო, კათოლიკური მორალი, აკრძალული სიყვარული — და ქალი, რომელიც უნდა გადაურჩეს საკუთარ ემოციებს და საზოგადოების სტერეოტიპებს.  

  •  მოცეკვავე კაცუნები - ართურ კონან დოილი

ვიღაცამ ქალბატონთან კომუნიკაციის ერთგვარ ფორმად უცნაური ნახატები - მოცეკვაე კაცუნები - აირჩია და... დაირღვა ოჯახური სიმშვიდე,იდილია, გაჩნდა ეჭვი და შიში გაუცნობიერებლისადმი, იდუმალისა და ამოუხსნელისადმი. ჰოლმსის მორიგი საგამოძიებო პაექრობა — დაშიფრული მესიჯები, საფრთხეები და გენიალური დეტექტივი მოქმედებაში.

  • ხელოვნებით შეპყრობილი - რიუნოსკე აკუტაგავა

ეს არის ფსიქოლოგიური მოთხრობა, რომელიც გვაცნობს ბაკინს — მწერალს, რომელიც ერთდროულად არის მაღალი ზნეობის მქადაგებელი და ხელოვნებით შეპყრობილი შემოქმედი. მასში ორი სამყარო თანაარსებობს და თან იბრძვის — გარესამყაროს მიმართ პასუხისმგებლობა და შინაგანი ჟინი რაღაც წარმოუდგენლის შექმნისკენ. აკუტაგავას სტილი ზუსტი და ინტელექტუალურია — როგორც ყოველთვის. ამ მოთხრობაში მწერალი გვიწვევს მის ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეში — შფოთის, შთაგონებისა და თვითშეცნობის ზონაში.ეს ტექსტი არ არის მხოლოდ ისტორიაზე — ესაა საუბარი ხელოვნების ფასზე, იმ მსხვერპლზე, რასაც ნამდვილი შემოქმედება მოითხოვს. კითხვა რჩება ღიად: სად გადის ზღვარი ადამიანურობის და გენიის შორის?

„თბილისის წიგნის ბაზრობა“ იდეალური შესაძლებლობაა, განაახლოთ ბიბლიოთეკა, იპოვოთ საჩუქრები თქვენთვის და ახლობლებისთვის და ასევე აღმოაჩინოთ ახალი საყვარელი ავტორები.

 

R