მომღერალ თიკა ჯამბურიას საქართველოში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ, იმ დროს მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები". , 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
ვინ ხარ, როცა საკუთარ თავთან მარტო ხარ?
მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს - ამ დროს ძალიან მშვიდი ვარ. ჩემი სივრცე ყოველთვის უნდა მქონდეს. როცა ვნერვიულობ, მაშინ მარტო უნდა ვიყო, არავინ არ უნდა დამელაპარაკოს.
რაც დრო გადის, უფრო უკეთ ვიცნობ ჩემს თავს და ყველაზე მეტად მომწონს ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი. სულ მესმოდა, რომ ამბობდნენ, 30-წლიდან იწყება ცხოვრებაო - მართლა ასეა. ახლა ვარ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჩამოყალიბებული, ჩემი თავის ყველაზე კარგი ვერსია, სულ დავრჩებოდი ამ ასაკში.
როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
ბევრჯერ მქონია აღმართები და დაღმართები - საინტერესოა ასე, სწორხაზოვანი არ უნდა იყოს ცხოვრება. როცა წარსულს გადახედავ და დაინახავ, რომ როცა დაეცი, წამოდგომა შეძელი, ეს სასიამოვნოა. არ მჯერა, რომ არსებობს სიტუაცია ან მდგომარეობა, რომელსაც ვერ აჯობებ. ეს ყველაფერი გამოწვევა და გამოცდილებაა, მე ასე გამოვიყენე და უფრო გავძლიერდი.
ადრე როლში ვიყავი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსიამოვნებდა ეს ტრაგიკული გოგოს ამპლუა, რომელიც მიატოვეს, რომელსაც გული ატკინეს, თითქოს რაღაცები მეპატიებოდა, რადგან გულნატკენი ვიყავი. ამ გადმოსახედიდან მაშინდელი თიკა საერთოდ არ მომწონს.
კულინარია გიყვარს?
ძალიან. ჩემი ერთგვარი თერაპიაა. ექსპერიმენტებსაც ვატარებ. ბავშვობიდან მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. სიმღერა რომ არა, ალბათ კულინარი ვიქნებოდი. ახლა კაფეს ვხსნი...
მუსიკაში არის ახალი ამბავი?
ბენდი გავაკეთე. ერთი მინუსი მაქვს - თუ რაღაცის გაკეთებას ვაპირებ, მეშინია, რომ ისეთი კარგი არ გამოვა, როგორიც მე მინდა.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.
თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეა - მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის შესახებ საუბარი არ სურს - მასთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.