სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, პუსკა გამსახურდია რადიოს ფორტუნას სიუჟეტის სტუმარია:
"საკმაოდ მკაცრი პედაგოგი ვარ. ეს პირველ რიგში გაცდენასა და დაგვიანებას ეხება. სამოყვარულო ჯგუფზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სიმკაცრის მიუხედავად მოსწავლეებს ძალიან ვუყვარვარ - ვცდილობ ობიექტური ვიყო. ცეკვა ჩემი ახდენილი ოცნებაა, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სუხიშვილობა ჩემი ცხოვრების წესი და განუყოფელი ნაწილია. არ არსებობს ტერმინი "ყოფილი მოცეკვავე - მე ვარ სუხიშვილი. წელიწადზე მეტია, დიდ სცენას შევეშვი. იმავე სფეროში დავრჩი, ოღონდ - ბავშვების აღზრდის მიმართულებით გადავინაცვლე - ცეკვას ვასწავლი." - ამბობს პუსკა გამსახურდია.
ვინ არის პუსკა გამსახურდია
20 წლის განმავლობაში "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო. ბავშვობიდან ცეკვავს, სხვა პროფესიაზე არც არასდროს უფიქრია. ანსამბლში მოცეკვავედ მაშინ შედგა, როცა ილიკო სუხიშვილი ქორეოგრაფიულ შემოქმედებას იწყებდა... დიდ სცენაზე ბოლოს 2019 წლის მიწურულს იცეკვა.
"მოცეკვავეობა ადრეულ ბავშვობაში გადავწყვიტე. სხვა ანსამბლების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის "სუხიშვილების" გარდა, არც ერთი სხვა არ განიხილებოდა. იქ მოხვედრით, მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა! ეს ყველაზე ბედნიერი წლები იყო, რასაკვირველია - თავისი პატარ-პატარა სირთულეებით. ამ ანსამბლში ადვილი არ არის მოხვედრა, მოხვედრის შემდეგ კი - იქ გაჩერება. საკმაოდ დიდი დასია. საოცრებაა მათთან ურთიერთობა, ცეკვა, გასტროლი, კონცერტი... ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა, 20 წელი "სუხიშვილებში" ვცეკვავდი... რთული პერიოდებიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად, იღბალმაც დიდი როლი ითამაშა: რაღაცნაირად გამიმართლა, რომ ანსამბლში "კარგ ტალღაზე" მივედი. ილიკო სუხიშვილთან მუშაობა საოცარი იყო. თან, როცა ანსამბლში მივედი, ილიკოს ქორეოგრაფიული შემოქმედება ზუსტად მაშინ დაიწყო, ახალი ცეკვები დაიდგა (რაც ახლაც გრძელდება). მაგალითად, იმ პერიოდში განხორციელდა პირველი პროექტი - "ასსა", რამაც ილიკოს დამსახურებით, ქართულ ქორეოგრაფიაში გარდატეხა შეიტანა. ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილე მეც გახლდით, რაც ძალიან მეამაყება და მაბედნიერებს...